ქარ­თუ­ლი ანი­მა­ცი­უ­რი ფილ­მი ცხრა სა­ერ­თა­შო­რი­სო ფეს­ტი­ვალ­ზე - გზაპრესი

ქარ­თუ­ლი ანი­მა­ცი­უ­რი ფილ­მი ცხრა სა­ერ­თა­შო­რი­სო ფეს­ტი­ვალ­ზე

ფილმის პრემიერა მალე ნიუ-იორკის საერთაშორისო საბავშვო ფილმების ფესტივალზე გაიმართება, საქართველოში კი სექტემბერში, "ნიქოზის" ფესტივალზე ვიხილავთ. აპლიკაციური ანიმაციის ქაღალდის პერსონაჟების შესახებ, ფილმის სცენარის ავტორს, დამდგმელ მხატვარსა და რეჟისორ ანა ჩუბინიძეს ვესაუბრეთ...

- მხატვარი ლუკა ცეცხლაძე ჩემი მეუღლეა. სწორედ მისი ჩანახატების მიხედვით შეიქმნა ანიმაციის მთავარი პერსონაჟი, ედგარი. ბავშვობიდან ვძერწავ და თავდაპირველად, 7-სანტიმეტრიანი ქანდაკება გავაკეთე. გამიჩნდა სურვილი, ეს პატარა კაცუნა რეალური გამხდარიყო და მის შესახებ მოთხრობა დავწერე. კინოცენტრის კონკურსის შესახებ შემთხვევით გავიგე. ითხოვდნენ იდეას, ანიმაციური ფილმისთვის. თუ მანამდე "ჯიბის კაცის" შესახებ წიგნის გამოცემაზე ვფიქრობდით, იდეა ანიმაციური ფილმის პროექტად ჩამოვაყალიბეთ და კონკურსში მონაწილეობა გადავწყვიტეთ. ერთი წლის წინ პროექტმა საქართველოს კინოცენტრის, "ანსის" ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალისა და ნიქოზის საერთაშორისო ფესტივალის ერთობლივ კონკურსში გაიმარჯვა. სწორედ "ანსის" ფესტივალზე პროექტის პრეზენტაციისას დაინტერესდა ანიმაციით ფრანგული სტუდია "ფოლიმაჟი". მთხოვეს, ფილმისთვის მეტი იუმორისტული დეტალი დამემატებინა და უფრო ფერადი გამეხადა. ასე მივიღეთ სამი ქვეყნის ერთობლივი ნაწარმი, საქართველოს ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით. საფრანგეთის გარდა, პროექტში საქართველოდან სტუდია "კვალი XXI" და შვეიცარიიდან სტუდია "ნადასდია" ჩართული. ფილმზე ათი თვე ვიმუშავეთ. საქართველოში ჩვენთან ერთად ფრანგი სპეციალისტი მუშაობდა, საფრანგეთში კი მე და ორი მხატვარი, ელენე სებისკვერაძე და ელენე ჭიჭაშვილი ვიყავით.

- რა არის ფილმის მთავარი სათქმელი?

- ყველა ადამიანი სხვადასხვაგვარად აღიქვამს. ზოგი მასში პოლიტიკურ მოტივებსაც კი ხედავს. პირადად ჩემთვის ფილმი დიდ მეგობრობას, მეგობრის დანიშნულებას უკავშირდება.

- ფილმი ცხრა ფესტივალზეა შერჩეული. რა არის მთავარი კრიტერიუმები, რის მიხედვითაც ჟიურიმ არჩევანი სწორედ "ჯიბის კაცზე" შეაჩერა - ტექნიკური მხარე თუ მასში წარმოჩენილი ღირებულებები?

- ტექნიკურად კარგად უნდა იყოს შესრულებული. სხვა კრიტერიუმები არასოდესაა ცნობილი. ეს დამოკიდებულია კონკრეტული ჟიურის წევრების ინდივიდუალურ ხედვაზე, გემოვნებაზე. კრიტერიუმების სიტყვით გადმოცემა თავადაც კი უჭირთ ხოლმე.

- შესაძლებელი თუა, ფილმი მსოფლიოს მასშტაბით გახდეს ცნობილი?

- საკმაოდ ლოგიკურია, რადგან თუ რაიმე სერიოზული საბავშვო ფილმების ფესტივალი არსებობს, ყველგან იგზავნება. ჩვენებები შედგება საფრანგეთის კინოთეატრებში, ფრანგულ რეიტინგულ ტელეარხზე - "კანალ პლუსი". მიმდინარეობს მოლაპარაკებები სხვა ტელეარხებთან. დაგეგმილია, ასევე წიგნის გამოცემა ქართულ და ფრანგულ ენაზე.

- გვითხარი აპლიკაციური ანიმაციის ტექნიკური მხარის შესახებ...

- აპლიკაციური ანიმაციის ტექნიკა ახალი არ არის. მნიშვნელოვანია, თავად რეჟისორი როგორ გამოიყენებს ამ ტექნიკას, რამდენად ინდივიდუალურ ხელწერას შესძენს. ფილმის გმირები ქაღალდისგან გამოჭრილი ფიგურები არიან, რომლებსაც კიდურები მაგნიტის სახსრებზე აქვთ მიმაგრებული. ქაღალდი ზემოდან აკრილითა და ფერადი ფანქრებითაა დამუშავებული. ამ ტექნიკით ილუსტრაციებს ვხატავდი. ფილმზე მუშაობისას კი ის მთელ ჯგუფს ვასწავლე. თითოეულ კადრს ფოტოკამერით შუშის მაგიდაზე ვიღებდით, მონტაჟს კი კომპიუტერში ვასრულებდით.

- ფილმში განსაკუთრებული აქცენტი ხმებზეა გადატანილი...

- ხმებზე "ფოლიმაჟმა" იმუშავა, ყველა ხმა სპეციალურად ფილმისთვის, ხმის მსახიობმა შექმნა. ანიმაციაში არ გვხვდება დიალოგები, რაც მეტად აიოლებს აზრის გაგებას. შესაბამისად, არ არის ენობრივი ბარიერის პრობლემა. ფილმი 7-წუთიანია. ვფიქრობთ მის სერიებად ქცევაზე.

- სამომავლოდ თუ აპირებთ მუშაობის გაგრძელებას ანიმაციის სფეროში?

- ახალ იდეებსა და პროექტებზე უკვე ვმუშაობ. მსურს, ჩემი სივრცე შევქმნა, სადაც მეყოლება ჯგუფი და მათთან ერთად გავუზიარებ გამოცდილებას ადამიანებს, ვისაც ეს სფერო აინტერესებს.

შორენა ლაბაძე