სკო­ლის პე­და­გო­გის უნი­კა­ლუ­რი აღ­მო­ჩე­ნა - გზაპრესი

სკო­ლის პე­და­გო­გის უნი­კა­ლუ­რი აღ­მო­ჩე­ნა

ბაღდათის ახალი აღმოჩენის შესახებ მედიასაშუალებებიც წერდნენ. აღმოჩენა ქალაქის მკვიდრის, ქალბატონ ნინო ბაზანოვის სახელს უკავშირდება. როგორც ქალბატონმა ნინომ გვითხრა, ობიექტი ბუნების ძეგლის სტატუსზეა წარდგენილი...

ნინო ბაზანოვი:

- სპეციალობით გეოგრაფია-ბიოლოგიის პედაგოგი ვარ. ძალიან მიყვარს ბუნება. დეტალურად ვიცნობ მდინარე ხანისწყალს, სათავიდან შესართავამდე, რომელიც ქალაქ ბაღდათში ჩამოედინება. მდინარის ხეობა ფეხდაფეხ მაქვს შემოვლილი. წლების მანძილზე ვაკვირდებოდი და ვსწავლობდი მდინარე ხანისწყლის ხეობას, ფლორასა და ფაუნას. უკვე არაერთი გამოუქვეყნებელი კვლევაც მაქვს. ყოველთვის იქცევდა ყურადღებას ქალაქ ბაღდათში, ბონდის ხიდთან არსებული, განსხვავებული ფორმის, ფერისა და ზომის ლოდები, ე.წ. სეპტარიები. არაერთ კითხვას აჩენდა მათი არსებობა. 15 სექტემბერს, ბავშვები მდინარე ხანისწყალზე წავიყვანე, ჯებირის სანახავად, ბონდის ხიდთან. ბავშვმა მდინარესთან ჩაირბინა. გავყევი და მდინარეში არსებულ ლოდს დავაკვირდი. სეპტარიის ნაცვლად ცოცხალი ორგანიზმის, კუნთის გაქვავებული პროფილური ჭრილი შევნიშნე, სადაც კუნთებს შორის არსებული არეები, შემაერთებელი და ცხიმოვანი ქსოვილი სხვადასხვა ზომის კალციტებითაა წარმოდგენილი. მივხვდი, რომ ქვა ცხოველური წარმონაქმნი იყო. ბავშვებიც დაინტერესდნენ. გულდასმით დავათვალიერეთ ყველა ლოდი და ბევრი მსგავსი ნაშთი შევნიშნეთ. დავრწმუნდი, რომ საქმე გაქვავებული გიგანტური ზომის პრეისტორიულ ცხოველებთან გვქონდა.

ეს ქვები ორივე ფერდობზე მდინარის განივკვეთს მიუყვება. მათ შორის გამოირჩევა სხვადასხვა სახეობის კუს, სავარაუდოდ - დინოზავრის, თევზის, ნიანგისა და სხვა ცხოველების ნაშთები. ნამარხთა ორგანიზმებიდან მცირე ნაწილი ავიღე და ჩვენი სკოლის ქიმიის ლაბორატორიაში შევამოწმე, განზავებული მარილმჟავას ხსნარით. ცდამ აჩვენა, რომ სხეული ორგანული წარმოშობისაა. იმავე შედეგს ვიღებთ ადგილზე, გაქვავებულ ცხოველურ ნაშთებზე განზავებული მარილმჟავას მოქმედებით. ცხადია, ამის ხმამაღლა თქმა იოლი არ იყო, დავიწყე მოკვლევა. რაღაც ლიტერატურაზე კი მიმიწვდებოდა ხელი, დავიწყე სხვადასხვა ინფორმაციის მოძიება მსოფლიო მასშტაბით: სოციალური ლიტერატურის, ინტერნეტისა და ენციკლოპედიების საშუალებით და გარკვეულ დასკვნებს ვაკეთებ. ჩემი მცირე გამოცდილებაც გამოვიყენე, ვიძიებ, როგორ შეიძლება მომხდარიყო ცოცხალი ორგანიზმის არაცოცხალ ორგანიზმად - ქვად გადაქცევა, რას შეიძლებოდა გამოეწვია ეს... უამრავი კითხვა გაჩნდა. მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში არსებობს მსგავსი ნამარხები, დათარიღებული მეზოზოური ერით. აღმოჩენილ ორგანიზმთა ნაშთების მიხედვით, შეიძლება მსჯელობა მათი აგებულების, ცხოველმოქმედების, თანამედროვე ცოცხალ ორგანიზმებთან მათი გენეტიკური კავშირის შესახებ, ასევე იმ პერიოდზე, როდესაც ეს ორგანიზმები ცხოვრობდნენ დედამიწაზე.

- სავარაუდოდ, საიდან და რა მიზეზით შეიძლება მოხვედრილიყვნენ ეს ცხოველები საქართველოს ტერიტორიაზე?

- ფაქტია, რომ რაღაცამ აიძულა ეს ცხოველები ამ სანაპიროს ერთად მოსწყდომოდნენ და მოხდა მათი უეცარი სიკვდილი. ამას მიანიშნებს მათი სახეობრივი მრავალფეროვნება და რაოდენობა. ვიცით, რომ ეს ცხოველები ტროპიკული არისთვის დამახასიათებელი ცხოველებია, სადაც ბევრი საკვები, სითბო და სინათლეა. მდინარე ხანისწყლის რელიეფში ქვეწარმავალთა ქარავნის სახით გავრცელება, შესაძლოა, გამოეწვია როგორც მყინვარს, ასევე კატაკლიზმს. აქ არსებული განამარხებული ცხოველები ჩაფლულია გოგირდისა და რკინის შემცველ ნაცრისფერ თიხებში, ვულკანურ ფერფლში, რომლის მიზეზი კატაკლიზმია, რომელმაც მსოფლიო ოკეანე მოიცვა. მოხდა გონდვანისა და ლავრაზიის კონტინენტების დანაწევრება, შეიცვალა ტემპერატურა და წნევა, ანუ გამყინვარების შედეგად მოხდა მდინარეებსა და ტბებში ტემპერატურის აწევა და ოკეანის - თეტისის ნაწილში მყოფი ცხოველები მოაწყდნენ სანაპიროებს და უჰაერობამ და გარემო პირობების შეცვლამ მათი იძულებითი სიკვდილი გამოიწვია. ეს პერიოდი ცნობილია მეზოზოური ერის სახელით და გადაშენებული გიგანტური ცხოველებით, რომლებმაც 130-160 მილიონი წლის წინ გაიარეს გამყინვარება.

ყოველდღიურად ვაწარმოებ საველე სამუშაოებს კვლევების მიზნით. მდინარის მარჯვენა ნაპირზე აღმოჩნდა გიგანტური კუ, რომელიც 2 ტონამდეა, მას შენარჩუნებული აქვს თავის ჩონჩხი, პარალელურად ანუსი - კვერცხუჯრედები, მენჯბარძაყის, ბეჭის ძვლის შეერთების არეები, ზედა და ქვედა ბაკანი, სხეულის ფორმა. ასევე აღმოჩნდა ტანის ნაწილი, თავისა და კიდურების გარეშე, რომელიც სავარაუდოდ დინოზავრს ეკუთვნის. იგი დაახლოებით 4 მეტრამდე სიდიდისაა. დაახლოებით ერთი თვის წინ, კი მდინარის ფსკერიდან, ჩემი შვილისა და მისი მეგობრების დახმარებით ამოვიღეთ 3 მეტრის სიგრძის თევზის სხეული. ამ ნამარხების ანატომიური აგებულება შეესაბამება თანამედროვე ცხოველების სახეობრივ, გენეტიკურ მსგავსებას. მათ სხეულზე შეიმჩნევა კუნთების შეერთების არეებში და საჭმლის მომნელებელ სისტემაში კალციტების არსებობა.

- ცხოველური ნაშთები სხვა ადგილებშიც აღმოაჩინეს?

- ჩემი დაკვირვების შედეგად, ბაღდათში არსებული გაქვავებულ ქვეწარმავალთა ქარავანი, არ იქნება მხოლოდ ამ მცირე ტერიტორიაზე. ეს არის ზოლი, რომელიც მოიცავს ბაღდათის სამხრეთ დასავლეთ და ჩრდილო-აღმოსავლეთ მერიდიანის პერიმეტრს. სოფელ მეორე სვირიდან დამიკავშირდა ბატონი რეზო წაქაძე და მითხრა, რომ მდინარე შაველაში, სადაც ანალოგიური რელიეფია, მსგავსი ტიპის ქვები აღმოაჩინა. ხეობა ძნელად მისადგომია, მაგრამ ის უპირატესობა აქვს, რომ გაქვავებული განმარხებული ცხოველები ხელშეუხებელია, ძალიან კარგადაა შენარჩუნებული ბუნებრივ პირობებში. ასევე, წითელხევიდანაც დამიკავშირდა ბატონი ვასილ გრძელიძე, ვესტუმრეთ სოფელ წითელხევში მდინარე კორისწყალს და აქაც აღმოჩნდა მსგავსი რელიეფი და რამდენიმე ნამარხი. ამ ეტაპზე ჩვენ ვიცით მხოლოდ ის ნაშთები, რაც მდინარემ გამორეცხა, მაგრამ აღმოსაჩენი კიდევ ბევრი რამაა, არ ვიცით, რა აღმოჩნდება ამ ნაფენებში.

- აღმოჩენის შესახებ შესაბამის უწყებებს თუ შეატყობინეთ და რა რეაგირება მოჰყვა მათი მხრიდან?

- როდესაც ჩემ მიერ აღმოჩენილი ნამარხების ჭეშმარიტებაში დავრწმუნდი, მივმართე სხვადასხვა ინსტანციას: პრეზიდენტისა და პრემიერის სამსახურებს, ადგილობრივ თვითმმართველობას, რათა მომხდარიყო მათი მეცნიერული კვლევა და დაცვა. მართლაც ყველა მხრიდან მოჰყვა დაინტერესება აღიშნული ობიექტის დაცვისა და მოვლა-პატრონობის თვალსაზრიით. ჩამოვიდნენ შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები, - პალეონტოლოგები, გეოგრაფები, გეოლოგები, ეროვნული მუზეუმიდან ქალბატონი რუსუდან ჩაგელიშვილიც ბრძანდებოდა. გაზაფხულიდან დაგეგმილია საველე და სამეცნიერო სამუშაოები. გამგეობის შუამდგომლობით, მივიღეთ წერილი კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროდან, რომ გამოცხადდეს ბუნების ძეგლად. ველოდები ანალიზის პასუხებსაც. ეს არის ბუნების საჩუქარი, რომელიც მნიშვნელოვანია მეცნიერული, ისტორიული და ტურისტული ღირებულებებით. დარწმუნებული ვარ, ამ კვლევაში თანამშრომლობის სურვილით, მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდანაც ჩაერთვებიან სპეციალისტები.

შორენა მერკვილაძე