ვი­რუს­მა შე­იძ­ლე­ბა მე­ნინ­გი­ტი გა­მო­იწ­ვი­ოს - გზაპრესი

ვი­რუს­მა შე­იძ­ლე­ბა მე­ნინ­გი­ტი გა­მო­იწ­ვი­ოს

ბაღებსა და სკოლებში ბავშვების სრული დასწრება არ არის - გაკვეთილზე რამდენიმე ბავშვი ზის. ამის მიზეზად სეზონური ვირუსები სახელდება. თუმცა, თავად დაავადებათა ეროვნულ ცენტრში აცხადებენ, რომ ვირუსების მხრივ ქვეყანაში ახლა სიწყნარეა. როგორც ჩანს, ხშირ შემთხვევაში მშობლები იღებენ ამ გადაწყვეტილებას და იმის შიშით, რომ ბავშვს გრიპის ვირუსი არ გადაედოს, თავს იზღვევენ და შვილებს სკოლაში არ უშვებენ.

პაატა იმნაძე, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილე:

- მართალია, სეზონური ვირუსები აპრილის შუა რიცხვებამდე გაგრძელდება, მაგრამ ამ პერიოდში სიწყნარეა. გამწვავება ნამდვილად არ არის. შარშან და შარშანწინ ამ დროს რა ვითარებაც იყო, იმაზე უკეთესი სიტუაციაა. ახლა ავადობა ნაკლები გვაქვს. დეკემბერში ყველაზე მეტმა ადამიანმა მოგვმართა. ძირითადად, 3 ტიპის გრიპის ვირუსია: შიგადაშიგ არის `ბე~ ტიპის ვირუსი, არის `რინო ვირუსი~. გრიპის სეზონი გრძელდება აპრილის შუა რიცხვებამდე. ყველამ უნდა იცოდეს, რომ ავადმყოფმა ბავშვმა სკოლაში არ უნდა იაროს. საავადმყოფოებსა და პოლიკლინიკებში მომართვა ბოლო დროს ცოტაა, ამიტომ ვერ გეტყვით, რატომ არ დადიან ბავშვები სკოლაში. ინფიცირებული ადამიანი ხველებისა და ცემინების დროს, თუ ხელსახოცით არ იფარავს სახეს, გარემოში უხვად აფრქვევს ვირუსებს. ინფიცირებული ადამიანი დაავადების სიმპტომების გამოვლენამდე 1 დღით ადრე და დაავადებიდან 5-7 დღის მანძილზე გამოყოფს მათ გარემოში. ეს კი ნიშნავს, რომ ინფიცირებულს შეუძლია ვირუსის გავრცელება ჯერ კიდევ მანამ, სანამ გაიგებს, რომ ინფიცირებულია. გირჩევთ, თუ თქვენ ან თქვენი ოჯახის წევრს გრიპის ვირუსით დაავადების სიმპტომები დაგეწყოთ, თუნდაც ტემპერატურის მატების გარეშე, გადაუდებელი საქმე თუ არ გაქვთ, დარჩით სახლში მინიმუმ, 24 საათის მანძილზე.

- კიდევ რა პრევენციული ზომების მიღებაა შესაძლებელი?

- ცემინების ან ხველების დროს უნდა აიფაროთ ერთჯერადი ხელსახოცი და დაიბანოთ ხელები საპნითა და წყლით. შეეცადეთ, ყოველთვის იქონიოთ თან სველი ხელსახოცი. დაუბანელი ხელებით არ შეეხოთ თვალებს, ცხვირსა და პირის ღრუს, ვირუსი სწორედ ამ გზების საშუალებით ვრცელდება. ხშირად უნდა ანიავოთ საცხოვრებელი სახლი და გაწმინდოთ სველი წესით ყოველდღიური მოხმარების საგნების ზედაპირები. ასევე, სულ ვაძლევთ რეკომენდაციებს სკოლებს. თითოეული მშობელი უნდა დარწმუნდეს, რომ სასწავლო დაწესებულებაში, სადაც მისი შვილი სწავლობს, სრულდება ეს რეკომენდაცია. რეგულარულად, სველი წესით უნდა იწმინდებოდეს ხშირად შეხებადი საგნების ზედაპირები: კარის სახელურები, სასწავლო მერხები, სკამები და სხვა... სისტემატურად უნდა ნიავდებოდეს სასწავლო ოთახები და სველ წერტილებში საკმარისად უნდა იყოს საპონი და წყალი ხელების დასაბანად, ქაღალდის ხელსახოცი კი ხელების გასამშრალებლად. პრევენციული ღონისძიებების რეგულარულად შესრულებამ შესაძლოა შეამციროს არა მარტო სეზონური გრიპის, არამედ მრავალი სხვა დაავადების გამომწვევი მიკრობის გავრცელების რისკი. უნდა ვიცოდეთ ისიც, რომ ვირუსები მენინგიტსაც იწვევს. მენინგიტის გამომწვევი ბაქტერიებისა და ვირუსების გავრცელება შესაძლოა მოხდეს შემდეგი გზებით: დაცემინება, ხველა. მენინგიტი შეიძლება ნებისმიერმა რამემ გამოიწვიოს, ეს ბაქტერიული ან ვირუსული ინფექციის გართულებაა. მეტად მძიმე დაავადებაა და სწორედ ზამთრის პერიოდში მწვავდება. საბედნიეროდ, შესაძლებელია ამ დაავადების პროფილაქტიკაც და მკურნალობაც. არსებობს მენინგიტის ბაქტერიული, ვირუსული, ტუბერკულოზური და სოკოვანი ფორმა, რომელთაც თავის ტვინში ჩირქის წარმოქმნა შეუძლიათ. ცალკეა კიდევ მენინგოკოკური მენინგიტი და ყველაზე მძიმე ფორმა კი გახლავთ მენინგოკოკცემია, ამ დროს მენინგიტის ბაქტერია სისხლში აღმოჩნდება, რომელიც მაია ასათიანის გოგონას აღმოაჩნდა და გარდაიცვალა.

- რა სიმპტომები აქვს ამ დაავადებას?

- მენინგოკოკცემია (მენინგოკოკური სეფსისი) - მენინგოკოკით გამოწვეული ინფექციის გენერალიზებული ფორმაა. ინფექციის წყაროა მენინგოკოკის მტარებელი ან ავადმყოფი ადამიანი. ადამიანის დაინფიცირება ხდება წვეთოვანი გზით, ინფექციის წყაროსთან დახურულ სივრცეში ხანგრძლივი და მჭიდრო კონტაქტის შემთხვევაში, რაც განპირობებულია გარემოში მენინგოკოკების სუსტი გამძლეობით. ანუ სულ რაღაც ერთ მეტრამდე არეალში თუ მენინგიტის ბაქტერიის მატარებელი ადამიანი ახველებს ან მეორე ადამიანს ესაუბრება, შეიძლება დაავადდეს. ბაქტერიამატარებელი შეიძლება ავად არ არის, სამაგიეროდ, სხვას აავადებს. მენინგოკოკით დაინფიცირებულთა უდიდეს უმრავლესობას კლინიკური გამოვლინება პრაქტიკულად არ აღენიშნება, ნაწილს შეიძლება განუვითარდეს მწვავე ნაზოფარინგიტი (ცხვირ-ხახის ლორწოვანი გარსის ანთება), მხოლოდ უკიდურესად იშვიათად ვითარდება გენერალიზებული ფორმა მენინგიტისა და მენინგოკოკცემიის სახით. ინფექციის გავრცელებაში წამყვან როლს ნაზოფარინგიტით დაავადებულები თამაშობენ, ვინაიდან ეს ფორმა ყველაზე გავრცელებულია, ასევე მსუბუქი მიმდინარეობის გამო, ავადმყოფები არ არიან იზოლირებული. მენინგოკოკის ე.წ. ჯანმრთელი მატარებლობა შეიძლება გაგრძელდეს 1-3 კვირა. ჩვენს ქვეყანაში მტარებლობა 1%-ს აღწევს. მენინგოკოკცემიით უპირატესად ავადდებიან 5 წლამდე ასაკის ბავშვები. ასეთ შემთხვევათა მატება შემოდგომაზე იწყება და პიკს გაზაფხულზე აღწევს.

- ჩვენთან მენინგოკოკცემიის შემთხვევა ხშირია?

- საქართველოში, ყოველწლიურად მენინგოკოკცემიის საშუალოდ 10-15 შემთხვევა რეგისტრირდება, მათ შორის შემთხვევათა 90%-ზე მეტი 0-14 წლის ასაკობრივ ჯგუფზე მოდის. მენინგოკოკცემიით გამოწვეული ლეტალობა 10-20%-ს შეადგენს, განსაკუთრებით, მენინგოკოკცემიის ელვისებური ფორმების დროს. საქართველოში ყოველთვის არის ასეთი შემთხვევები. წელსაც იყო რამდენიმე შემთხვევა. შარშან სულ 8 შემთხვევა გვქონდა.

- რას უნდა მივაქციოთ ყურადღება?

- მენინგოკოკცემია (მენინგოკოკური სეფსისი) შეიძლება დაიწყოს უეცრად. ამ დროს აღინიშნება მაღალი ტემპერატურა 39-40, თავის ტკივილი, ღებინება, უძილობა, უმადობა. მენინგოკოკცემიის ერთ-ერთი ძირითადი ამოსაცნობი ნიშანია პეტექიური გამონაყარი (კანისა და ლორწოვანი გარსის კაპილარების კედლის დაზიანების შედეგად წარმოქმნილი მცირე სისხლჩაქცევები), რომელიც დაავადების დაწყებიდან 5-20 საათის განმავლობაში ვლინდება, უფრო იშვიათად - მეორე დღეს, კანსა და ლორწოვანებზე სხვადასხვა ზომისა და ფორმის სისხლჩაქცევების სახით ჩნდება. გამონაყარი უმეტესად ლოკალიზებულია ხელებზე, ფეხებზე, დუნდულებზე, ბარძაყებზე. სახესა და სხეულის ზედა ნაწილში არსებული სისხლჩაქცევები კი დაავადების სიმძიმეზე მეტყველებს. მენინგიტთან შერეული ფორმის დროს, მენინგიალური სიმპტომებია დამახასიათებელი. დაავადება უაღრესად სწრაფად, პრაქტიკულად ერთ დღეში პროგრესირებს მენინგოკოკცემიის ელვისებური ფორმის დროს. ასეთ შემთხვევაში, დაავადების გამოსავალი ხშირად არაკეთილსაიმედოა. ზემოთ ჩამოთვლილი სიმპტომების არსებობისას, განსაკუთრებით ნებისმიერი სისხლჩაქცევის შემჩნევისას, აუცილებელია ექიმს მივმართოთ. ამ დაავადების დროს ხშირად საათებსა და წუთებსაც კი გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. ანამნეზიური მონაცემებისა და გასინჯვის საფუძველზე ექიმი იღებს გადაწყვეტილებას, პაციენტის შესაბამის სტაციონარში მოთავსებისა და ადეკვატური მკურნალობის დანიშვნაზე.

- ჩვენთან მენინგოკოკცემიის საწინააღმდეგო აცრებიც კეთდება?

- სპეციფიკური პროფილაქტიკისათვის არსებობს ვაქცინა, რომელსაც ჩვეულებრივ მენინგოკოკური ეპიდემიების დროს იყენებენ. ჩვენს ქვეყანაში გეგმური მენინგოკოკური ვაქცინაცია სავალდებულო არ არის. დაავადების გავრცელების პრევენციის მიზნით, მენინგოკოკცემიით დაავადებულთან ახლო კონტაქტში მყოფ პირებზე მყარდება ეპიდემიოლოგიური მეთვალყურეობა, რათა გამოვლინდეს დაავადების ადრეული ნიშნები, განსაკუთრებით - ცხელება და მიმართონ სათანადო მკურნალობის მისაღებად დაყოვნების გარეშე. ახლო კონტაქტირებულმა პირებმა ექიმის ზედამხედველობით უნდა ჩაიტარონ ანტიბიოტიკოპროფილაქტიკა. მენინგოკოკური ინფექციის პროფილაქტიკაში დიდი ყურადღება ექცევა სანიტარიულ-ეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიებების დაცვას ბავშვთა სკოლამდელ და სასწავლო დაწესებულებებში.

თეა ხურცილავა