რა სირ­თუ­ლე­ე­ბი ახ­ლავს მკითხა­ვის პრო­ფე­სი­ას და რა­ტომ ჩხუ­ბო­ბენ სუ­ლე­ბი? - გზაპრესი

რა სირ­თუ­ლე­ე­ბი ახ­ლავს მკითხა­ვის პრო­ფე­სი­ას და რა­ტომ ჩხუ­ბო­ბენ სუ­ლე­ბი?

შესაძლოა, შემედავოთ, მკითხაობა პროფესია არ არისო, მაგრამ როცა ადამიანი ამით "ჭამს პურს", პროფესიაა, აბა, რა არის?

ჩემი მასპინძელი ავლაბარში მცხოვრები მარო დეიდა გახლავთ, რომელიც ჩემი მეგობრის საყვარელი ნათელმხილველია. ვთხოვე, ინტერვიუ მოეცა და ამ პროფესიის ავ-კარგზე ელაპარაკა, მაგრამ თავი შორს დაიჭირა. შემდეგ შემომთავაზა, დავსწრებოდი მკითხაობის პროცესს და დამეწერა, რასაც ვნახავდი.

მას იტალიურ ეზოში 2 პატარა ოთახი აქვს. ერთს სამუშაოდ იყენებს, მეორეში - ცხოვრობს. სამუშაო ოთახის კედლები ხატებითაა სავსე. თაროებზე კი უამრავი წიგნი მოჩანს, რომელთა უმეტესობა პროფესიულია ანუ წინასწარმეტყველებისთვის საჭირო ლიტერატურაა. არავითარი მისტიკური ნივთები, არავითარი მაგიური სფერო და სხვა მსგავსი ოთახში არ არის.

მაგიდაზე ბოთლით ნაკურთხი წყალია მოთავსებული (ყოველ შემთხვევაში, მარომ ასე ამიხსნა) და უამრავი საეკლესიო სანთელი. იქვე დგას თიხის ჯამი და აწყვია ბანქო. კლიენტს ჯერ სახელსა და გვარს და დაბადების წელს ეკითხება. შემდეგ გადაშლის პატარა წიგნს, საიდანაც ლოცვას წაიკითხავს, ამის შემდეგ თიხის ჯამში ჩაასხამს წყალს ნახევრამდე, სანთელს კლიენტისთვის სამჯერ შემოატარებს თავზე, სიტყვებით: - (კლიენტის სახელი) ანგელოზებო, ყველაფერი მითხარით... იყავით მოწყალენი... იყავით მოწყალენი... იყავით მოწყალენი...

შემდეგ სანთელს აანთებს და დამდნარ ცვილს წყალში ჩააწვეთებს. მიღებული ფიგურების მიხედვით კითხულობს კლიენტის წარსულს, აწმყოსა და მომავალს. სულ ესაა.

მასპინძელს წინასწარ ვთხოვე, მოეცა სეანსზე დასწრების უფლება. მარომ ბრძანება გასცა და პირველი კლიენტი შემოვიდა.

ჭკვიანი და უიღბლო ვაჟის დედა

50 წელს გადაშორებული, სიმპათიური ქალბატონი შეწუხებული სახით დაჯდა მისთვის განკუთვნილ სკამზე და მკითხავს მორჩილად მიაჩერდა. მარომ თავის თანაშემწედ წარმადგინა.

ჩავახველე. ყველაზე მეტად იმაზე ვნერვიულობდი, რომ რიტუალების შესრულებისას არ გამცინებოდა. ყურადღება მოვიკრიბე, სერიოზული გამომეტყველება მივიღე და მოვლენების დაკვირვებას შევუდექი.

მარომ სახელი, გვარი და დაბადების თარიღი ჰკითხა. იმანაც, სხაპასხუპით უპასუხა.

ლოცვაც წაუკითხა, სანთელიც შემოატარა თავზე და მის ანგელოზებსაც სთხოვა, რომ მოწყალენი ყოფილიყვნენ. წყალს, რომელშიც დამდნარი ცვილის წვეთები ეწვეთებოდა, მთელი მონდომებით დავაშტერდი.

აღმოვაჩინე, რომ ცვილის წვეთებს ხე დაეხატათ.

- თქვენ ოჯახური პრობლემის გამო ხართ მოსულიო, - დაიწყო მარომ.

- დიახ, ოჯახური პრობლემის გამო...

- შვილის ბედი გაწუხებთ...

- დიახ...

- ვაჟის...

- დიახ, ქალბატონო მარო, დიახ, - გახარებულმა უთხრა, - ვიღაც ბოზს არის გადაკიდებული და იმის გამო ცოლი არ მოჰყავს, უკვე 30 წელს გადააბიჯა...

- ის ქალი განათხოვარია და შვილიანი, - განაგრძო მკითხავმა.

- 1 შვილი ჰყავს...

- მას არც ისე კარგი წარსული აქვს...

- დიახ, შვილიც თავის გვარზე ჰყავს, ალბათ მამის ვინაობა არ იცის და იმიტომ, - შესჩივლა მზრუნველმა დედამ.

- ნუ ნერვიულობთ, ქალბატონო, ყველაფერი კარგად იქნება.

- დასცილდება იმ ქალს?

- იცით, ახლო მომავალში არ დასცილდება, - წყალს ჩააშტერდა, - ცოტა სანერვიულო კიდევ გექნებათ, მაგრამ დამიჯერეთ, ის ქალი თვითონ ჰკრავს ხელს, ადრე თუ გვიან.

- ჯადო აქვს გაკეთებული?

- არა, ჯადო არა აქვს, აქ არ ჩანს, თქვენი ანგელოზები მეუბნებიან, რომ ჯადო არა აქვს თქვენს შვილს...

- აბა, მატერიალური პრობლემები რატომ აქვს? ის ხომ ძალიან ჭკვიანია, ნიჭიერია, - საჭირო ინფორმაცია მიაწოდა ქალბატონმა...

- თქვენს შვილს უმაღლესი განათლება აქვს, მაგრამ სამსახურს ვერ შოულობს, შესაძლოა, გაუმართლოს და დაიწყოს მუშაობა, მაგრამ მალევე ანებებს თავს, - წარმოთქვა მარომ.

- მართლა მაგარი ხართ, ქალბატონო მარო, ყველაფერს ასე ზუსტად ხვდებით, - აღფრთოვანდა ქალი.

- თქვენი შვილის საყვარელი კი მატერიალურად კარგადაა, კარგი სამსახური აქვს, კარგი შემოსავალი, - ეს უკვე აზარტში შესულს წამოსცდა.

- გაუხმეს თავი მაგას, მაგისი არც ფული მინდა, არც არაფერი, დაანებოს ჩემს შვილს თავი...

- ქალბატონო, დამიჯერეთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება. თუ რამე გაინტერესებთ, მკითხეთ...

- ეგ მაინტერესებდა, ძალიან დამაიმედეთ, რადგან ყველაფერი გამოიცანით, მჯერა, რომ ყველაფერი კარგად იქნება, - თქვა და 20-ლარიანი დადო მაგიდაზე.

ცოლიან კაცზე მონადირე

შემდეგი კლიენტი ახალგაზრდა გოგონა გახლდათ - 19 წლის.

მისი პრობლემა ის გახლდათ, რომ ცოლიანი მამაკაცისთვის ჰქონდა თვალი დადგმული და მის მოხიბვლას ვერ ახერხებდა.

- ძალიან მიყვარს, სიგიჟემდე, მის გარეშე მოვკვდები, ის კი ყურადღებას არ მაქცევს, პირდაპირ ვუთხარი, რომ მიყვარს და იცით, რა მითხრა?

- ვიცი, რა თქმა უნდა, ვიცი, - აბა, რისი მკითხავი იყო მარო, თუ ეტყოდა, არ ვიციო? - მან გითხრათ, რომ პატარა ხართ.

- დიახ, - ლამის გული ამოუჯდა გოგონას, - პატარა არ ვარ, მესამე კურსზე გადავედი, სტუდენტი ვარ...

- იქნებ კარგად დაფიქრდეთ, ნამდვილად ის კაცი გიყვართ თუ მისი ფული? - პირდაპირ ჰკითხა მკითხავმა.

- დიახ, ფული აქვს, მაგრამ მე ის უფულოდაც მეყვარება, მას კი თავისი მსუქანა ცოლი ურჩევნია ყველაფერს. ნეტავ იცოდეთ, რას ჰგავს ის ქალი...

- სულაც არაა მახინჯი მისი ცოლი, - წყალს ჩააშტერდა მარო, - პუტკუნა კი არის, მაგრამ ლამაზი ცხვირ-პირი აქვს, - "დადო დასკვნა".

- მარტო სახეა? სხვა არაფერი? გაუნათლებელი, სოფლელი დედაკაცია!

მარო ნახევარი საათის განმავლობაში კითხულობდა მის წარსულსა და მომავალს და საბოლოოდ ურჩია, იმ კაცისთვის თავი დაენებებინა...

გოგონამ გულმოსულმა დატოვა ოთახი, მაგრამ 10 ლარი მაინც დატოვა.

შედეგიანი შელოცვა

შემდეგი კლიენტი რომ შემოვიდა და ყველა საჭირო რიტუალის ჩატარების მერე მაროს თავისი პრობლემა გაანდო, მეგონა, წინა კლიენტის მიერ გალანძღული ცოლი გახლდათ.

- იცით, ჩემს ქმარს ერთი სტუდენტი გოგო გადაეკიდა და მოსვენებას არ აძლევს... - პუტკუნა, ლამაზი პირისახის ქალბატონი გახლდათ და მის ქმარს სტუდენტი გოგო ჰყავდა გადაკიდებული. მთლად უსაფუძვლო არ გახლდათ ჩემი ეჭვი, მაგრამ ასეთი დამთხვევა ალბათ არ შეიძლებოდა, მომხდარიყო...

- თქვენ საიდან გაქვთ ეს ინფორმაცია?

- მესიჯები წავიკითხე ჩემი ქმრის ტელეფონში. მიყვარხარო, სწერს... ჩემი ქმრის პასუხებიდან გამომდინარე, ვხვდები, რომ ეს გოგო არ აინტერესებს, მარა ეშმაკივითაა შეჩენილი და მეშინია, არ გადაიბიროს...

- ნუ გეშინიათ, ვერ გადაიბირებს, - დაამშვიდა მკითხავმა.

- რამე ისეთი შელოცვა არ იცით, რომ ჩემი ქმარი არავითარ შემთხვევაში არ წამოეგოს მის ანკესს?

- არსებობს, როგორ არა, შენი ქმრის რაიმე ნივთი მომიტანე, რომელსაც სულ თან ატარებს, მაგალითად, საათი, ბეჭედი ან მანქანის გასაღები და შევულოცავ. ამის შემდეგ ვერავინ ვერაფერს დაგაკლებთ...

- ჰო, მე რომ ჩემი ქმარი მიყვარდა, მაშინ შევალოცვინე ერთ მკითხავს და ამის მერე მითხოვა... ვიცი, რომ შელოცვა მაგრად შველის...

ქალბატონი შეჰპირდა, რომ რამდენიმე დღეში მივიდოდა.

ამ ვიზიტისთვის 20 ლარი გადაიხადა, ხოლო შემდეგ, როცა მარო შელოცვილ ნივთს გაატანდა, 50 ლარს დაამატებდა.

აჩრდილთა ბრძოლა

კლიენტების უმეტესობა მაროს დიდი ხანია იცნობს, მაგრამ პირველად მისულიც ბლომადაა.

ახალგაზრდა, სიცოცხლით სავსე ქალბატონი შემოვიდა ოთახში.

- ქალბატონო მარო, - მიმართა ღიმილით, - მკვდრებთან როგორი ურთიერთობა გაქვთ?

- გადასარევი, ზოგიერთთან ვმეგობრობ კიდეც, - ღიმილით უპასუხა მარომ. მან ნათქვამი სერიოზულად მიიღო.

- მაშინ ჩემთან, შინ უნდა წამოხვიდეთ... 1 წლის წინ ბინა ვიყიდეთ. ბინის პატრონი ასაკოვანი ქალბატონი გახლდათ. თავად გაუთხოვარი იყო, ჰყავდა ძმისშვილები, რომლებსაც მისი ბინის დაპატრონების სურვილით ერთმანეთთან ომი ჰქონდათ გამოცხადებული. ქალბატონმა გვითხრა, რომ ბინაში აღებული ფულის მათთვის თანაბრად განაწილება ჰქონდა გადაწყვეტილი, რომ მისი სიკვდილის შემდეგ ერთმანეთი არ დაეხოცათ. ბინა 80 ათასად შევიძინეთ, მაგრამ ქალბატონმა 71 ათასი გამოგვართვა და მოგვირიგდა, რომ დარჩენილ 9 ათასს ნაწილ-ნაწილ გავუსტუმრებდით, 3 წლის განმავლობაში ანუ თვეში 250 დოლარი უნდა მიგვეცა, რადგან თავად ქირით უნდა ეცხოვრა, თვეში 250 დოლარი უნდა გადაეხადა და ეს თანხა ჩვენ უნდა დაგვეფარა, - ერთბაშად რომ გამოგართვათ, მაგასაც წამღლეტენ და ქუჩაში დამტოვებენ, 3 წელზე მეტი არა მგონია, ვიცოცხლო და ეგ 9 ათასი კი მეყოფა, თუ მანამდე მოვკვდები, ღმერთმა ტკბილად მოგახმაროთ, რაც გადაუხდელი დაგრჩებათო. ცოტა უცნაურად კი მოგვეჩვენა, მაგრამ დავთანხმდით ამ პირობაზე. 8 თვის განმავლობაში მართლაც მივდიოდით ბინის მეპატრონესთან და პატიოსნად ვუხდიდით ქირას. მეცხრე თვესაც რომ მივუტანე ფული, მითხრა - ის მოხუცი გარდაიცვალა, ბინა უკვე სხვაზე გავაქირავე და თქვენ აღარ ხართ ვალდებული, რომ ქირა გადაიხადოთო... ამის მერე დაიწყო, რაც დაიწყო... ყოველღამე ვხედავთ 2 ქალის აჩრდილს. ერთი მათგანი ჩვენი ბინის ყოფილი პატრონია, მეორე კი მას ძალიან ჰგავს. თურმე ტყუპისცალი და ჰყოლია, რომელიც წლების წინ გარდაცვლილა. აშკარად ვხედავთ, როგორ გვანიშნებს ხელით ჩვენი ბინის პატრონი, რომ ფული უნდა მივცეთ. მეორე კი ეჩხუბება, უკმაყოფილოდ შლის ხელებს, შემდეგ ერთმანეთში დავას იწყებენ და ქრებიან... როგორ მოვიქცეთ, არ ვიცით. უკვე 4 თვე ხდება, მოსვენება დავკარგეთ.

- ბინა რომ გაყიდოთ? - შესთავაზა მარომ.

- იცით, მგონი, ეგ აღარ გვიშველის, რადგან ჩემს დედამთილთან როცა ვართ მცხეთაში, იქ მოდიან. სადაც უნდა წავიდეთ, ყველგან გამოგვყვებიან. არადა, აჩრდილს ფული როგორ მივცე, არ ვიცი, თორემ გადავურიცხავდი და მოვისვენებდი ერთხელ და სამუდამოდ.

- მის ნათესავებს რომ მისცეთ?

- ეგეც ვიფიქრე, მაგრამ ამ ქალმა პირობა ჩამოგვართვა, რომ იმათ ჩვენი შეთანხმების შესახებ არაფერი უნდა გაეგოთ ანუ ეგ ფული იმათ ხელში არ უნდა ჩავარდნილიყო. მერე მაგაზე რომ მოგვედაოს, რა ვქნათ? თორემ, ისე ვარ აღელვებული, მაგ ფულის შერჩენა არც მინდა, სიამოვნებით მივცემდი მის ძმისშვილებს, დარწმუნებული რომ ვიყო, რომ თავს დამანებებდა...

- ალბათ როგორ გეშინიათ დაღამების...

- ლამისაა, გავგიჟდე, კი არაფერს გვიშავებენ, მაგრამ როგორი ასატანია, როცა შენ თვალწინ სულები ჩხუბობენ? ერთი კი გამუდმებით ფულს გთხოვს და არ იცი, როგორ მისცე... მისი საფლავიც კი მოვძებნე და თანხა თავთან ჩავუმარხე, მაგრამ ის მაინც ჩვენთან მოდიოდა... მერე ის ფული ისევ ამოვთხარე და შინ წამოვიღე. ღამით ოთახში, გამოსაჩენ ადგილზე ვდებ ხოლმე, რომ იქნებ თვითონ იცის, როგორ უნდა წაიღოს, მაგრამ ეგეც არ გვშველის... ქალბატონო მარო, მითხრეს, რომ თქვენ შეგიძლიათ სულებთან კონტაქტი და იქნებ მიშველოთ რამე? - იმედიანი თვალებით უყურებდა ქალი.

- გიშველით, აუცილებლად გიშველით, ოღონდ თქვენს სახლში უნდა მიმიყვანოთ ღამით... ვნახავ, რისი გაკეთება შეიძლება... მანამდე კი, რასაც გეტყვით, ის გააკეთეთ. როგორც კი შებინდდება, სანთელი დაანთეთ და საკმეველი მოაკმიეთ ოთახში. სულს მიმართეთ, რომ თავი დაგანებოთ. აი, ეს ტომსიკები კი შემოსასვლელ კართან და ოთახებში დაალაგეთ...

რამდენიმე ტომსიკა მისცა, რომელშიც, როგორც მარომ ამიხსნა, სხვადასხვა მცენარეთა ნაყოფის, ძირების, ქერქის დაფშვნილი მასა იყო გახვეული, რომლისაც სულებს ეშინიათ.

შემოთავაზება მივიღე, რომ სულებთან "სალაპარაკოდ" გავყოლოდი, ქალბატონის ოჯახში, მაგრამ მერწმუნეთ, ამის სურვილი თქვენც არ გაგიჩნდებოდათ...

ჟურნალისტური ჟინი? იმაში დარწმუნება, რომ ის ქალბატონი არ ტყუოდა?

ამაზე ვერაფერს გეტყვით, ძნელია, დაიჯერო ის, რაც მოგიყევით, ჩემო მკითხველო, მაგრამ ვაითუ, სიმართლეს ამბობს? არ მინდა, შიშით გულგახეთქილმა, ახალგაზრდა ასაკში დავასრულო სიცოცხლე...

რაც შეეხება პროფესიას, არცთუ ისე იოლი აღმოჩნდა, ერთი შეხედვით "ხელწამოსაკრავი" მკითხაობა თუ ნათელმხილველობა... თუმცა, უნდა ვაღიარო, რომ საკმაოდ შემოსავლიანია... იმ დღეს მე და მარომ ერთად 100 ლარზე მეტი გამოვიმუშავეთ... ამაში არ შედის ის 50 ლარი, რომელიც ქმრის საათისა თუ სხვა ნივთის შელოცვაში ქალბატონმა უნდა გადაიხადოს და არც 150 დოლარი, რომელიც სულების განდევნის საფასური იქნება...

აი, ასეთია ამ პროფესიის ავ-კარგი... ყველაზე მეტად კი იმან გამაოცა, თურმე რამდენ ადამიანს სჯერა, რომ მკითხავს ყველაფერი შეუძლია...

მარი ჯაფარიძე