ჯანმრთელი გულის შენარჩუნების ხუთი წესი - გზაპრესი

ჯანმრთელი გულის შენარჩუნების ხუთი წესი

კვება

წესი პირველი: ჭამეთ მწვანილი, ხილი, მარცვლეული და თერმულად მინიმალურად დამუშავებული პროდუქტები.

ბოსტნეული, ხილი და მარცვლეული მდიდარია ვიტამინებითა და უჯრედისით, რომლებიც აუმჯობესებენ ორგანიზმის მუშაობას მთლიანობაში, აფერხებენ ათეროსკლეროზის განვითარებას და ქოლესტერინის დალექვას სისხლძარღვებზე. გახსოვდეთ, რომ თევზი (კალმახი, სკუმბრია, ქაშაყი) განსაკუთრებულად მდიდარია სრულფასოვანი ცხიმოვანი მჟავებით. ჩრდილოეთელი ხალხები, რომელთა მენიუშიც თევზს მნიშვნელოვანი ადგილი უკავია, სხვებთან შედარებით ორჯერ უფრო ნაკლებად ავადდებიან გულ-სისხლძარღვთა დაავადებებით.

ვარჯიში

წესი მეორე: ყოველდღიურად დაკავდით სპორტით, იარეთ ფეხით, ირბინეთ, ისეირნეთ ველოსიპედით.

ვარჯიში ხელს უწყობს კუნთების, მათ შორის, გულის კუნთების ტონუსის შენარჩუნებას. ფიზიკური ვარჯიშების დროს სწრაფად გადამუშავდება გლუკოზა, იშლება ის ნივთიერებები, რომლებიც ხშირად, ყველაზე პრობლემურ ადგილებში ილექება ხოლმე.

გულისა და სისხლძარღვებისთვის სპეციალური ვარჯიშებიც კი არსებობს, ეს არის: სირბილი, სიარული, ცურვა. ვარჯიში აუცილებლად უნდა გაგრძელდეს მინიმუმ 30 წუთი, იდეალურ ვარიანტში _ 40-50 წუთი. ფიტნესკლუბებში არსებობს სპეციალური კარდიოტრენაჟორები _ `სტეპერი~ _ კიბეზე სიარულის იმიტაცია, სარბენი ბილიკი, ველოტრენაჟორი. თუ ტრენაჟორები არ გიტაცებთ ან არ გაქვთ ფიტნესდარბაზში სიარულის საშუალება, ნუ დაღონდებით, საქართველოში პარკებისა და ტყეების მოძებნა ნამდვილად არ გაგიჭირდებათ. ირბინეთ სუფთა ჰაერზე, იარეთ ველოსიპედით. მერწმუნეთ, დახურულ ოთახში ვარჯიშზე მეტად, სუფთა ჰაერზე ვარჯიში გარგებთ, მაგრამ უნდა გახსოვდეთ ერთი რამ, ვარჯიშის დროს ყოველთვის აკონტროლეთ პულსი, ის წუთში 110-130 დარტყმას არ უნდა აღემატებოდეს.

ალკოჰოლი

წესი მესამე: ზომიერად სვით ალკოჰოლური სასმელები.

ყურადღება მიაქციეთ, ლაპარაკი არ არის იმაზე, რომ საერთოდ შეწყვიტოთ ალკოჰოლური სასმელების მოხმარება. უბრალოდ, ზომიერებაა საჭირო. ერთი ბოთლი მშრალი წითელი ღვინო დღეში, მაგალითად, სადილობის დროს, სასარგებლოც კი იქნება გულისთვის. წითელი ღვინო მდიდარია პოლიფენოლებით ანუ ყურძნის კურკაში შემავალი ძლიერი ანტიოქსიდანტებით. ფლორიდის უნივერსიტეტში ჩატარებული ბოლო კვლევის მონაცემებით, ალკოჰოლის ზომიერი მიღება აქვეითებს ინფარქტებისა და ინულტების რისკს 30%-ით.

მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ალკოჰოლის ჭარბად მოხმარება უფრო სახიფათოა, ვიდრე მასზე საერთოდ უარის თქმა. უსაფრთხო ნორმაა დღეში 20 გ სუფთა ეთილის სპირტი, ღვინის ეკვივალენტში ეს გამოდის ერთი ბოკალი, ლუდისთვის კი 0,33 ლ.

ჭარბი წონა

წესი მეოთხე: ჯანმრთელი გული თუ გინდათ, მაშინ წელი უნდა გეტყობოდეთ.

ყოველ შემთხვევაში, წელის გარშემოწერილობა არ უნდა აღემატებოდეს თეძოების გარშემოწერილობას, რომელიც თავის მხრივ, ჩვეულებრივ საოფისე სკამზე უნდა ეტეოდეს.

კოროლინის უნივერსიტეტის (შვეცია) მეცნიერების მიერ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა: გულის ჯანმრთელობის 5 წესის დაცვის შემთხვევაში, ინფარქტის განვითარების რისკი თითქმის 90%-ით შემცირდება.

დაიწყეთ თუნდაც, ერთი რომელიმე წესის დაცვით, ესეც დაგეხმარებათ გულის გაჯანსაღებაში. სტატისტიკურად, მარტო სწორი კვება აქვეითებს ინფარქტების განვითარების რისკს 57%-ით. გარდა ამისა, ნორმალური წონა გაგათავისუფლებთ ჯანმრთელობის მხრივ მრავალი ისეთი პრობლემისგან, რომლებიც საბოლოო ჯამში, გულის მუშაობაზე თავის კვალს ტოვებენ. 89 სმ-ზე მეტი წელის გარშემოწერილობა გულს სერიოზულ საფრთხეს უქმნის. სიმსუქნის დროს იქმნება ე.წ. ცხიმოვანი ჯაჭვი, ჭარბი ცხიმოვანი ქსოვილი, ინსულინის უკმარისობა, სისხლში გლუკოზის შემცველობის მატება (აღმოცენდება დიაბეტი ტიპი II), ქოლესტერინის დონის მატება, ათეროსკლეროზის განვითარება და წნევის მატება.

განსაკუთრებით ხშირად, ამგვარი ჯაჭვური რეაქცია ვითარდება იმ ადამიანებში, რომელთაც აქვთ აბდომინალური გაცხიმოვნება ანუ როცა ცხიმი ლაგდება წელის მიდამოში.

სიგარეტი კატეგორიულად იკრძალება

წესი მეხუთე: თავი დაანებეთ მოწევას.

მოწევა ვნებს ჯანმრთელობას, განსაკუთრებით გულს. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცემებით, გულის იშემიური დაავადებების მიზეზებს შორის მოწევას უჭირავს მეორე ადგილი (პირველზე ათეროსკლეროზია).