ფრინველის ხორცი - მომწამვლელი თუ სასარგებლო?! - გზაპრესი

ფრინველის ხორცი - მომწამვლელი თუ სასარგებლო?!

ქათმის ხორცი ძალიან სასარგებლო და მნიშვნელოვანი საკვებია. ეს არის ცილების, ვიტამინებისა და მინერალური ნივთიერებების შეუცვლელი წყარო, რომელსაც ორგანიზმი იოლად ითვისებს. აქვე ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ ქათმის კანი დიდი რაოდენობით ცხიმს და ქოლესტერინს შეიცავს, ამიტომ აჯობებს მოვაცილოთ. მოხარშული ქათმის ხორცი, კანის გარეშე, ნებისმიერი ასაკის ადამიანისთვის სასარგებლო საკვებია, მაგრამ რა ხდება მაშინ, როდესაც ამ პროდუქტის ხარისხზე არაფერი ვიცით? - ამ შეკითხვაზე საქართველოს მეფრინველეობის ასოციაციის ხელმძღვანელი - ზურაბ უჩუმბეგაშვილი გვპასუხობს:

- დავიწყებ იმით, რომ საქართველოში მეფრინველეობის განვითარებისთვის არასწორი მიმართულებაა არჩეული. ჩვენთან მხოლოდ ორი თუ სამი დიდი მწარმოებელი საქმიანობს, სხვებს - ამ სფეროში იმდენად მცირე წილი უკავიათ, რომ ძალიან ძნელია მათზე მსჯელობა. მცირე, ფერმერული საწარმოები კარგია, მაგრამ უნდა ვიცოდეთ, რომ ეს კომპანია სტაბილური ხარისხის პროდუქციას აწარმოებს.

- ბატონო ზურაბ, რამდენად ხარისხიანია ქართულ ბაზარზე გასაყიდად გამოტანილი ფრინველის ხორცი?

- ჩვენი, ადგილობრივი პროდუქციის ხარისხი სისტემატურად მოწმდება სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ. ჩვენს ქვეყანაში არ გამოიყენება ზრდის ჰორმონები და სხვა საკვები დანამატები, ამიტომ შეიძლება ითქვას, რომ ჩვენი ნაწარმი საიმედოცაა და ჯანსაღიც. რაც შეეხება იმპორტირებულ პროდუქციას: დღეს ქართულ ბაზარზე წარმოდგენილია თურქული, უკრაინული და ბრაზილიური ფრინველის ხორცი, შედარებით მცირე რაოდენობით არის ფრანგული და რუმინული. მათი ხარისხი სხვადასხვაა: არის ძალიან კარგი ხარისხის და საშუალო ხარისხის ნაწარმიც. სამწუხაროდ, ჩვენთან შემოსული საქონლის ხარისხის ლაბორატორიული კვლევა ვერ ტარდება, რადგან კანონმდებლობა არ იძლევა ამის საშუალებას. ხშირად ლაბორატორიისთვისაც ძნელია ჰორმონების, ან კარცენოგენური ნივთიერებების დადგენა. ამიტომ, დანამდვილებით ვერ ვამბობთ, რომ რომელიმე პროდუქტი ან ძალიან კარგი ხარისხისაა, ან უხარისხოა. თუმცა, უნდა გამოვყო უკრაინული ქათმის ხორცი, რომელიც სერიოზულად შესამოწმებელი და მისახედია, რადგან მათი ნაწარმი ჰორმონებით არის გაჯერებული. ჰორმონები გამოიყენება საკვებ დანამატებშიც.

- რომელ ქვეყნებში იყენებენ ზრდის ჰორმონებს?

- ქვეყანა ექსპორტზე უნდა იყოს ორიენტირებული, რომ ზრდის ჰორმონი გამოიყენოს. ასეთ ჰორმონებს იყენებენ ბრაზილია, ამერიკა, თურქეთი და უკრაინა. ზრდის ჰორმონი ხელს უწყობს, რომ ფრინველმა შედარებით მცირე პერიოდში მაქსიმალურ წონას მიაღწიოს. სხვათა შორის, ბრაზილიის მეზობელ ქვეყანაში - არგენტინაში მკაცრად არის აკრძალული ამ ჰორმონის გამოყენება. ბრაზილიის კანონმდებლობა არ კრძალავს ამ ჰორმონის გამოყენებას, ამიტომაც არის, რომ ბრაზილიური ხორცის შეტანა ევროპაში აკრძალულია. ზრდის ჰორმონების გამოყენება რუსეთშიც აკრძალულია და თურქეთშიც, უკრაინაში - ნებადართულია, საფრანგეთში კი - აკრძალული. აქედან გამომდინარე, ვერ ვიტყვით, რომ ყველა ქვეყნიდან შემოსული პროდუქცია ცუდია, მთავარია, განვსაზღვროთ, საიდან გვირჩევნია პროდუქციის შემოტანა და საიდან - არა. ამიტომაც არის საჭირო რეგულაციების შემოღება, რადგან რეგულაცია ხარისხის გაუმჯობესების საშუალებას იძლევა. საბჭოთა კავშირის დროს არსებობდა ხარისხის ნიშანი, რომელსაც მართლა ხარისხიან პროდუქციას ანიჭებდნენ. ევროპა უკვე მუშაობს, რომ პრემიუმ-კლასის პროდუქციას თავისი ხარისხის ნიშანი ექნება. არ იქნება ცუდი, თუ რაღაც ჩარჩოებს საქართველოც შემოიღებს. დღეს ჩვენს სავაჭრო ქსელში იყიდება ფრინველის ხორცი, რომელიც მართლა კარგი ხარისხისაა, მაგრამ მის გვერდით არის საეჭვო ხარისხის პროდუქცია, რომელზეც მომხმარებელმა თითქმის არაფერი იცის. ყველანაირ ხორცს უნდა ჰქონდეს პრემიუმ-კლასის ნიშანი, მხოლოდ ამ შემთხვევაშია ის ხარისხიანი და საიმედო.

- მაინც რა განაპირობებს საეჭვო ხარისხს?

- როდესაც ფრინველის ხორცს ამუშავებენ, სხვადასხვა დანიშნულების ათასნაირ ნივთიერებას იყენებენ. უკეთებენ პრეპარატებს, რომელიც შენახვის ვადას ახანგრძლივებს. მაგალითად: საქართველოს კანონმდებლობით, ქათმის ხორცის შენახვის ვადა 48 საათია და ამ დროს თურქეთიდან კარგა ხნის მანძილზე შემოჰქონდათ ნედლი ქათამი, რომლის შენახვის ვადაც 240 საათი იყო. ბევრი ვიბრძოლეთ, რომ ეს პროდუქცია აეკრძალათ და დღეს ის საქართველოში აღარ შემოდის. აუცილებლად უნდა ვახსენო ქათმის ფილე, რომელიც ჩინეთიდან შემოდის და აწერია, რომ მასში ინიექციით არის შეყვანილი საკვები დანამატები, რომლებიც გემოს აუმჯობესებს. მასში შეიძლება გამოყენებული იყოს წონის მოსამატებელი წამლებიც. ჩვენს ქვეყანაში არარეალურად დაბალ ფასად შემოდის ჩინური და უკრაინული პროდუქცია, რაც ნიშნავს, რომ ეს ინიექცირებული პროდუქტია. ვინც ამ ხორცს ყიდულობს, უნდა იცოდეს, რომ მასში დაახლოებით 10-15% წყალია. ამგვარი პრეპარატების საშუალებით ახერხებენ მეწარმეები, რომ პროდუქტს სასიამოვნო გემო ჰქონდეს.

- დავუბრუნდეთ ზრდის ჰორმონს - ბევრი იწერება იმის შესახებ, რომ ასეთი ჰორმონი უარყოფითად მოქმედებს ბავშვებზე, განსაკუთრებით - ბიჭებზე.

- მარტო ბავშვებზე კი არა, ყველაზე ცუდად მოქმედებს. ის უარყოფითად მოქმედებს ადამიანის ჰორმონების მდგომარეობაზე და იწვევს სიმსივნური უჯრედების წარმოქმნას. ზრდის ჰორმონი ბიჭებზეც ცუდად მოქმედებს, გოგოებზეც და ონკოლოგიური დაავადებების სერიოზული სტიმულატორია. სულ სხვა პრობლემაა მილიონობით ადამიანის მოტყუება: ჩვენ ვყიდულობთ გაბერილ, ხელოვნურად გაზრდილ ფრინველის ხორცს, რომელსაც არანაირი კვებითი ღირებულება არა აქვს.

- ხომ შეიძლება, რომ ამ ჰორმონს ქართველი მეწარმეებიც იყენებდნენ:

- გამორიცხული ესეც არ არის. ამიტომ არის საჭირო წარმოებების გამსხვილება. როდესაც ქვეყანაში დიდი წარმოებებია, შესაბამისი უწყებები მათ უფრო ადვილად აკონტროლებენ და იციან, რას იყენებენ და რას - არა. მე შემიძლია გითხრათ, რომ საქართველოში მოქმედ მსხვილ მწარმოებლებს საკვები დანამატები ევროპიდან შემოაქვთ და ეს დანამატები მავნებელი არ არის. ამიტომაც ჯობია ქართული ნაწარმი ვიყიდოთ, მაგრამ ჩვენი მომხმარებელი იმპორტირებული პროდუქციის ყიდვას ამჯობინებს, რადგან ის უფრო იაფია. ეს დარგი ყველგან წახალისებული და სუბსიდირებულია, გარდა საქართველოსი.

- საინტერესოა, რატომ არის უცხოური პროდუქცია უფრო იაფი?

- ჩვენ ბევრი რამ გვიშლის ხელს, რომ მათ კონკურენცია გავუწიოთ. უნდა გატარდეს საკანონმდებლო ცვლილებები და უცხოელ მეწარმეებთან თანაბარ პირობებში უნდა ჩაგვაყენონ. ნუ დაგვეხმარებიან, მაგრამ ხელსაც ნუ შეგვიშლიან. საქართველო ერთადერთი ქვეყანაა, სადაც დამატებითი ღირებულების გადასახადით ანუ დღგ-თი მხოლოდ ჩვენი დარგია დაბეგრილი. მოგვიხსნან დღგ, ეს საშუალებას მოგვცემს ჩვენი პროდუქტი ნაკლებ ფასად გავყიდოთ, ჩვენც შეღავათი მოგვეცემა და ჩვენს მომხმარებლებსაც. ახლა კი, რა ხდება? - იმპორტირებული პროდუქციის წილი ჩვენს ბაზარზე 60-65%-ია. 2016 წელს ფრინველის ხორცის მოხმარებამ საქართველოში 70 ათას ტონას მიაღწია, რამდენი ვაწარმოეთ? - სულ რაღაც 19 ათასი ტონა. რატომ არ უნდა ახალისებდეს ამ სფეროს ჩვენი სახელმწიფო თუ თურქული სახელმწიფო ახალისებს და მაქსიმალურად უწყობს ხელს?

- სულ სხვა მდგომარეობაა ქათმის კვერცხის რეალიზაციის მხრივ.

- ჩემთვის ძალიან სასიამოვნოა იმის თქმა, რომ 2017 წელს კვერცხი არის ერთადერთი პროდუქტი, რომელიც საქართველოს მოსახლეობის მოთხოვნილებას სრულად აკმაყოფილებს. გასულ წელს ეს პროდუქტი ერაყშიც გავიდა ექსპორტზე. შემიძლია თამამად ვთქვა, რომ ამ მხრივ თავისუფლად ვუწევთ კონკურენციას იმპორტირებულ კვერცხს, თანაც, ქართული კვერცხი ხარისხითაც ჯობია უცხოურს და ფასითაც.

ხათუნა ჩიგოგიძე