ბატკნის ჩაქაფული ღვინით - გზაპრესი

ბატკნის ჩაქაფული ღვინით

საჭირო მასალა: 2 კგ ნორჩი ბატკნის ხორცი, 3-4 კონა მწვანე ხახვი, ორი თავი ხახვი, 6-7 კონა ტარხუნა, 3 კონა წიწმატი, 4 კონა ქინძი, 1 კონა პიტნა, 2 ჭიქა ტყემალი, 100-200 გ. დუმის ნაჭერი, 1 ცალი ახალი ნიორი თავისი ფოჩით, პილპილი და მარილი – გემოვნებით. თეთრი მშრალი ღვინო.

მომზადება: ბატკნის ხორცი დავჭრათ მომცრო ნაჭრებად, დუმა დავკუწოთ, ხახვი დავჭრათ ალყა-ალყად, მწვანე ხახვი და დანარჩენი მწვანილები - დაახლოებით

1 სმ-ზე. სქელძირიან ქვაბში (სასურველია თუჯის) ჩავაწყოთ ფენა-ფენა ხორცი და მწვანილეული, დავასხათ ღვინო ისე, რომ მოადგეს, მარილი და პილპილი დავუმატოთ და დავდგათ ნელ ცეცხლზე. როცა ხორცი მომზადდება, ჩავყაროთ ტყემალი და რამდენიმე წუთი წამოვადუღოთ.

თუ ბატკანი არც ისე ნორჩია, ან გვაქვს თოხლის ხორცი, მაშინ იცვლება მომზადების წესი:

ხორცი მოვათავსოთ ქვაბში, მოვაყენოთ წყალი და დავდგათ ნელ ცეცხლზე. როცა ხორცი ჩარბილდება, დავამატოთ ალყად დაჭრილი ხახვი, წყლის დაშრობისთანავე ჩავყაროთ მწვანილი, ამოვურიოთ, რათა გადანაწილდეს ხორცთან ერთად, დავასხათ ღვინო, გავუწყოთ მარილი, პილპილი და ვადუღოთ 10-15 წუთი. 3-4 წუთით ადრე, სანამ კერძი მომზადდება, დავამატოთ ახალი ან დაკონსერვებული მთელ-მთელი ტყემლის ნაყოფი.