რო­გორ უნ­და ვიკ­ვე­ბოთ მარ­ხ­ვის შემ­დეგ - გზაპრესი

რო­გორ უნ­და ვიკ­ვე­ბოთ მარ­ხ­ვის შემ­დეგ

ბოლო დროს ძალიან ბევრი ადამიანი მარხულობს. ალბათ, ამის გამოც გამოჩნდა დახლებზე პროდუქტები, რომლებსაც აქვთ წარწერა - "სამარხვო". სურვილის შემთხვევაში, კვების თითქმის ყველა ობიექტში მოგართმევენ სამარხვო კერძებს. მოგეხსენებათ, რომ მარხვის დროს არ შეიძლება არა მარტო ცხოველური საკვების მიღება, არამედ ის მოწევისა და დალევისგან თავშეკავებასაც გულისხმობს.

მართლმადიდებლური საეკლესიო კალენდრის მიხედვით, ზოგიერთი მარხვა მრავალდღიანია, ზოგიერთი - ერთდღიანი. დიდი მარხვა სულ ოთხია და მათგან ყველაზე ხანგრძლივია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულის წინა მარხვა, რომელიც 48 დღე გრძელდება. იგი ყველაზე მკაცრიც არის, განსაკუთრებით - პირველ და ბოლო კვირას. თევზი ნებადართულია მხოლოდ ხარებასა და ბზობას.

იმისთვის, რომ მარხვის შემდეგ კვების სხვა რეჟიმზე გადასვლა ორგანიზმს სტრესად არ ექცეს, სამარხვო სუფრის ჩვეულებრივით შეცვლის წესების ცოდნაა საჭირო. სამწუხაროდ, მარხვის შემდეგ კვების მკვეთრ შეცვლას შეიძლება, საჭმლის მომნელებელი ორგანოების სერიოზული მოშლა და დაკლებული კილოგრამების უკან დაბრუნებაც მოჰყვეს. მარხვის დროს ორგანიზმი ნახშირწყლოვან-მცენარეულ საკვებს ეჩვევა. თუ მარხვის დასრულების შემდეგ, მაშინვე იმას მიირთმევთ, რაც უფრო გემრიელი და ცხიმიანია, გასტრიტი და სხვა უსიამოვნებები არ აგცდებათ.

მარცვლეული და ვიტამინები, უფრო მეტი ხილი და ბოსტნეული ჯანმრთელი ადამიანის რაციონის ბაზისია. გამოდის, რომ მარხვის დასრულების შემდეგ, სწორ კვებაზე გადასვლის იდეალური საშუალება გვეძლევა. იმ ფაქტის მიუხედავადაც კი, რომ თანამედროვე საკვები ხშირად არასრულფასოვანია, ძირითადად ვიტამინებით გაღარიბებული რაფინირებული პროდუქტებით მზადდება და ზოგჯერ მავნებელიც (ის გენმოდიფიცირებულ მასალას, კონსერვანტებს შეიცავს) კია, გამოსავალი მაინც არსებობს. ამისთვის საჭიროა, ესოდენ პოპულარული ჯანსაღი ცხოვრების წესის დაცვა, რომლის ფორმულაშიც ჯანსაღი და ბიოლოგიურად სუფთა საკვებიც შედის. მსოფლიოს ბევრი დიდი ქალაქის დარად, რუსეთის დედაქალაქ მოსკოვშიც არსებობს პირველი ბიოკაფე, რომლის შემქმნელი სტეფან სტოიანოვი მარხვის შემდგომი მენიუს გასამხელად და სასარგებლო კვების საიდუმლოებების გასაზიარებლად მზად არის. მაშ ასე: თავსართი "ბიო" სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ასეთი პროდუქტები უგემური ანდა ნაკლებად ნოყიერია. ბიოეტიკეტიანი პროდუქტი მხოლოდ ბუნებრივ კონსერვანტებს, ნატურალურ საღებავებსა და არაგენმოდიფიცირებულ ინგრედიენტებს შეიცავს.

ბიოლოგიურად სუფთა ინგრედიენტებით კი ყველაზე სასარგებლო, გემრიელი და ნოყიერი სადილები მზადდება. ასე რომ, ბიოკაფეს შეფმზარეული სტუმრებს მხოლოდ ბიოლოგიურად სუფთა ინგრედიენტებით, მაგალითად, ხორცითა და თევზით მომზადებულ, სხვადასხვა სანელებლითა და სოუსით შენელებულ სადილებს სთავაზობს. ასეთი საჭმელი კი, ყველა სხვა სიკეთესთან ერთად, ძალზე სასარგებლოცაა.

ბიოკაფეში ყველა სადილი ნამდვილი ბიომეურნეობებიდან შემოტანილი არაგენმოდიფიცირებული პროდუქით მზადდება.

კაფეში მომხმარებელს სასმელებსაც განსაკუთრებულსა და ბილოგიურად სუფთას სთავაზობენ. მენიუშია: იშვიათი კენკროვანების წვენები, კოქტეილები და 20 დასახელების ბალახეული ნაყენების ფართო ასორტიმენტი - გამამხნევებლებით დაწყებული და გულ-სისხლძარღვთა სისტემის მუშაობის მასტიმულირებლებით დამთავრებული.

მთავარი იდეა ჯანსაღი ცხოვრების წესისა და ორგანულ პროდუქტებზე დაფუძნებული ეკოლოგიურად უსაფრთხო კვების აქტიური გავრცელება და პოპულარიზაციაა.

წმინდა სამედიცინო თვალსაზრისით მარხვა სასარგებლოა ჯანმრთელობისთვის. ამ დროს ხდება ორგანიზმის გაწმენდა და გაჯანსაღება. მართალია, ხორცსა და რძეზე უარის თქმის გამო ორგანიზმს პროტეინები და ამინომჟავები აკლდება, მაგრამ ეს დეფიციტი ნაწილობრივ ივსება მცენარეული ცილების საშუალებით. მაგალითად, პარკოსნებში (სოია, ლობიო, მუხუდო), არაქისში, თხილში, კაკალში, სოკოში უხვად არის ამინომჟავები, მიკროელემენტები, ვიტამინები, რომლებიც მთლიანად აკმაყოფილებს ადამიანის მოთხოვნას ცილოვან პროდუქტებზე. უჯრედისით მდიდარი მცენარეული საკვების წყალობით ძლიერდება ნაწლავთა პერისტალტიკა და წესრიგდება კუჭის მოქმედება. ამასთანავე, ნახშირწყლებს ორგანიზმი ცილოვან საკვებზე (ხორცი, თევზი) იოლად ითვისებს. შესაბამისად, ნაკლები ენერგია ეხარჯება მის გადასამუშავებლად.

მარხვისას ნორმალიზდება საჭმლის მონელება და ნივთიერებათა ცვლა. ცხოველური ცხიმის მცენარეულით ჩანაცვლება იძლევა მომატებული არტერიული წნევის ნორმალიზებისა და ქოლესტერინის დონის შემცირების საშუალებას, რასაც დიდი მნიშვნელობა აქვს გულის იშემიური დაავადებისა და ჰიპერტენზიის დროს. ცხოველური ცხიმი დიდი ოდენობით შეიცავს ქოლესტერინს, რომელიც ახშობს სისხლძარღვთა განვლადობას და ამცირებს მათ ელასტიკურობას, ქმნის მიდრეკილებას ათეროსკლეროზისა და სისხლძარღვოვანი პათოლოგიების ჩამოყალიბებისკენ. მაგრამ ქოლესტერინი აუცილებელიც არის ორგანიზმისთვის. მისგან სინთეზირდება ბევრი საჭირო ნივთიერება, მაგალითად, ჰორმონები, ნაღვლის მჟავები, ზოგიერთი ვიტამინი. ამიტომ ხსნილში ვიღებთ ცხოველურ პროდუქტებს და, მაშასადამე, ქოლესტერინს, ხოლო მარხვის დროს ორგანიზმს ამ ნივთიერებისგან ვასვენებთ.

ზოგიერთი პროდუქტისგან თავის შეკავება სულაც არ ნიშნავს ერთფეროვან კვებას და საკვები ნივთიერებების უკმარისობას. სამარხვო მენიუში შედის ყოველგვარი ბურღული, პური, სოია, პარკოსნები, სოკო, ხილი, ბოსტნეული, ნიგოზი. ტკბილეულის მოყვარულებს შეუძლიათ მიირთვან მურაბა, თაფლი, ჩირი, სამარხვო ნამცხვრები... მთავარია, გვახსოვდეს: მარხვა არ არის შიმშილობა და დიეტა. მარხვა განსაკუთრებული სულიერი მდგომარეობაა.