მამუკა ჩარკვიანის მონატრება, სინანული... - გზაპრესი

მამუკა ჩარკვიანის მონატრება, სინანული...

როცა "პალიტრანიუსისთვის" ინტერვიუს ვწერდი, არც მიფიქრია, ვინმე ოცნებას თუ ამისრულებდა და ამ საოცარ ქვეყანაში მოგზაურობის შესაძლებლობას მომცემდა", - ამბობს მომღერალი მამუკა ჩარკვიანი და მადლობას უხდის გადაცემის წამყვანს, თამთა ასათიანს იმ შანსისთვის, რომელიც მას "ბლიც-ინტერვიუს" ჩაწერის შემდეგ გაუჩნდა. როდის და ვისთან ერთად აპირებს ის ავსტრიაში გამგზავრებას, რა ენატრება ყველაზე მეტად, რა არის მისი აზრით თავისუფლება, სიყვარული და ვის ფანჯრებთან მღეროდა სერენადებს, თავისი თაობის გოგონებში ძალიან პოპულარული ბიჭი? - ამ ყველაფერს მის მიერ დასრულებული წინადადებებიდან შეიტყობთ.

- ბავშვობაში მინდოდა გამოვსულიყავი...

- ...კინორეჟისორი. ინტერესი ზუსტად იმ პერიოდში მქონდა, როცა პროფესია უნდა ამერჩია, მაგრამ საქართველოში ეს ფაკულტეტი არ არსებობდა. სასწავლებლად მოსკოვში უნდა წავსულიყავი. იქ გამყოლი არავინ მყავდა, მარტო გაშვებაც არ უნდოდათ, რადგან ხშირად ვიყავი ავად და ამის გამო იძულებული გავხდი, სხვა პროფესიაზე მეფიქრა. მე და ჩემს დას მშობლებისგან შეზღუდვა არასდროს გვქონია, არც ჩვენს პროფესიულ არჩევანში ჩარეულან.

- ჩემზე ამბობენ...

- ...ნიჭიერი კაციაო. ყველაზე ხშირად ეს სიტყვები მესმის.

- ბედნიერი ვარ, რომ...

- ...მყავს შვილები და სამი შვილიშვილი. როცა იცი, შენი მშობლები, შვილები, შვილიშვილები კარგად და ჯანმრთელად არიან, ეს უკვე ბედნიერებაა. ძალიან მიხარია, როცა მირეკავენ, მკითხულობენ. საკუთარ თავზე ლაპარაკი რთულია, მაგრამ ხალხის სიყვარული ძალიან მაბედნიერებს, დიდ პასუხისმგებლობასაც მაკისრებს.

- თვისება, რომელიც ჩემში ყველაზე მეტად მომწონს...

- ...პატიების უნარი მაქვს, წყენა 5 წუთში აღარ მახსოვს.

- თვისება, რომელიც არ მომწონს და ვცდილობ, გამოვასწორო...

- ...ახლა საკუთარ თავში აღარაფერს ვებრძვი. წლების წინ ზედმეტს ვსვამდი და ეს პრობლემა დავძიე. დიდი ხანია, აღარ დამილევია.

- ჩემთვის მიუღებელია...

- ...ბოროტება. გამიზნული, დაგეგმილი ბოროტება. არადა, ადამიანები ბოროტებას შეგნებულად სჩადიან და ეს ძალიან ცუდია.

- ასეთი ბოროტი ადამიანების სამიზნე თავად...

- ...არაერთხელ ვყოფილვარ. ათასგვარ ჭორს მიგონებდნენ. როგორ ვრეაგირებდი? ასეთი ამბები აუცილებლად უნდა გაატარო, თორემ გაგიჟდები. მერე ისინი თავად ნერვიულობენ და ყველაფერი უკან უბრუნდებათ.

- ჩემი პირველი წარმატება...

- ...ეს იყო 20 წლის წინ, სცენაზე პირველად რომ დავდექი, ის ემოცია სულ მახსოვს, ტაში ახლაც ყურში ჩამესმის. ოპერისა და ბალეტის თეატრში მერაბ სეფაშვილთან ერთად, "მწვანე რტოები" შევასრულე - ეს იყო ჩემი პირველი გამოსვლა ფართო საზოგადოების წინაშე...

- მას შემდეგ ტაში, რომელმაც ასე აღმაფრთოვანა...

- ...ახლახან ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში იყო. ზურა ყიფშიძემ და დათო ევგენიძემ სცენაზე გამომიყვანეს. ბოლოს ჩვენ სამი დავრჩით. არ იქნა და აღარ დასრულდა ტაში, ხალხი ფეხზე იდგა. ეს ძალიან დიდი ბედნიერებაა. იმ საღამოს დათო ევგენიძემ ფილარმონიაში ლექსი დამიწერა და მაჩუქა - აი, ეს მისი ხელნაწერია, ჩარჩოში ჩავსვამ და კედელზე ჩამოვკიდებ.

- ყოველთვის მაქვს სურვილი...

- ...დავუკრა. ადრე ყოველდღე ვმუშაობდი, ამ ბოლო დროს ერთი საათით მაინც ვუკრავ, ზოგჯერ შიგნიდან რაღაც მაწუხებს, არ მასვენებს.

- დღემდე ვერაფრით ვისწავლე...

- ...კომპიუტერთან "ურთიერთობა". ეს ნივთი არასდროს მიყვარდა და ეს დამოკიდებულება ბოლომდე შემრჩა.

- ყოველთვის მრცხვენია, როცა...

- ...საჯაროდ მაქებენ. უხერხულობის განცდა იმდენად ძლიერია, რომ სადღაც გულის სიღრმეში არსებულ სიხარულს ერევა და ეს არ მომწონს.

- მეზარება...

- ...არაფერი მეზარება (პაუზის შემდეგ), ჰო, ტყუილი მეზარება.

- თავად ვიტყუები, როცა...

- ...აღარ ვიტყუები. ახლა ჩემი მეუღლე რომ შემოვიდეს და მკითხოს: მამუკა, სად იყავიო? ხომ გამეცინება. სახლში ვარ 24 სააათი. ადრე სულ ვიტყუებოდი (იცინის).

- ცხოვრებას თავიდან რომ ვიწყებდე...

- ...ბევრ რამეს არ შევცვლიდი, იმ შეცდომებს არ დავუშვებდი, რომლებიც დავუშვი. ისეთი არაფერი გამიკეთებია, მწარე სინანული რომ მქონდეს. ყოველი შემთხვევისთვის, სხვისთვის არაფერი დამიშავებია, მხოლოდ საკუთარ თავს ვვნებდი.

- ბოლოს ვიტირე...

- ...კონცერტის დღეს ფილარმონიაში ხალხი ტიროდა და მეც გული ამიჩუყდა.

- ამ წუთში ძალიან მინდა ვიყო...

- ...აგარაკზე, რომელიც არ მაქვს. მინდა ერთი პატარა სახლი, სადმე თბილისთან ახლოს მქონდეს, ბუნებაში ვცხოვრობდე.

- მენატრება...

- ...ბავშვობა, იმ პერიოდზე სიმღერაც დავწერე.

- ვბრაზდები...

- ...ტელევიზორიდან ტყუილებს რომ მელაპარაკებიან, პოლიტიკოსებს ვგულისხმობ. ისინი ერთმანეთს ატყუებენ და საბოლოო ჯამში, მოტყუებული ხალხი გამოდის.

- სიყვარული ეს...

- ...ავადმყოფობაა...

- პირველად რომ შემიყვარდა...

- ...გიტარა წავიღე, იმ გოგონას სახლის ფანჯრებთან მივედი და სერენადა ვუმღერე. აქვე, ჩემთან ახლოს, ბახტრიონის ქუჩაზე ცხოვრობდა. გოგოს საერთოდ არ მოვწონდი, მე კი მინდოდა მოვწონებოდი (იცინის). მერე შევეშვი. მას შემდეგ სერენადები სხვა გოგოს ვუმღერე და ის ახლა ჩემი მეუღლეა.

- ვრისკავ, როცა...

- ...სიმღერის დროს, მუსიკის შექმნისას, ხშირად ვრისკავ. ჩემი თითქმის ყველა სიმღერა ჰიტია. მე არ ვუშვებ სიმღერას ისე, რომ რაღაც აკლდეს, მოსაწონი არ იყოს. ჩემთვის ხარისხია მთავარი, რაოდენობას მნიშვნელობა არა აქვს. მსმენელს კარგად უნდა ესმოდეს ის, რასაც მუსიკით ეუბნები. მინდა, უფრო და უფრო კარგი სიმღერები შევქმნა.

- წონასწორობას ვკარგავ...

- ...ძალიან რთულად. შინაგანად მშვიდი ვარ.

- ხშირად მსაყვედურობენ...

- ...ახლა საყვედურებს აღარ ვიღებ, ადრე კი ბოჰემური ცხოვრების გამო მსაყვედურობდნენ. სულ ვქეიფობდი, დროის ტარება დაუსრულებლად, განუსაზღვრელი დროით მიყვარდა. ასე სხვებიც იქცეოდნენ, მაგრამ ჩემი ჩანდა...

- ძალიან ბევრი ფული რომ მქონდეს...

- ...სამ ოჯახს მაინც დავეხმარებოდი, მათზე მზრუნველობას თავიდან ბოლომდე საკუთარ თავზე ავიღებდი, ბავშვთა სახლებს დავეხმარებოდი.

- თავისუფლება...

- ...ლომთა ხვედრია. ადამიანი ჯერ მენტალობით უნდა გათავისუფლდეს. ხალხი ეძებს თავისუფლებას, არადა, საკუთარი თავის გარდა, შეუძლებელია ის სადმე იპოვო. თავისუფლება კანონის მორჩილებაა. სიგარეტის მოწევა სადაც არ შეიძლება, იქ არ უნდა მოსწიო. ეს შენი შინაგანი თავისუფლების ერთ-ერთი ნიშანია.

- მაღიზიანებს...

- ...ადამიანების უზრდელობა, არადა, ყოველ ნაბიჯზე ვაწყდები. გული მტკივა, რომ ხალხს ერთმანეთი აღარ უყვარს, ეს ძალიან ცუდია.

- ბედისწერა...

- ...არსებობს. არის შემთხვევები, როცა ზუსტად იმ ადგილზე აღმოჩნდები, სადაც საჭიროა და ამას ბედს ვეძახით. თუმცა, იმისიც მჯერა, რომ ადამიანი საკუთარ ბედს თავად "წერს".

- როდესაც დაძაბული პერიოდი მაქვს...

- ...მუსიკას ვუსმენ. მთავარია, კარგი მუსიკა მესმოდეს, მერე ვმშვიდდები.

- მინდა ვიცოდე...

- ...შევიცნო, შევიგრძნო ჭეშმარიტება.

- ადამიანი, ვისი აზრიც ჩემთვის მნიშვნელოვანია...

- ...ეს არის მამა. საერთოდ მამის კულტი მაქვს. ეს სიმღერაშიც იგრძნობა, ჯანსუღი ჩემი ბევრი სიმღერის ტექსტის ავტორია.

- ვჯიუტდები, როცა...

- ...რაღაცას მაძალებენ. ერთხელ რომ ვიტყვი, "არ მინდა", აღარ უნდა ჩამაცივდე.

- დარიგება, რომელიც არასდროს დამავიწყდება...

- ...იმ პერიოდში, როცა ჩემი წარმატების ხანა დაიწყო, მამამ მითხრა: ემოციებს არ აჰყვე, ჩვენ ისეთი ერი ვართ, ხალხი ცაში მაღლა, ძალიან მაღლა აგიყვანს და მერე ხელს გაგიშვებსო. - ეს რა შემთხვევაში ხდება-მეთქი? - თუ დაიჯერებ იმას, რასაც გეუბნებიანო. ეს სიტყვები სულ მახსენდება და მეტად თავშეკავებული ვხდები. ამიტომაც მაქვს შექების დროს უხერხულობის დიდი განცდა.

- ჩემი სიმღერების პირველი შემფასებელი...

- ...ჩემი მეუღლეა. მის, როგორც რიგითი მსმენელის აზრს ყოველთვის ვითვალისწინებ. შემდეგ ჩემს დას ვასმენინებ, მის აზრსაც ვითვალისწინებ. ჩემი დისშვილი ირმა გიგანი საოცარი გოგოა, დიდი პროფესიონალია. მე და ირმა ერთ ენაზე ვლაპარაკობთ. ის ჩემზე მეტია, კლასიკოსია, კარგად ესმის მუსიკა და ჩვენ ერთმანეთთან თავს ყველაზე კარგად ვგრძნობთ.

- დაბოლოს, გეტყვით...

- ...თქვენ დიდ მადლობას, დიდი მადლობა ჩემს მსმენელს. ადამიანებს, რომლებიც 20-25 წელია, ტაშს მიკრავენ.

თამთა ასათიანი, "პალიტრანიუსის" ჟურნალისტი:

- ჩვენ დიდი ხნის განმავლობაში გვინდოდა, მამუკა ჩარკვიანთან "ბლიც-ინტერვიუ" ჩაგვეწერა, მაგრამ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ ვახერხებდით. ბოლოს ისე მოხდა, რომ ინტერვიუს ჩაწერა კონცერტისთვის მზადების პერიოდს დავამთხვიეთ. როგორი მოლოდინიც გვქონდა, გამართლდა: ბატონი მამუკა ძალიან საინტერესო, გულწრფელი რესპონდენტი აღმოჩნდა. მან ისაუბრა იმ განცდებზე, რომლებიც მთელი იმ პერიოდის განმავლობაში ჰქონდა, როცა საზოგადოების წინაშე არ ჩანდა. ილაპარაკა, თუ როგორ მოენატრა მსმენელი. აღნიშნა, რომ ამ კონცერტისთვის დიდი მონდომებით ემზადებოდა.

კითხვაზე - რა არის ის, რაც თქვენთვის ოცნებად დარჩა? გვიპასუხა, რომ ცხოვრებაში თითქმის ყველაფერი გააკეთა, რისი სურვილიც ჰქონდა. თუმცა, დაასახელა რამდენიმე ქვეყანა, სადაც მოგზაურობაზე ოცნებობდა. აინტერესებდა ავსტრია, საფრანგეთი, იტალია... ამერიკის ცხოვრების რიტმი. გვითხრა, ავსტრია ძალიან ლამაზი ქვეყანააო და საავადმყოფოში გატარებული პერიოდი გაიხსენა. ინტერვიუ ეთერში კონცერტამდე 3 დღით ადრე გავიდა, მერე ინტერნეტში დაიდო და "პალიტრანიუსის" "ფეისბუკ"-გვერდზე უამრავი გაზიარება ჰქონდა, დიდი მოწონება დაიმსახურა. აქედანაც ნათლად ჩანდა, ხალხს როგორი მონატრებული ჰყავდა.

კონცერტს "პალიტრანიუსის" რამდენიმე წარმომადგენელი ვესწრებოდით. დასასრულს სცენაზე "ჯორჯიან ეარვეისის" წარმომადგენელი გამოვიდა და თქვა, რომ "პალიტრანიუსზე" ამ ინტერვიუს ნახვის შემდეგ მიიღეს გადაწყვეტილება, მამუკა ჩარკვიანს ოცნება აუხდინონ და ავსტრიაში 2-კაციანი საგზური აჩუქონ.

ძალიან ემოციური წუთები იყო. ეს ჩემთვისაც იმდენად მოულოდნელი გახლდათ, რომ ემოციებს ვერ ვფარავდი, დარბაზში ბევრს თვალზე ცრემლიც მოადგა. საოცარი განცდა იყო იმის გაცნობიერება, რომ ამ სიხარულში პატარა წვლილი მეც მიმიძღოდა.

ბექა მჭედლიშვილი, "ჯორჯიან ეარვეისის" საზოგადოებასთან ურთიერთობისა და მარკეტინგის სამსახურის ხელმძღვანელი:

- კომპანია "ჯორჯიან ეარვეისის" წარმომადგენლებმა ნახეს "პალიტრანიუსზე" მამუკა ჩარკვიანის "ბლიც-ინტერვიუ", სადაც ლაპარაკობდა, რომ ძალიან უყვარს მოგზაურობა. იმ დღეებში დიდ საკონცერტო დარბაზში, მომღერლის საღამოც დაგეგმილი იყო. კომპანიაში მიიღეს გადაწყვეტილება, მისი ოცნება რეალობად ექციათ. მამუკა ჩარკვიანი არის ის შემსრულებელი, რომელიც საქართველოში ყველას ძალიან უყვარს. ჩვენგან საჩუქრად მას ავსტრიაში 2-კაციანი საგზური გადაეცა, რომელსაც როცა თავად ექნება სურვილი, მაშინ გამოიყენებს.

- ვნანობ, რომ...

- ...ცოტათი ახალგაზრდა არ ვარ. მეტს გავაკეთებდი, მსოფლიოს შემოვივლიდი, ვიზალიბერალიზაცია ჩემი ახალგაზრდული ოცნების ასრულებაა. ავსტრიაში 2 წლის წინ ვიყავი, ფეხზე ოპერაცია იქ გავიკეთე, ეს ქვეყანა ძალიან მომეწონა. მთელი ცხოვრება ხომ ისედაც მოხიბლული ვარ იმ კომპოზიტორებით, რომლებიც იმ მიწაზე დაიბადნენ და გაიზარდნენ. ერთი თვე საავადმყოფოს კედლებში გავატარე, მერე წამოვედი, არადა, გული გარეთ მიმიწევდა. მადლობა იმ ადამიანებს, ვინც საგზური მაჩუქა. მე ჯერ გამგზავრება არ შემიძლია, მაგრამ ზაფხულისთვის მოვახერხებ. ავსტრიაში მეუღლესთან ერთად ვიმოგზაურებ. გამორჩეულად მუზეუმები მაინტერესებს. ეს ქვეყანა თავისი სიმშვიდითაც დამამახსოვრდა, ეს საავადმყოფოს კედლებიდან დავინახე. საოცრად მშვიდი ადამიანები იყვნენ, ყველა თავისი საქმის პროფესიონალი.

თამუნა კვინიკაძე