აქამ­დე უც­ნო­ბი "სა­მი ქარ­თუ­ლი ამ­ბა­ვი" - გზაპრესი

აქამ­დე უც­ნო­ბი "სა­მი ქარ­თუ­ლი ამ­ბა­ვი"

"სამი ქართული ამბავი" - სამი სევდიანი ისტორია - გიორგი კალანდიას ახალი წიგნი იმ დიდი ქართველების შესახებ, რომელთაც საბჭოთა რეჟიმი სასტიკად გაუსწორდა! "პალიტრა L"-ის მხარდაჭერით, ავტორმა ის ისტორიული დეტალები გამოიტანა საზოგადოების წინაშე, რომელიც აქამდე უცნობი და გაუხმაურებელი იყო.

- როგორ გაჩნდა წიგნის დაწერის იდეა და სად შეაგროვეთ ის უნიკალური ისტორიული დოკუმენტები და საარქივო ცნობები, რომელთა მიხედვითაც მთავარ გმირებზე მოგვითხრობთ?

- წიგნის დაწერის იდეა დაახლოებით 2-3 წლის წინ გაჩნდა, როდესაც ფიქრი დავიწყე საქართველოს ხელოვნების სასახლის დამაარსებლის - დავით არსენიშვილის ბიოგრაფიაზე, რომელიც ქართულ ენაზე არ არსებობდა. იყო მხოლოდ პროფესორ ნათელა ვაჩნაძის მიერ მომზადებული სამეცნიერო მონოგრაფია რუსულ ენაზე და ძალიან მინდოდა, ყოფილიყო წიგნი, რომელიც მკითხველს მშობლიურ ენაზე გააცნობდა ამ ადამიანს. ბევრს ვმოგზაურობ თურქეთის ტერიტორიაზე, ხშირად ვხვდები "ჩვენებურებს" და 6-7 წლის წინ გავეცანი თურქეთის ილია ჭავჭავაძედ წოდებულ პიროვნებას, რომელიც აჰმედ მელაშვილია. მისი ბიოგრაფია, ისევე, როგორც დავით არსენიშვილისა, ძალიან საინტერესოა. მესამე, ვისზეც ამ წიგნშია საუბარი, აკაკი ჭანტურია გახლავთ, ზუგდიდის დადიანების სასახლეში მუზეუმის დამაარსებელი და შემქმნელი. მოგეხსენებათ, საბჭოთა პერიოდში ეს სასახლე გაიძარცვა და ის ქონება, რომლითაც ახლა ჩვენ ასე ვიწონებთ თავს, ეროვნულ სიამაყედ მიგვაჩნია, დაიტაცეს. აკაკი ჭანტურიამ კი შეძლო და მოაგროვა. მართალია, ეს სამი ადამიანი ერთ ეპოქაში ცხოვრობდა, მაგრამ ერთმანეთს არ იცნობდნენ, განსხვავებულები იყვნენ, თუმცა, საქმით ჰგავდნენ. ამიტომ მომინდა, რომ მათი ბიოგრაფიები შემეკრა.

- როგორი ამბებია ამ წიგნში თავმოყრილი?

- არ მინდა, მკითხველს ეგონოს, რომ ეს არის რაღაც მოსაწყენი, მშრალი, ბიოგრაფიული ცნობები. არა, ეს არის ნამდვილი თავგანწირვის მაგალითები. მაგალითად, აჰმედ მელაშვილი, 1980-იან წლებში, როდესაც გაჩერებაზე იდგა, ერთ-ერთი ექსტრემისტული დაჯგუფების წევრებმა ჩაცხრილეს და ადგილზევე გარდაიცვალა. ამ ადამიანებს დიდი მსხვერპლის გაღება უწევდათ, რომ თავიანთი სანუკვარი საქმე რამენაირად შეესრულებინათ და საქართველოს დიდი განძი აქამდე მოეტანათ.

- თქვენი აზრით, აქამდე რატომ არ იყო საზოგადოებისთვის ფართოდ ცნობილი მათი ღვაწლის შესახებ? თუნდაც, ზეპირსიტყვიერი გადმოცემის დონეზე.

- ჩვენ ხომ უსახელო უფლისციხელების ქვეყანა ვართ, ბევრი ისეთი ადამიანი გვყავს, ვისაც დიდი წვლილი მიუძღვის ქვეყნის წინაშე. თუმცა, სამწუხაროდ, ისტორია ზოგჯერ მათ ივიწყებს ან სათანადო ყურადღებას არ აქცევს. აჰმედ მელაშვილის საფლავზე ასეთი წარწერაა, - "მე ვიცხოვრე ჩემი ხალხისთვის და არა უკვდავებისათვის". მე კი მჯერა, რომ ის ადამიანები, ვინც ხალხისთვის ცხოვრობენ, უკვდავებასაც აუცილებლად მოიპოვებენ. რატომ არ ახსოვდათ? ერთი მხრივ, საბჭოთა ისტორიოგრაფიის, მეორე მხრივ, მათი ცხოვრების სტილის გამო - ისინი რეჟიმს შეეწირნენ.

- რითაა გამორჩეული თითოეული ისტორია?

- სამივე მათგანს მართლაც გამორჩეული ისტორია აქვს. წიგნის პირველ ნაწილში აჰმედ მელაშვილზე მოგითხრობთ. იმ პოლიტიკურად რთულ პერიოდში, აჰმედ მელაშვილმა მოახერხა და დაწერა წიგნი - "გურჯისტან", რომელიც თავისი ხარჯებით გამოსცა. ამის გამო, იგი დააპატიმრეს და ძალიან ბევრი ტკივილი გადაიტანა. მთავარი ისაა, რომ დღეს უამრავი ქართველი თურქეთის ტერიტორიაზე ქართულად საუბრობს და ისტორიული ფესვები იცის, ეს კი სწორედ მისი დამსახურებაა, რადგან დიდი წვლილი შეიტანა თურქეთის ქართველების ეროვნული თვითმყოფადობის შენარჩუნების აქტში.

მეორე ქართველმა - დავით არსენიშვილმა ანჩისხატი გადაარჩინა. 1930-იან წლებში ლავრენტი ბერიამ ანჩისხატის ტაძრის აფეთქება გადაწყვიტა. ახალი მომხდარი იყო მეტეხის ამბავი, დიმიტრი შევარდნაძის ტრაგედია და ქართველ ინტელიგენციას უჭირდა ასე ხმამაღლა ბერიას ბარბაროსობას წინ აღდგომოდა. დავით არსენიშვილმა კი არაორდინარული გადაწყვეტილება მიიღო, აიღო გასაშლელი საწოლი, მიიტანა ტაძარში, გაშალა, დაწვა და თქვა, - თუ ააფეთქებთ, მეც მისი ნანგრევების ქვეშ მოვყვებიო. საბჭოთა ხელისუფლება შეეცადა, ასეთი ხმაურიანი გამოსვლისთვის თავი აერიდებინა, საზოგადოებრივი უკმაყოფილება ისედაც დიდი იყო და ამ განზრახვაზე ხელი აიღეს.

რაც შეეხება აკაკი ჭანტურიას, იგი პირველი ქართველი იყო, რომელმაც მსოფლიოს გარშემო იმოგზაურა. 1919 წელს ნოე ჟორდანიამ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრობა შესთავაზა, მაგრამ მან მთელი ცხოვრება დადიანების განძის შეგროვებას მიუძღვნა. მისსავე სახელს უკავშირდება ღვთისმშობლის კვართის გადარჩენა.

მადლიერი ვარ "პალიტრა L-ის", რადგან როცა ეს წიგნი დასაბეჭდად მივიტანე, დიდი მხარდაჭერა გამოხატეს. ვფიქრობ, ვიზუალურად შესანიშნავი წიგნი გამოვიდა, შინაარსობრივად კი მის შეფასებას მკითხველს მივანდობ.

თამთა დადეშელი