რას ვჭამთ?! - გზაპრესი

რას ვჭამთ?!

კვების ტექნოლოგიის ფაკულტეტი დაამთავრა, მაგრამ სპეციალობით მუშაობა ვეღარ მოასწრო ცნობილი მიზეზების გამო: მრეწველობა განადგურდა და სახელმწიფოს აღარც ინჟინრები დასჭირდა. იმდენი კი, არც ფული აღმოაჩნდა და არც მარიფათი, კერძო ბიზნესი რომ წამოეწყო და კარგა ხანს იარა უმუშევარმა. მის ცოლს რომ არ გაეწირა თავი და საბერძნეთში არ გადახვეწილიყო სამუშაოდ, ალბათ, ოჯახიც დაენგრეოდა და თავიც მოსაკლავი გაუხდებოდა, რადგან სამი შვილის მამას პურიც ვერ მიჰქონდა სახლში...

ცოტა ხნის წინ შინ მომადგა და დაბეჭდილი ფურცლები დამიტოვა: გადმომითარგმნე ქართულად და თუ ბიზნესი ავაწყვე, მე ვიცი შენი პატივისცემაო...

მასალა არ იყო რთული სათარგმნი: ხორცისგან ძეხვეულის წარმოებასა და ამისთვის საჭირო დანადგარებზე გახლდათ ინფორმაცია. ორ დღეში გავუმზადე და წარმატებაც ვუსურვე.

ტექსტს ჩემ თვალწინ მოუთმენლად გადახედა და წარბები შეჭმუხნა: აქ რაც წერია, ყველაფერი თუ ისე გავაკეთე, მცირე ბიზნესი კი არა, სახელმწიფო საწარმოც გაკოტრდება, ხორცს ისეთი ფასი ადევსო. თუმცა, ჩემი დახმარებით მაინც გააკეთა შეკვეთა რამდენიმე დანადგარზე: ცოლი მაფინანსებს და უნდა გავუმართლო იმედი. ათი წელიწადია, გადახვეწილია და ოჯახის მონატრებას ვეღარ უძლებს. მისი დაბრუნება კი იმაზეა დამოკიდებული, შევძლებ თუ არა რაიმე საქმის წამოწყებას და მომგებიან ბიზნესად ქცევასო...

წავიდა და ალბათ, არც დათო გამახსენდებოდა და არც მისი ბიზნესი, ერთ დღეს გახარებული რომ არ მომდგომოდა კარზე: სამ თვეში ამოვიღე დანახარჯი და მინდა, შენც გცე პატივი. ამჯერად ჩემს საწარმოში დამზადებული ძეხვეული მოგართვი და როცა მოგებაზე წავალ, ღირებულ საჩუქარსაც მოგართმევო. ათ კილოგრამამდე მაინც იქნებოდა და არ ვიტოვებდი, რადგან ვეგეტარიანელი ვარ და არც კი ვიცი, როდის ვჭამე ბოლოს ხორცი. რომ ვუთხარი, გაეცინა: ჰოდა, ზუსტად საშენო პროდუქტი ყოფილა, ხორცი თითქმის არცაა შიგო და აღარ დამიზუსტა, რა იგულისხმა. კიბე ჩაირბინა და ნობათი შემოსასვლელში დამიტოვა. გავხსენი და სუნი ნამდვილად არ ჰქონდა ცუდი, არც ფერი და არც შესახედაობა. ეზოში გადავიხედე და ჩრდილში მჯდომ მეზობლებს გავძახე: ძეხვეული მომიკითხეს, მე კი ასეთ რამეებს არ ვჭამ. თუ ინებებთ, წაიღეთ და ღმერთმა შეგარგოთ-მეთქი!..

გახარებულებმა წაიღეს. როგორც მთელ საქართველოში, ჩემს ეზოშიც თითქმის ყველა კაცი უმუშევარია და ასეთ მოსაკითხზე რატომ იტყოდნენ უარს? ნახევარ საათში გაშლილი ჰქონდათ სუფრა, სასმელიც კი მოუდგეს გვერდით ძეხვს...

მე კი ერთი ძეხვი დავიტოვე. ეზოში ძალიან კარგი ძაღლი გვყავს - ბომბორა. ყველა ვაჭმევთ, რასაც და როგორც მოვახერხებთ. გადავიხედე ფანჯრიდან და ვერ დავინახე. ძეხვი იქვე, რაფაზე დავტოვე, - გამოჩნდება ცოტა ხანში და გადავუგდებ-მეთქი, მაგრამ...

ის ძეხვი სულ გადამავიწყდა. მხოლოდ სამი დღის შემდეგ დავინახე რაფის კუთხეში მიგდებული, ფარდა რომ გადავწიე. ზიზღის გრძნობა გამიჩნდა, რადგან ჯერ კიდევ ცხელი დღეები იდგა და წესით, უნდა დამპალიყო, მაგრამ... ნურას უკაცრავად - ძველებურად მიმზიდველი სუნი ასდიოდა. ეგ იყო, ცოტა ფერი შესცვლოდა, თითქოს გამომშრალიყო და გახუნებულიყო.

მაშინვე მივხვდი, რომ საკვებად ნამდვილად უვარგისი გახლდათ და შემეშინდა, - მეზობლები ხომ არ დავწამლე-მეთქი? მაგრამ ისევ ეზოში ისხდნენ და ისევ მხიარულად ყაყანებდნენ. ღმერთს მადლობა შევწირე, რომ ამდენი კაცის ცოდვა არ დავიდე თუნდაც, უნებურად...

ბომბორაც იქვე დარბოდა. ავდექი და გადანახული ძეხვი გადავუგდე: მივიდა, დაყნოსა და მაშინვე იბრუნა პირი. რაც ადამიანებმა არ დაიწუნეს, იმას ძაღლმა პირი არც დააკარა.

მაშინვე დათოს ნომერი ავკრიბე: დანამდვილებით ვიცი, რომ ხორცის ნამცეციც არაა იმ შენს ძეხვეულში და გაფიცებ ყველაფერს, მითხარი, რისგან ამზადებთ ან ვინმე თუ ყიდულობს-მეთქი?!

პირდაპირ პასუხს თავი აარიდა: მეც იმას ვაკეთებ, რასაც ყველა. ლარიან ძეხვში რომ ხორცს არავინ ჩაგიდებთ, ამას ყველა ჭკვიანი მიხვდებაო... არადა, მოგვიანებით დავაკვირდი და ყველა ხალხმრავალ ადგილზე დავინახე თითო რეალიზატორი მაინც, მკლავზე ათობით "ძეხვი" რომ ჩამოეკიდებინა და მყიდველის გასაგონად ყელს იღადრავდა: "აბა, ახალი ძეხვი, იაფად!.." სამწუხაროდ, მყიდველიც არ აკლდათ და ძალიან მეწყინა, შემეშინდა და შემეცოდა ხალხი, რადგან ყველა გვღალატობს და ისე "გვყიდის", როგორც ახერხებს და ვუღირვართ. უხელფასობითა და უპენსიობით გაწამებული მოსახლეობა, ძალიანაც კარგად არჩევს კარგსა და ცუდს, მაგრამ ლარიან "ძეხვს" რომელ სუპერმარკეტში დაახვედრებენ? ჰოდა, ბევრსაც აღარ ფიქრობს: მთავარია, კიდევ ერთი დღე გადააგოროს და კუჭი მოატყუოს. შორს არც და ვერც იხედება, მაგრამ სახელმწიფო სადაა და რას აკეთებს ამ დროს? რატომ არ ალაგმავს "ბიზნესმენთა" ბოროტებას, რომლებიც ისეთ პროდუქტს სთავაზობენ ხალხს, თავმოყვარე ძაღლიც რომ არ შეჭამს და მომავალში ყველას სერიოზულ პრობლემას შეუქმნის?!

ხალხო, ნუ იყიდით საეჭვო პროდუქტს ქუჩაში. ხმელ პურისა და უშაქრო ჩაის მირთმევა გერჩივნოთ ჯანმრთელობის განადგურებას...

ინგა ჯაყელი