სად ისვენებენ ეგზოტიკის მოყვარული ქართველები? - გზაპრესი

სად ისვენებენ ეგზოტიკის მოყვარული ქართველები?

ბოლო წლებში ქართველები თავისუფლად მოგზაურობენ ევროპის ქვეყნებში, ამერიკაში, თურქეთში... ჩვენს სამშობლოში არიან ისეთები, ვისთვისაც ეს უკვე ჩვეულებრივი, შეჩვეული სამყაროა. ამიტომ, ქართველი ტურისტების ერთი ნაწილი დასასვენებლად და სამოგზაუროდ ნაკლებად ცნობილ, ეგზოტიკურ ქვეყნებს ირჩევს - ქვეყნებს, სადაც შეიძლება განუმეორებელი ადგილები დაათვალიერო და სულ სხვა განზომილებაში მოხვდე. რომელ ქვეყნებში ისვენებენ ეგზოტიკის მოყვარული ქართველები? - ამ შეკითხვაზე ტურისტული სააგენტოების ხელმძღვანელები და ამ ბიზნესის წარმომადგენლები გვიამბობენ.

ბალი - სამოთხე დედამიწაზე

შალვა ციკოლია:

- პარიზი, რომი, ბერლინი... - ეს ბევრი ქართველისთვის უკვე ჩვეულებრივი ადგილებია. ამიტომ, ბევრ მათგანს სრულიად სხვა, უცხო სამყაროში სურს დასვენება. ვინც ეგზოტიკას ეტანება, ხშირად თავისი მარშრუტით მიდის და ტურისტულ კომპანიებს არც უკავშირდება, თუმცა ბევრი მათგანი ჩვენც მოგვმართავს. ბოლო ხანებში გვიკვეთენ ტურს კუნძულ ბალიზე - ეს არის კუნძული, სადაც ადამიანს შეუდარებელი შეგრძნებები ეუფლება. შუა ოკეანეში არის ბუნგალოები, რომლებსაც ირგვლივ სუფთა და გამჭვირვალე წყალი აკრავს. მსურველებს ამ ქოხებში დაბინავებაც შეუძლიათ. ბალის სტუმრებს აჯადოებს ადგილობრივ ხალხთან ურთიერთობა, იქაური ჰავა, კლიმატი - ეს სრულიად სხვა სამყაროა. როგორც ამბობენ, ეს არის სამოთხე დედამიწაზე, სადაც ადამიანს შეუძლია ბუნების მშვენიერებით დატკბეს. ქართველი დამსვენებლები ხშირად მიდიან ჰავაის, ასევე - მალდივის და ბაჰამის კუნძულებზე. იშვიათად ნახავთ მათ სამხრეთ აფრიკაში. როდესაც ადამიანი ასეთი ტურით არის დაინტერესებული, ურჩევნია ტურისტული კომპანიის გვერდის ავლით წავიდეს.

ბედუინების საუფლო

ყველაზე პოპულარული და ამავე დროს, ეგზოტიკური ქვეყანა ეგვიპტეა. იქ ტურისტს შეუძლია მოიაროს საჰარის უდაბნო, ნახოს ბედუინების სოფელი, მონაწილეობა მიიღოს კვადროციკლების ტურში, ნახოს პირამიდები და დაათვალიეროს უძველესი ქალაქი კაირო. ეს არის უმშვენიერესი სამყარო, რომელიც ძალიან ბევრ ქართველს აინტერესებს. ქართველი ტურისტების უმეტესობა ცდილობს ავიდეს სინას მთაზე, რომელიც ქრისტიანებისთვის წმინდა ადგილია. გადმოცემის თანახმად, იქ ადამიანი რწმენით თუ არ ავიდა, ბოლომდე ვერ მიაღწევს. მთაზე ასვლას ღამის 1-2 საათზე იწყებენ, რადგან დღისით იქ აუტანელი სიცხეა. ხოლო ღამით ტემპერატურა ზაფხულშიც ნული გრადუსია. იქვეა ეკატერინეს მონასტერი, რომელიც რამდენიმე თვის წინ ააფეთქეს მუსლიმმა ფანატიკოსებმა. ვინც სინას მთაზე ასვლას ვერ ახერხებს, ამ მონასტერში ჩერდება. ეს ყველაზე გავრცელებული მიმართულებაა ქართველ ტურისტებს შორის. ევროპაში საკმაოდ ეგზოტიკური ადგილია მონტენეგრო - ხორვატია, მაგრამ ამ ქვეყანაში საქართველოდან მხოლოდ ერთეულები მიდიან.

შეძლებული ქართველები ნიანგებზეც ნადირობენGzaPress

- ამ რამდენიმე წლის წინ მთავრობის წევრები და ცნობილი ბიზნესმენები ნიანგებსა და ლომებზე სანადიროდაც დადიოდნენ, მაგრამ ეს ძალიან ძვირი ტურია. ამიტომ, ისინი ტურისტული კომპანიების გვერდის ავლით მიდიოდნენ. ალბათ ახლაც დადიან, მაგრამ ეს კულუარული ინფორმაციაა, რომელსაც არ ახმაურებენ. ეგზოტიკურ ტურებს შორის არის ტაილანდი, სადაც უამრავი საინტერესო ადგილია. იქ შეიძლება ქუჩაში გახვიდე და სპილოს, ან სხვა ეგზოტიკურ ცხოველს გადააწყდე, ნახო ხალხი, რომელიც შუა საუკუნეების პირობებში ცხოვრობს. ბევრ ტურისტს აოცებს იქაური წეს-ჩვეულებები და ადათები. ტაილანდში არის ე.წ. ყვითელი ქუჩა, სადაც პროსტიტუცია ჩვეულებრივი მოვლენაა. ამ ქუჩის სანახავად ძალიან ბევრი ადამიანი მიდის, იქ უბრალოდ, ინტერესის გამოც მიდიან. ეგზოტიკურ ტურებს შორის უნდა დავასახელოთ იაპონიის ტური, რომელიც იშვიათია. ამ ქვეყანაში ძველი ტრადიციები თანამედროვეობასთან არის შერწყმული, იქ ერთდროულად თითქოს ორ სამყაროში ხვდები. იაპონია ძალიან ეგზოტიკური ქვეყანაა, მაგრამ შორს არის და იაპონიის ტურიც შედარებით ძვირია, ამიტომ ჩვენი ქვეყნიდან იქაც ერთეულები მიდიან.

მავრიტანია, ლაოსი და ვიეტნამი

ლიკა ხარატიშვილი:

- ეგზოტიკის მოყვარულ ქართველ ტურისტებს ძალიან მოსწონთ მავრიტანია - კუნძული მადაგასკართან ახლოს. მავრიტანია ძალიან წყნარი, მშვიდი კუნძულია, რომელიც ტროპიკულ სარტყელს ეკუთვნის, ამიტომ იქ მთელი წლის განმავლობაში მშრალი ამინდია. მავრიტანიაში ტურისტებს ძალიან ლამაზი სანაპიროები და მაღალი დონის სასტუმროები ხვდება. ვისაც სიმშვიდე და კარგი დასვენება სურს, სწორედ ასეთ ტურში მიდის. თუმცა, მავრიტანიაში ძირითადად შეძლებული ქართველები მიდიან, რადგან იქაური ტური 3.000 დოლარი და უფრო ძვირიც ღირს. ისედაც, ეგზოტიკურ ქვეყნებში დასვენება უფრო ძვირი ჯდება, რადგან იქამდე ჩასვლა გარკვეულ ხარჯებთან არის დაკავშირებული. ქართველი ტურისტები ლაოსში, კამბოჯასა და ვიეტნამშიც მიდიან. როგორც ამბობენ, მათ იქაური ტრადიციები და ბუნება იზიდავს. ვიეტნამში ძალიან ბევრს აინტერესებს ათასი კუნძულის მხარე, სადაც გადაღებულია ცნობილი ფილმი - `დაკარგულები~. როდესაც ადამიანს უკვე ნანახი აქვს ევროპაც და ამერიკაც, მერე უკვე რაღაც განსხვავებულს და ეგზოტიკურს ეძებს. ხშირად ეგზოტიკის მოყვარულებს კომფორტიც არ აინტერესებთ. მათთვის მთავარი იმ ქვეყნის კულტურა და ადათ-წესებია, სადაც მიდიან.

ნეპალი - საოცრებათა მიწა

- თავგადასავლების მოყვარულებს ძალიან მოსწონთ მოგზაურობა ნეპალში. ჰიმალაის მაღალ მთებს შორის ჩამალული ეს უძველესი სამეფო - ნეპალი - მშვენიერი პეიზაჟების, უძველესი მონასტრებისა და მსოფლიოში საუკეთესო საცალფეხო მარშრუტების ქვეყანაა. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი მაღალმთიანი ქვეყანა, რომელიც ჰიმალაის მთებით არის გარშემორტყმული. ნეპალელების სიამაყეს წარმოადგენს მსოფლიოში ყველაზე მაღალი მთა - ჯომოლუნგმა - იგივე ევერესტი. ნეპალში ამბობენ, რომ ნამდვილი ტურისტი სიცოცხლეში ერთხელ მაინც უნდა იყოს ნამყოფი ამ მთის ძირში და მისი სილამაზე იხილოს. ეს მრავალფეროვანი და მიმზიდველი სამყაროა ტურისტებისთვის, რომლებიც აქტიურ დასვენებას ამჯობინებენ. ბუნების სილამაზეს ავსებს ბუდისტური ტაძრები, რომლებიც ასევე საინტერესოა ტურისტებისთვის. მსურველებს იქ საშუალება აქვთ ისწავლონ მედიტაცია და ბუდისტურ მონასტერში იცხოვრონ. იდეალური სიჩუმე და ჰარმონია ამ სამყაროში უამრავ ტურისტს იზიდავს, მათ შორის ეგზოტიკის მოყვარული ქართველებიც არიან, მცირე რაოდენობით, მაგრამ მაინც.

ყველაზე მშვენიერი ადგილი - გოა

სალომე ანდრიაძე:

- მსოფლიოში უამრავი საინტერესო ადგილია. მათ შორის უნდა დავასახელოთ მექსიკა, სადაც აცტეკების უნიკალური კულტურის ნახვა შეიძლება. მართალია, ეს ძალიან შორეული ქვეყანაა, მაგრამ არიან ქართველები, რომლებსაც იქ ყველაფერი დათვალიერებული აქვთ. მექსიკაში არის ტაძრები, სადაც აცტეკები მსხვერპლშეწირვის რიტუალს ატარებდნენ. ეს ადგილები ძალიან ბევრ მოგზაურს და ტურისტს იზიდავს. ბოლო ხანებში ძალიან გაიზარდა ქართველი ტურისტების რაოდენობა ინდოეთში. ამ უძველეს ქვეყანაშიც უამრავი საოცარი ადგილის დათვალიერება შეიძლება, მაგრამ ყველაზე პოპულარული ადგილი ქართველ ტურისტებს შორის არის გოა. ტაილანდის მსგავსად, გოაში ყველაზე საუკეთესო სეზონი ზამთარია - კერძოდ, ნოემბრიდან მარტამდე. ვისაც ზამთრის სუსხი ჰბეზრდება და ფინანსებიც უწყობს ხელს, შეუძლია ამ ზღაპრულ სამყაროში იმოგზაუროს.

ხათუნა ჩიგოგიძე