გამაგრილებელი სასმელები - სასიამოვნოც და მომწამვლელიც? - გზაპრესი

გამაგრილებელი სასმელები - სასიამოვნოც და მომწამვლელიც?

ტარტრაზინი - ნივთიერება, რომელიც ბავშვებში კანის დაავადებებს, ჰიპერაქტიურობას, მხედველობის და ძილის დარღვევებს იწვევს...

ზაფხულის პაპანაქებაში ნატურალურ წვენზე ან გამაგრილებელ სასმელზე კარგი რა უნდა იყოს? სწორედ ამიტომ, ზაფხულობით უალკოჰოლო სასმელები ყველაზე დიდი რაოდენობით იყიდება. ამ სასმელებს დიდებიც და პატარებიც სიამოვნებით მიირთმევენ. რამდენად სასარგებლოა ტკბილი სასმელები ჩვენი ჯანმრთელობისთვის? - ამ და სხვა შეკითხვებზე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, სურსათის ექსპერტი ეთერ სარჯველაძე გვიპასუხებს:

- ქალბატონო ეთერ, ბიზნესმენმა თემურ ჭყონიამ ქართულ მედიასთან განაცხადა, რომ ბაზარზე არსებული ნატურალური წვენების 90% ნატურალური არ არის და ორგანიზმისთვის მავნებელ ნივთიერებებს შეიცავს, მათ შორის, ტარტრაზინს, რომელიც ბევრ ქვეყანაშია აკრძალული. რას გვეტყოდით ამის თაობაზე?

- ტარტრაზინი მართლაც საწამლავია, რომელსაც სასმელებში ადრე იყენებდნენ, მაგრამ რაც მისი უარყოფითი თვისებები დამტკიცდა, ამ ნივთიერების გამოყენება შეზღუდულია. ის ჩვენთან ოფიციალურად აკრძალული არ არის, მაგრამ სასმელში მისი კონცენტრაცია ძალზე დაბალი უნდა იყოს. ტარტრაზინი იმით გამოირჩევა, რომ არაბუნებრივად მწვანე, ხასხასა ფერი აქვს. ის დიდებზეც უარყოფითად მოქმედებს, მაგრამ განსაკუთრებით საშიშია ბავშვებისთვის: იწვევს კანის დაავადებებს, ყურადღების დაქვეითებას, ჰიპერაქტიურობას, მხედველობის, ძილის დარღვევებს და ა.შ...

- ალბათ ამ სიტყვების მოსმენისას ბევრს გაუჩნდება შეკითხვა: როგორ შევარჩიოთ უსაფრთხო ნატურალური წვენი ბავშვებისთვის?

- ორიგინალური არ ვიქნები და გეტყვით, რომ პირველ რიგში, ეტიკეტს უნდა დააკვირდეთ. თანაც, გავითვალისწინოთ, რამდენად სანდო კომპანიის გამოშვებულია ეს პროდუქცია. ეტიკეტზე უნდა ეწეროს არის თუ არა ეს სასმელი ნატურალური. "ნატურალური" ნიშნავს, რომ იმ ხილის წვენისაგან იყოს მიღებული, რომელიც ეტიკეტზე აწერია. მაგალითად: თუ "ვაშლის წვენი" აწერია, ის ვაშლისგან უნდა იყოს დამზადებული, თუ "ფორთოხლის წვენი" - ფორთოხლისგან. ასევე მითითებული უნდა იყოს, პასტერიზებულია, თუ არ არის პასტერიზებული. ეტიკეტი წყალზეც კი უნდა გვაწვდიდეს ინფორმაციას: უნდა ვიცოდეთ, რა შემადგენლობისაა ეს წყალი, გრუნტის წყალია თუ ჭის. ისედაც, ტკბილ სასმელებთან და წვენებთან განსაკუთრებული სიფრთხილე გვმართებს.

- რატომ?

- მათში შემავალი დანამატების მიღება ყველასათვის არ შეიძლება. თუ ეს ნატურალური წვენია, ხილზე დამზადებულ სასმელს შაქრის დამატება არც სჭირდება, ხოლო თუ პასტერიზებულია, არავითარ შემთხვევაში არ უნდა ჰქონდეს დამატებული შაქრის შემცვლელი, რადგან ეს სარისკოა ადამიანთა გარკვეული ჯგუფისთვის. მაგალითად: თუ ადამიანს დიაბეტი არ აწუხებს, შაქრის შემცვლელი არ უნდა მიიღოს. საერთოდ, ხილი საკმაო რაოდენობით შაქარს შეიცავს - ეს მარტივი შაქარია, რომელიც გაცილებით იოლი ასათვისებელია, ვიდრე ის, რომელსაც ყოველდღიურად ვიღებთ. ყველა მეწარმე ვალდებულია, ზუსტი ინფორმაცია დააწეროს თავის პროდუქტს: არის ნატურალური? - უნდა დააწეროს, რომ ნატურალურია, არ არის? - ესეც უნდა დააწეროს. წინააღმდეგ შემთხვევაში ეს ფალსიფიკაცია და მომხმარებლის მოტყუებაა. თუ შეამჩნევთ, რომ საეჭვო პროდუქტი შეიძინეთ და ეტიკეტზეც ყველაფერი რიგზე არ არის, აუცილებლად უნდა დარეკოთ სურსათის ეროვნული სააგენტოს ცხელ ხაზზე და მომხმარებელი.ჯე-ს ტელეფონზე. თქვენს პრეტენზიას კომპეტენტური სპეციალისტები შეისწავლიან და გადაამოწმებენ.

- ასეთი რადიკალური ღონისძიებები რომ არ დაგვჭირდეს, რა გავაკეთოთ?

- ზაფხულში საქართველოში ხილის მეტი რა არის? ყველაზე მარტივი გამოსავალი ნატურალური ხილის მიღებაა, თუ ცივი წვენი მოგენატრებათ, შეიძლება ნატურალური კომპოტი და წვენი დაამზადოთ ოჯახურ პირობებში. ეს ყველაზე გემრიელი და სასარგებლო სასმელია.

- თუმცა, მაღაზიაში ნაყიდ სასმელებს სულ სხვა გემო აქვს.

- რაც გემრიელია, ყველაფერი სასარგებლო არ არის. გაზიანი სასმელები დიდი რაოდენობით შეიცავს ნახშირორჟანგს, რაც ორგანიზმისთვის სასარგებლო არ არის. ადამიანის ორგანიზმი იძულებულია, მეტი ენერგია და მეტი ჟანგბადი დახარჯოს გაზიანი სასმელების ასათვისებლად. ამიტომ, გაზიან სასმელს როცა გახსნით, ჯობია ცოტა ხანს დააყოვნოთ, ან კოვზით მოურიოთ, რომ ზედმეტი ნახშირორჟანგი მოსცილდეს. ძალიან სასარგებლო სასმელებია მინერალური წყლები, მაგრამ ჯანმრთელმა ადამიანმა დიდი რაოდენობით არ უნდა მიიღოს. ვისაც სჭირდება, კი ბატონო, დალიოს, მაგრამ სამკურნალო დოზა სხვაა და ჩვეულებრივი - სულ სხვა. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ქვეყნის მინერალური წყლები სასარგებლოა, სასმელი წყლის ნაცვლად მინერალური წყალი არ უნდა მივიღოთ. იგივე უნდა ვთქვა ზაფხულში ძალიან პოპულარულ სასმელზე - ლუდზეც. ლუდით თირკმელების გადატვირთვაც არ ღირს.

- ქალბატონო ეთერ, რატომ გვირჩევენ დიეტოლოგები, რომ ბევრი წყალი უნდა დავლიოთ?

- ბევრი - არა, სასმელი წყალიც თქვენი წონის და ზომის შესაფერისი ოდენობით უნდა მიიღოთ, რადგან გადაჭარბებული ყველაფერი საზიანოა. ზაფხულის ცხელ ამინდებში ადამიანს დღეში 1,5-2 ლიტრი წყალი სჭირდება, მაგრამ თუ ის ცხელ საამქროში მუშაობს, შესაძლოა დამატებაც დასჭირდეს. რაც მთავარია, თირკმელებმა უნდა შეძლოს იმ სითხის გადამუშავება, რომელსაც დღის განმავლობაში ვიღებთ. უზომო რაოდენობით სითხის მიღება სასარგებლო სულაც არ არის.

- თუმცა, ბევრი იცავს წყლის დიეტას, რომელიც საკმაოდ პოპულარულია.

- ყველაფერი ჩვენი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესაბამისად უნდა გავაკეთოთ. დიდი რაოდენობით წყალი ისევე მავნებელია, როგორც გაზიანი სასმელი. დიეტის დაწყებაც სპეციალისტის რეკომენდაციის გარეშე არ ღირს, რა თქმა უნდა, ეს წყლის დიეტასაც ეხება.

ხათუნა ჩიგოგიძე