ქართველების ჰოლანდიელი სიძე, რომელიც ავეჯს აცოცხლებს
ხის დამუშავების ახალი მეთოდი საბჭოთა კავშირშიც ფართოდ დაინერგა და ალბათ, არ არსებობდა ოჯახი, სადაც მოხარშული, გრეხილი ხის მასალისგან დამზადებული თუნდაც ტანსაცმლის საკიდი არ ჰქონოდათ. აღნიშნული მეთოდით ავეჯის დამზადების ტექნოლოგიის ავტორი წარმოშობით გერმანელი, ტონეტი გახლავთ.
მსოფლიოში ცნობილი ავეჯის მწარმოებელი ტონეტი გერმანიის ქალაქ ბოპპარდში 1796 წელს დაიბადა. იმავე ქალაქში დაეუფლა დურგლისა და ხის მასალის მხატვრულად დამუშავების ხელობას. 1819 წელს ავეჯის პირველი სახელოსნოც გახსნა. ტონეტის მიერ წარმოებული ავეჯი მოსახლეობაში დიდი პოპულარობით სარგებლობდა, თუმცა ის მიღწეულით არ კმაყოფილდებოდა და ცდილობდა, ავეჯი უფრო დახვეწილი და კომპაქტური გამოსულიყო. მოხდა ისე, რომ 1842 წელს გერმანიის მთავრობამ ტონეტის საწარმო ჩამოართვა. ამის გამო ცნობილი ავეჯის მწარმოებელი ავსტრიის ქალაქ ვენაში გადავიდა საცხოვრებლად, სადაც ავსტრიის სამეფოს "ნებისმიერი ხის ჯიშის ქიმიურ-ტექნოლოგიური მეთოდებით სასურველი ფორმების მისაღებად დაგრეხვა-დამუშავების" პატენტი მიიღო. ვინაიდან პატენტი ავსტრიაში გაიცა, ტონეტის მიერ წარმოებული ავეჯი მსოფლიოში ცნობილი გახდა "ვენური ავეჯის" სახელწოდებით.
უკვე 1843 წელს, ტონეტიმ ავსტრიის სამეფო სასახლისთვის სკამები შექმნა. 1849 წელს კი ქალაქ ვენაში საკუთარი სახელოსნოს გახსნაც მოახერხა.
1851 წელს, ლონდონში გამართულ საერთაშორისო გამოფენაზე ტონეტის ავეჯმა ბრინჯაოს მედალი მიიღო, ხოლო, 1878 წელს პარიზში გამართულ საერთაშორისო გამოფენაზე, კომპანია "ძმები ტონეტები" - ოქროს მედალი დაიმსახურა.
კომპანია "ძმები ტონეტები" რუსეთის სამეფო კარისთვის ავეჯის ოფიციალური მიმწოდებლები იყვნენ. ბოლშევიკური რევოლუციის დროს, ტონეტის ავეჯის დიდი ნაწილი სამეფო სასახლეებიდან გაზიდეს და გადარჩენილი ნიმუშები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების მუზეუმებსა და ანტიკვარული ავეჯის მოყვარულების კოლექციებში ინახება. თუმცა არსებობენ ადამიანები, რომლებსაც "ტონეტის" ავეჯი აქვთ და მისი უნიკალურობის შესახებ არაფერი იციან. ასეთი მეპატრონეების ხელში დაძველებულ ავეჯი ძირითადად ნაგავსაყრელზე ხვდება.
ტონეტის ავეჯს საქართველოსთან ორი რამ აკავშირებს: პირველი ისაა, რომ კომპანია "ტონეტის" ანტიკვარული ავეჯი ჩვენთანაც მოთხოვნადია და მისი ყიდვა-გაყიდვის შესახებ სარეკლამო განცხადებები სპეციალურ ინტერნეტ პორტალებზე პერიოდულად ქვეყნდება. მეორე კი, "ტონეტის" ავეჯის რესტავრატორი, ჰოლანდიელი ვიკი გრუნია, რომელიც ქართველების სიძეა.
მოყვარული რესტავრატორი დაზიანებულ და ხშირად, გადასაგდებად გამზადებულ "ტონეტის" ავეჯს ძველმანების მაღაზიებსა და ინტერნეტში პოულობს, ყიდულობს და იწყებს მისთვის საყვარელ საქმიანობას - პირვანდელ სახეს უბრუნებს ავეჯს.
ვიკი გრუნთან ინტერვიუ ქალაქ ლეიდენთან მდებარე სოფელ ვარმონდში ჩავწერე. ის პროფესიით გემთმშენებელია. პენსიაზე გასვლის შემდეგ, ავეჯის რესტავრაციას უფრო მეტ დროს უთმობს.
- რატომ დაინტერესდით "ტონეტის" ავეჯით?
- ვენური ანუ "ტონეტის" ავეჯის დამზადება-რესტავრაცია ჩემთვის ჰობი იყო. 38 წლის წინ, როდესაც ქალიშვილი შემეძინა, მისთვის გავაკეთე სარწეველა. ლამაზი გამომივიდა. შემდეგ გავეცანი ლიტერატურას. უფრო დაკვირვებით ვათვალიერებდი ძველ ავეჯს და ასე ეტაპ-ეტაპ დავხვეწე ეს ხელობა.
- ძირითადად რა სახის ავეჯს ამზადებთ და უკეთებთ რესტავრაციას?
- სკამებისა და სავარძლების რესტავრაცია მომწონს. საბედნიეროდ, არსებობს სპეციალური მაღაზიები, სადაც შესაძლებელია, შევიძინო ყველა ის საჭირო მასალა, რაც აუცილებელია ამორტიზებული ავეჯის გასაახლებლად.
- როგორც ვიცი, "ტონეტის" ავეჯი უკვე იშვითობაა და ფასიც შესაბამისი აქვს.
- ბევრმა არ იცის ამ ავეჯის ფასი. ძველმანი ავეჯის მაღაზიებშიც მინახავს და ინტერნეტშიც არის განცხადებები. ხშირად ინტერნეტმომხმარებლები ცდილობენ, თავიდან მოიშორონ მათთვის უსარგებლო ნივთები. ბევრმა მათგანმა ამ ავეჯის ფასი არ იცის...
- რესტავრირებულ ავეჯს ყიდით?
- სიამოვნებას მანიჭებს გადასაგდებად გამზადებული, დამტვრეული ავეჯის აღდგენა. დავამუშავებ, შევაწებებ, შევუცვლი დეტალებს და თავიდან მოვუქსოვ ჭილით დასაჯდომს. უამრავი ასეთი სკამი და სავარძელი მაქვს აღდგენილი. უმეტესობა გავაჩუქე. თუმცა, გერმანიიდან მომძებნა ერთმა პიროვნებამ და რამდენიმე სკამი დამიკვეთა. მისი თხოვნა შევასრულე და ბედნიერი გავისტუმრე თავის სამშობლოში, სასურველი სკამებით. ჩემ მიერ გაახლებული სკამები თუ სავარძლები წლებს უძლებს, გამძლეა და არ ფუჭდება.
- რამდენი სკამი და სავარძელი გაქვთ დამზადებული 38 წლის განმავლობაში?
- არ ვითვლი. რაც მთავარია, ეს საქმიანობა დიდ სიამოვნებას მანიჭებს. აი, საშუალება რომ გქონდეს, თბილისში წაიღო ერთი სკამი მაინც, სიამოვნებით გაგატან. ეს შენი გადასაწყვეტია, რამდენად მოახერხებ საქართველოში წაიღო ძველებური სკამი.
P.S. რა თქმა უნდა, ჰოლანდიიდან "ტონეტის" სკამის გარეშე წამოვედი, მაგრამ თან წამოვიღე უამრავი დადებითი ემოცია, რომელიც ჰოლანდიას, სტუმართმოყვარე ჰოლანდიელებსა და იქ მცხოვრებ ქართველ ემიგრანტებს უკავშირდება.
გიორგი ბერიძე