რატომ უნდა ვჭამოთ კიტრი - გზაპრესი

რატომ უნდა ვჭამოთ კიტრი

არც არის გასაკვირი _ მისი ქიმიური შედგენილობის 95% ხომ წყალია, დანარჩენ ხუთიოდე პროცენტს ნახშირწყლები, ცილები, ვიტამინები (თუმცა არცთუ დიდი რაოდენობით), ორგანული მჟავები და ნაცარი ქმნის. აქედან 2-2,5% შაქარია, 0,4-0,5% კი მინერალურ ნივთიერებებზე მოდის. ვიტამინებიდან კიტრი შეიცავს C-ს, B1-ს, B2-სა და A პროვიტამინს. აღსანიშნავია, რომ კიტრი სტრუქტურირებულ წყალს შეიცავს. მისი სამკურნალო თვისებები ტუტე ელემენტების მინერალური მარილების, მიკროელემენტების მარილების, ეთერზეთებისა და პექტინების შემცველობითაა განპირობებული. კიტრის ნაყოფი მდიდარია ფოსფორით, კალიუმითა და კალციუმით. მეცნიერული კვლევებით დადგენილია, რომ კიტრი რეკორდსმენია ბოსტნეულ კულტურებს შორის ტუტე ეკვივალენტების შემცველობის გამო. გარდა ამისა, კიტრში ორგანიზმისთვის მეტად სასარგებლო მაგნიუმის, რკინის, ალუმინის, სილიციუმის, იოდისა და გოგირდის მარილებია. სულ ახლახან მკვლევრებმა კიტრში ვერცხლის მარილებიც აღმოაჩინეს. გამოდის, რომ ერთი ჩვეულებრივი კიტრი მენდელეევის სისტემის თითქმის ყველა ელემენტს შეიცავს.

სამკურნალო თვისებები

სიცხის დამწევი, ბაქტერიოციდული, ანთების საწინააღმდეგო, დამარბილებელი, დამაწყნარებელი, ტკივილგამაყუჩებელი, შემომგარსველი, შარდმდენი, ნაღველმდენი _ ეს არის არასრული ჩამონათვალი კიტრის სამკურნალო თვისებებისა. კიტრში შემავალი პექტინები აუმჯობესებენ საჭმლის მონელების პროცესს, აფერხებენ ლპობით პროცესებს საჭმლის მომნელებელ ტრაქტში, უჯრედისი აძლიერებს ნაწლავების პერისტალტიკას, არეგულირებს ქოლესტერინის შემცველობას სისხლში. თურმე კიტრით სისტემატურად კვება აუმჯობესებს მეხსიერებას, აფერხებს ათეროსკლეროზული პროცესის განვითარებას, ამშვიდებს ნერვულ სისტემას, კანს ტონუსსა და ელასტიკურობას უნარჩუნებს. კიტრის წყალობით ორგანიზმში ქვეითდება ნახშირწყლების ცხიმად გარდაქმნა, ამიტომაც ამ მცენარის ნაყოფს, როგორც დიეტურ პროდუქტს, სიმსუქნით დაავადებულთა კვებით რაციონში განსაკუთრებული ადგილი უკავია. კიტრით განტვირთვის დღეები კი სასარგებლოა როგორც ღვიძლის, ასევე თირკმლის პათოლოგიით დაავადებულთათვის. დღეში 2 კგ კიტრი ცოტაოდენ მარილთან ერთად უნდა მიირთვათ, 5 ჯერზე გადანაწილებით. გასტრიტისა (კუჭის ლორწოვანი გარსის ანთება) და წყლულოვანი პათოლოგიის გამწვავების დროს, ასევე რემისიის (ძირითად სიმპტომთა შენელება-შესუსტების) დროს რეკომენდებულია კიტრის თაფლნარევი წვენის მიღება (1 სადილის კოვზი 2-ჯერ დღეში ჭამამდე 30-40 წუთით ადრე, შეგიძლიათ მიირთვათ ერთი კიტრი თაფლით).

საინტერესო ფაქტები კიტრზე

თურმე კიტრის რეკორდები გინესის წიგნშია შეტანილი. ყველაზე გრძელი კიტრი _ 1, 83 მეტრი სიგრძის _ უნგრეთშია გაზრდილი და კულტურის ჩინურ სახესხვაობას მიეკუთვნება. სათბურის პირობებში 6 კგ-მდე წონის კიტრია გამოყვანილი, ბუნებრივ პირობებში კი 3,7 კგ წონის ნაყოფია გაზრდილი.