"მო­ჩურ­ჩუ­ლე" მოჩ­ვე­ნე­ბა­ნი - გზაპრესი

"მო­ჩურ­ჩუ­ლე" მოჩ­ვე­ნე­ბა­ნი

როდესაც ამერიკელმა ელექტრიკოს-გამომგონებელმა ნიკ ნოუფმა სიხშირეთა ფართო სპექტრის ელექტრომაგნიტური გამოსხივების სხვადასხვა ტონალობის ბგერებად გარდამქმნელი პორტარტული კონვერტერი შექმნა, ფიქრობდა, რომ ამ ხელსაწყოს ტექნიკური მიზნებისთვის გამოიყენებდნენ. მაგალითად, შენობებში მოსასმენი მოწყობილობის აღმოსაჩენად. მაგრამ იმას კი ვერაფრით წარმოიდგენდა, რომ მის კონვერტერს ანომალიურ მოვლენათა მკვლევრები მოჩვენებათა აღმოსაჩენად გამოიყენებდნენ...

ეს ამბავი ასე დაიწყო: ცნობილი "მოჩვენებებზე მონადირე" ინჟინერი კრის სპრიტლი, ინტერნეტში უნიკალური ხელსაწყოს აღწერილობას გადააწყდა, სადაც ნათქვამი იყო, რომ კონვერტერი მრავალნაირი ანტენით აღჭურვილი ფართო საყელოა, რომელიც სხვადასხვა წყაროდან წამოსულ ელექტრომაგნიტურ ტალღებს იჭერს _ რადიო და ტელესადგურები, ფიჭური ტელეფონი, კომპიუტერი, მიკროტალღური ღუმელი _ ხელსაწყოს გამა-რადიაციის არსებობის რეგისტრაციაც შეუძლია. ზემგრძნობიარე კონვერტერი მილიმეტრული დიაპაზონის უსუსტეს სიხშირესაც კი აფიქსირებს. მიღებული სიგნალი, კონვერტერში ჩამონტაჟებული კომპიუტერის მეშვეობით ბგერებად გარდაიქმნება და ყურსასმენში გადაიცემა.

შენობაში იმქვეყნიური სულების არსებობის დასამტკიცებლად, მკვლევრები დღემდე ხმის ჩამწერ მოწყობილობას, ვიდეოკამერებსა და ტემპერატურულ ხელსაწყოებს იყენებდნენ. მაგრამ დღემდე უცნობი მიზეზების გამო, აპარატურა მოჩვენების არსებობას იშვიათად აფიქსირებდა. თუმცა, ოთახში მის ყოფნაზე სხვა ნიშნები მეტყველებდა. მაგალითად, მოჩვენების არსებობას ექსტრასენსები შეიგრძნობდნენ. ძაღლები ცარიელ ადგილს გამწარებული უყეფდნენ და სხვა.

საყოველთაოდ მიღებული ჰიპოთეზის თანახმად, მოჩვენება მატერიალური ობიექტია და ენერგიის გროვას წარმოადგენს. მისი ბუნება ჯერაც უცნობია, მაგრამ მრავალი "მოჩვენებათმცოდნე" მიიჩნევს, რომ ის შესაძლოა, ელექტრომაგნიტური წარმოშობის იყოს. კრის სპრიტლიც სწორედ ამ მოსაზრებას იზიარებდა და ჰიპოთეზის შესამოწმებლად კონვერტერის გამოყენება გადაწყვიტა. ინჟინერმა შუამავალთა მეშვეობით მზა ხელსაწყო გამოიწერა და მიტოვებულ ფერმაში გაემგზავრა, სადაც გადმოცემის თანახმად, საუკუნის წინ, მძარცველების მიერ მოკლული ფერმის მეპატრონის მოჩვენება ცხოვრობდა.

სპრიტლის წარმოდგენა არ ჰქონდა, თუ რა სიხშირის გამოსხივება შეიძლება ჰქონდეს მოჩვენებას, თუკი ის საერთოდ არსებობს. ამიტომ, გადაწყვიტა ექსპერიმენტი ელექტროხელსაწყოებისა და რადიოტალღების დაბრკოლებისგან თავისუფალი მილიმეტრული დიაპაზონით დაეწყო. სპრიტლიმ ყურსასმენი გაიკეთა, კონვერტერი მომართა და მინებჩამსხვრეული, ცარიელი ოთახების შემოვლა დაიწყო. ყურსასმენში სიჩუმე სუფევდა. როდესაც კრისი ყოფილ სამზარეულოში შევიდა, სწორედ იქ, სადაც გადმოცემის თანახმად მკვლელობა მოხდა, ყურსასმენში მსუბუქი ტკაცუნი გაისმა, რაც იმის ნიშანი იყო, რომ ოთახში ელექტრომაგნიტური გამოსხივების რაღაც წყარო არსებობდა, გამოსხივების ხმოვანი "პორტრეტი" გაურკვეველ ჩურჩულს წააგავდა. სპრიტლიმ ფერმა რამდენჯერმე შემოიარა. შედეგი იგივე იყო _ ჩურჩული მხოლოდ სამზარეულოში ისმოდა. მკვლევარმა დაასკვნა _ რადგან ახლომახლო ელექტრომაგნიტური ტალღების გამოსხივების სხვა წყარო არ არსებობდა, გამოსხივების წყარო მხოლოდ მოჩვენება შეიძლებოდა ყოფილიყო!

კონვერტერით ჩატარებული პირველი წარმატებული ცდის შემდეგ, სპრიტლიმ კიდევ ათეულობით სახლი გამოიკვლია, სადაც გადმოცემის თანახმად, იმქვეყნიური არსებანი ბინადრობდნენ. სახლებში ყველანაირი ელექტროხელსაწყო გამორთული იყო, მაგრამ სამ მათგანში ყურსასმენში მოჩვენებებისათვის დამახასიათებელი "ჩურჩული" ისმოდა.

მკვლევარმა საკონტროლო ობიექტად სოფელში მდებარე ძველი სახლი შეარჩია, რომელიც ცოტა ხნის წინ, მოხუცმა ცოლ-ქმარმა შეიძინა. სპრიტლისადმი გაგზავნილ წერილში გოულდები (სახლის პატრონები) წერდნენ _ დაბინდების შემდეგ, ოთახში უხილავი აჩრდილი კვნესის და ასე გრძელდება მანამ, ვიდრე საათის ისრები თორმეტს მიუახლოვდებაო. შეშინებული მოხუცები სასტუმრო ოთახში შესვლას, დღისითაც კი ვერ ბედავდნენ.

სპრიტლი გოულდებს ესტუმრა. მან "დამხმარეებად" ძაღლი და კატა წაიყვანა, რომლებსაც ადრეც მრავალჯერ დაუმტკიცებიათ, რომ მოჩვენების არსებობას შეიგრძნობდნენ. ამჯერად, ცხოველების დანიშნულება ტექნიკის გაკონტროლება იყო. კრისი ცოლ-ქმარს დღისით ესტუმრა, მაგრამ ცხოველები მანქანაში დატოვა. როდესაც მოსაღამოვდა, სპრიტლიმ სასტუმროში შუქი აანთო და ცხოველები ოთახში შეუშვა, "ასისტენტთა" რეაქციის მიხედვით მოჩვენების გამოჩენა რომ დაეფიქსირებინა. თავიდან, იმქვეყნიური არსების ოთახში ყოფნის ნიშანწყალი არ იგრძნობოდა, მაგრამ მისდა გასაკვირად, კატა აიძაგრა და ოთახის შუაგულში მდგარ ცარიელ სკამს ამრეზითა და ჩხავილით შეუტია. ძაღლი კი, ოთახიდან გაიქცა და უკან ვეღარაფრით დააბრუნეს. სპრიტლიმ კონვერტერი ჩართო და ყურსასმენში მაშინვე უკვე კარგად ნაცნობი, დამახასიათებელი "ჩურჩული" გაისმა. _ ოთახში მოჩვენება იყო!

ისე, რომ ექსპერიმენტის დეტალებს არ ჩაღრმავებია, მკვლევარი გოულდების დამშვიდებას შეეცადა და შეჰპირდა, რომ მოჩვენებას სთხოვდა მათი სახლი დაეტოვებინა. საქმე ის არის, რომ კრის სპრიტლის საოცარი იდეა დაებადა: მან გადაწყვიტა _ ძლიერი ელექტრომაგნიტური გამოსხივებით, მოჩვენების მილიმეტრული სიხშირის დიაპაზონზე ზემოქმედება მოახდინოს. გამორიცხული არ არის, რომ ამ ზემოქმედებით მოჩვენებას ახლანდელი "საცხოვრებლის" დატოვება და საიქიოში გადაბარგება აიძულოს. მკვლევარმა ელექტრიკოსებს ხელსაწყოს დამზადება შეუკვეთა, რომლის გამოცდას ინგლისსა და ირლანდიაში აპირებდა, სადაც, როგორც ამბობენ, _ მოჩვენებანი ყველა სასახლესა და ციხესიმაგრეში ბინადრობენ.