უფ­რო მე­ტად გა­უფ­რ­თხილ­დით სა­კუ­თარ სი­ცოცხ­ლეს! - "ლურ­ჯი ვე­შა­პი" ისევ გვი­ტევს - გზაპრესი

უფ­რო მე­ტად გა­უფ­რ­თხილ­დით სა­კუ­თარ სი­ცოცხ­ლეს! - "ლურ­ჯი ვე­შა­პი" ისევ გვი­ტევს

რადგან მომხდარი მხოლოდ ერთი კონკრეტული ოჯახის კი არა, საზოგადოების ტრაგედიაა, გადავწყვიტეთ, კიდევ ერთხელ მივუბრუნდეთ ამ თემას და თავდაცვის მიზნით ავხსნათ, რა არის ამ სახიფათო თამაშის არსი და მიზანი. "ლურჯი ვეშაპი" - სუიციდური თამაშია. ბავშვებს სთავაზობენ 50-მდე სახიფათო დავალებას და ამ ყველაფრის საბოლოო შედეგი მათი თვითმკვლელობამდე მიყვანაა. თამაშის ორგანიზატორები მოზარდებს ახლობელი ადამიანის მოკვლით ემუქრებიან, თუ სიცოცხლეს თვითმკვლელობით არ დაასრულებენ. სამწუხაროდ, ამ თამაშის მსხვერპლთა რაოდენობა საქართველოშიც იზრდება.

გლდანშიც და ვაზისუბანშიც მხოლოდ მეზობლებთან გასაუბრება შევძელით. ისინი მომხდარის გამო შეშინებულები და აღშფოთებულები არიან.

ნინო, ვაზისუბანში გარდაცვლილის მეზობელი:

- დიდი ხანი არ არის, რაც ეს ოჯახი ჩვენს კორპუსში გადმოვიდა საცხოვრებლად და ამიტომ მეზობლები წესიერად არც კი ვიცნობთ. როდესაც სასწრაფო დახმარების მანქანით გადაჰყავდათ, ვერც კი ვიცანით, ვისი ბავშვი იყო. განადგურებულები ვართ მომხდარით, ჩვენც ხომ მშობლები ვართ და შვილები გვყავს, ღმერთმა ყველა დაიფაროს მსგავსი უბედურებისგან! არავინ არაფერი ვიცით, რატომ გადმოხტა და მართლაც კომპიუტერული თამაშების ბრალი იყო თუ სხვა პრობლემა ჰქონდა. თქვეს, ჩაკეტილი ბავშვი იყოო... იმასაც ამბობენ, თითქოს დედამისი ეჭვობს, რომ მისი შვილიც "ლურჯ ვეშაპს" თამაშობდა, რამაც იმსხვერპლა კიდეც. ისიც თქვეს, რომ გოგონამ დატოვა წერილი, რომელშიც წერდა, - ჩემს პრობლემებს თქვენ მაინც ვერ მოაგვარებდითო. ასე ამბობს ხალხი და სხვას ვერაფერს გეტყვით. ფაქტი ის არის, რომ მსგავსი შემთხვევები მომრავლდა, რაც ძალიან შემაშფოთებელია. როგორ უნდა დავიცვათ ჩვენი შვილები ან რა არის მოზარდების ამგვარი ქცევის მიზეზი? ხშირად ვფიქრობ ამაზე. ჩემი აზრით, უპირველესი მიზეზი ალბათ ის არის, რომ მშობლებსა და შვილებს შორის რაღაცნაირად ზედაპირული ურთიერთობები ყალიბდება, აი, თუნდაც ჩემი მაგალითი ავიღოთ: ყოველ დილით 8 საათზე გავრბივარ სამსახურში, მოვდივარ გვიან და ისეთი დაღლილი ვარ, რომ ბევრჯერ ლაპარაკის თავიც კი აღარ მაქვს. ადრე ზედმიწევნით ვიცოდი, ჩემს შვილებს რა აინტერესებდათ, ახლა აღარც კი ვიცი, რა არის მათი ინტერესის სფერო და რითი არიან დაკავებულები მთელი დღის მანძილზე. კი, რა თქმა უნდა, შვილები ყველასა და ყველაფერზე მეტად მიყვარს და მათივე მომავლისთვის ვშრომობთ მეც და ჩემი მეუღლეც, მაგრამ ხომ არ სჯობს, უფრო მეტი დრო გავატაროთ მათთან და უფრო მეტი ყურადღება მივაქციოთ?

შეშფოთებულები და დაბნეულები ჩანდნენ გლდანის III მიკრორაიონის იმ კორპუსის მცხოვრებლებიც, სადაც ტრაგედია დატრიალდა.

მანანა, მეზობელი:

- განადგურებული ვარ. კარგად ვიცნობდი ამ ბიჭს, ხშირად შემოდიოდა ხოლმე ჩვენს მაღაზიაში რაღაცების საყიდლად. არაჩვეულებრივი ბავშვი იყო - ჭკვიანი, ზრდილობიანი, წესიერი, გამორჩეული გარეგნობით. დღეს რომ მითხრეს, XVI სართულიდან გადმოხტაო, ვერ ვიჯერებდი. რატომ, რა სჭირდა სამაგისო-მეთქი? კარგ და წესიერ ოჯახში იზრდებოდა. და ჰყავდა და ამბობენ, თუ თამაშს ბოლომდე არ დაასრულებდა, სწორედ მისი მოკვლით ემუქრებოდნენ, შეეშინდა და იმიტომ გადმოხტაო. მართლა რა უბედურება ხდება ჩვენს თავს? ნუთუ არ შეიძლება, რომ დაიბლოკოს მსგავს თამაშებზე წვდომა? როგორ დავიჯერო, რომ არ არსებობს ამისთვის რამე ბერკეტი? რას აკეთებენ საგამოძიებო უწყებები? ჩვენს ქვეყანაში პოლიტიკოსების საძინებლებში რა ხდება, იმას იგებენ და ამ ბოროტების სათავეს ვეღარ მიაგნეს? რატომ არავინ ლაპარაკობს ამაზე ხმამაღლა, რატომ არ იწერება ხშირად ამის შესახებ? რამდენიმე თვის წინ ტელევიზიასა და პრესაში გავრცელებულა ინფორმაცია ამ საშიში თამაშის შესახებ, მაგრამ ამხელა პრობლემის ერჯერადად გაშუქება უშველის საქმეს? მე, მაგალითად, მხოლოდ ამ შემთხვევის შემდეგ გავიგე ამის შესახებ, რამდენი ჩემნაირი იქნება კიდევ?

- მეც პირველად გავიგე "ლურჯი ვეშაპის" შესახებ (საუბარში სხვა ქალბატონიც ჩაერთო) და სამეზობლოში მომხდარი ამ ტრაგედიის შემდეგ შეშინებულმა გადავქექე ინტერნეტსივრცე, მალულად შევამოწმე ჩემი შვილების მიმოწერებიც. გაოგნებული ვარ წაკითხულით: "გააკეთე რამე მტკივნეული შენი თავისთვის, არავის დაელაპარაკო, გაიჭერი ტუჩები, ამოიკაწრე ვეშაპი ხელზე, გადმოხტი ყველაზე მაღალი შენობიდან" და ა.შ. წარმოგიდგენიათ, ვირტუალურად როგორ იმორჩილებენ ბავშვებს? სხვადასხვა ტიპის სახიფათო დავალებებს ასრულებინებენ და 50 დღეში თვითმკვლელობას აიძულებენ! ფაქტობრივად, უმწეო ბავშვების სიცოცხლეს განაგებენ და იმას აკეთებინებენ, რაც უნდათ. წარმოიდგინეთ, დილიდან საღამომდე ვმუშაობ და მგონია, რომ ბავშვებს უსაფრთხოდ ვტოვებ სახლში, სადაც საშიშროება არ ელით და თურმე სწორედ სახლში, კომპიუტერთან ემუქრებათ ყველაზე მეტი საფრთხე. გამუდმებით მეფიქრება ამ ამბავსა და შინ დატოვებულ შვილებზე, ნუთუ გამოსავალი არ არსებობს?

GzaPress

- ქალბატონო რუსუდან, პირველ რიგში მაინტერესებს, ასეთი აქტივობებისა და თამაშების პირველი სამიზნეები რატომ ხდებიან 12-დან 16 წლამდე ასაკის ბავშვები?

რუსუდან ფხაკაძე, სოციალურ მეცნიერებათა დოქტორი, ფსიქოთერაპევტი:

- ბავშვის ფსიქიკა იოლად დასამორჩილებელია, განსაკუთრებით - გარდატეხის ასაკში. ამ დროს მოზარდი გამოეყოფა პირველად წრეს - ოჯახს და თავის სამყაროს ქმნის. ამ სამყაროს ძიება კი გარეთ, ქუჩაში იწყება, სხვადასხვა მიუღებელ წრეებსა თუ ანტისოციალურ ჯგუფებში, რადგან საკუთარი მეს დამკვიდრება იქ უფრო უადვილდება. ოჯახის წევრები ამ პროცესებს ძალიან ძნელად ეგუებიან, რადგან თვლიან, რომ შვილი ყოველთვის უნდა დაემორჩილოს და როდესაც ასე არ ხდება, სწორედ მაშინ იჩენს თავს კონფლიქტიც. მშობლებს არ ესმით, რამ შეცვალა ბავშვი და რატომ აღარ ემორჩილება, მაგრამ რა ხდება სინამდვილეში? ისინი ამ ასაკში ბავშვობას ემშვიდობებიან და ახალ ცხოვრებასთან მარტო გამკლავებისა და შეხვედრის მცდელობები აქვთ. ამიტომაც არის ასეთი რთული ეს პერიოდი მშობლებისთვისაც და შვილებისთვისაც. ასეთ კრიტიკულ მდგომარეობაში, როდესაც სისტემური, ძალადობრივი და აზარტული შინაარსის მსგავსი თამაშები ითრევთ, ბუნებრივია, ისინი ამაში შვებას ხედავენ. ამ დროს კრიტიკული აზროვნება დაქვეითებული აქვთ და ვერ აანალიზებენ მოსალოდნელ საფრთხეს.

- რა არის ის საგანგაშო სიმპტომები, რაც შეიძლება სუიციდური ფიქრების გამოვლინება იყოს?

- მარტო მოზარდი კი არა, აბსოლუტურად ყველა ასაკის ადამიანი, ვინც ხშირად ამბობს დღის განმავლობაში: უნდა მოვკვდე, მეტი აღარ შემიძლია, თავს მოვიკლავ და ა.შ. გარკვეული საშიშროების წინაშე დგას. ეს გამაფრთხილებელი მინიშნებაა, რომ მას ბევრი უფიქრია სიკვდილზე, ასეთივე მინიშნებად შეიძლება ჩავთვალოთ დეპრესიულობა და მიჯაჭვულობა. მიჯაჭვულობაც, ისევე, როგორც წამალდამოკიდებულება თუ აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულება, ძალიან ძლიერი სენია და მასთან ბრძოლა ლოზუნგებით არ გამოვა. მოზარდები კი მიჯაჭვულები ხდებიან კომპიუტერზე, მათთვის ხელმისაწვდომია ინტერნეტი. თითქოს ქუჩაში არ დგანან, სახლში არიან და ერთობიან, მაგრამ სწორედ რომ სახლში იქმნება ის საფრთხე, რომელსაც ასეთ სავალალო შედეგებამდე მივყავართ.

- ესე იგი, ყოველ წუთს უნდა გავაკონტროლოთ, თუ რას უყურებენ ბავშვები ინტერნეტსივრცეში?

- ისე უნდა გავაკონტროლოთ, რომ მან არ იცოდეს ამის შესახებ და ვერც მიხვდეს. თუ ხედავთ, რომ ბავშვი ხშირად უყურებს ისეთ ფილმებსა და გადაცემებს, რომლებიც ძალადობაზეა და მისი ფსიქიკისთვის დამანგრეველია, უნდა შესთავაზოთ სხვა, მისთვის საინტერესო აქტივობები. თუმცა, მარტო ოჯახსა და სკოლას ვერ დაადანაშაულებ ამაში. აი, მაგალითად, გავიგეთ, რომ "ლურჯი ვეშაპი" დამანგრეველია, მაგრამ რას ვაკეთებთ? არანაირი განგაშის ზარი, არანაირი საზოგადოებრივი აქტივობა. გადაცემებში უნდა ლაპარაკობდნენ, როგორი საშიში თამაშია და რა საფრთხეს წარმოადგენს ჩვენი მომავალი თაობისთვის. იქნებ ბევრი დააფიქროს ამ ყველაფერმა და თავიდან ავიცილოთ მისი გავრცელება. 9 წლის შვილიშვილი მყავს და ამ ამბის შემდეგ ჩემმა ქალიშვილმა არ დაიზარა, ორი საღამო დაუჯდა ბავშვს და მშვიდად, გასაგებად აუხსნა, თუ რატომ არის ეს ბოროტება და რატომ უნდა ერიდოს ამგვარ ინტერნეტთამაშებს.

- ანუ უფრო მეტი ინფორმირებულობა კი არ დააინტერესებს ბავშვს და ცუდ შედეგებს კი არ მივიღებთ, პირიქით - აუცილებელიცაა?

- იცით, რაშია საქმე? თუ ამას ოჯახის წევრები დაუმალავენ მოზარდს იმის შიშით, რომ თვითონაც არ დაინტერესდეს და არ დაიწყოს თამაში, ის ხომ მაინც გაიგებს სხვა გზით: მაგალითად, სკოლაში ან სოციალური ქსელებიდან? არ ჯობია, რომ მშობლები უფრო ინფორმირებულები და მომზადებულები შეხვდნენ ამ ამბავს და შვილებსაც ყველაფერი ზედმიწევნით აუხსნან?

- ვთქვათ, ბავშვმა რაღაც ეტაპზე გაუმხილა მშობლებს, რომ თამაშში ჩაითრიეს. როგორ უნდა მოიქცეს ამ დროს მშობელი? გამოიჩინოს სიმკაცრე, ინტერნეტსივრცეზე წვდომის უფლება შეუზღუდოს, თუ...

- ...როგორც ვიცი, თამაშის მონაწილეებს უშლიან ახლობლებთან ურთიერთობას და მათთვის რამის გამხელას. მსხვერპლის იზოლაციაში ყოფნა ერთ-ერთი საშუალებაა, რომ მასზე მუდმივად ჰქონდეთ ზეგავლენა. თუ მოზარდი გაამხელს თავის შეცდომას, სიმკაცრე აქ არ გამოდგება. თუ შვილი გონიერებას გამოიჩენს და გეტყვით, რაც ხდება, ამას გაგებით უნდა შეხვდეთ, უნდა გაიაზროთ, რომ მას "სახადი" აქვს და ბევრი უნდა ელაპარაკოთ მსგავსი თამაშების მავნებლობაზე, მიახვედროთ, რომ ეს ის არ არის, რაც მას ჰგონია. მაგრამ საქმე იცით, რა არის? საზოგადოება რეაგირებს შედეგზე და არა - პროცესზე. პროცესი ყოველთვის დამალულია, შედეგი კი ყვირის. სწორედ დამალული პროცესების დროს არის საჭირო პრევენციული ჩარევები, მაგრამ კიდევ ერთხელ ვკითხულობ: ვინ რას აკეთებს დღეს, მოსალოდნელი უბედურების თავიდან ასაცილებლად? ჩვენ ვფიქრობთ: ეს ჩვენს თავს არ ხდებაო და პრობლემადაც არ მივიჩნევთ, მაგრამ ვინ რა იცის, როდის "მოგვიკაკუნებს" კარზე? ამიტომაც საზოგადოებამ და სახელმწიფომ ერთად უნდა იმოქმედოს. ახლა კი დუმილია, ვიდრე სტატისტიკა გარკვეულ ციფრებს არ დადებს. კიდევ რამდენი შემთხვევა იქნება გაუხმაურებელი? ამიტომაც ცალკეულ ადამიანებს კი არ ვადანაშაულებ, ჩემი პოზიცია სისტემის დადანაშაულებაა. ეს კარგად უნდა გავიაზროთ და აქტიური ქმედებებით ვებრძოლოთ ამგვარ "სიმსივნეებს"...

პ.ს. ჩემი აზრით, გამოსავალი ალბათ ისევ მზრუნველობასა და სიყვარულშია, რაც, ვფიქრობ, ჩვენი ცხოვრების წესიდან გამომდინარე, ბავშვებს აკლიათ... "ლურჯი ვეშაპის" შემქმნელმა სტუდენტ-ფსიქოლოგმა (ის უნივერსიტეტიდან გარიცხეს), ფილიპ ბუდეიკინმა განაცხადა, რომ ამ თამაშის შექმნით მისი მიზანი იყო საზოგადოების გაწმენდა ადამიანებისგან, რომლებსაც არანაირი ღირებულება არ გააჩნიათ! ვიდრე ამ თამაშით დაინტერესდებით, იქნებ მის ამ სიტყვებს მაინც დაუფიქრდეთ და მიხვდეთ, როგორ ადამიანს ენდობით - ადამიანს, რომლისთვისაც თქვენ არანაირი ღირებულება არ გაგაჩნიათ და რატომ აძლევთ ასეთ ადამიანებს იმის უფლებასა და შესაძლებლობას, რომ გადაწყვიტონ თქვენი სიკვდილ-სიცოცხლის ამბავი და ამით უდიდესი ტკივილი მიაყენონ თქვენს მშობლებს, დედმამიშვილებს, მეგობრებს?! ბავშვებო, იქნებ უფრო მეტად ენდოთ მათ, ვისაც უყვარხართ და უფრო მეტად გაუფრთხილდეთ საკუთარ სიცოცხლეს!

გასულ კვირას თბილისში კიდევ ორმა მოზარდმა დაასრულა სიცოცხლე თვითმკვლელობით: გლდანში 14 წლის ბიჭი XVI სართულიდან გადმოხტა, ხოლო ვაზისუბანში - 13 წლის გოგონა XIII სართულიდან. ამბობენ, რომ ისინიც "ლურჯი ვეშაპის" მსხვერპლები გახდნენ. ეს სახიფათო ონლაინთამაში რუსეთში, ევროპაში, აზიაში, აფრიკასა და სამხრეთ ამერიკაში უკვე კარგა ხნის გავრცელებულია. საქართველოში კი პირველი ფაქტი 2017 წლის 27 მაისს დაფიქსირდა, როდესაც თბილისში 12 წლის გოგონამ მეხუთე სართულიდან გადმოხტომით თვითმკვლელობა სცადა, მაგრამ საბედნიეროდ, გადარჩა - საავადმყოფოში სხეულის მრავლობითი დაზიანებებით გადაიყვანეს. როგორც მოზარდმა განაცხადა, მას ინტერნეტით უკავშირდებოდნენ უცხო პირები და ისიც მათ მიერ მიცემულ დავალებებს ასრულებდა. შემდეგ იყო 30 მაისი, როდესაც ახალსოფელში 16 წლის გოგონამ დაასრულა სიცოცხლე თვითმკვლელობით და როგორ ამბობდნენ, ისიც "ლურჯი ვეშაპის" მორიგი მსხვერპლი იყო.

ნინო ჯავახიშვილი