ერთი დღე მოწყალების მთხოვნელებთან ერთად - გზაპრესი

ერთი დღე მოწყალების მთხოვნელებთან ერთად

დღეს კვლავ ვიცვლი პროფესიას და ისევ ქუჩაში ვარ, ოღონდ, არც მეტი, არც ნაკლები, მოწყალებას ვითხოვ! ვფიქრობ, სრულყოფილად ვერასდროს გადმოსცემ სხვა ადამიანის განცდებს, თუ თვითონ არ ცდი, მისი ჯვარი იტვირთო. გადავწყვიტე, ერთი დღე მათთან ერთად გამეტარებინა, ვინც ფაქტობრივად, ქუჩაში, სხვა ადამიანების დახმარების იმედად ცხოვრობს.

წლების მანძილზე ხუდადოვის ქუჩაზე, ეკლესიასთან ყოველ დილით ვხედავ ქალბატონს, რომელიც მორიდებით ზის და არასდროს აბეზრებს ვინმეს თავს დაზეპირებული ტექსტით: ღმერთი გაგახარებთ, ავადმყოფი ვარ, დამეხმარეთ ან სახლში უდედმამო პატარა ბავშვი მყავს, ღმერთმა დაგლოცოთ და ა.შ. ის უბრალოდ ზის და როდესაც ხურდას უყრიან ჭიქაში, მადლობას უხდის.

მოკლედ, ვიდრე მასთან მივიდოდი და თავისი ამბის მოყოლას ვთხოვდი, ისე "გამოვეწყვე", რომ ჩემი ჩაცმულობა თვალში არავის მოხვედროდა. ფეხები უკან მრჩებოდა. მივხვდი, ძალიან გამიჭირდებოდა ახალი "პროფესიის" თუნდაც ცოტა ხნით მორგება და არც შევმცდარვარ.

- თუ შეიძლება, თქვენ გვერდით ჩამოვჯდები ცოტა ხანს, ჟურნალისტი ვარ, ჟურნალ "გზისთვის" მასალას ვამზადებ და თქვენთან ერთად ვითხოვ დახმარებას, თან ვისაუბროთ, თუ წინააღმდეგი არ იქნებით-მეთქი, - ცოტა არ იყოს, შემცბარმა და დაძაბულმა ვთხოვე ხანში შესულ ქალბატონს და პასუხს აღარც დაველოდე, ისე მოვკალათდი მის გვერდით. უფრო უარს ველოდი, ვიდრე თანხმობას, მაგრამ მოლოდინი გამიმტყუნდა. - დაჯექი, შვილო, რაც გაინტერესებს, მკითხე და ყველაფერს მოგიყვები ჩემს გაჭირვებაზეო, - მითხრა. რატომღაც, არ გაჰკვირვებია ჩემი საქციელი და მახსოვს, გავიფიქრე: ალბათ უკვე იმდენი რამ სმენია და უნახავს, რომ აღარაფერი აკვირვებს-მეთქი. მართალიც აღმოვჩნდი - 66 წლის იზო ბეთეშვილს ბევრი გაჭირვება გადახდენია.

იზო ბეთეშვილი:

- წარმოშობით ცხინვალიდან ვარ, იქ გავიზარდე. შემდეგ მშობლებმა თბილისში გადაწყვიტეს საცხოვრებლად გადმოსვლა. 17 წლის გავთხოვდი, მაგრამ ოჯახი მალევე დამენგრა და ისევ ცხინვალში დავბრუნდი. იქ ბევრი საახლობლო მყავდა და მუშაობის დაწყებაც არ გამჭირვებია. იცით, ოსებთან როგორი თბილი ურთიერთობა გვქონდა? ჭირიც ერთი გვქონდა და ლხინიც. დღემდე მიყვარს ოსები, მათგან ცუდი არაფერი მახსოვს... შვილები გაჭირვებით დავზარდე. უფროსი გოგო თბილისში გავათხოვე. ომი რომ დაიწყო, აქეთ ჩამოვედი შვილის სანახავად და უკან ვეღარც წავედი. 12 წელი გირაოთი ვცხოვრობდი, მაგრამ ბინის მეპატრონე თაღლითი აღმოჩნდა, ჩვენ გარდა კიდევ 6 კაცისგან ჰქონდა ფული აღებული. ნოტარიუსით კი გვქონდა ხელშეკრულება გაფორმებული, მაგრამ არ ვიცი, რა გზით და როგორ ატყუებდა ხალხს. ოთახებს აგირავებდა და ფულს აღარავის უბრუნებდა. ერთმა მევალემ უჩივლა და ამ ქალს 9 წელი მიუსაჯეს. 5 წელი მოიხადა, მაგრამ 2012-ში მთავრობა რომ შეიცვალა, გამოუშვეს. ველოდებოდით, რომ ბინა გაიყიდებოდა და ყველა ჩვენ-ჩვენს თანხას დავიბრუნებდით, მაგრამ ექვსივე ოჯახი ცარიელ-ტარიელი დაგვტოვა... ყველაზე მეტი მე მქონდა მიცემული, 6 ათასი დოლარი დავკარგე და ამის გახსენებაზე, ხომ ხედავთ, ახლაც ვერ ვიკავებ ტირილს. მას შემდეგ ქირით ვცხოვრობ ერთ პატარა ოთახში და ჩემს პენსიას ყოველთვე ქირაში ვაძლევ. კიდევ კარგი, ერთი კეთილი ქალი დამეხმარა საბუთების მოგროვებაში და სოციალურ დახმარებას ვიღებ. გაიხაროს და ღმერთმა დალოცოს ყველა კეთილი ადამიანი, მაგრამ 50 და 60 ლარით როგორ ვიარსებო 66 წლის მოხუცმა? ხომ ხედავთ, ძლივს დავდივარ ხელჯოხის დახმარებით და სხვაგან სად შევძლებ მუშაობას?

- შვილები ხომ გყავთ? ისინი არ გეხმარებიან?

- როგორ არა, შვილებიც მყავს და შვილიშვილებიც - ორი ქორწინებიდან 2 შვილი და 4 შვილიშვილი მყავს. შვილები უმამოდ გავზარდე. ჩემს ყოფილ ქმრებს ერთხელაც არ უკითხავთ მათი ამბავი. ორჯერ დავქორწინდი და არც ერთხელ არ გამიმართლა, მათგან შეურაცხყოფისა და ტკივილის მეტი არაფერი მახსოვს. მოკლედ, ბედი არაფერში მქონია... ჩემმა უფროსმა შვილიშვილმა ცოლი მოიყვანა და ისინიც ქირით ცხოვრობენ. პატარა გოგო გათხოვილია, ახლახან ქმარი სიმსივნით მოუკვდა და სამი შვილი დარჩა გასაზრდელი, იმას თავისი გაჭირვება აქვს. როგორც გითხარით, უფროს გოგოსთან ვცხოვრობდი ცხინვალის ომის შემდეგ, მას საკუთარი ბინა ჰქონდა ვარკეთილში, მაგრამ გაჭირვების წლებში იფიქრა, ბინას გავყიდი და იქნებ საზღვარგარეთ წავიდე სამუშაოდო. მართლაც, გავყიდეთ და სწორედ იმ ფულით ვიგირავეთ სახლი. მერე რა უბედურებაც შეგვემთხვა, უკვე მოგიყევით...

ახლა ჩემი გოგო ბათუმში, ოჯახში მუშაობს და ცდილობს, როგორმე იმდენი მოაგროვოს, რომ ან სამუშაოდ წავიდეს სადმე, ან ისევ სახლი ვიგირაოთ. დავიღალე ქირის გადახდით. ცოტა დრო ხომ არ არის, 5 წელია "წყალს ვატან" ამდენ ფულს (ტირის). მცივა, მშია, ქარია თუ ყინვაა, იძულებული ვარ, ქუჩაში ვიჯდე და მოწყალებას ვითხოვდე. თუ არ გამოვედი და არ ვიწვალე, ვინ რას მიშველის?

- რამდენი წელია, რაც ქუჩაში მოწყალებას ითხოვთ?

- უკვე 15 წელია, რაც ასეთ გაჭირვებაში ვარ! ადრე საკუთარ თავსაც ვინახავდი და შვილებსაც ვეხმარებოდი. თავდაპირველად სახლიდან გამქონდა ყველაფერი, რისი გაყიდვაც შეიძლებოდა და ბოლოს, ღმერთს ვთხოვე, რამე მიმანიშნე, როგორ ვიშოვო ლუკმაპური-მეთქი. მეორე დღეს ავიღე პატარა სკამი და სახლთან ახლოს მდებარე ეკლესიის შესასვლელში დავჯექი სამათხოვროდ (ტირის). რომ იცოდეთ, რა ძნელი იყო პირველი გამოსვლა ქუჩაში... ნაცნობები რომ მხედავდნენ, უკვირდათ და მეც ძალიან მრცხვენოდა, მაგრამ სხვა გზა ვერ ვნახე, იძულებული გავხდი. მერე თანდათან შევეგუე ბედს და ამასობაში გავიდა 15 წელი. დასამალი რა მაქვს, ადრე იყო შემოსავალი ქუჩაში. ახლა თუ მთელი კვირა ვუნდები 20-30 ლარის მოგროვებას, მაშინ ერთ-ორ დღეში ვუყრიდი თავს და მშვიდად ვიყავი, გადასახადების ფულიც მქონდა და შიმშილიც არ მემუქრებოდა. ადრე ტანსაცმელიც ხშირად მოჰქონდათ ჩემთვის, ახლა - აღარ. ეტყობა, ყველას თავისი თავი გასჭირვებია. 2 საათამდე ვჩერდები აქ, დიდხანს ვეღარ ვძლებ. დავიფიცებ, რომ გუშინ 2 ლარზე მეტი არ შემიგროვდა. ჰოდა, ერთი პური და ორი პომიდორი ვიყიდე.

ეჰ, შვილო, როცა ფული მქონდა, მეც მიყვარდა სხვების დახმარება, ფულიც მიჩუქებია გაჭირვებული ადამიანისთვის, ტანსაცმელიც მიყიდია და ზოგჯერ ქირაც გადამიხდია, ისე შემცოდებია. ხშირად ვფიქრობ, - ალბათ, ყველა ის სიკეთე მიბრუნდება უკან-მეთქი. მე ხომ 15 წელია, ადამიანების დახმარებით ვცოცხლობ და ვსულდგმულობ...

- კარგ წარსულს ხშირად იხსენებთ?

- მუსიკალური განათლება მაქვს - აკორდეონზე ვუკრავდი, ძალიან მომწონდა ეს საკრავი. გერმანული თეთრი აკორდეონი მქონდა, მამამ მიყიდა 300 მანეთად, მაგრამ რომ გამიჭირდა, ისიც გავყიდე. არადა, როგორი ზღაპრული ბავშვობა მქონდა. დედაჩემის მშობლები შეძლებულები იყვნენ, კარგა ხანს მათთან ვიზრდებოდი და ჩიტის რძეს არ მაკლებდნენ. რა ვქნა, ყველას თავისი ბედისწერა აქვს და მეც შევეგუე ჩემს ბედს... ახლა შევნატრი იმათ, ვისაც თავისი სახლი აქვს. ვოცნებობ, მეც მქონდეს თავშესაფარი და ეზოში ვფუსფუსებდე შვილიშვილებთან ერთად...

დამადარდიანა მოხუცის ნატვრამ, მერე ხელისგული გავშალე და ჩვენი საუბრის დროს (დაახლოებით 30-40 წუთის განმავლობაში) მოგროვილი ხურდა გადავითვალე - 70 თეთრი. მაინც არა უშავს, ერთი პურის ფულია, რომელსაც ამ ქალბატონს დავუტოვებ, თანაც, ჩემს იქ ყოფნაში თვითონაც მოაგროვა ცოტა...

მასთან საუბრის შემდეგ იმის გარკვევასაც შევეცადე, რა ხდებოდა ამ მხრივ მიწის ქვემოთ და მეტროში ჩავედი. როგორც იცით, იქ სხვადასხვა ინსტრუმენტზე დაკვრითა და სიმღერით ცდილობენ ხალხის მოხიბვლას. მგზავრებიდან ზოგი ღიმილით უყურებს და უსმენს ქუჩის "მომღერლებს", ზოგიც საფულეში იქექება ხურდის მოსაძებნად. ერთი მოხუცი გარმონს "ატირებდა" მთიულურ მოტივებზე, 5-6 წლის ბიჭი კი ტამტამს გამეტებით უბარტყუნებდა ხელებს და თან, მღეროდა: "პატარა გოგო დამეკარგა, წითელპერანგა..." ერთ სტროფს წაიმღერებდა და მერე ჩამოივლიდა ჭიქით ხელში: ხურდა ჩამიყარეთო. ალბათ, ხშირად გხვდებათ მეტროში თმახუჭუჭა 11-12 წლის ბიჭიც, დოლზე რომ უკრავს და მღერის. მათთან საუბარი ვცადე, მაგრამ ამაოდ: შენთვის არა გვცალია, ვმუშაობთო. ორიოდე საათის შემდეგ კვლავ ჩავედი მეტროში იმ იმედით, იქნებ რომელიმე პატარა "მუსიკოსს" გადავაწყდე-მეთქი და მატარებლის მოლოდინში კედელთან ტამტამზე ჩამომჯდარი ის პატარა ბიჭი დავინახე, ცოტა ხნის წინ რომ გამექცა. თავი ჩაეღუნა და მონდომებით ითვლიდა იმ დღის ნაშრომ-ნაღვაწს. საკმაოდ ბევრი ხურდა ეყარა ჭიქაშიც და "შორტის" ჯიბეშიც. თავი სწორედ იმ დროს ასწია, სურათებს რომ ვუღებდი და ნაწყენმა მკითხა:

- რატომ მიშვერ მაგ ტელეფონს, სურათები გადამიღე?

- გადაგიღე, მაგრამ ასე რატომ ბრაზობ? უბრალოდ, შენი გაცნობა მინდა. არ მეტყვი, რა გქვია?

- ედუარდი მქვია. მატარებლის ვაგონებში ვმღერი და ფულს მაძლევენ. ეს ტამტამიც ჩემი ფულით ვიყიდე - 100 ლარი მივეცი.

- რამდენი ხურდა მოგიგროვებია, ყოჩაღ!

- აბა, რა, მთელი დღე ტყუილად კი არ ვუკრავ და ვმღერი, ფულს ვშოულობ.

- ტამტამზე დაკვრა და სიმღერა როგორ ისწავლე, რთული არ იყო?

- თვითონ ვისწავლე, აბა, ვინ მასწავლიდა? ძნელი სულაც არ ყოფილა, გინდა დოლზე დაგიკრავს და გინდა - ტამტამზე.

- ნათესავები თუ გყავს?

- როგორ არა, მშობლებიც მყავს და და-ძმებიც. დედა და მამა მუშაობენ, მაგრამ არ გვყოფნის. ამიტომაც ვარ ქუჩაში, მათ რომ დავეხმარო. კიდევ ორი და და ერთი ძმა მყავს (თითებზე გადაითვალა რაოდენობა). უფროსი და სკოლაში დადის, ჩემი ძმა კი ჩემზე პატარაა.

- სადაური ხარ? კარგად საუბრობ ქართულად...

- მოლდაველი ვარ, ქართული თვითონ ვისწავლე. მარტო ქართული კი არა, რუსულიც ვიცი, არაბულიც და მეგრულიც.

- ყოჩაღი ბიჭი ყოფილხარ! სკოლაში არ მინდა მისვლაო, - მითხარი და თურმე, სწავლა გყვარებია.

- რად მინდა სკოლა? ჩემი სკოლა მე თვითონ ვარ. რაც მინდა, იმას ვსწავლობ, - მითხრა სიცილით, ტამტამს ხელი დაავლო და ვაგონში თავქუდმოგლეჯილი შევარდა.

P.შ. რა თქმა უნდა, ყველა საქმეს თავისებური სირთულე და სიძნელე ახლავს, მაგრამ სულ სხვანაირი გამბედაობა და ძალაა საჭირო იმისთვის, რომ ყოველდღე, ყოველწუთს ადამიანებისგან ითხოვო დახმარება... დამიჯერეთ, წარმოუდგენლად რთული ყოფილა ქუჩაში სამოწყალოდ ხელის გაშვერა და ერთი უწყინარი სიტყვის თქმა: "დამეხმარეთ!"

ნინო ჯავახიშვილი