"გა­ი­ღე სის­ხ­ლი - გა­და­არ­ჩი­ნე სი­ცოცხ­ლე" - გზაპრესი

"გა­ი­ღე სის­ხ­ლი - გა­და­არ­ჩი­ნე სი­ცოცხ­ლე"

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, საქართველოში სისხლის დონორთა რაოდენობა საჭიროზე ბევრად ნაკლებია. კვლევების მიხედვით, ქვეყნის მოსახლეობის 38%-ს შეუძლია იყოს დონორი, თუმცა, თავისუფალ ნებას 10%-ზე ნაკლები ადამიანი გამოხატავს. სამწუხაროდ, დონორთა 95% სისხლის ჩაბარებაში ფულად ანაზღაურებას იღებს.

სისხლის საჭიროება ყველაზე მაღალია ავტოკატასტროფების, დამწვრობების, გულის ოპერაციებისა და ორგანოთა გადანერგვისას. სისხლი და სისხლის პროდუქტები მუდმივად ესაჭიროებათ უმძიმეს პაციენტებს, მათ შორის - ბავშვებს. სისხლის უანგაროდ გაცემის სტატისტიკის შესახებ, ჩვენს და სხვა ქვეყნებში უანგარო დონაციის მაჩვენებლისა და პროცესის დეტალებთან დაკავშირებით დაავადებათა კონტროლის ცენტრის ჯანმრთელობის პროექტების განმახორციელებელს, დავით ნადირაძეს ვესაუბრეთ...

- ბატონო დავით, ერთ-ერთი კვლევის მიხედვით, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის 80%-ს სისხლი არასოდეს ჩაუბარებია, 61%-ს კი დონაციის შესახებ არც კი სმენია. რამდენად შეინიშნება საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლება და შესაბამისად, რამდენად იმატებს ყოველწლიურად უანგარო დონორთა რიცხვი?

- უანგარო დონორთა რიცხვის მატება ნამდვილად შესამჩნევია. მახსოვს, 2011 წელს სისხლის უანგარო დონორობა მეტად ნეგატიურად და სტიგმატურად აღიქმებოდა. ცვლილება აშკარაა, განსაკუთრებით - ახალგაზრდებში, სოციალურად აქტიურ და ინფორმირებულ თაობაში. ყველა განვითარებულ ქვეყანაში სისხლის უანგარო დონორობა ადამიანებს, პირიქით, სიამაყეს ჰგვრის. ვცდილობთ, სხვადასხვა აქტივობის დაგეგმვითა და განხორციელებით ეს ფაქტი ჩვენთანაც საამაყოდ აღიქმებოდეს. ბევრმა, უბრალოდ არ იცის, ან ვერ აცნობიერებს, რამდენად მნიშვნელოვანია უანგარო დონორობა და რომ სისხლი, შესაძლოა, ნებისმიერ წამს ნებისმიერ ადამიანს დასჭირდეს.

- რა მდგომარეობაა ამ მხრივ სხვა ქვეყნებში?

- განვითარებულ ქვეყნებში 100%-იანი სისხლის უანგარო დონაცია აქვთ მაშინ, როცა ბოლო წლების განმავლობაში საქართველო 20-26 უანგარო დონორობის პროცენტულ მაჩვენებლს ინარჩუნებს. მაგალითად, როცა ამერიკის რომელიმე სასწავლებელში სისხლის უანგარო დონაციის აქცია იმართება, ერთმანეთს ეჯიბრებიან, ცდილობენ, უფრო მეტი უანგარო დონორი მოაგროვონ, ვიდრე ეს სხვა სასწავლებელმა შეძლო და მაგალითის მიცემით პირველი ადგილი დაიკავონ.

- რამდენად უსაფრთხოა ჯანმრთელი ადამიანისთვის სისხლის დონაცია და რამდენად სწრაფად აღიდგენს ორგანიზმი ამ დანაკარგს?

- სისხლის გაღება აბსოლუტურად უსაფრთხოა ჯანმრთელი ადამიანისთვის. ეს კონფიდენციალური პროცესია, შესაბამისად, დონორის ანონიმურობა დაცულია. დონორის სისხლს იკვლევენ ინფექციებზე, მათ შორის - ჰეპატიტებსა და შიდსის ვირუსზე. პროცესში მხოლოდ ერთჯერადი მასალა გამოიყენება და დონორი აბსოლუტურად დაცულია ინფექციისგან. რაც შეეხება გაღებული სისხლის აღდგენას, ეს სწრაფადვე ხდება და ადამიანს ხელმეორედ დონორობა ორი თვის შემდეგ კვლავ შეუძლია.

- არაოფიციალური ინფორმაციით, სისხლის უსასყიდლოდ ჩამბარებელთა რაოდენობა არც ისე მცირეა, თუმცა, სისხლი და სისხლის პროდუქტები მიზანმიმართულად არ გამოიყენება და რომ მავანნი ამით არაკეთილსინდისიერად სარგებლობენ...

- სისხლი თანაბრად ხმარდება ყველა იმ პაციენტს, ვისაც ის სჭირდება. სისხლის ვარგისიანობის მაქსიმალური ვადა 42 დღეა. თრომბოციტები კი მხოლოდ 5 დღე ინახება. ეს იმას ნიშნავს, რომ სისხლის ბანკებს ჯანმრთელი დონორების გარკვეული რაოდენობა ყოველდღე ესაჭიროება. სტატისტიკის მიხედვით, სისხლის გადასხმა წელიწადში 10-15 ათას ადამიანს სჭირდება. თითოეულ პაციენტზე, საშუალოდ, 4 ერთეული სისხლი იხარჯება. გამოთვლილია, რომ ადამიანების 85%-ს 75 წლის ასაკამდე ერთხელ მაინც სჭირდება სისხლი.

- რამდენად სანდოა სისხლი, რომელსაც დონორი ფინანსური დაინტერესების მიზნით გასცემს? არსებობს რისკი, რომ მან საკუთარი ჯანმრთელობის რეალური მდგომარეობა დამალოს? შესაძლებელია თუ არა ამ ფაქტის გამორიცხვა?

- რა თქმა უნდა, ფასიანმა (ე.წ. კადრის) დონორმა შეიძლება დამალოს ინფორმაცია საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ და მიუხედავად სისხლის ყოველმხრივი შემოწმებისა, მისი სისხლი ფატალური აღმოჩნდეს სხვისთვის. შესაბამისად, უანგარო დონორობისას რისკი მინიმალურია, ფასიანი დონორობისას - მაღალი.

- ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, საქართველოში დონორთა ნახევარზე მეტი ქალია. ეს მონაცემი მამაკაცების ნემსის მიმართ შიშს ხომ არ უკავშირდება?

- ქალთა ძირითადი ასაკობრივი ჯგუფი (დონორთა 48%) 25-44 წლით განისაზღვრება. საერთოდ, ქალბატონები სოციალურად მეტად აქტიურები არიან და გულთან ბევრად ახლოს მიაქვთ დონაციის მნიშვნელობა, ვიდრე - მამაკაცებს. ჩემი გამოცდილების მიხედვით, ნემსის თითქმის ყოველ მეორე მამაკაცს ეშინია, როცა ნემსით შეშინებული სულ რამდენიმე ქალბატონი მინახავს...

შორენა ლაბაძე