სა­ხის კანს უხ­დე­ბა სა­ლა­თა და არ უხ­დე­ბა ხორ­ცი­ა­ნი კერ­ძე­ბი - გზაპრესი

სა­ხის კანს უხ­დე­ბა სა­ლა­თა და არ უხ­დე­ბა ხორ­ცი­ა­ნი კერ­ძე­ბი

თუ გინდათ, რომ კარგად გამოიყურებოდეთ, პირველ რიგში, კარგი სახის კანი უნდა გქონდეთ. თითოეული ქალი თავის გარეგნობას და ჯანმრთელობას ყოველდღე რამდენიმე წუთს მაინც უნდა უთმობდეს. იმის შესახებ, თუ როგორ მოვუაროთ და დავიცვათ სახის კანი, კოსმეტოლოგი ნინო ჯავახიშვილი მოგვითხრობს.

- თუ გინდათ, დაადგინოთ, ცხიმიანი კანი გაქვთ თუ არა, ღამით კარგად დაიბანეთ სახე, ხოლო დილით ხელსახოცი დაიდეთ ცხვირზე; თუ ქაღალდს ლაქა გაუჩნდება, მაშინ თქვენი კანი ცხიმიანია. თუ ვერ აღმოაჩენთ ცხიმოვან ლაქას, ე.ი. თქვენი კანი მშრალია. გარდა ამისა, თუ კანზე თმის საფარი უხვადაა, ესეც კანის ცხიმიანობაზე მიანიშნებს. თუ შუბლი დანესტიანებულია, ე.ი. თქვენი კანი ცხიმიანობისკენ იხრება. თუ შუბლი მშრალია და ცხიმიანობა მარტო ცხვირსა და ნიკაპზე შეინიშნება, ნორმალური კანი გქონიათ.

ცხიმიანი კანისთვის კარგია მჟავე გემოს მქონე პროდუქტის ნიღაბი - მაგალითად, გახეხილი ვაშლის, კომშის, ლიმონის, გატარებული ოხრახუშის და სხვა. კენკროვანი და მჟავიანობის შემცველი პროდუქტის პირდაპირ კანზე დადება იწვევს კანის გაღიზიანებას, ამიტომ ამგვარი ნიღაბი კრემის ზემოდან დაიდეთ.

მშრალი კანისთვის აუცილებელია არაჟნის, კვერცხის და ხაჭოს ნიღაბი გაიკეთოთ. სახისთვის აუცილებელია ტონიკის ხმარება, რომელიც ძალზე მარტივად, თავადვე შეგიძლიათ დაამზადოთ: აიღეთ ჩვეულებრივი წესით მომზადებული ნაყენი - გვირილის, სალბის, გულყვითელას ან მრავალძარღვასი. მაგალითად, გვირილის 100 გ ნაყენს დაუმატეთ 1 ს/კ თეთრი ნატურალური ღვინო და ამ მასით დღეში რამდენჯერმე დაინამეთ სახე. კანისთვის არაჩვეულებრივია ჰერკულესის ნიღაბი. თუ ცხიმიანი კანი გაქვთ, ჰერკულესის ფაფას დაუმატეთ რამდენიმე წვეთი ლიმონის წვენი, ხოლო თუ მშრალი კანი გაქვთ, ლიმონის წვენის ნაცვლად - ზეითუნის ზეთი. სახის კანისთვის კარგია სიმინდის ფქვილისგან მომზადებული ნიღაბიც: აიღეთ სიმინდის ფქვილი, დაასხით ცხელი წყალი, მიიღეთ ფაფისმაგვარი მასა და თუ ცხიმიანი კანისთვის გინდათ, დაუმატეთ ლიმონის რამდენიმე წვეთი, ხოლო თუ მშრალი კანი გაქვთ - თაფლი ან ზეითუნის ზეთი.

- ზაფხულში კანი მზის სხივების გავლენით, საკმაოდ ზიანდება, არა?

- დიახ, ასეა. ზღვაზე წასვლის წინ, გირჩევთ: სანაპიროზე გახვიდეთ დილით 9-დან 11-მდე და საღამოს 6-დან 8-მდე. მზის სხივებისაგან კანის დაცვა აუცილებელია, რადგანაც მზე კანს აშრობს და წვავს. ზღვაზე პირველი სამი დღე აუცილებლად უნდა წაისვათ დამცავი კრემი, ხოლო შემდეგ, გასარუჯი კრემი. დაუშვებელია პირველსავე დღიდან გასარუჯი კრემის ხმარება. ამ დროს მზის სხივები უფრო ღრმა აღწევს ფენებში, რაც კანის გადაგვარებასა და დაბერებას იწვევს. გირჩევთ, კანი არ დაიწვათ მცხუნვარე მზით, რადგანაც დამწვრობა სიმსივნური უჯრედების წარმოქმნას უწყობს ხელს.

- და როგორ უნდა მოვიქცეთ, თუ კანი მაინც დაგვეწვება?

- დამწვრობის შემთხვევაში, პირველ რიგში, აიღეთ 96%-იანი სპირტი და დაისხით კანის დამწვარ მონაკვეთზე. ამის შემდეგ, შეგიძლიათ იხმაროთ ნებისმიერი დამწვრობის მალამო. დამწვრობისას არავითარ შემთხვევაში არ გამოიყენოთ ზეთი ან კვერცხის ცილა - ამით კანი `იხუთება~ და დამწვრობა უფრო ღრმავდება. დამწვრობის დროს უებარია ცივი მაწონიც, რომელიც კანის გაგრილებასა და ქსოვილების აღდგენას უწყობს ხელს.

ზაფხულში ძალზე სასარგებლოა მინერალური წყლის დიდი რაოდენობით მიღება და სახის ჩამობანაც. განსაკუთრებით 40 წლის შემდეგ ყველასთვის აუცილებელია მინერალების მიღება. აიღეთ ნებისმიერი მინერალური წყალი, ჩამოიბანეთ პირი და რაც მთავარია, არ შეიმშრალოთ. კანისთვის ძალიან კარგია ნესვის რბილობის დადებაც - იმ ნაწილისა, რომელშიც თესლია. სასარგებლოა, კიტრის კანით სახის გაწმენდაც.

- სახის კანისთვის ძალზე მნიშვნელოვანია კვებაც. ასეა?

- რა თქმა უნდა, კვებას დიდი მნიშვნელობა ენიჭება. კანზე მოქმედებს ისეთი საკვები, რომელშიც კონსერვანტებია. მაგალითად: წვენები, გაზიანი ტკბილი წყალი, მაიონეზი, შოკოლადი და ყავა. სხვათა შორის, მაიონეზი უნდა ფუჭდებოდეს ზუსტად 3 დღეში, მაგრამ ჩვენში თვეების განმავლობაში არ ფუჭდება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მასში უამრავი კონსერვანტია. რაც შეეხება ყავას - თუ სვამთ, ეცადეთ, ხარისხიანი მიირთვათ. კანისთვის სასარგებლოა ბალახებზე დამზადებული ნაყენი. კარგია გვირილის, ლიმონის, კუნელის ჩაი, კომშის ფოთლებისგან დაყენებული ჩაი და სხვა. კანზე უარყოფითად მოქმედებს პურ-ფუნთუშეული. ზაფხულში ეცადეთ, რაც შეიძლება ხშირად მიიღოთ მცენარეული საკვები. მიიღეთ მწვანე სალათა, ბოსტნეულის სალათა და რძის ნაწარმი. მოერიდეთ ხორციან კერძებს.

რა ხერხს მიმართავენ ქალები სილამაზის შესანარჩუნებლად

მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, ქალები სილამაზის შესანარჩუნებლად სხვადასხვაგვარ ხერხს მიმართავენ. ყველას თავისი საიდუმლო აქვს, მათი ტრადიციული მეთოდები კი გაცილებით მარტივია, ვიდრე იმ მეცნიერთა ძიებანი, რომლებიც ცდილობენ, ქიმიური და ბუნებრივი პროდუქტების სინთეზით მარადიული სილამაზის ფორმულა შექმნან. დავიწყოთ იმ ქვეყნით, სადაც ყველაზე ბევრი ლამაზმანია. ეს არის საფრანგეთი.

ფრანგი ქალები

ფრანგი ქალები თვეში 2-3-ჯერ სამდღიან დიეტას იცავენ. პომიდორს, ნიორს, კომბოსტოს, მწვანე წიწაკას და მარცვლეულს ნელ ცეცხლზე ხარშავენ და დღეში სამჯერ (სამი დღის განმავლობაში) მიირთმევენ. დღის განმავლობაში იღებენ ბევრ სითხეს, მათ ყოველდღიურ რაციონში აუცილებლად შედის წვნიანი კერძი. ფრანგი ქალების საყვარელი ხილია ყურძენი, რომელსაც სხეულის გასაახალგაზრდავებლადაც იყენებენ. ყურძნისა და მისი წიპწისგან დამზადებული ექსტრაქტები თითქმის ყველა ფრანგული კოსმეტიკური ფირმის პროდუქციის შემადგენლობაში შედის. ფრანგი ქალები განსაკუთრებული ყურადღებით არჩევენ პარფიუმერიას. ვიტამინებით მდიდარი მათი ლოსიონები მართლაც სასწაულს ახდენს. 50 წელს გადაცილებული ფრანგი ქალებისთვის ჩვეულებრივი მოვლენაა მკერდისა და ტუჩების გადიდება. ისინი ხშირად მიმართავენ ესთეტიკურ ქირურგიას და ღრმა მოხუცებულობაშიც ცდილობენ, ისე გამოიყურებოდნენ, როგორც ეს კლასიკური ტიპის ფრანგ ქალს შეშვენის.

ინგლისელი ქალები

ინგლისელი ქალები ორგანიზმის გამწმენდ წვენებსა და ბალახეულ ნაყენებს ეტანებიან. ძალზე მოსწონთ ხილის ნიღბები და ხშირადაც იყენებენ. საუკუნის დასაწყისში ინგლისი ესთეტიკური ქირურგიის აკვანს წარმოადგენდა, დღეს კი სულ სხვაგვარი ვითარებაა. ლონდონში გაცილებით დაბალკვალიფიციური ქირურგები არიან, ვიდრე საფრანგეთსა და ამერიკაში. ალბათ ამიტომ არის, რომ ბევრი ინგლისელი ქალი გასალამაზებლად პარიზში ჩადის. თუ რამდენიმე ხნის წინ ინგლისელ მანდილოსნებს ამერიკელი ლამაზმანების სტანდარტული გარეგნობა ხიბლავდათ და ჰბაძავდნენ კიდეც მათ, ახლა საკუთარი ინდივიდუალურობისა და სექსუალურობისთვის ხაზის გასმას ცდილობენ. მათ სურთ დიდი ტუჩები ჰქონდეთ და ახალგაზრდული იერი შეინარჩუნონ. ინგლისელი ქალები ძალიან პრაქტიკულები არიან, გამოყენებულ ჩაის პაკეტს კი არ აგდებენ, მაცივარში ინახავენ და როგორც კი თვალების გადაღლას იგრძნობენ, თვალის ქუთუთოზე იდებენ. არ ეზარებათ სისტემატურად იზრუნონ საკუთარ გარეგნობაზე და შედეგიც სახეზეა.

ამერიკელი ქალები

ამერიკელი ქალები ხშირად იცავენ სხვადასხვა დიეტას. ცდილობენ ყველაფერი უმი მიირთვან. ამერიკაში პლასტიკური ქირურგია პოპულარობის ზენიტშია. პლასტიკური ქირურგიის ამერიკული ასოციაციის მონაცემებით, ფიზიოლოგიური ხსნარით მკერდი ამერიკელი ქალების 45%-მა გაიდიდა. უმეტესობას სურს შეიცვალოს ცხვირის ფორმა, იკეთებენ ლიპოსაქციას და ლიფტინგს, მაგრამ მათი მთავარი პრობლემა მაინც ჭარბი წონაა. ამერიკელი ქალების უმრავლესობას ფიზიკური ვარჯიში ეზარება, ამიტომ იქ პოპულარულია სპეციალური ქამრებისა და ჟილეტების საშუალებით სხეულისთვის სასურველი ფორმის მიცემა.

გერმანელი ქალები

ისინი თვლიან, რომ ქალი ისე გამოიყურება, როგორც იკვებება. უპირატესობას ბოსტნეულსა და მათგან დამზადებულ წვნიანებს ანიჭებენ. კვირაში ორჯერ ორგანიზმის გასაწმენდად მკაცრად იცავენ კვების რეჟიმს. განსაკუთრებით უვლიან თმას და სახის კანს. უმეტესობა მისდევს სპორტს და უფრო გვიან ბერდებიან, ვიდრე მათი მეზობელი ევროპელი ქალები. ალბათ ამიტომ არის, რომ გერმანიაში პლასტიკური ოპერაციები მოდაში არ არის. ერთადერთი, რაც პოპულარულია, ქუთუთოების კორექციაა.

იაპონელი ქალები

იაპონელი ქალები სხეულს იოგის მეშვეობით იხვეწენ. მათთვის ბანაობა ნამდვილი რიტუალია. სააბაზანოში სურნელოვანი ზეთებით გაჟღენთილ ტომსიკას ათავსებენ, რომელსაც მატონიზებელი და დამამშვიდებელი ზემოქმედებაც აქვს. იაპონელი ქალები ცხიმიანი კანით ხასიათდებიან. ცხიმის მოსაცილებლად წითელი ლობიოს მარცვლებს ფქვავენ, მას ცოტაოდენ წყალს უმატებენ და წებოსმაგვარი სითხით სახეს იწმენდენ. კერძებში წყალმცენარეებს, ბრინჯსა და სოიის ნორჩ ღეროებსაც ამატებენ. მათი რწმენით, ისინი ხელს უწყობს კანისა და თმის ბრწყინვალებას. მშრალ კანს, ასეთი კი იაპონელი ქალების უმცირესობას აქვს, ქოქოსის ზეთით კვებავენ. მათი ძირითადი პრობლემა დავიწროებული ქუთუთოებია, რომელიც მათ თვალებს იმაზე უფრო პატარას და ვიწროს აჩენს, ვიდრე სინამდვილეში აქვთ. ქუთუთოების პლასტიკური ოპერაციის შემდეგ, ცხვირის `გადაკეთებაზე~ ზრუნავენ. ქირურგები მათ ცხვირებს ფუძეზე მყარი სილიკონის დამატებით ადიდებენ. ქუთუთოებისა და ცხვირის პრობლემების მოგვარების შემდეგ, არანაკლებ ყურადღებას აქცევენ ფეხებს. ფეხების ლიპოსაქცია ძალიან მტკივნეული და ხანგრძლივი ოპერაციაა, მაგრამ სილამაზისთვის ღირს რისკზე წასვლა.

მხიარულების მანერა

დღეს კომპიუტერი ადამიანს უკვე სიცილის მიხედვით ცნობს. საკმარისია, ერთი გადაიხარხაროთ და მიკროფონი უმალვე დაიჭერს საჭირო სიხშირეს, ინტონაციას, ტონებს...

ავსტრალიელი სპეციალისტების აღმოჩენა იმ ფაქტზეა დაფუძნებული, რომ თითოეული ადამიანის სიცილი განუმეორებელია. სიცილის მანერა კი ყოველთვის შეესაბამება ადამიანის ხასიათს.

სიცილისას ნეკა თითით ტუჩებს ეხებით - საკუთარი შეხედულებები გაქვთ კარგი ტონის, გრაციოზულობისა და ქალურობის შესახებ და ცდილობთ მათ შეესაბამებოდეთ, გიყვართ ყურადღების ცენტრში ყოფნა.

პირზე ხელს იფარებთ - საკუთარ თავში არ ხართ დარწმუნებული. სიმორცხვის გამო ყოველთვის ჩრდილში ყოფნა გირჩევნიათ.

თავს უკან სწევთ - მიმნდობი ხართ. ზოგჯერ მოულოდნელი საქციელი გჩვევიათ. მხოლოდ გრძნობებით ხელმძღვანელობთ.

ხელით სახეს ან თმას ეხებით - ასე მეოცნებენი და ფანტაზიორები იქცევიან.

ცხვირს ჭმუხნით სიცილისას - თქვენი გრძნობები და შეხედულებები ხშირად იცვლება. ემოციური ადამიანი ხართ და ამასთანავე, ჭირვეულიც. იოლად ემორჩილებით წუთიერ განწყობილებას.

ხმამაღლა იცინით და პირს ფართოდ აღებთ - ტემპერამენტიანი ადამიანი ხართ. თავშეკავება და ზომიერება გაკლიათ. გიყვართ ლაპარაკი, მაგრამ არ გიყვართ სხვების მოსმენა.

თავს წინ ხრით, ვიდრე ჩუმად ჩაიცინებდეთ - კეთილსინდისიერი ხართ, კარგად ეგუებით გარემოსა და ადამიანებს. გრძნობებს ყოველთვის აკონტროლებთ.

ხელს ნიკაპს ჰკიდებთ - თქვენს ასაკზე უფრო ახალგაზრდული ხასიათი გაქვთ. ხშირად დაუფიქრებელი მოქმედებები გახასიათებთ.

სიცილის დროს არ გაქვთ კონკრეტული მანერა - თქვენ ინდივიდუალისტი ხართ. ყოველთვის და ყველაფერში საკუთარი აზრი გაქვთ. სხვებისას არ ითვალისწინებთ.