"ვიბრძოდი, ვიმარჯვებდი, მიხაროდა, მტკიოდა"...
"ბოლოს აღმოჩნდა, რომ მუსიკაა ჩემი პროფესია. იურიდიულ ფაკულტეტზე რა მინდოდა, არ ვიცი."
პრეამბულის მაგიერ
- ამ რუბრიკაში სტუმრობას ჩემი რესპონდენტები ხშირად გამოცდაზე გასვლას ადარებენ. შენთვის ეს სიტყვა რასთან ასოცირდება?
- ბარიერის გადალახვასთან, დაძაბულობასთან. არ მიყვარს. ამ დროს ვიბნევი და ბევრი რამ მავიწყდება. შეიძლება ისიც კი ვერ ვთქვა, რომ ყველი მჭადის "ძმაკაცია".
- როგორი მკითხველი ხარ?
- 2004-2005 წლებამდე ბევრს ვკითხულობდი. დღეს დროის უქონლობის გამო, ისეთი მკითხველი ვერ ვარ, როგორსაც ვისურვებდი.
- პირველი წიგნი, რომელმაც წარუშლელი შთაბეჭდილება მოახდინა, რომელი იყო?
- ეს ბავშვობაში იყო. იმ პერიოდში უმეტესად, სათავგადასავლო ჟანრის ლიტერატურას ვკითხულობდი. მახსოვს, ყველა ამბავსა და პერსონაჟს ჩემებურად აღვიქვამდი, ისინი ჩემს წარმოდგენაში ხორცშეხმული ადამიანები იყვნენ. მათსავით ვიბრძოდი, ვიმარჯვებდი, მიხაროდა, მტკიოდა...
- კარგი მეხსიერებით გამოირჩევი?
- სამწუხაროდ, კარგი მეხსიერება არ მაქვს. რომ მთხოვო, სიმღერის ტექსტი მითხარიო, შეიძლება ვერ გავიხსენო. საკმარისია, მუსიკა ჩაირთოს, მელოდია გავიგონო და სიტყვებიც გამახსენდება.
- ნაწარმოების კითხვისას, როგორ პერსონაჟებს გულშემატკივრობ?
- დადებითი ენერგიის მატარებელ გმირებს ვგულშემატკივრობ. საერთოდ, ცხოვრებაშიც ადამიანის გარეგნობაზე მეტად მის ხასიათს უფრო დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ. ჩემთვის მთავარია, დადებითი აურა ვიგრძნო. ცოტათი მოგიჟო და უბოროტო ადამიანები მიყვარს. მეც ასეთი ვარ.
- პოეზია გიყვარს?
- რა თქმა უნდა, მიყვარს. ლექსი თავადაც დამიწერია.
- ვისთვის მიგიძღვნია?
- რთულად გამოსაცნობი არ უნდა იყოს (იცინის).
- ამჯერად დაძაბული ნუ იქნები. სანამ კითხვარზე გადავალთ, მინდა, შემოქმედებით საქმიანობაზე გკითხო. "ქუჩის ბიჭებისკენ" რა სიახლეა?
- ერთი სიმღერა ჩავწერეთ, ახლა მიდის მოლაპარაკება, რომ მასზე ვიდეო რგოლი გადავიღოთ. ეს არის რამდენიმე სიმღერის პოპური. საკმაოდ სახალისოა, მგონია, მოგეწონებათ. ჯერ არ ვიცით, რომელ რეჟისორთან ვითანამშრომლებთ.
- ვიდრე სახლს ამოირჩევდე, ვინ გაიცანიო, რას გვირჩევენ ჩინელები?
- არ ვიცი. სახლის მფლობელი?
- არა.
- აბა, მეზობელი?
- გამოიცანი. ის ევროპის მასშტაბით ერთ-ერთი უდიდესი ეროვნული პარკია. 1995 წელს დაარსდა. ფლორითა და ფაუნით გამორჩეულია, მრავალფეროვანია გეოგრაფიული და ეკოლოგიური ზონებით. ის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი პირველი ეროვნული პარკია კავკასიაში. დაასახელე, რომელ პარკზეა ლაპარაკი?
- თუ არ ვცდები, ეს პარკი ჩემს მხარეში არის. ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკს ვგულისხმობ.
- დიახ. იქ ნამყოფი ხარ?
- ერთხელ ვიყავი, წარმოუდგენლად ლამაზი ბუნებაა. ზღაპრული ადგილია, რომელსაც ლომის მთას ეძახიან. იმდენად მაღლა ხარ, ღრუბლებს ზემოდან გადმოჰყურებ და ღამე გგონია, ხელს მაღლა თუ ასწევ, ვარსკვლავებს შეეხები. ეს ადგილი ცხოვრებაში ერთხელ მაინც უნდა ნახოს ყველამ, ზღაპარია.
- ფეხით ხეტიალი, ღამის კარავში გათენება გიყვარს?
- მიყვარს, მაგრამ ცოტათი გაზარმაცებული ვარ. ლომის მთაზე მანქანით მისვლაც შეიძლება.
- შემდეგ კითხვაზე გადავიდეთ. მხატვრობაში ერკვევი?
- (იცინის) პიკასო მქვია და... ბავშვობაში ჩემებურად "ვხატავდი". პიკასო მამამ დამარქვა და ეს მეტსახელი დღემდე შემომრჩა.
- რომელ მხატვარს უწოდებდნენ "შუქჩრდილების დიდოსტატს"?
- არ ვიცი.
- მიგანიშნებ, ის 1606 წლის 15 ივლისს, ლეიდენში, მეწისქვილის ოჯახში დაიბადა, იყო ბაროკოს ეპოქის ერთ-ერთი წარმომადგენელი, რომელმაც მთელ ჰოლანდიურ ფერწერაზე უდიდესი ზეგავლენა მოახდინა, თანამედროვეებმა ის ვერ დააფასეს, უკიდურეს სიღარიბეში გარდაიცვალა.
- ვერ გიპასუხებ.
- რემბრანდტი. რომელი კომპოზიტორის მუსიკა დაედო საფუძვლად საქართველოს ჰიმნს?
- ზაქარია ფალიაშვილის.
- ვინ არის ტექსტის ავტორი სიმღერისა - "ტრიალებს", ფილმიდან - "ვერის უბნის მელოდიები"?
- მორის ფოცხიშვილი.
- "საშველს რომ აღარ მაძლევს ხოლმე/ მამულზე ფიქრი,/ ხანდახან გულში ღიმილით ვიტყვი: -/ რა ჩემი ჭკუის საქმეა ნეტა,/ მამულო ჩემო, გალხინს თუ გაჭირს! -/ რომელი მეფე ერეკლე მე ვარ!/ ანდა რომელი მსაჯული მისი!/ პასუხად მყისვე,/ ვითარცა სეტყვა,/ ვინც კი და რაც კი არსებობს ირგვლივ, -/ იხუვლებს ხოლმე, იხუვლებს ერთხმად - / ღალატიაო მაგგვარი ფიქრი!" - ვინ არის ამ ლექსის ავტორი?
- მუხრან მაჭავარიანი.
- ვინ იყო თამარ მეფისთვის დავით ნარინი?
- შვილიშვილი.
- ერთ-ერთი კეისრის მიერ წარმოთქმული რომელი სიტყვები წერია "მარლბოროს" კოლოფზე?
- არ ვიცი.
- "მიველ, ვნახე, გავიმარჯვე". ეს ნაწარმი აბრეშუმის უწვრილესი ძაფებით, ნაწილ-ნაწილ იქსოვებოდა. მისი მოქსოვის ტექნოლოგია ერთმა პარიზელმა მკერავმა, XVI საუკუნის დასაწყისში შექმნა. დაასახელე მისი გვარი.
- ვერ გიპასუხებ.
- გობელენი. 1915 წელს, ისლანდიაში მშრალი კანონი შემოიღეს, 1932 წელს კი მოხსნეს და აკრძალვა მხოლოდ ერთი სახეობის სასმელზე დატოვეს, რომელიც პოლიტიკოსთა აზრით, ქვეყნის ალკოჰოლიზაციას იწვევდა. რომელ სასმელზეა ლაპარაკი?
- აბსენტზე?
- არა.
- აბა, ლუდზე?
- გამოიცანი. ლუდი გიყვარს?
- ძალიან, მაგრამ წონაში მატების გამო ვცდილობ, თავი შევიკავო.
- "მითხარი, ვინ არის შენი მეგობარი და გეტყვი, ვინ ხარ შენ". - ამ გამონათქვამს ეთანხმები?
- რა თქმა უნდა.
- ცნობილი ფრანგი მწერალი, პოლ ვალერი ამბობდა: - "ნურასოდეს იმსჯელებთ ადამიანის შესახებ მათი მეგობრების მიხედვით, გაიხსენეთ თუნდაც..." ვინ დაასახელა წინადადების ბოლოს მწერალმა?
- (ფიქრობს) პასუხი არ ვიცი. ქრისტეს მოწაფეებთან? ა!!! იუდა ისკარიოტელს დაასახელებდა.
- ნადირობა გიყვარს?
- არასდროს მინადირია.
- თუ ბერძენ მონადირეებს დავუჯერებთ, ბოლო დროს ფრინველები ძალიან გაეშმაკდნენ. საშემოდგომო გადაფრენისას ისინი ცდილობენ, საბერძნეთს ორშაბათობით გადაუფრინონ. რატომ წარმოადგენს ეს ბერძენი მონადირეებისთვის პრობლემას?
- ალბათ მძიმე დღეა და სანადიროდ არ სცალით.
- არა.
- აბა, ორშაბათობით არ ნადირობენ?
- გამოიცანი.
- ლოგიკური აზროვნებით მივხვდი, თორემ არ ვიცოდი.
- ამ ტროპიკული ტყის ფართობი 5 მილიონი კვადრატული კილომეტრია. მისი 60% ბრაზილიაში მდებარეობს, 13% - პერუში. ტერიტორიის დანარჩენი ნაწილი კოლუმბიის, ვენესუელის, ეკვადორის შემადგენლობაში შედის. ამ ტყეს ხშირად "მსოფლიოს ფილტვებსაც" უწოდებენ. რომელ ტყეზეა ლაპარაკი?
- ამაზონის ტყე.
- რომელმა ლიტერატურულმა გმირმა იმოგზაურა ლილიპუტების ქვეყანაში?
- გულივერმა.
- რომელ ქვეყანაში იყო ფაშას ტიტული?
- ოსმალეთში.
- დაასახელე სპორტის სახეობა, რომლის წარმომადგენლებსაც ნომრები ქუდებზე აწერიათ.
- წყალბურთი.
- დაბოლოს, დაასრულე დიდროს ცნობილი გამონათქვამი: "ძნელი არ არის, იყო კეთილი. უფრო ძნელია, იყო..."
- ვერ დავასრულებ.
- "... სამართლიანი".
თამუნა კვინიკაძე, ჟურნალი "გზა"