რამდენიმე წესი სრულფასოვან პიროვნებად ჩამოყალიბებისთვის - გზაპრესი

რამდენიმე წესი სრულფასოვან პიროვნებად ჩამოყალიბებისთვის

სრულფასოვან პიროვნებად ჩამოყალიბების თეორიულ კურსს ("ლიდერობის პრაქტიკული ფილოსოფია") საფუძველი ლექტორებმა, და-ძმა ნათია და ზაზა ქოიავებმა ჩაუყარეს. თეორიის მიხედვით, ადამიანის შემდგარ პიროვნებად ჩამოყალიბებისთვის, როგორც პირად, ისევე საზოგადოებრივ ურთიერთობაში აუცილებელია ოთხი ძირითადი ინტელექტის (ფიზიკური, გონებრივი, ემოციური, სულიერი) განვითარება. თითოეულ მათგანზე მუშაობა და შედეგის მიღწევა შესაძლებელია მიუხედავად პიროვნების თანდაყოლილი ჩვევებისა თუ ხასიათის სირთულეებისა. ოთხი მთავარი ინტელექტის განვითარებისა და მათი სწორად, მიზანმიმართულად "გამოყენების" შესახებ და-ძმას გვესაუბრა.

ზაზა ქოიავა:

- ლიდერობის პრაქტიკული ფილოსოფია შემდეგ თემებს მოიცავს - ვინ ხარ, რა გინდა, საით გინდა წასვლა და როგორ უნდა აღმოაჩინო საკუთარი ძლიერი მხარეები? შვიდ მთავარ ჩვევას შორის ერთ-ერთი ადამიანის ბუნების ოთხი ძირითადი ინტელექტის (ფიზიკური, გონებრივი, ემოციური, სულიერი) განვითარებაა. ეს ეხება როგორც სამსახურებრივ, ისე საზოგადოებრივ ურთიერთობებს. ემოციური ინტელექტი ჯანსაღი კომუნიკაციის, მეგობრობის შედეგად მიიღწევა, სულიერი - იმ საქმის კეთებით, რომელიც მოგწონს. სხეული არის გონების, გულისა და სულის ინსტრუმენტი. თუ სხეულს სულსა და სინდისს დავუქვემდებარებთ, გავხდებით საკუთარი თავის ბატონნი, ანუ თავისუფალნი და მაშინ ვეღარავინ დაგვამარცხებს.

- ხშირად გონებრივი განვითარების, სამსახურებრივი თუ ოჯახური მოვალეობების გამო, სხეულის ჯანმრთელობის მნიშვნელობა ყურადღების მიღმა გვრჩება...

- დიახ, ნამდვილად ასეა, არადა, ამით დიდ შეცდომას ვუშვებთ. სხეულის გადაღლა მალევე გამოიწვევს გონებრივი, სულიერი და ემოციური რგოლის ჩავარდნასაც. ფიზიკური ინტელექტის განვითარებისთვის საჭიროა ჯანსაღი, ყუათიანი კვება, თანამიმდევრული და სისტემატური ვარჯიში, შესატყვისი დასვენება, რელაქსაცია და სტრესული გარემოს მართვა. დაავადებების 2/3-ზე მეტი ცხოვრების წესის უკუღმართობით, არასწორი კვებით, ალკოჰოლის მიღებით, მოწევით, არასაკმარისი დასვენებითა და რელაქსაციითაა გამოწვეული. როდესაც საკუთარ სხეულს არ ვუვლით და ჯანრთელობას ვკარგავთ, მაშინ გონებრივ სიმკვირცხლეზეც უარს ვამბობთ, სხვისადმი ემპათიას და ემოციურ ინტელექტსაც ვივიწყებთ და ჩვენი გაცილებით დიდი მიზნისადმი ერთგულებაც ხუნდება. რაც შეეხება გულის "მოთხოვნას", ეს გახლავთ - "მომეპყარი გულისხმიერად". საჭიროა გვქონდეს ჯანსაღი, გულწრფელი ურთიერთობები და კომუნიკაცია.

ნათია ქოიავა:

- გონებრივი განვითარებისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფუნქცია კითხვას ეკისრება. საჭიროა უწყვეტი, სისტემური და დისციპლინირებული სწავლა და თვითგანათლება, სწავლის პრაქტიკაში გადატანა, ნასწავლის სხვებისათვის გაზიარება და საკუთარი თავის შეცნობა. გონების მოთხოვნაა "გამომიყენე შემოქმედებითად". ტვინი ჩვეულებრივი კუნთია და კითხვის, მუშაობის, ანალიზის შედეგად ვითარდება. ეს არ ნიშნავს, რომ რაც შეიძლება მეტი წიგნი უნდა წაიკითხო, არამედ მეტი ინფორმაცია უნდა მიიღო და შემდეგ ცხოვრებაშიც გამოიყენო. ნაკითხია ადამიანი, ვისაც ბევრი აქვს წაკითხული, ხოლო წიგნიერია, ვინც მიღებულ ინფორმაციას პრაქტიკაში იყენებს. თეორიის პრაქტიკაში გადატანა მარტივი არ არის, მაგრამ შესაძლებელია. გონებას ის უნდა შევთავაზოთ სამუშაოდ, რაც მას სიამოვნებს. არასასიამოვნო საქმის კეთება ერთ საათში მეტად დაგღლის, ვიდრე საყვარელი საქმით მთელი დღის მანძილზე დაკავება. საყვარელი საქმის კეთებით სულიერ ინტელექტსაც კვებავ. სულიერი და გონებრივი ინტელექტის განვითარებისას ტვინში გამოიყოფა სერატონინი და დოფამინი. სერატონინი თვითანალიზის, თვითაღიარების, დოფამინი კი თავდაჯერებულობის ჰორმონია. სტრესულ სიტუაციაში მუშაობისას ტვინი სავსეა დეპრესიისა და გადაღლილობის ჰორმონით - ნორეპინეფრინით. რაც შეეხება სულს, მისი მოთხოვნაა "მამსახურე საზოგადოებას". სულიერი ინტელექტის განვითარებას ხელს უწყობს პატიოსნება, საკუთარი ღირებულებებისა და სინდისის, შეხედულებებისა და მრწამსისადმი ერთგულება, წვლილის შეტანისა და მსახურების განცდა, ჩვენი საქმიანობის, სამსახურის სწორება ჩვენს ძლიერ მხარეებთან და ნიჭთან.

- ამ ოთხი შესაძლებლობიდან რომელიმეს მეტი დატვირთვა ხომ არ ეკისრება?

ზაზა:

- ოთხივე ეს ინტელექტი ერთმანეთზე ჯაჭვურადაა გადაბმული და ერთის ჩავარდნა დანარჩენის ჩავარდნას იწვევს. მათი ცალ-ცალკე განვითარება შეუძლებელია. ადამიანის ღირსება, ეფექტიანობა და წარმატება სხვა არაფერია, თუ არა ამ ოთხივე ნაწილის გაზრდა და განვითარება. შეიძლება ითქვას, რომ ემოციური ინტელექტი ფუნდამენტურია, რადგან მას დანარჩენი სამი ინტელექტის წინაშე წინამძღოლის, გზის მაჩვენებლის ფუნქცია ეკისრება.

- ემოციური ინტელექტის შეცვლა, განვითარება ყოველთვის შესაძლებელია? მაშინაც, "თუ ბუნებამ არ უშველა"?

- საკუთარ თავზე მუშაობის შემთხვევაში შესაძლებელია. ჩვენ გვაქვს თვისებები და გვაქვს ჩვევები. თვისება თანდაყოლილია, ჩვევა - შეძენილი. ტვინს აქვს უნარი შეცვალოს ნებისმიერი თვისება, რაც გენეტიკურად დაგვყვა. ვთქვათ, ადამიანი ბუნებით პირდაპირი და უხეშია. საზოგადოებრივი ცხოვრების დაბალ საფეხურზე თავს მშვენივრად გრძნობს, მაგრამ როგორც კი გაჩნდება უფრო მაღალ საფეხურზე ასვლის წინა პირობა, აუცილებელი ხდება ჩვევის შეძენა, რომელიც ამ თვისებას გაანეიტრალებს. დიპლომატია, მოთმინების უნარი, თქმამდე დაფიქრება, უკეთ ანალიზი გახლავთ ჩვევები, რომელთა გამომუშავებაც ადამიანის ტვინს თავისუფლად შეუძლია. ეს ჩვევები კი ანეიტრალებს იმ ცუდ თვისებას, რომელიც დაგვყვა. ამბობენ, რაიმეს ძალდატანებით 66-ჯერ თუ გააკეთებ, შემდეგ ჩვევად იქცევაო...

- გამოდის, "ფეთქებადი ვარ და რა ვქნა", "პირდაპირი ვარ და რა ვქნა" - მსგავსი ფრაზები აზრდაკარგულია?

- ასეა. ადამიანს მინიმუმ ხუთჯერ იმაზე მეტი შეუძლია, ვიდრე თავად ჰგონია.

- ალბათ, ემოციებსაც ისეთივე მოფრთხილება, "მოვლა" და "კვება" სჭირდება, როგორც სხეულს...

ნათია:

- ყველას გვიგრძნია, რომ გუნება ადვილად გვეცვლება და ემოციებს ზოგჯერ ვერ ვაკონტროლებთ. ეს ნორმალური მოვლენაა. ნამდვილად - ემოციებსაც სწორედ ისეთივე მოვლა და კვება სჭირდება, როგორც ჩვენს სხეულს. ემოციების საუკეთესო "საკვები" ურთიერთობების აწყობა და ჩვენს "პირად და ემოციურ საბანკო ანგარიშზე" რეგულარული "დეპოზიტების შეტანაა". ესენი გახლავთ: შეუსრულე საკუთარ თავს დანაპირები; აკეთე თუნდაც პატარ-პატარა სიკეთე (დეპრესიიდან გამოსვლის საუკეთესო საშუალება); გახსოვდეს, რომ შენ ხარ ადამიანი, ამიტომ აპატიე საკუთარ თავს; ნუ ჩავარდები დეპრესიაში, არამედ ეცადე გამოასწორო დანაშაული; ნუ მოატყუებ, იყავი წესიერი; მუდმივად განაახლე საკუთარი ცხოვრება; გამოიყენე შენი ნიჭი. "ანგარიშის" სახეებია ასევე, გაგება, დანაპირების შესრულება, ყურადღების მიქცევა უმნიშვნელო დეტალებზე. პიროვნული პატიოსნების გამოვლინება ზრდის "ემოციურ საბანკო ანგარიშსა და რეზერვს". ამით ჩვენს საბანკო ანგარიშზე შეგვაქვს დეპოზიტი და ვქმნით "ფინანსურ რეზერვს", საიდანაც საჭიროების შემთხვევაში შეგვიძლია "თანხა გამოვიტანოთ". ეს არის უსაფრთხოებისა და კომფორტის გრძნობა, რომელიც მეორე ადამიანის მიმართ გაგვაჩნია.

- რა შედეგი დგება, როცა ოთხ ადამიანურ ინტელექტს ვავითარებთ?

- ყველა წარმატებული ლიდერი ავითარებს მის ოთხ ადამიანურ ინტელექტს. ამ ოთხი ინტელექტის ყველაზე მაღალი გამოვლინება მაშინაა სახეზე, როცა პიროვნების შთაგონება მის საქმიანობასთან გადაიკვეთება. მაშინ მას არანაირი ზედამხედველობა აღარ სჭირდება. ის უკეთესად მართავს საკუთარ თავს, ვიდრე ნებისმიერი ზედამხედველი თუ მენეჯერი. მისი მოტივაცია არის შინაგანიც და გარეგანიც. როდესაც ჩართული ხარ ისეთ საქმეში, სადაც შენი ნიჭი და შთაგონება "მუშაობს", გაქვს საზოგადოებისა და საკუთარი თავის საჭიროების შეგრძნება - სასწაულებს შექმნი. ეს უკვე შრომა აღარ იქნება. ხშირად შეცდომას უშვებენ და ჰგონიათ, რომ უნარ-ჩვევები პიროვნებისა იგივეა, რაც მისი ნიჭი. ადამიანებს შეიძლება ჰქონდეთ სამსახური, რაც მოითხოვს მათ ჩვევებსა და უნარს, მაგრამ არა - მათ ნიჭს. მაშინ ასეთი ორგანიზაციები ვერ შეძლებენ თანამშრომელთა პროდუქტიულობისა და შესაძლებლობების სრულ გამოყენებას.

შორენა ლაბაძე