"ცოდ­ვე­ბის­გან გან­ვიწ­მინ­დე და სხვა ცოდ­ვის ჩა­დე­ნას არ ვა­პი­რებ..." - რა არის კლი­ნი­კუ­რი სიკ­ვ­დი­ლი - გზაპრესი

"ცოდ­ვე­ბის­გან გან­ვიწ­მინ­დე და სხვა ცოდ­ვის ჩა­დე­ნას არ ვა­პი­რებ..." - რა არის კლი­ნი­კუ­რი სიკ­ვ­დი­ლი

ჩემი დაბადებიდან დაახლოებით 3 თვეში, მოულოდნელად, ახალგაზრდა ბიძა გარდამეცვალა, რის გამოც, ცხადია, ოჯახის წევრები ცუდ დღეში ჩაცვივდნენ და როგორც წლების შემდეგ მიყვებოდნენ, ჩემთვის არავის ეცალა. დედამ ისე განიცადა ძმის სიკვდილი (რაც ბუნებრივია), რომ ჩემს გამოკვებასაც ვერ ახერხებდა. თურმე, მკერდიც გაუშრა. შედეგად, ცუდად გავხდი, კრუნჩხვებში ჩავვარდი და ბოლოს, ისე მოხდა, რომ სასწრაფოდ, ექიმთან გამაქანეს. იქ მისულს, ექიმმა ჩემს მშობლებს უთხრა, აქ რას მოგყავდათ ეს ბავშვი? სახლში გყოლოდათ და დაგეტირათო. მწარე სიტყვები დედას დღემდე ახსოვს. ძმა არ ჰყავდა გამოგლოვილი, როცა შვილის დატირებაც მოუხდა...

მაგრამ ფაქტი ისაა, რომ გადავრჩი! როგორც ამბობენ, რამდენიმე საათი კლინიკური სიკვდილით მეძინა და ექიმს ამიტომაც ვეგონე მკვდარი. გადავრჩი და ამის გამო, იმ პედიატრს, რომელიც ჩემს გადარჩენას არ ელოდა, წლების მანძილზე უჩვენებდნენ ჩემს თავს: გახსოვთ, ეს ის გოგოა, მკვდრად რომ გამოაცხადეთო... ეს ამბავი რატომ გამახსენდა? ამბობენ, რომ კლინიკური სიკვდილი ვინც გამოიარა, მას წინათგრძნობა გამძაფრებული აქვს და "მესამე თვალი ეხსენება". საკუთარი თავისთვის მსგავსი არაფერი შემიმჩნევია, ბევრი ადამიანი კი ამტკიცებს, რომ სწორედ ასეთი მდგომარეობის შემდეგ, რაღაცებს წინასწარ გრძნობს.

ადამიანისა და თბილსისხლიანი ცხოველების სიკვდილი, უპირველეს ყოვლისა, დაკავშირებულია სუნთქვისა და სისხლის მიმოქცევის შეწყვეტასთან. ამიტომ, განასხვავებენ სიკვდილის ორ ძირითად ეტაპს: ე.წ. კლინიკურ სიკვდილს, რომლის დროსაც, განსაზღვრული დროის მანძილზე, ჯერ კიდევ შესაძლებელია სასიცოცხლო ფუნქციების აღდგენა და მის მომდევნო, ბიოლოგიურ ანუ ჭეშმარიტ სიკვდილს, როდესაც ორგანიზმში შეუქცევი ცვლილებები ვითარდება და წყდება უჯრედებსა და ქსოვილებში მიმდინარე ყველა ფიზიოლოგიური პროცესები. სიცოცხლიდან ბიოლოგიურ სიკვდილში გარდამავალ და გაცოცხლების პერიოდში მომხდარი შეუქცევადი ცვლილებების კრიტერიუმის შესწავლა, რეანიმატოლოგის პრობლემაა, როცა ასეთი ცვლილებები ხდება, ჩვენს სამყაროში შემობრუნებული ადამიანები (როგორც კლინიკური სიკვდილიდან, კომიდან მობრუნებულებს უწოდებენ. - ავტ.) ხშირ შემთხვევაში ჰყვებიან, თუ როგორია სხვა სამყარო, სადაც თავიანთი, აწ განსვენებული ნათესავები, მეგობრები და ა.შ. იხილეს...

ლელა გვაზავა, რეანიმატოლოგი:

- კლინიკური სიკვდილის დროს, გაჩერებულია სუნთქვა და გულისცემა, სისხლის წნევა არ ისაზღვრება, მაგრამ ქსოვილთა, კერძოდ, ცენტრალური ნერვული სისტემის სიცოცხლისუნარიანობა, ჯერ კიდევ შენარჩუნებულია და 5 წუთის განმავლობაში, შესაძლებელია ადამიანის გაცოცხლება. ამ ხნის გავლის შემდეგ, ვითარდება ბიოლოგიური სიკვდილი. კლინიკური სიკვდილიდან გამოღვიძებული ადამიანები უჩვეულო ამბებს ჰყვებიან. მაგალითად, ერთმა გოგონამ, მიუხედავად იმისა, რომ მდგომარეობიდან ახალი გამოსული იყო, თვალის გახელისთანავე, გაბრწყინებული სახე შემოგვანათა: იცით, მე ჩემი საქმრო ვნახე, ის ისეთ ლამაზ ადგილასაა, უკან წამოსვლა არ მინდოდა, მაგრამ ჯერჯერობით იქ ჩემი ადგილი არ ყოფილა და უკან გამომაბრუნა, შემპირდა - დაგელოდები, იქ დაქორწინება არ გვეღირსა, მაგრამ აქ გავბედნიერდებითო: ეს წყვილი, ქორწილის წინადღეებს ზეიმობდა, როცა ბიჭი ავარიაში მოყვა და გარდაიცვალა... ერთმა, სიკვდილის კლანჭებისგან თავდაღწეულმა ადამიანმა მადლობა გადაგვიხადა: ისეთ საშინელ ადგილას ვიყავი, ენით ვერ აღვწერ, აქედან გავალ თუ არა, ეკლესიაში მოვალ, ცოდვებს მოვინანიებო.

ლამარა გასვიანი, ფსიქოლოგი:

- კლინიკური სიკვდილის დროს როგორც ვიცი, სუნთქვა ჩერდება, გრძნობის ორგანოები ქვეითდება, მაგრამ გონება მუშაობს. ბევრჯერ მოსულან პაციენტები ჩემთან და უთქვამთ: კლინიკური სიკვდილის მერე, რაღაცებს წინასწარ ვგრძნობ და ეს ნორმალურია თუ არაო? ან ისეთი სამყარო ვიხილე, იქ მოხვედრა მინდაო. როცა ადამიანი, კლინიკური სიკვდილის შემდეგ უბრუნდება რეალურ სამყაროს, მას ხშირ შემთხვევაში, მართლაც უვითარდება წინასწარმეტყველების უნარი, ასეთ ადამიანს უჩნდება "მესამე თვალი", რომლის მეშვეობითაც ის მოვლენებს წინასწარ ჭვრეტს.

ეკა:

- მძიმე ოპერაცია გადავიტანე. ექიმები ჩემს გადარჩენას არ ელოდნენ. 4-დღიანი კლინიკური ძილის დროს მქონდა ხილვები. უფალი ულამაზეს ადგილას დამატარებდა, დავფრინავდით, მაგრამ ჩემი ადგილი ვერ ვიპოვეთ.

- გინდათ თქვათ, რომ ღმერთი გამოგეცხადათ?

- გამომეცხადა კი არა, ხელიხელჩაკიდებული მატარებდა. სამოთხეც ვნახე და ჯოჯოხეთისკენ მიმავალი გზაც. ხშირად, გარდაცვლილ ადამიანთა სულებსაც ვხვდებოდით. ამ ხილვებში (თუ რა დავარქვა, არ ვიცი) ცოცხალი არავინ მინახავს. ბებიაჩემიც ვნახე, რომელმაც ჩემი ადგილი გამოძებნა, მაგრამ ვიღაც თეთრებში ჩაცმულმა სულმა ფურცელი გადაშალა და თქვა - ამის ადგილი ჯერ აქ არ არის და უნდა გავუშვათო... როგორც აქ არიან კარგები და ცუდები, ისე იქაც არიან: რჩეულები, გამცემები, ძუნწები, ხელგაშლილები და ა.შ. იქ ყოფნისას, ვიხილე ასეთი რამ: ერთ ქალს ასამართლებდნენ. სასამართლო წვერიან წინამძღვარს მიჰყავდა, რომელმაც უხეშად მიმართა მას: ქალო, სოფელში ცხოვრობდი და მწვანილიც არავისთვის მიგიციაო?!. ეს ქალი, ჯოჯოხეთში გაუშვეს... მართლაც, "რასაცა გასცემ, შენია, რაც არა - დაკარგულია", - მაგრამ თუ რაიმეს გასცემ, არ უნდა თქვა: უფალი ყველაფერს ხედავს, შენი ლაპარაკი არ სჭირდება.

- როგორია თქვენი თვალით დანახული სამოთხე?

- სამოთხეში ყოფნის დროს, არც სახლები მინახავს, არც საწოლები. ეს ადგილი ულამაზესია, გაშლილი, ტრიალი მინდორი. ირგვლივ, ყველაფერი მწვანეა (სახლებს ალბათ, სიკვდილის შემდეგ ვნახავ). ერთი პატარა მონაკვეთი გამახსენდა: გაშლილი სუფრა ვნახე, რომელსაც ჩემი მიცვალებულები უსხდნენ. მხოლოდ, მამამთილი იდგა შორს და სუფრას არ ეკარებოდა: თურმე, საკურთხის გაკეთების დროს, მისთვის სიგარეტი არ დამიდვია... იქ გავიგე, რომ აუცილებელია, საკურთხის დროს ყველა მიცვალებულის სახელის მოხსენიება, თუ რომელიმე გამოგრჩა, ის სუფრას ვერ მიეკარება.

- თქვენ ჯოჯოხეთსაც ნახავდით. კიდევ რა ხდება სულთა სამფლობელოში?

- ჯოჯოხეთი არ მინახავს, მხოლოდ მისკენ მიმავალი გზა ვნახე. შეიძლება, უფრო მეტი ვიცი იქაურობაზე, ვიდრე ვამბობ, მაგრამ ამ ყველაფრის თქმის უფლება არ მაქვს.

კლინიკური სიკვდილიდან 6 თვის შემდეგ, ხილვები დამეწყო. მოვაწყვე ჩემი კუთხე, სადაც ადგილი, ხატებს აქვს დათმობილი. ვფიქრობ, თვალებს შორის "მესამე თვალი" ყველას აქვს, მაგრამ ის მხოლოდ ადამიანთა მცირე ნაწილს აქვს განვითარებული.

- თქვენ ამბობთ, რომ ყველაფერს წინასწარ გრძნობთ. რით დაგვიმტკიცებთ ამას?

- მე ვიცი, რა მელოდება ხვალ. არ ვიცი, რითი ან როგორ დაგიმტკიცოთ, მაგრამ ბევრი ადამიანი დამიყენებია სწორ გზაზე. მაგალითად, ერთხელ, ჩემთან ობოლი, სოფლიდან ჩამოსული ბიჭი მოვიდა და მთხოვა - აბა, მითხარი, რა მელოდებაო. გასროლის ხმა მომესმა და ვუთხარი - ვიცი, ცუდ საქმეზე მიდიხართ, დღეს ნურსად წახვალთ და ხვალ მადლობას მეტყვით-მეთქი. დაიჯერა. მეორე დღეს მოვარდა: სიკვდილს გადამარჩინე, მადლობა რით გადაგიხადოო?.. რამდენიმე წლის წინ, ვაკეში მანქანაში ბიჭები რომ ჩაცხრილეს, მათთან ერთად აპირებდა წასვლას... ერთი პერიოდი, მარტო ქალებს ვიღებდი, მაგრამ ხილვები დამეწყო: ყველა, შენი და-ძმა, შვილი, მამა და დედააო, - და უკვე 4-5 წელია, რაც მამაკაცებსაც ვიღებ. შემიძლია ვიწინასწარმეტყველო: რას ფიქრობს ერთი პიროვნება მეორეზე, შემიძლია "ეხოზე" უკეთესად დავსვა დიაგნოზი, ჩემი ლოცვა-კურთხევით აღდგება ოჯახური კავშირი... ლოცვა, ბევრ რამეში მეხმარება.

ჯემალ კახნიაშვილი:

- ბრმა ნაწლავის ოპერაციის შემდეგ, კლინიკური ძილით დამეძინა. 2 დღე, ადამიანები ვერ მეკონტაქტებოდნენ. თითქოს სხვა სამყაროში მოვხვდი - მივდიოდი მწვანედ აბიბინებულ, ყვავილებით მორთულ მდელოზე, სადაც ადამიანები საერთოდ არ იყვნენ. დიდი ხნის ხეტიალის შემდეგ, გარდაცვლილი დედ-მამა გამომეცხადა. მათ მოწყენილი სახეები ჰქონდათ. გვერდი ამიარეს, ერთმანეთს ხელი ჩასჭიდეს და წავიდნენ. მათ დიდხანს მივდევდი: დამელოდეთ, თქვენ რა მშობლები ხართ, ჩემი ნახვა რომ არ გაგიხარდათ-მეთქი. თითქოს მოლბნენ, მერე კი უკან მაბრუნებდნენ: აქედან წადი, შენი ჩვენთან ყოფნა ჯერ ადრეა, ცოლ-შვილს სჭირდებიო და ხელი მკრეს. ამის შემდეგ, თითქოს რაღაც მუქი ფერის ფარდა ჩამოეფარა ყველაფერს და დიდხანს ვცდილობდი, რაიმე დამენახა... მას შემდეგ, 6 წელი გავიდა, მაგრამ სხვებისგან განსხვავებული ჩემს თავს არაფერი ხდება. ერთადერთი ის ვიცი, რომ სული არ კვდება და როცა ჩემი დრო მოვა, მშობლები თავისთან წამიყვანენ, უფრო მხიარულად შემხვდებიან.

ელა ოგანეზოვა:

- მძიმე ფსიქოლოგიური ტრავმა მივიღე. 26 წლისას, მეუღლე გარდამეცვალა. ცოტა ხანში, გულმაც მიმტყუნა... სასწრაფოდ საავადმყოფოში წამიყვანეს, სადაც გავითიშე. არ ვიცი, რა მოხდა, მაგრამ მეუბნებიან, რომ 45 საათის განმავლობაში მკვდარივით ვიყავი - არც მესმოდა, არც თვალებს ვახელდი... მე კი ამ დროს, მეუღლეს ვესაუბრებოდი... ცუდად რომ გავხდი, მესმოდა: შვილები როგორ ყვიროდნენ, მინდოდა, თვალები გამეხილა და მათთვის მეთქვა, რომ კარგად ვარ, მაგრამ ვერ ვახერხებდი. უეცრად კარი დავინახე. დიდხანს ვფიქრობდი, გამეღო ის თუ არა. მერე, ჩემდა უნებურად ხელი ვკარი და შევაღე. ირგვლივ საოცარი სიჩუმე იყო. თანაც, მანამდე, ასეთი ლამაზი ადგილი ჩემს სიცოცხლეში არ მინახავს. ვფიქრობდი: ჩემს თავს რა ხდება, ნეტავ სად ვარ-მეთქი?.. ჩაფიქრებული ნელ-ნელა წინ მივდიოდი. უეცრად, თითქოს ცხადში, ჩემი მეუღლე დავინახე: ხელს მიქნევდა და მიცინოდა. გავიქეცი და ჩავეხუტე, ხელი ჩამჭიდა: აქაურობა მოგწონსო? - ძალიან-მეთქი. - მინდა ჩემთან დარჩე, მაგრამ შენთვის აქ ყოფნა ჯერ ძალიან ადრეა, უკან უნდა დაბრუნდეო. ვეხვეწებოდი, ვტიროდი: შენთან დავრჩები, ნუ მიმატოვებ-მეთქი, მაგრამ უარს მეუბნებოდა. ეს თითქოს წამებში მოხდა, დრო უცებ გავიდა. იმ კართან მიმიყვანა, საიდანაც შემოვედი და - წადიო, - მითხრა. არ მივდიოდი. ამიტომაც, გამიბრაზდა, კარს ხელი ჰკრა და თვითონ სადღაც გაქრა... ამის შემდეგ, თვალები გავახილე... დღესაც ვფიქრობ, რომ ეს ყველაფერი სიზმარში ვნახე.

მურმანი, 53 წლის:

- საავადმყოფოში რომ მიმიყვანეს, მაშინაც ვყვიროდი: გული შვილებმა დამიავადეს-მეთქი! მერე კომაში ჩავვარდი და თითქოს ცხადში, საშინელი ადგილი ვნახე. უფრო სწორად, ჯერ რაღაც კარს წავაწყდი, რომელიც სასწრაფოდ გავაღე. შევედი თუ არა, თვალწინ საოცარი სილამაზე გადამეშალა. შორიდან ხალხი მიყურებდა: ხელებს ჩემკენ იშვერდნენ და თავს აქეთ-იქით აქნევდნენ. ვიღაც წვერიანი კაცი მომიახლოვდა: აქ არ დარჩები, მაგრამ გამოსწორების მიზნით გაჩვენებთ, თუ ცხოვრებას არ შეიცვლი, გარდაცვალების მერე სადაც მოხვდებიო. ვნახე ხრიოკი ადგილი, სადაც ადამიანთა სულებს შეშლილი სახეები აქვთ, სადაც ეწამებიან და ერთმანეთს გულს უხეთქავენ. ჩემმა თანამგზავრმა ამიხსნა: თუ რატომ ცხოვრობენ ეს სულები ასე. მათი უმეტეს ნაწილი, ჩადენილი ცოდვებისთვის ეწამებოდა: მოპარვა, კაცის არ შეცოდება, მკვლელობა, ფლიდობა, ბოროტება და ათასი სხვა რამ... აქ ყველა იმისთვის იბრძვის, რომ სხვას ბოროტება გაუკეთოს და ამით ის ბედნიერია. ყველა საკადრისად ისჯება - იმისდა მიხედვით, თუ რა ცოდვა აქვს ჩადენილი... მე უფრო მეტი რამ ვნახე, ვიდრე ვყვები, მაგრამ წამოსვლის წინ გამაფრთხილეს, რისი თქმის უფლება მაქვს და რისი - არა. მთელი ცხოვრება ცოდვას ჩავდიოდი და არ მინდა, მათ რიგს კიდევ ერთი, უმძიმესი ცოდვა მივუმატო.

- რატომ მოხვდით მაინცდამაინც ჯოჯოხეთში?

- ეს ჩემი განვლილი გზის შედეგი იყო.

- კონკრეტულად რას გულისხმობთ?

- ხშირად ვიპარავდი. ფულის გულისთვის ადამიანი გამიყიდია. ოჯახში ხშირად ვჩხუბობდი, შვილები ქამრითაც მიცემია და ა.შ.

- ამას ვერც წარმოვიდგენდი...

- ეს სხვებსაც ვერ წარმოუდგენიათ, მაგრამ ადრე ვერავინ მიტანდა. ჩემი ძველი ნაცნობები, ჩემი შეცვლით აღტაცებულნი არიან. შვილებს ჰგონიათ, რომ სხვა მამა ჰყავთ ან მათი მამის სხეული ადრე ეშმაკებს ჰყავდათ დატყვევებული... ამ ხილვამდე ეკლესიაშიც არ ვყოფილვარ, დღეს კი, თითქმის ყოველდღე შევდივარ ღვთის სახლში, ვლოცულობ და სანთელს ვანთებ.

- ამბობენ, ასეთი ხილვის შემდეგ, ადამიანში წინათგრძნობა იღვიძებსო...

- სხვა რას გრძნობს, არ ვიცი, მაგრამ მე წინასწარ ვერაფერს ვჭვრეტ და ასეთი რაღაცები არც მაინტერესებს. წინასწარ რაც ვიცი, ეს ჩემი სიკვდილის წელი, თვე და რიცხვია, რომელსაც არავის ვეუბნები.

- ამ დღის მოახლოების არ გეშინიათ?

- უკვე აღარ, რადგან ცოდვებისგან განვიწმინდე და სხვა ცოდვის ჩადენას არ ვაპირებ...

შურა ავალიანი, თერაპიისა და კარდიოლოგიის კათედრის დოცენტი:

- არის ისეთი მდგომარეობა, როდესაც პაციენტი ვარდება ე.წ. კომაში ანუ არის უგონო მდგომარეობაში, გარე გამღიზიანებლებზე ორგანიზმის რეაქცია მკვეთრად სუსტდება ან სულ იკარგება. ახასიათებს რეფლექსების თანდათანობით მოშლა სრულ გაქრობამდე და ა.შ. ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად ღრმა კომაშია ჩავარდნილი ადამიანი... არსებობს კლასიკური კლინიკური სიკვდილი, რომლის დროსაც გული ფაქტობრივად ჩერდება. ამ დროს საჭიროა გულზე მასაჟების გაკეთება. კლასიკური კლინიკური სიკვდილის დროს ვგულისხმობთ, რომ ადამიანს ცალი ფეხი სხვა სამყაროში აქვს გადადგმული (თუ, რა თქმა უნდა, ეს სხვა სამყარო არსებობს) და პაციენტები, რომლებიც ასეთი მდგომარეობიდან გამოდიან, ჰყვებიან მშვენიერ ამბებს, რომელთა ახსნა ჩემს შესაძლებლობებს აღემატება... მინდა დავამატო ისიც, რომ კლინიკური სიკვდილის დროს, პაციენტი 1 წუთში თუ ვერ მოვაბრუნეთ, ის მოკვდება. როცა ჰყვებიან, რომ მოკვდნენ კლინიკური სიკვდილით და 4 დღის ან 5 საათის შემდეგ, გონს მოვიდნენ, ეს არის კომაში მყოფი ადამიანი. კომაში კი, შეიძლება, ადამიანი წლების განმავლობაში იყოს.

ლიკა ქაჯაია