პრაქ­ტი­კუ­ლი რჩე­ვე­ბი ფსი­ქო­ლო­გი­ურ სა­კითხებ­ზე - გზაპრესი

პრაქ­ტი­კუ­ლი რჩე­ვე­ბი ფსი­ქო­ლო­გი­ურ სა­კითხებ­ზე

ჩვენ სახეობათა უსასრულო მრავალფეროვნების სამყაროში ვცხოვრობთ. ერთ-ერთი ყველაზე ღირსშესანიშნავი სახეობა კი ადამიანია. ტყუილად არ ამბობენ, რომ იგი ქმნილების მწვერვალია. თავისი მოხერხებულობისა და მახვილგონიერების გამო, კაცობრიობა ევოლუციური განვითარების უმაღლეს საფეხურს იკავებს. ურთიერთობები სხვა ადამიანებთან უბრალო ამოცანა არ გახლავთ. ამ გზაზე თავს ვერ დააღწევთ განცდებს, ტკივილს, იმედგაცრუებას, მაგრამ არასასიამოვნო ემოციების თავიდან აცილება ან შემცირება მაინც შესაძლებელია.

როგორ გავუგოთ სხვებს

სხვას რომ გაუგო, მნიშვნელოვანია შეიგნო, რომ ყოველ ადამიანს ნებისმიერ საკითხზე საკუთარი აზრი გააჩნია, რომელსაც ის ერთადერთ ჭეშმარიტებად მიიჩნევს. სწორედ ადამიანთა შეხედულებები ცხოვრებაზე, მათი ორიენტირები, ფასეულობები და შეხედულებები, ტაბუ და ქცევის მიღებული ნორმები განსაზღვრავენ: როგორ საზოგადოებასთან და ხალხთან გვაქვს საქმე? რითი ცხოვრობენ? რა არის მათთვის მთავარი; რა არის პირველხარისხოვანი და რა - მეორეხარისხოვანი? რისკენ მიისწრაფვიან? ვინ მოსწონთ და გადაწყვეტილების მიღებისას რა მორალური კატეგორიებით ხელმძღვანელობენ? თუ ადამიანთა მიმართ გულწრფელ ინტერესს არ განიცდით, მათ მოსმენასაც ვერ შეძლებთ.

ზოგჯერ ადამიანები მოკრძალებული, თავმდაბალი და თავშეკავებული არიან. ამიტომაც, ისეთ შთაბეჭდილებას ტოვებენ, თითქოს "ჩაკეტილები~ არიან. მათი გაგება დანარჩენებისთვის რთულია. ყველას საკუთარი მისწრაფებები, სურვილები, ოცნებები, იმედი აქვს და შესაძლოა, ეს ყველაფერი თქვენსას სულაც არ ემთხვეოდეს და რაზეც თქვენ მუდმივად ფიქრობთ - მათთვის საინტერესო სულაც არ იყოს. თუ ყოველივე ამას დავიხსომებთ, გაცილებით იოლი გახდება საერთო ენის გამონახვა.

რომ გავიგოთ, რით ხელმძღვანელობს სხვა ადამიანი, საკუთარი თავი ცოტა ხნით მის ადგილას უნდა წარმოვიდგინოთ, მოვლენებს მისი თვალით შევხედოთ - მაშინ უფრო გაიოლდება იმ სიტყვის თუ აზრის გამოხატვა, რომელიც მშვიდობიანად გადაჭრის ნებისმიერ სადავო სიტუაციას. მცდელობა, დაარწმუნო ადამიანი საკუთარ სიმართლეში, უკვე ნიშნავს, რომ მისი ოპონენტი გახდი.

ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ გარშემო მყოფთა გაგება რთულია, როცა განუწყვეტლად საკუთარ პრობლემებზე ფიქრობ. რა თქმა უნდა, პირადი განსაცდელის გადატანა ყოველთვის უფრო მძიმეა, ვიდრე სხვათა, რადგან პირდაპირ მოქმედებს ცხოვრების ხარისხზე. გაუსაძლისი ცხოვრების პირობებში ძნელია იფიქრო სხვებზე და სხვათა პრობლემებზე. თუმცა, მაღალი მორალის მქონე პიროვნებისთვის არც ეს ყოფილა დაუძლეველი ბასტიონი, მაგრამ ჩვენ ახლა სოციუმში, ჩვეულებრივ ადამიანურ მიმართებებზე ვსაუბრობთ, სადაც უპირველესი მაინც გულწრფელი კეთილგანწყობაა. ადამიანის გაგებისთვის საჭირო სულაც არ არის, რომ მისი მეგობარი გახდეთ. ადამიანური თანადგომა კარგი ნაცნობობის დროსაც შესაძლებელია.

რა ვუყოთ შურს?

"შურს ისა სწყინს და გულს უკლავს, სხვას ჩემზე მეტ რად აქვსო, ნატვრა კი - პატიოსნური სურვილია, მეც ის შევიგრძნო, რაც სხვას შეუძენია, მისდა სიკეთემდე, ღირსებამდე მივაღწიოო. შური ვერ იტანს სხვისა ღირსებას, ნატვრა კი - შეჰხარის, შური ებრძვის ღირსებას, ნატვრა კი - ეტრფის~, - წერდა ილია ჭავჭავაძე.

ზოგჯერ რთულია ამოიცნო, ვინ იმყოფება შენ გვერდით - მეგობარი თუ მტერი? ახლა ადამიანებს იმდენად ოსტატურად შეუძლიათ მოტყუება, თავის მოკატუნება და ნიღბის ტარება საკუთარი ჭეშმარიტი არსის დასაფარად, რომ მათი ამოცნობა დიდ დროსა და ძალისხმევას მოითხოვს. და მაინც, თუკი კარგად დააკვირდებით, აღმოაჩენთ, რომ შესაძლოა, თქვენს გარემოცვაში მყოფ ადამიანებს შორის მოშურნენი მრავლად იყვნენ. ამგვარი "ეგზემპლარები~ ყველგან შეგხვდებათ, ოღონდ - მეტ-ნაკლები ინტენსივობით. ქვემოთ მოყვანილი პუნქტების მიხედვით შეძლებთ განსაზღვროთ, ვისთან გაქვთ საქმე:

პუნქტი I - არაკომპეტენტურობა

თქვენს გარემოცვაში მყოფი ადამიანი ე.წ. პროფესიონალურ რჩევებს იძლევა იმ საქმეში, რომლითაც დაკავებული ხართ. აქ ერთი შეხედვით, ყველაფერი წესრიგში იქნებოდა, რომ არა ფაქტი - ამ ადამიანს თქვენს საქმეში არავითარი გამოცდილება არა აქვს. მაშასადამე, ამ საკითხში სრული პროფანია, მაგრამ ყოველგვარი საფუძვლიანი არგუმენტის გარეშე, აკრიტიკებს იმას, რასაც თქვენ აკეთებთ. აქ ერთი უბრალო ჭეშმარიტების ცოდნა გმართებთ: ნუ მიიღებთ მოცემულ კრიტიკას სერიოზულად. მოუსმინეთ და ნუ შეეკამათებით, რადგან კამათი მხოლოდ ხასიათს წაგიხდენთ.

პუნქტი II - გაიძვერობა

თქვენს გარემოცვაში მყოფი ადამიანი შეგნებულად და ძალზე ხშირად, სრულიად ანონიმურად გიფუჭებთ რეპუტაციას. თუკი შენიშნეთ, რომ ვიღაც გაფერხებთ, იცოდეთ, მას თქვენი შურს.

ზოგჯერ ასეთი ადამიანები თვალთმაქცობენ და არაგულწრფელად აღტაცებას გამოხატავენ თქვენი მიღწევების გამო. შეიცანით უმთავრესი ჭეშმარიტება - არ გაუნაწყენდეთ ამგვარ საკუთარ თავზე განაწყენებულ ადამიანებს. თქვენ ვერც კი წარმოიდგენთ, ისინი რამდენად საძაგლად გრძნობენ თავს შინაგანად.

პუნქტი III - მორალური სადიზმი

თქვენს გარემოცვაში მყოფი ადამიანი გულწრფელად ნეტარებს, როცა საქმე ცუდად მიგდით და ცუდ ხასიათზე დგება, როცა ყველაფერი კარგად გაქვთ. დაწვრილებით გეკითხებიან ყოველ წვრილმანს. თქვენი სიძნელეების, წინაღობებისა და პრობლემების ნებისმიერი ზუსტი აღწერილობა მათში აღტაცების აშკარა თუ შეფარულ ყიჟინას იწვევს, თქვენი მიღწევები კი შეიძლება, უყურადღებოდ დარჩეს ან შესაძლოა, ამ წარმატებათა გაუფასურებაც სცადოს. აქ ერთი უბრალო ჭეშმარიტების ცოდნაა საჭირო: ისინი მორალური სადისტები არიან. მათთვის თქვენი პრობლემები ნარკოტიკის მსგავსი რამ არის. თუკი ამგვარ ადამიანებთან ურთიერთობა უნებლიეთ გიწევთ, შეეცადეთ ილაპარაკოთ იმაზე, რომ ყველაფერი მშვენივრად გაქვთ (მაშინაც კი, როცა ეს ასე არ არის). ნახავთ, რომ საუბარი მოჰბეზრდება, თქვენ კი საკუთარი საქმით დაკავდებით.

ამ საქმეში ყველაზე სანდო მრჩეველი - საკუთარი ინტუიციაა. ის ყოველთვის გიკარნახებთ, სინამდვილეში ვინ ვინ არის. შეეცადეთ, მსგავს ადამიანებთან ურთიერთობა შეზღუდოთ.

როგორ არ ავღელდეთ

სტრესი, შიშები, განცდები - თანამედროვე ადამიანის მუდმივ მეგზურებად იქცნენ. მათთვის თავის არიდება ზოგჯერ ძალზე რთულია. ისინი არა მხოლოდ აუარესებს ცხოვრების ხარისხს და ადამიანს ართმევს ძალას, არამედ არყევს ჯანმრთელობას და ორგანიზმსაც დიდ ზიანს აყენებს. მათგან თავდაცვა სხვადასხვა მეთოდითაა შესაძლებელი, რაც ამგვარი ნეგატიური გავლენის შემცირების საშუალებას იძლევა. თუმცა, ყველაზე საუკეთესო თავდაცვა მაინც პროფილაქტიკაა. მსგავსი ნეგატიური გამოვლინებების საუკეთესო პროფილაქტიკა - აუღელვებლობაა. მისი დახმარებით შესაძლებელია ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება.

ვინ არის აუღელვებელი ადამიანი? - ასეთი ადამიანი ყოველთვის გამონახავს დროსა და საშუალებას, უწინარესად საკუთარ თავში გაერკვეს; შემდეგ, სხვებთან ურთიერთობებში - მათში, ვინც პრობლემებს უქმნის; ეძებს ამ პრობლემათა გადაჭრის გზებს. ის არ ემალება განსაცდელს. მან იცის, რა გააკეთოს. მამაცად ადგას ცხოვრების გზას და არჩევანის გაკეთებისას ყოველთვის ჯანსაღ აზრს ეყრდნობა. კი არ ნერვიულობს, არამედ ეჩვევა მომხდარის გაანალიზებას. აცნობიერებს, რომ აუღელვებლობა ნებისმიერი საწუხარისგან თავდაცვაა და სისულელის ჩადენისგან ან ცდომილი გადაწყვეტილების მიღებისგან იცავს. დროის დაკარგვა განცდებზე - სრული უაზრობაა. ის არაფერს იძლევა და ადამიანს მხოლოდ ძალას ართმევს.

შეაჩვიეთ საკუთარი თავი ფიქრებთან მარტო დარჩენას, თუნდაც, ნახევარი საათით იქ, სადაც ხელს არავინ შეგიშლით.

აუღელვებლობა რომ შეინარჩუნოთ, აუცილებელია გქონდეთ შინაგანი განცდა, რომ თქვენ ყველაფერს დასძლევთ. ასეთი ადამიანი არასდროს აგროვებს ბოღმას გულში, არ ინახავს სტრესებს საკუთარ თავში, არამედ ეძებს გზებს, რომ მათგან გათავისუფლდეს. ნებისმიერი შიში უნდა დამუშავდეს აზრობრივად საიმისოდ, რომ მათი რეალიზების შემთხვევაში იცოდეთ, როგორ მოიქცეთ. ამგვარად, გაგიადვილდებათ გაუწიოთ კონტროლი საკუთარ თავს და თქვენს ემოციებს.

აუღელვებლობა იმაზე მიანიშნებს, რომ ზედმეტად არ აქცევთ ყურადღებას, თუ როგორ გამოიყურებით სხვა ადამიანთა თვალში; რას და როგორ ლაპარაკობთ ან აკეთებთ. ამას ხომ არავითარი მნიშვნელობა არა აქვს (თუ რა თქმა უნდა, პოლიტიკოსი ან დიპლომატი არ ბრძანდებით). როგორც უნდა მოიქცეთ, ყოველთვის გამოჩნდებიან ისეთი ადამიანები, რომლებიც გაგაკრიტიკებენ.

წარმოიდგინეთ, რომ თქვენ გათავისუფლდით წესებისგან. თქვენ - ეს თქვენ ხართ და თუკი თქვენი მოქმედებები სხვას ფიზიკურ ან სულიერ განცდებს არ აყენებს, უფლება გაქვთ ისე მოიქცეთ, როგორც საჭიროდ ჩათვლით. დედამიწაზე 7 მილიარდი ადამიანია. მათში უდავოდ იქნება ისეთი ვინმე, ვისთანაც თქვენ თავს მშვიდად და აუღელვებლად იგრძნობთ. ავირჩიოთ საახლობლო წრე. ნუ დახარჯავთ დროსა და ენერგიას შუალედურ ურთიერთობებზე. ამას სჯობს, რაღაც პერიოდის მანძილზე, საკუთარ თავთან მარტო დარჩეთ, ვიდრე იმათთან, ვინც არ გაფასებთ და ვერ გიგებთ.

რამდენი ადამიანიც არსებობს, იმდენი აზრია. ყველას ვერ მოეწონებით. ანდა, ეს რატომ უნდა გვსურდეს? მთავარი ამოცანა ხომ საკუთარ თავთან ჰარმონიის მიღწევაა.

ირინა ჯანდიერი