რო­გორ და­ვა­ლა­გოთ რიცხ­ვე­ბი "ზრდი­ლო­ბის" მი­ხედ­ვით - გზაპრესი

რო­გორ და­ვა­ლა­გოთ რიცხ­ვე­ბი "ზრდი­ლო­ბის" მი­ხედ­ვით

ზუსტად ერთი კვირა მოანდომა ერთ-ერთი საჯარო სკოლის დირექტორმა ფიქრს, 15 წუთით შევეშვი თუ არა რომელიმე კლასში, ბავშვებისთვის სახალისო გაკვეთილი რომ ჩამეტარებინა და პედაგოგებსაც გავსაუბრებოდი პროფესიისა და განათლების სისტემაში არსებული სირთულეების შესახებ. ქალბატონმა დირექტორმა დიდი ჭოჭმანის შემდეგ გადაწყვიტა, რომ მე, როგორც შეგნებული ქალბატონი და მშობელი, სწორად მივხვდებოდი უარის მიზეზს. შეგნებულად რომ ჩამთვალა, რა თქმა უნდა, ძალიან მესიამოვნა, მაგრამ მიუხედავად ამისა, მაინც ვერ მივხვდი, რისი შეეშინდა და ვისგან ან რისგან დაიცვა საკუთარი სკოლა და მასწავლებელ-მოსწავლეები.

კიდევ ერთ სკოლაში ვცადე ბედი, მაგრამ იქაც ამაოდ (რამაც კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ სამწუხაროდ, საჯარო სკოლებში ყველაფერი რიგზე არ არის) და მხოლოდ ამის შემდეგ გადავწყვიტე, კერძო სკოლას ვსტუმრებოდი და იქაური ბავშვებისთვის ვყოფილიყავი მასწავლებლის ამპლუაში.

დილის 8 საათზე სკოლისკენ მიმავალს, გონებაში სკოლის დროინდელი ონავრული ამბები ამომიტივტივდა - ნეტავ, რას ვერჩოდით და უსიამოვნო სიურპრიზებს რატომ ვუწყობდით ხოლმე ჩვენს საყვარელ პედაგოგებს? იმ იმედით, რომ ახლა უკვე მასწავლებლის როლში მყოფს რამე სიურპრიზს მეც არ დამახვედრებდნენ, გამბედავად შევაღე II კლასის კარი და ბავშვებს მივესალმე თუ არა, საოცრად დიდი პასუხისმგებლობა ვიგრძენი - 13 პატარა ცნობისმოყვარე შემომცქეროდა და ინტერესით ელოდა, რას ვეტყოდი და ახალს რას ვასწავლიდი...

- ბავშვებო, მოდი, გაიხსენეთ თქვენი პირველი დღე სკოლაში...

- არც კი მიტირია, მოვედი თუ არა, მერხთან დავჯექი, - ამაყად მიპასუხა ერთმა ბიჭმა.

- შენ რა გქვია?

- სოსიკო.

- დირექტორის შვილიშვილია ეგ, - სასწრაფოდ ჩამაყენა საქმის კურსში ერთმა ონავარმა ბიჭმა, ნიკომ და ხელი თანაკლასელი გოგონასკენ გაიშვირა, - სოსიკომ არა, მაგრამ აი, მაგან კი იტირა.

ნუცა ძალიან განაწყენდა: - მატყუარა ხარ და მეტი არაფერი, - უპასუხა "ბრალმდებელს" და თვალები აუწყლიანდა. ვიდრე მართლა ატირდებოდა, სასაუბრო თემა შევცვალე.

- კარგი, კარგი, ვიცი, რომ მტირალა ბავშვები არა ხართ. აბა, მითხარით, როგორი გაკვეთილები მოგწონთ?

- საინტერესო, აქტიური, მხიარული, - ყველამ ერთხმად მიპასუხა.

- მაშინ რამდენიმე სახალისო ამოცანას გეტყვით და ვნახოთ, ვინ იყოჩაღებს: მეზობელს 6 ვაჟი ჰყავს, თითო ვაჟს - ერთი დაიკო. აბა, ვინ გამოიცნობს, რამდენი შვილი ჰყოლიათ?

უნდა მოგესმინათ, კლასში რა ჟრიამული ატყდა: მასწავლებელო, 11? 12? ბოლოს ერთმა პატარა გოგომ, აისუნმა წამოიძახა სწორი პასუხი: 7 შვილი ჰყავდათო. მსგავსი ამოცანები რომ მოვილიეთ, ბავშვებს ვკითხე, ქართული ზღაპრები თუ უყვართ.

- მე "ნაცარქექია" მომწონს - ზარმაცი კია, მაგრამ მოხერხებულია, - მეუბნება გაბრიელი.

- მე "კომბლე" მიყვარს, მასწავლებელო, ცხვრები მგელმა რომ შეუჭამა და მერე რომ გადაარჩინა. კარგი მეცხვარეა კომბლე, - ეს მარი იყო.

- მე კი "ჯადოსნური ქუდი" მომწონს, მაგარი ზღაპარია. იმ ჯადოსნურ ქუდში თუ ჩაძვრები და რამეს ინატრებ, ყველაფერი აგიხდება, - ამბობს ნიკო.

- ბავშვებო, დამიჯერეთ, სწორედ სწავლაა ის ჯადოსნური რამ, რომელსაც თქვენი ბევრი ოცნების ახდენა შეუძლია! ძალიან ჭკვიანები და საყვარლები ხართ, წარმატებებს გისურვებთ, - დავემშვიდობე მათ და გავიფიქრე, რომ სიამოვნებით შევიცვლიდი პროფესიას. პატარებთან ურთიერთობა მართალია, ძალიან დიდ ენერგიას მოითხოვს, მაგრამ მათგანაც ბევრ სითბოსა და სიყვარულს იღებ!

დაწყებითი კლასის პედაგოგის, შორენა მუჩიაშვილის ირგვლივ შემოხვეული ბავშვების თვალებშიც კარგად ჩანდა, როგორ უყვარდათ მასწავლებელი. გოგო-ბიჭები ერთმანეთს ეჭიდავებოდნენ, ვინ უფრო ახლოს იქნებოდა მასთან და ვინ მოასწრებდა ჩახუტებას.

GzaPress

შორენა მუჩიაშვილი:

- 21 წლის ვიყავი, მუშაობა რომ დავიწყე და დღემდე მომყვება ის განსაკუთრებული ემოცია, პირველად რომ შევედი გაკვეთილზე და ამდენი ბავშვის ცნობისმოყვარე თვალები დავინახე. ერთდროულად დიდი ენერგიაც მიაქვთ შენგან და ბევრსაც გიბრუნებენ უკან. ბოლომდე ვიხარჯები ჩემი მოსწავლეებისთვის. პირველკლასელებს განსაკუთრებული ყურადღება სჭირდებათ, ჩამოუყალიბებლები არიან, ყველაფერს ასწავლი - ჯდომას, ქცევას, სკოლის რეჟიმს აჩვევ. მართალია, საკუთარი შვილის სიყვარული არ გამომიცდია, მაგრამ მათზე ისე ვზრუნავ, როგორც დედა. მარტო წერა-კითხვას ხომ არ ვასწავლი? სპორტზე მიდიან და მე ვუცვლი ტანსაცმელს, თასმებს ვუკრავ, დასვენებაზე შოკოლადსაც კი მე ვუხსნი, ჩემთან მოარბენინებენ ხოლმე. ამათთვის ისეთი ავტორიტეტი ვარ, რომ ნებისმიერი სიტყვის სჯერათ.

- ალბათ ბევრი სირთულეც იჩენს თავს თქვენს პროფესიაში?

- სირთულეს ვაწყდები იმ ბავშვებთან ურთიერთობისას, რომლებსაც ოჯახში სერიოზული პრობლემები აქვთ. როდესაც მშობლებს ცუდი ურთიერთობა აქვთ ან გაყრილები არიან, ეს ნებისმიერი ბავშვის ხასიათზე აისახება. ასეთი ბავშვები გულჩათხრობილები არიან და მათ განსხვავებული მიდგომა სჭირდებათ. მახსოვს, ერთხელ სიტყვის გადატანის წესებს ვუხსნიდი და ბავშვმა ასეთი რამ მკითხა: ასოებიც ისე უნდა დავაშოროთ, როგორც დედა და მამა დაშორდნენო? მასწავლებელმა ყველა ბავშვს უნდა მოარგოს გასაღები და გახსნას.

ეკა ლომთათიძე:

- იცით, რა მახსოვს? როდესაც პირველად კლასი მომცეს, ბევრი მასწავლებლის შვილი აღმოჩნდა იქ და რომ გაიგეს, ახალბედა ვიყავი, უმეტესობამ ბავშვი სხვა, გამოცდილ მასწავლებელთან გადაიყვანა. 30 მოსწავლიდან 18-ღა დამრჩა. არ მენდვნენ, რადგან ახალი ვიყავი და აი, მაშინ ვთქვი: ყველაფერს გავაკეთებ, რომ საუკეთესო მასწავლებელი გავხდე და ვნახოთ, მერე რას იზამთ-მეთქი. ამ უნდობლობამ უფრო მეტი სტიმული მომცა.

ლია მამულაშვილი:

- როდესაც ამა თუ იმ მასწავლებელს სახელი აქვს გავარდნილი, როგორც საუკეთესოს, ყველას უნდა, მასთან მოახვედროს ბავშვი. ერიდებიან ახალ მასწავლებლებს, რაც არასწორი მგონია. ასეთი უნდობლობა თვითონ კოლეგების მხრიდან ბევრში გულგატეხილობას იწვევს და მახსოვს, რამდენიმე წავიდა კიდეც სკოლიდან. საჯარო სკოლაში მუშაობის დროს ასეთმა დამოკიდებულებამ მეც უფრო მეტი მოტივაცია გამიჩინა. მუშაობის დაწყებიდან რამდენიმე თვეში დირექტორის შექებამ: შენზე ამბობენ, ძალიან მაგარი პედაგოგიაო, კიდევ უფრო მეტად შემასხა ფრთები...

შორენა მუჩიაშვილი:

- მიუხედავად იმისა, რომ ბავშვობიდან ვოცნებობდი მასწავლებლობაზე, დღეს ცოტა იმედგაცრუებულიც კი ვარ. გალანძღული და შელახულია ჩვენი იმიჯი. თუ გინდა, მასწავლებლის პროფესიონალიზმი ამაღლდეს, გამოცდა კი არ უნდა დაუნიშნო მათ, არამედ რაღაც ახალი უნდა ასწავლო, ახალი მასალა მიაწოდო. ძირფესვიანად შევცვლიდი ბევრ რამეს საგანმანათლებლო სისტემაში, პირველ რიგში - სახელმძღვანელოებს.

ლია მამულაშვილი:

- მართლაც ბევრი პრობლემაა სკოლებში. პრაქტიკოს მასწავლებლებს ნაკლებად ეკითხებიან აზრს, თუ რა არის შესაცვლელი. გავამარტივებდი სასწავლო პროგრამებს, იძულებითი და დასჯითი სახე რომ არ ჰქონდეს სწავლას. გარდა ამისა, ცალკე თემაა ბიუროკრატიული ქაღალდომანია. აი, ნახე, - მაგიდაზე დახვავებულ ქაღალდებზე მიმითითა, - სქემაში ვართ ჩართული და მთელი დღე ვწერთ, ამასობაში კი მოსწავლისთვის ვეღარ ვიცლით. გრამატიკა საერთოდ ამოღებულია პროგრამიდან, ეროვნულ გამოცდებზე კი ითხოვენ. ეს საკითხიც მოსაგვარებელია. მიუღებელია დირექტორების შერჩევის წესიც. სამეურვეო საბჭოს ჩართულობა უნდა იყოს მაღალი, მაგრამ ამას ფორმალური სახე აქვს. კარგი იქნება, მასწავლებლებისთვის წახალისების სისტემა არსებობდეს, რაც მოტივაციას გაუჩენდა მათ, პროფესიონალიზმის ასამაღლებლად.

- ვიცი, პედაგოგებს ბევრი სახალისო ამბავი გაქვთ მოსაყოლი.

ეკა ლომთათიძე:

- მახსოვს, ღია გაკვეთილი უნდა მქონოდა და ბავშვებს ვარიგებდი, რომ აქტიურები, ყოჩაღები ყოფილიყვნენ, რათა ვესახელებინე. ბავშვებიც დამპირდნენ: მასწავლებელო, არ შეგარცხვენთ, ნუ ნერვიულობთო. უცებ წამოდგა ერთი ბავშვი და მთელი სერიოზულობით მკითხა: ეგ ყველაფერი კარგი, მასწავლებელო, მაგრამ კარი როდის უნდა გააღოთო?

ლია მამულაშვილი:

- კლასში თამარ მეფეზე ვსაუბრობდით, გავიხსენეთ ისტორია, ლექსები მის შესახებ და ბოლოს ვუთხარი, რომ არავინ იცის, სად არის თამარ მეფის საფლავი. ერთ-ერთმა მოწიწებით ასწია ხელი და მკითხა: "გუგლმაც" არ იცის, მასწავლებელო? ვერ წარმოიდგინა, რომ "გუგლმა" რაიმე არ იცოდა. "იავნანამ რა ჰქმნაში" ხომ გახსოვთ, ქეთოს თავში კეტი ჩაარტყეს და ისე გაიტაცეს. მოსწავლემ კი კეტის ნაცვლად ბუცი დამიწერა. ეტყობა, ეს სიტყვა ვერ გაიგო. ერთხელ ვუთხარი ბავშვებს, რომ დავალება ჯერ შავად დაეწერათ და მერე - გადაეთეთრებინათ. ერთ-ერთი მოსწავლის დედა ჩემი კოლეგა გახლავთ და მეორე დღეს მომიყვა: მთელი დღე დავდევდი გუშინ ირაკლის და ვეჩხუბებოდი, დაეწერა დავალება. ამასობაში დაღამდა კიდეც და რომ ვუსაყვედურე, შავ კალამს ვეძებდი და ვერსად ვერ ვიპოვე, მასწავლებელმა დაგვაბარა, ჯერ შავად დავწეროთო...

შორენა მუჩიაშვილი:

- რიცხვების ზრდადობის მიხედვით დალაგება ავუხსენი ბავშვებს და ერთი მოსწავლე მეორე დღეს მეკითხება: მაინც ვერ გავიგე, ეს რიცხვები ზრდილობის მიხედვით როგორ უნდა დავალაგოო?

შორენა ჯავახიშვილი:

- შარშან მომიხდა მათემატიკის მასწავლებლად შესვლა იმ კლასში, სადაც ჩემი შვილი სწავლობს. ბავშვებს ვუთხარი, რომ თუ რამე გაუგებარი იქნებოდა, არც უფროსებისთვის ეთხოვათ სახლში დახმარება, არც სხვისგან გადაეწერათ, ჩემთვის ეთქვათ და მე კიდევ ერთხელ ავუხსნიდი. მეორე დღეს შევედი კლასში, მისალმების შემდეგ ჟურნალის შევსება დავიწყე და თან ვიკითხე: აბა, ბავშვებო, რამე ხომ არ იყო გაუგებარი-მეთქი? უცებ ძალიან ნაცნობი ხმა მომესმა: დიახ, მასწავლებელო, მე ვერ გავიგე. თავი არც ამიწევია, დავიჯერო, ჩემი შვილის ხმაა-მეთქი? მაგრამ როგორ შეიძლება, საკუთარი შვილის ხმა სხვისაში აგერიოს? - რომელი დავალება გაგიჭირდა? - ვკითხე. მე-14 გვერდზე მეხუთე ამოცანა, - მიპასუხა. თავდახრილმა ავხედე ქვემოდან: აშკარად მახსოვდა, წინა საღამოს მითხრა, ყველა დავალება დავწერეო. - გუშინ რატომ არ მკითხე-მეთქი? - მასწავლებელო, თქვენ არ გვითხარით, თუ რამე გაუგებარი იქნება, ოჯახის წევრებს არ ჰკითხოთ, მე მითხარით და აგიხსნითო?

- რა პასუხისმგებლობას გაკისრებთ მასწავლებლის პროფესია და როგორ ფიქრობთ, მართლა დაუფასებელია თქვენი შრომა?

ეკა ლომთათიძე:

- იცით, ბავშვის სული როგორი ფაქიზია? ამას წინათ ჩემმა მოსწავლემ, რომელიც უკვე სკოლას ამთავრებს, ერთი ამბავი გამახსენა: - გახსოვთ, მესამე კლასში გაკვეთილი რომ არ ვიცოდი, რა მითხარითო? არ მახსოვს-მეთქი. - როგორ გენდობოდი და როგორ მიღალატეო?! ახლაც ცრემლები მადგება. წარმოიდგინეთ, ბავშვს ამდენი წლის მერეც გულისტკივილით ახსოვდა ჩემი სიტყვები. ამიტომ ჩვენს თითოეულ სიტყვასა და საქციელს უნდა დავუკვირდეთ, ბავშვებს გული რომ არ ვატკინოთ და კიდევ, როდესაც კლასში შევალთ, ჩვენი პრობლემები უნდა დავივიწყოთ და მთლიანად ბავშვებს უნდა ვეკუთვნოდეთ.

ლია მამულაშვილი:

- ამ ბოლო დროს, ცოტა არ იყოს, იშვიათი გახდა მასწავლებლის შრომის დანახვა და დაფასება. ამას წინათ მე-11 კლასელებმა გაკვეთილის შემდეგ მადლობა გადამიხადეს. ამაზე უკეთესი რა შეიძლება იყოს? მადლიერება მასწავლებლისთვის უდიდესი სტიმულია.

შორენა ჯავახიშვილი:

- მართალია, ამბობენ, მასწავლებლობა დაუფასებელი პროფესიააო, მაგრამ არა მგონია, ასე იყოს. პედაგოგის ყველაზე დიდი დამფასებელი და შემფასებელი მოსწავლეა. და როდესაც ისინი ალალად გეტყვიან: ნეტავ, შარშანაც თქვენ გესწავლებინათ, რამდენი დავკარგეთ და ახლა რამდენით მეტი გვეცოდინებოდაო, ეს ყველა იმ სერტიფიკატსა და სამადლობელ წერილს ჯობია.

ბელა მოლაშხია:

- 24 წელია, რაც სკოლასა და ბავშვებთან მაქვს ურთიერთობა და ვთვლი, რომ ეს პროფესია უდიდეს პასუხისმგებლობას განიჭებს - ფაქტობრივად, ქვეყნის მომავალი გაბარია. გადაჭარბებული არ იქნება, თუ ვიტყვი, რომ სწორედ ჩვენზეა დამოკიდებული საქართველოს ხვალინდელი დღე!

ნინო ჯავახიშვილი