ნინი ბადურაშვილი: "ნამდვილად არ მეწყინება, რომ ვინმემ ზედმეტად შემომხედოს" - გზაპრესი

ნინი ბადურაშვილი: "ნამდვილად არ მეწყინება, რომ ვინმემ ზედმეტად შემომხედოს"

სექსუალური შევიწროების აკრძალვის მოთხოვნით ქალთა მოძრაობის პეტიცია უკვე პარლამენტშია. პეტიციის თანახმად, სექსუალურ შევიწროებად შეიძლება ჩაითვალოს დასტვენა ან დასიგნალება, სექსუალური ხასიათის ფრაზების მიძახება, უარის შემდეგ სახელის ან საკონტაქტო ინფორმაციის დაჟინებით მოთხოვნა, ვულგარული ჟესტები, არასასურველი შეხება, რაც ადმინისტრაციულ დარღვევად ან სისხლის სამართლის დანაშაულად მოიაზრება... შევიწროების ერთ-ერთი ფორმა - მიშტერება კი საზოგადოების განსაკუთრებული გაღიზიანებისა და ქილიკის საბაბად იქცა. შეიძლება, მსგავსი ფაქტები საზოგადოებრივ სივრცესა და სამსახურებში ნამდვილად ფიქსირდება, მაგრამ რთულია ამის კანონით დარეგულირება. შეიძლება თუ არა, დაჟინებული მზერა დანაშაულად ჩაითვალოს და უნდა იყოს თუ არა მიშტერება დასჯადი? - ამ კითხვით მივმართეთ საზოგადოებისთვის ცნობილ სახეებს.

ნინი ბადურაშვილი, მომღერალი, ტელეწამყვანი:

- თუ ერთი ადამიანი ნამდვილად ავიწროებს მეორეს და უხერხულობაში აგდებს, ეს შეიძლება იყოს კანონით დასჯადი, შეიძლება ფულადი ჯარიმაც დააკისრო ამის გამო, მაგრამ არა მგონია, დაჟინებული მზერა და დასიგნალება დიდი დანაშაული იყოს. დასაბუთება აკლია ამ ყველაფერს. პირადად მე და ბევრი სხვა ქალიც დარწმუნებული ვარ, იმიტომ უვლის თავს და იმიტომ იპრანჭება, რომ მამაკაცის ყურადღება მიიქციოს. ნამდვილად არ ვაპირებ, მამაკაცს იმის გამო ვუჩივლო, რომ ზედმეტად შემომხედა. თუ სამსახურში უფროსის ან თანამშრომლის მხრიდან ძალადობას ან შევიწროებას აქვს ადგილი, რაც შეურაცხმყოფელია და ხელს გიშლის საქმის კეთებაში, ეს უნდა იყოს დასჯადი, მაგრამ როდესაც ვინმეს მოეწონები და ცქერას დაგიწყებს, ამაზე როგორ უნდა იჩივლო? ალბათ ამ ფორმით არც მიიღებენ კანონს, რადგან აბსურდად და წარმოუდგენლად მიმაჩნია. რეალობასთან ახლოს თუ იქნება, კი ბატონო... დეკოლტე თუ გაცვია, მოხდენილად თუ გამოიყურები, მამაკაცი თუ შემოგხედავს, ეს სასიამოვნო უნდა იყოს ნებისმიერი ქალისთვის. მე ასე ვფიქრობ და რა ვიცი, სხვები რას ფიქრობენ. ფორმაში იმიტომ ვარ, რომ პირველ რიგში, მე თვითონ მსიამოვნებს და მეორე რიგში, იმიტომ, რომ მამაკაცების სიმპათია და ყურადღება დავიმსახურო. ნამდვილად არ მეწყინება, რომ ვინმემ ზედმეტად შემომხედოს (იცინის)...

ირაკლი მაქაცარია, ტელეწამყვანი:

- ზუსტად ნიუანსები არ ვიცი, მაგრამ ვფიქრობ, ამ ფორმით კანონს არ მიიღებენ. შეიძლება, საზოგადოებას სწორად არ მიაწოდეს ინფორმაცია და ამიტომ განიხილავენ იუმორით. თუ ადამიანი გიყურებს დიდხანს, თვალს არ გაშორებს და რაღაც საეჭვოდ გეჩვენა, ალბათ უნდა მიმართოთ შესაბამის სტრუქტურებს, მაგრამ ჩვენს დღევანდელობაში, ცოტა არ იყოს, არარეალურად მეჩვენება ეს ამბავი. მით უფრო, როდესაც ამდენი და ბევრად უფრო მნიშვნელოვანი პრობლემა გვაქვს მოსაგვარებელი და გადასაწყვეტი. მგონია, რომ სხვა პრობლემების მოგვარება უფრო პრიორიტეტულია ამ ეტაპზე, ვიდრე დაჟინებული მზერისა და მიშტერების კანონის ფარგლებში მოქცევა. ზუსტად უნდა იყოს ფორმულირებული, რას გულისხმობს დაჟინებული მზერა. მაგალითად, ჩემს დას თუ ვიღაც ისე უყურებს, რომ ეს ეჭვსა და შეშფოთებას იწვევს, მაშინ მის დასაცავად შეიძლება, ამ ფაქტის შესახებ ვაცნობო ძალოვან უწყებას და შესაბამისი ზომები მივიღო. ალბათ ხდება მსგავსი ამბები, თორემ წინააღმდეგ შემთხვევაში არ დადგებოდა ამ კანონის მიღების საჭიროება, ხომ ასეა? რამდენად დროულია და საჭიროა ამაზე მსჯელობა, ეს კიდევ სხვა საკითხია. ამერიკაში ვცხოვრობდი და ვიცი, იქ შეგიძლია, პოლიციას მიმართო, თუ შეამჩნევ, რომ ვიღაც საეჭვოდ გითვალთვალებს, მაგრამ ეს საქართველოა და გასათვალისწინებელია ჩვენი ადათ-წესები, კულტურა, ყოველდღიურობა, ხასიათი და ა. შ. დაველოდოთ, რა მოხდება და რას შესთავაზებენ საზოგადოებას კანონმდებლები.

ლექს-სენი, მომღერალი:

- ეს საკითხი ძალიან დასაფიქრებელი და გასააზრებელია, ამ ეტაპზე ვერაფერს გეტყვით!..

გოგა ჩანადირი, ფოტორეპორტიორი:

- ცხადია, ნებისმიერი სახის ძალადობა და შევიწროება უნდა ისჯებოდეს, მაგრამ რა უნდა ჩაითვალოს შევიწროებად და რა არა, ეს არის გაუგებარი. სიტყვიერ შეურაცხყოფასა და გაუპატიურებაზე არსებული კანონი ისედაც სჯის დამნაშავეს. საინტერესოა, გონივრული ხანგრძლივობა მიშტერების, ერთწამიანია თუ ხუთწამიანია? თუ 10 წამის შემდეგ ითვლება მიშტერებად? თუ მამაკაცი ქათინაურს გეტყვის და ეს შენ შეურაცხყოფად მოგეჩვენა, მაშინ? ვის რა განწყობა ექნება შეხედვის დროს, გააჩნია. იქნებ მე ჩვეულებრივ მივაშტერდი, მან კი ჩემს მზერაში სხვა რამ ამოიკითხა? თუ ქალი იტყვის, დაჟინებით და ვნებით მიმზერდაო, მიდი და დაამტკიცე, რომ ასე არ იყო... მოკლედ, ჩემი აზრით, ფულის კეთებისა და მანიპულირების საშუალებას იძლევა შემოთავაზებული პეტიცია.

ვთქვათ, ფოტოგრაფის თვალით შევხედე ვინმეს და დაჟინებით ვაკვირდები, ვფიქრობ, ღირს შეთავაზება გადაღებაზე თუ არა? უცებ ის რომ მომიტრიალდეს და სექსუალურ შევიწროებაში დამდოს ბრალი, რა უნდა ვქნა, დამიჯერებს ვინმე, რომ სინამდვილეში სხვა ზრახვები მქონდა? და თუ ქალი მიაჩერდა კაცს, მაშინ როგორ ვიქცევით? ქუჩაში კარგი აღნაგობის კაცსა თუ ქალს ყოველთვის გააყოლებენ თვალს და მიაშტერდებიან. დასიგნალება შეიძლება ერთგვარ ქათინაურად ან შეურაცხყოფად მიიღოს. ვინ როგორ უნდა არკვიოს, ეს რა იყო? რთული იქნება, მიმშტერებელს, ანუ შემვიწროებელს დაუმტკიცო, რომ უტიფარი მზერით ან ფრაზებით დაარღვია შენი უფლებები. სექსუალური შევიწროება მე მაინც მგონია სიტყვიერი შეურაცხყოფა ან ფიზიკური შეხება: უხ, ერთი შენი თავი მომცაო, მაგრამ თუ ეტყვი: ლამაზოო და მიაშტერდები კიდეც, ეს რატომ არის სექსუალური შევიწროება? ნებისმიერი სახის ძალადობისგან რომ გიცავს კანონი, ეს მისაღებია და კარგია, მაგრამ ამ შემთხვევაში სამართლებრივი მხარე დასახვეწია.

სოფო ბედია, მომღერალი:

- ამ ყველაფერს ვინ გააკონტროლებს? ცოტა სასაცილოა, ყურებასა და რაღაცის მოძახებაზე ან დასიგნალებაზე საჩივრები წერო და სასამართლოში ირბინო. არც არავინ არ წავა საჩივლელად ამის გამო. შემოხედვა და ყურადღების ცენტრში ყოფნა ყველა ქალს სიამოვნებს. ეს ყოველთვის ხდებოდა. თუ ძალადობაა, რა თქმა უნდა, უნდა დაისაჯოს დამნაშავე და ისჯება კიდეც კანონით, მაგრამ ლამაზი ქალი მოეწონოს ვიღაცას და ამის გამო დავსაჯოთ, არ მესმის... მე არ მქონია შემთხვევები, რომ ვინმეს შევევიწროებინე, მაგრამ მსგავს შემთხვევაში მაინც არ გავიქცეოდი საჩივლელად. ბწკენა და უხამსი მოძახილები ნამდვილად გასაპროტესტებელია, მეც არ მომწონს, გავბრაზდები კიდეც, შეიძლება მივუტრიალდე და ისეთი პასუხი დავუბრუნო, რომ იფიქროს: სჯობდა, ამ ქვეყანაზე საერთოდ არ მოვსულიყავიო... რომელ ქალს სიამოვნებს, როცა ვიღაც პათოლოგი უხამს რამეს მოგაძახებს, ამას ნორმალური მამაკაცი ხომ არ იკადრებს? თუ ლამაზი ხარ, მოსწონხარ ვიღაცას და გიყურებს, მერე რა მოხდა, მთავარია, არ შემავიწროოს და ეს არ იყოს შემაწუხებელი... ალბათ, ამ ინიციატივით ქალბატონებს იცავენ მსგავსი უსიამოვნო შემთხვევებისგან, რადგან ფიქრობენ, თუ ასეთი საქციელი დასჯადი იქნება, აღარავინ ჩაიდენს, რაც ნაკლებად დასაჯერებელია.

თამაზ ჭეიშვილი, ბიოენერგოთერაპევტი, ჟურნალისტი:

- დაჟინებული მზერა ყოველთვის სექსუალურ შევიწროებასა და ზეწოლასთან არ ასოცირდება... ერთი კურიოზი მახსენდება მიშტერებასთან დაკავშირებით და უნდა მოგიყვეთ. ერთხელ ქუჩაში ერთი ქალბატონი დაჟინებით მიმზერდა კარგა ხანს, ბოლოს გაბედა და მომიახლოვდა: ვერ მიცანითო? - ვერა-მეთქი. ახლა უფრო გამძაფრდა მისი დაჟინებული მზერა და ცოტა იდუმალიც გახდა. - ვერ გიცანით, - შევიშმუშნე და თვალი ავარიდე საკმაოდ მიმზიდველ, სექსუალურ ქალს. ვიფიქრე, დაჟინებულ მზერად არ ჩამითვალოს და უხერხულად არ იგრძნოს-მეთქი თავი. - აბა, კარგად დამაკვირდით, მე თქვენი წყალობითა და დიდი მონდომებით გოგონა შემეძინა 10 წლის წინ. თამთა, მოდი, დედიკო, ვინ გაგაცნო, - დაუძახა შორიახლოს მყოფ გოგონას. - სად მოხდა ეს, - უნებურად ვიკითხე. - ვაკის ტურბაზაში, უფრო სწორედ, ბაგებში, პირველი სართული, მეშვიდე ოთახი. ქალებს დროს უნიშნავდით, მკაცრი დისციპლინა გქონდათ. ჩემი დრო იყო 13 საათი და 30 წუთი. სულ რაღაც 5 წუთი გყოფნიდათ. ისიც კი ვიფიქრე, ხომ არ "ხალტურობს"-მეთქი, მაგრამ როცა დავფეხმძიმდი, 3 სანთელი დაგინთეთ, გახსოვთ? - დაზეპირებულივით მომაყარა. ახლა უკვე მართლა დაჟინებით დავაცქერდი ქალბატონსაც და ბავშვსაც. მომკალით და ვერ გავიხსენე. - დავუძახებ მეუღლეს, ის აუცილებლად გაგახსენდებათ. ცოტა არ იყოს, დავიძაბე... ორმეტრიანმა გოლიათმა დიდი ხნის უნახავი ძმასავით ჩამიკრა გულში: ბატონო თამაზ, თქვენ რომ არა, დღეს თამთა არ გვეყოლებოდა. ვერ წარმოიდგენთ, როგორი მადლიერები ვართ მთელი ჩვენი ოჯახიო. აი, მაშინ კი გამინათდა გონება და გამახსენდა 2008 წელი და ვაკის ყოფილი ტურბაზის შენობა, სადაც პაციენტებს ვიღებდი. უნაყოფო ქალბატონის სახელი და გვარიც გავიხსენე და მისი ქმრისაც, უშვილობაზე მკურნალობდნენ. ოფლისგან დაცვარული შუბლი შევიმშრალე და შვებით ამოვისუნთქე... ახლა გეკითხებით, ამ შემთხვევაში დაჟინებული მზერა სექსუალურ შევიწროებას გამოხატავდა? შეიძლება, სულ სხვა მიზნით თუ მიზეზით აშტერდები ადამიანს, უნდა გაიქცეს და გიჩივლოს? ეს იუმორით, თორემ მე ვფიქრობ, ეს არის ყურით მოთრეული თემა ქვეყანაში, სადაც ერი ყოფნა-არყოფნის წინაშე დგას, სადაც არაერთი რეალური პრობლემაა მოსაგვარებელი, ხელისუფლება კი ცდილობს, საზოგადოების ყურადღება მსგავსი თემებით გაფანტოს!

ნინო ჯავახიშვილი