ცოცხალი მკვდრები და მკვდარი მიცვალებულები... - გზაპრესი

ცოცხალი მკვდრები და მკვდარი მიცვალებულები...

მას შემდეგ, რაც ჩვენი ბრძენი პატრიარქის ერთ-ერთ ქადაგებაში მოვისმინე, რომ გარდაცვლილი ახლობლების სურათების წინ, სახლში იქნება თუ სასაფლაოზე, სასურველია ყოველთვის ეწყოს ტკბილეული, ვცდილობ, შეძლებისდაგვარად ხშირად მოვინახულო ახლობლების საფლავები და სხვა თუ არაფერი, კანფეტები მაინც ავიტანო. არადა, ყვავილებისა არ იყოს, ათი წუთის შემდეგ უკან რომ მივბრუნდე, ყველაფერი გაზიდული მხვდება. თავიდან ვბრაზობდი და ვწუწუნებდი: ერთი დღე მაინც გააჩერონ-მეთქი, მაგრამ ცოტა ხნის წინ ისეთ რამეს შევესწარი, აზრიც და განწყობაც რადიკალურად შემეცვალა და მივხვდი რაღაც ისეთს, რაზეც აქამდე არასოდეს მიფიქრია...

...სასაფლაოზე ასულმა ბლომად ავიტანე ტკბილეული, საჭმელი და სასმელიც. მერე მონატრებულ მშობლებს ჩემი სიხარული თუ სადარდებელი გავუზიარე. უკვე შინ მივდიოდი, როცა აღმოვაჩინე, რომ ქოლგა დამრჩენოდა და მიბრუნება მომიხდა. იმ წუთში აღარ წვიმდა და ამიტომაც აღარ გამახსენდა, მაგრამ შავი ღრუბლები ისეთი სისწრაფით ფარავდნენ ზეცას, მალე თავსხმა დაუშვებდა ალბათ.

ოჯახის წევრების განსასვენებელს რომ მივუახლოვდი, ლაპარაკის ხმა შემომესმა და შემცბარმა ნაბიჯი შევანელე. თავიდან მეგონა, ორნი საუბრობდნენ, მაგრამ ახლოს მისულმა სურათების წინ ჩაცუცქული, დაახლოებით სამოცდაათი წლის მამაკაცი დავინახე, რომელსაც ხელში შოკოლადის ფილა ეჭირა, ჭამდა და ლიმონათსაც აყოლებდა. სევდიანი მონოლოგით კი თითქოს, გარდაცვლილებს უბოდიშებდა: მერამდენედ გეცილებით თქვენს წილ ლუკმა-პურში და არ უნდა გეწყინოთ; არც ჩემი სიცოცხლე და მდგომარეობა უნდა შეგშურდეთ. მიწის ზემოთ ვარ, მაგრამ მაინც თქვენ მჯობიხართ, რადგან არ გივიწყებენ, გაკითხავენ და არც მოსაკითხი ენანებათ. ღმერთმა თქვენ საიქიოს შეგიფაროთ და სააქაოს თქვენი შვილები გააძლიეროს. ჩემი შვილები არც ცოცხალს მკითხულობენ და არც მკვდარს მიდარდებენ... არც მე ვიყავი მათთვის კარგი მამა, მაგრამ მაინც მტკივა გული, სიახლოვეს რომ არ მიკარებენ. თქვენ გგონიათ, სიცოცხლე რამედ მიღირს? მაგრამ თავსაც ვერ ვიკლავ... რადგან მათხოვრობა მრცხვენია, ამიტომაც შემოვეჩვიე სასაფლაოს. თქვენ ხართ ახლა ჩემი ახლობლები და რადგან სხვა არაფერი შემიძლია, მოვალ და მტვერს გადავწმენდ სურათებს, ჩამოყრილ ფოთლებს ავკრებ და გადავყრი, ეკალ-ბარდს არ გავახარებ თქვენს გულზე, თუ თქვენმა შვილებმა მოსვლა დაიგვიანეს...

შემეშინდა, არ დავაფრთხო-მეთქი და ფრთხილად დავიხიე უკან. მერე კი "ხველება ავიტეხე", რომ ჩემი გამოჩენა მოულოდნელი არ ყოფილიყო მისთვის...

ფეხზე წამომდგარი შემეგება, გაქცევა და დამალვა არც უფიქრია. დარცხვენილმა შემომხედა და სიტყვა ვერ დაძრა. მივესალმე და მის შეწუხებულ სახეს რომ შევხედე, იქით მოვუბოდიშე:

- ქოლგა დამრჩა და იძულებული გავხდი მოვბრუნებულიყავი...

ხელში შერჩენილი ლიმონათის ბოთლი მაგიდაზე დადგა და მივხვდი, რატომ ვერაფერს მეუბნებოდა - ყელში გაჩხერილი ცრემლების ბურთი უშლიდა ალბათ. ცრემლი ლოყაზეც ჩამოუგორდა...

- შეგერგოთ! - მეც მომინდა ტირილი, - არ მენანება და მიხარია კიდეც, აქ რომ გხედავთ...

მერე ჩანთიდან საფულე ამოვიღე და დარჩენილი ხუთლარიანი ამოვიღე, ხელში შევაჩეჩე:

- ცოტა ხანს მაინც გეყოფათ პურის საყიდლად! - ვუთხარი და ავტირდი. ისიც ტიროდა და მართლა არ ვიცი, იმ წუთას მშობლების მონატრება უფრო მატირებდა თუ იმ კაცის მდგომარეობა და ცრემლები... იმ მოხუცების, ქალებისა და ბავშვების სასოწარკვეთილი და აუტანელი ყოფა, სასაფლაოებს შესეულები ყველაფერ ღირებულს რომ იტაცებენ და ცდილობენ, სხვებს დაასწრონ. დღევანდელი საქართველოს რეალობა და სახეები რომ არიან ეს ადამიანები, ესეც მატირებდა ალბათ...

იმ დღის შემდეგ სასაფლაოზე რომ ავდივარ, ვცდილობ, ტკბილეულის გარდა ისეთი რაღაც ჩავდო პარკში, მშიერ ადამიანს სულს რომ მოუბრუნებს და შიმშილისგან დაბინდულ მზერას იმედის სხივით აუვსებს. არ ვიცი, რას ფიქრობს ის ადამიანი, ვინც ჩემს დანატოვარს პოულობს, მაგრამ მე ვარ რაღაცნაირად სავსე და მშვიდი იმის გამო, რომ მაქვს საშუალება, რაღაც სხვებსაც ვუწილდო. ფიქრს ოცნებამდეც მივყავარ და ძალიან მინდა, მილიონი მქონდეს, რათა რაც შეიძლება მეტ უპოვარს შევუმსუბუქო ხვედრი...

...კიდევ, ჩვენი პატრიარქის სიბრძნეზე და შორსმჭვრეტელობზე ვფიქრობ - შემთხვევით არ ურჩევია ჩვენთვის სასაფლაოებზე ტკბილეულის ატანა. იცოდა, რომ ამით ჩემნაირებსაც მიანიჭებდა სულიერ სიმხნევეს და იმ მოხუცის მსგავსებსაც, ჩემი მშობლების საფლავზე რომ "გავიცანი"; იცოდე, რომ რაღაცნაირად გაგვაერთიანებდა ცხოვრების სხვადასხვა პოლუსებზე აღმოჩენილებს და ისეთ რამეზე დაგვაფიქრებდა, სახელის დარქმევა რომ მიჭირს ახლა.