დეპ­რე­სია - სუ­ი­ცი­დის წი­ნა პი­რო­ბა - გზაპრესი

დეპ­რე­სია - სუ­ი­ცი­დის წი­ნა პი­რო­ბა

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემების მიხედვით, მსოფლიოში 450 მილიონ ადამიანს ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემა აღენიშნება. რაც შეეხება საქართველოს, ჩვენს ქვეყანაში ყველაზე გავრცელებული ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემა დეპრესიაა. ფსიქიკური და ქცევითი ჯანმრთელობის 78 ათასზე მეტი შემთხვევაა აღნუსხული (თუმცა, ბევრი შემთხვევა აღუნუსხავია). ამ დაავადების კონტროლი შესაძლებელია, მაგრამ თუ პაციენტი მდგომარეობას არასწორად აღიქვამს და დახმარებისთვის სპეციალისტს არ მიმართავს, პროცესის შემდგომ განვითარებად ხშირად, სუიციდი გვევლინება. ყოველწლიურად სუიციდით 800 000 ადამიანი იღუპება, ყოველ 40 წამში ერთი ადამიანი საკუთარ სიცოცხლეს ხელყოფს...

დეპრესიამ თავი ნებისმიერ ასაკში შეიძლება იჩინოს, თუმცა, უმთავრესად, 20 წელს გადაცილებულებს აღენიშნება. დეპრესიის განვითარების კონკრეტული მიზეზი არ არსებობს. მასში რამდენიმე ფაქტორია ჩართული. ამ დროს ტვინში კონკრეტული ცვლილებები ხდება. ხაზგასასმელია ჰორმონული ცვლილებები და მემკვიდრეობითი ფაქტორი. დეპრესიის განვითარება მოსალოდნელია მაშინაც, თუ პაციენტის ბიოლოგიურ ნათესავს სუიციდის მცდელობა ჰქონია. ბუნებრივია, პროცესს ძლიერი ცხოვრებისეული სტრესიც უწყობს ხელს. ბავშვობაში გადატანილი ფსიქოლოგიური სტრესი, მაგალითად, ძალადობა, მშობლის დაკარგვა - მუდმივ ცვლილებებს იწვევს თავის ტვინში, რაც პირს დეპრესიისადმი განაწყობს. ხელშემწყობ ფაქტორს წარმოადგენს მეგობრების სიმცირე, ურთიერთობების სიღარიბე, ხასიათის თავისებურებები - დაბალი თვითშეფასება, სხვაზე დამოკიდებულება, თვითკრიტიკულობა, პესიმიზმი... დეპრესიის განვითარებას შესაძლოა, ზოგიერთმა პრეპარატმაც შეუწყოს ხელი (არტერიული წნევის დამწევი, საძილე საშუალებები). ასევე, ნარკოტიკისა და ალკოჰოლის მოხმარებამ.

ქალები მამაკაცებზე ორჯერ ხშირად ავადობენ. დადგენილია, რომ დეპრესია ყოველ მერვე ქალს ტანჯავს. მეცნიერები ამ კანონზომიერებას რამდენიმე ფაქტორით ხსნიან. წინარე მენსტრუალური სინდრომი ზოგჯერ ისე მძიმედ მიმდინარეობს, რომ ცხოვრების ნორმალურ რიტმს არღვევს და ნერვული აშლილობის სახეს იღებს. დეპრესიის აღმოცენებას ხელს უწყობს ორსულობის პერიოდში მიმდინარე მრავალი ჰორმონული ცვლილებაც. ხშირი მიზეზია ორსულობის შეწყვეტა, არასასურველი ორსულობა და უნაყოფობა. დეპრესიული განწყობა ხშირად იჩენს თავს მშობიარობის შემდეგაც. ასევე მაშინ, როცა ქალი ცდილობს მარტო გაუმკლავდეს საოჯახო საქმეებსა და ბავშვის გაზრდის პროცესს. განსაკუთრებით მაღალი რისკის ქვეშ არიან მარტოხელა დედები. მათში დეპრესია სამჯერ უფრო ხშირია, ვიდრე დაოჯახებულ ქალებში. დაუცველობისა და უიმედობის განცდა კიდევ უფრო ამძაფრებს მდგომარეობას. გარდა ამისა, სექსუალური და ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი უფრო ხშირად, სუსტი სქესია. განსაკუთრებით სავალალოა ბავშვობაში მიყენებული ძალადობის შედეგები. მამაკაცისაგან განსხვავებით, ქალის ორგანიზმში უფრო მეტი სტრესული ჰორმონი გამომუშავდება. ქალის სასქესო ჰორმონი - პროგესტერონი ხელს უშლის სტრესული ჰორმონების დონე ნორმას დაუბრუნდეს, როგორც ეს მამაკაცის ორგანიზმში ხდება.

სტერეოტიპული მიდგომის მიხედვით, დეპრესია მხოლოდ სუსტი ადამიანების ხვედრია. ამიტომაც, განსაკუთრებით მამაკაცები, მალავენ ამის შესახებ და ცდილობენ, მას დამოუკიდებლად გაუმკლავდნენ. დეპრესიის გამო მამაკაცები ქალებზე ოთხჯერ ხშირად იკლავენ თავს...

დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის მონაცემებით, 15-დან 24 წლამდე სიკვდილიანობის მიზეზებს შორის სუიციდი მესამე ადგილზეა. მოზარდების დეპრესიას პრობლემები მხოლოდ ოჯახსა და სკოლაში არ მოჰყვება. ისინი ხშირად მიმართავენ ნარკოტიკს ან სჩადიან კრიმინალურ დანაშაულს. ხანდახან ყალიბდება საკუთარი თავის სიძულვილიც. ამ დროს მოზარდი ძალადობს საკუთარ თავზე ან მიმართავს სუიციდს.

ანა ნიორაძე, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი:

- ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის განმარტებით, ჯანმრთელობა სრული ფიზიკური, ფსიქიკური და სოციალური კეთილდღეობაა და არა მხოლოდ დაავადებისა და ფიზიკური დეფექტების არსებობა. ფიზიკურად ჯანმრთელი ორგანიზმი სრულფასოვნად ასრულებს თავის ფუნქციას, ხოლო ფსიქიკურად ჯანმრთელი ადამიანი თავის მოსავლელად ყოველდღიურად დგამს რუტინულ ნაბიჯებს, ახერხებს საკუთარი პოტენციის რეალიზაციას, წვლილი შეაქვს საზოგადოებრივ ცხოვრებაში და რაც მნიშვნელოვანია, შეუძლია თავი გაართვას ცხოვრებისეულ სტრესებს. როგორც ფიზიკური, ისე ფსიქიკური ჯანმრთელობა ცვალებადია და ის ცხოვრების ნებისმიერ ეტაპზე, შეიძლება, მნიშვნელოვნად შეიცვალოს. ბევრი დეპრესიას, უბრალოდ, განწყობილების ცვალებადობას არქმევს, სინამდვილეში, ასეთი ყოველდღიური, ხანმოკლე და თვითკომპენსირებადი მდგომარეობა დეპრესია არ არის. მეორე მხრივ, დეპრესია ქრონიკული დაავადებაა, რომელსაც კვალიფიციური მკურნალობა ესაჭიროება.

- რა სიმპტომებით ხასიათდება დეპრესია და შესაძლებელია თუ არა პროცესი შენიღბულად მიმდინარეობდეს?

- დეპრესია სხვადასხვაგვარად ვლინდება, თუმცა, საერთო ნიშნები და სიმპტომები ახასიათებს, მათ შორის, უმწეობისა და უიმედობის განცდა, გამოუვალ მდგომარეობაში ყოფნის შეგრძნება, ინტერესის დაკარგვა ყოველდღიური საქმიანობის, ხალხთან ურთიერთობისა და ძველი გატაცებების მიმართ, მადისა და წონის ცვლილებები. დეპრესიის ფონზე პაციენტმა ერთი თვის განმავლობაში წონაში შესაძლოა, 5%-ით დაიკლოს ან მოიმატოს. აღინიშნება ძილის დარღვევები, აზროვნების, მეტყველებისა და მოძრაობების შენელება, დანაშაულისა და უსარგებლობის განცდა, იოლად გაღიზიანება და სიბრაზე. დაქვეითებულია ამტანობისა და კონცენტრირების უნარი, ჩნდება ქრონიკული დაღლილობის განცდა. შესუსტებულია ყურადღების, გადაწყვეტილების მიღების, ფაქტების დამახსოვრების უნარი. აღინიშნება თავის, ზურგის, მუცლის ტკივილი, რასაც ორგანული საფუძველი არ გააჩნია. ჩნდება ფიქრები სიკვდილსა და თვითმკვლელობაზე.

- მითია თუ რეალობა, რომ შიზოფრენია არ იკურნება?

- ადამიანების 30%-ს, ვისაც შიზოფრენია აწუხებს, გრძელვადიანი გამოჯანმრთელება აღენიშნება, ხოლო 20%-ს - მნიშვნელოვანი გაუმჯობესება.

- როგორ შევინარჩუნოთ ფსიქიკური ჯანმრთელობა?

- ფიზიკური აქტივობა ამცირებს დეპრესიის სიმპტომებს. ისეირნეთ, ირბინეთ, იცურავეთ; შეარჩიეთ აქტივობა, რომელიც სიამოვნებას მოგანიჭებთ; ერიდეთ ალკოჰოლსა და ნარკოტიკს. მათი გამოყენებით მოგვრილი შვება დროებითია. სინამდვილეში, ისინი ადამიანს დეპრესიაში უფრო ღრმად ითრევს; მოიწესრიგეთ ძილის რეჟიმი. სრულფასოვანი ძილი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დეპრესიის სიმპტომების უკუგანვითარებისთვის; ნუ ჩაიკეტებით საკუთარ თავში. უთხარით თქვენი პრობლემების შესახებ ახლო მეგობარს, შეინარჩუნეთ ურთიერთობები თუნდაც მცირედი ძალდატანების ფასად; დაეხმარეთ სხვებს; გაატარეთ თავისუფალი დრო ბუნების წიაღში, უყურეთ მხიარულ ფილმებს, ინებივრეთ აბაზანაში, მოუსმინეთ მუსიკას, წერეთ დღიური, თუკი ეს შვებას მოგგვრით, გამოძებნეთ დრო საყვარელი საქმიანობისთვის, რომლისთვისაც ბოლო ხანს ვერ იცლიდით; იძინეთ საკმარისად; მიიღეთ სრულფასოვანი საკვები. შეიმუშავეთ სტრესთან გამკლავების სტრატეგია და უნარები; საჭიროების შემთხვევაში აუცილებლად მიმართეთ პროფესიონალს; დეპრესიისას უნდა მივმართოთ ფსიქოლოგს და არა - ნევროპათოლოგს. ძალიან ხშირად სწორედ ნევროპათოლოგთან აფორმებენ ვიზიტს და არასაჭირო მედიკამენტოზურ მკურნალობას იწყებენ, რასაც თავის მხრივ, ბევრი სხვა პრობლემა მოაქვს...

დეპრესიის რამდენიმე სახე არსებობს. დიდი დეპრესიისას სიმპტომები მკვეთრადაა გამოხატული. ატიპური დეპრესია მოზარდებსა და ქალებშია გავრცელებული. მას მადის გაძლიერება, წონის მატება, გადაჭარბებული ძილიანობა და კიდურებში სიმძიმის შეგრძნება ახასიათებს. დროდადრო დეპრესიული განწყობა ქრება, თუმცა, გარკვეული დროის შემდეგ, სიმპტომები კვლავ იჩენს თავს. დისთიმია დეპრესიის მსუბუქი ფორმაა, თუმცა, ისიც ქრონიკული მდგომარეობაა. მიუხედავად იმისა, რომ მკვეთრი სიმპტომებით არ ხასიათდება, ის ხანგრძლივად, ზოგჯერ ორი წელიც გრძელდება. სეზონური აფექტური აშლილობა თავს წელიწადის ერთსა და იმავე დროს იჩენს. ხშირად შემოდგომაზე იწყება და მთელი ზამთარი გრძელდება. იშვიათად ჩნდება გაზაფხულზე. თუ დეპრესიისას ადამიანი დათრგუნვილი, უიმედოა, კარგავს სიხარულის განცდის უნარს და ცხოვრებისადმი ინტერესს, მანიაკური ეპიზოდის დროს თავს იჩენს ეიფორია, ენერგიის მოზღვავება, გადაჭარბებული ოპტიმიზმი, სწრაფი საუბარი, აჟიტირებული და აგრესიული მოქმედება. ამ დროს აზროვნების უნარი არასრულფასოვანი, კონცენტრაცია კი დაქვეითებულია.

საგანგაშო სიმპტომები, რომლებიც შესაძლოა, სუიციდური ფიქრების გამოვლინება იყოს: საუბარი თვითმკვლელობაზე, თუნდაც ხუმრობით; ფრაზების: "ჯობს, მოვკვდე", "გამოსავალი არ არსებობს" ხშირი გამოყენება; სიკვდილზე პოზიტიური საუბარი და მოთხრობების ან ლექსების წერა; საკუთარი პიროვნებისა და კეთილდღეობის უგულებელყოფა; ისეთი ნივთების მოძიება, რომელთა გამოყენება შეიძლება თვითმკვლელობის მიზნით; მუდმივი შფოთვა; ძალიან ცოტა ან ზედმეტად ხანგრძლივი ძილი; აგრესიის გამოვლენა; ხასიათის ძალიან ხშირი, რადიკალური ცვლა. ამ დროს უკუშედეგი მოაქვს ჭკუის დარიგებას, ვალდებულებების შეხსენებას. უბრალოდ, ახლობლებმა უნდა აგრძნობინონ, რამდენად ძვირფასია მათთვის ეს ადამიანი, აღუთქვან დახმარება და მხარდაჭერა, მაგრამ არ დააკნინონ პრობლემები, რამაც პაციენტი ამ ფიქრებამდე მიიყვანა.

შორენა ლაბაძე