ჯონ როკ­ფე­ლე­რი - პორ­ტ­რე­ტი რა­კურ­სით - გზაპრესი

ჯონ როკ­ფე­ლე­რი - პორ­ტ­რე­ტი რა­კურ­სით

ჯონ როკფელერი საკუთარ კაბინეტში იჯდა და ბირჟის სიახლეებს ეცნობოდა. უცებ, კარი გაიღო და ოთახში სიხარულის ყიჟინით, მისი უმცროსი ვაჟი შემოიჭრა. მან მუშტი გახსნა და მამას ხელისგულზე მოთავსებული ხუთი მკვდარი ბუზი უჩვენა. კმაყოფილმა მშობელმა მას შეპირებული ათი ცენტი ჩაუთვალა (ორი ცენტი ყოველ ბუზზე) და თავზე ხელი გადაუსვა. - რა ბედნიერებაა, რომ მას მემკვიდრეები ეზრდება! ის მათ თავის იმპერიას გადააბარებს, რომელსაც ნაწილ-ნაწილ, არაერთი წლის მანძილზე აკოწიწებდა, მაგრამ გახდებიან ისინი ისეთები, როგორიც თვითონ იყო - ჟინიანი, შეუპოვარი და გამჭრიახი? ევოლუციის კანონების მიხედვით, შვილები წესით, მშობლებს უნდა ჰგავდნენ, მაგრამ თვითონ ოდესღაც დაიფიცა, რომ არასდროს იქნებოდა დედ-მამის მსგავსი.

ბავშვობა

მამა თითქმის არ უნახავს. უილიამ როკფელერი მუდმივად რაღაც აფერებში მონაწილეობდა და მიწის ნაკვეთების ყიდვა-გაყიდვით, ხანაც - "ჯადოსნური ელექსირების" გასაღებით იყო დაკავებული. მას ოჯახი სულაც არ ანაღვლებდა. ფულს იოლად შოულობდა, მაგრამ ასევე იოლად ხარჯავდა. მისი მომლოდინე ექვსი შვილი არც ახსოვდა.

პატარა ჯონმა გადაწყვიტა, რომ ასე დაუდევრად არასდროს მოიქცეოდა. თუმცა, მამილოს ისეთი თვისებებიც ჰქონდა, რომლებიც შვილს გადაეცა: ამერიკის პროვინციულ ქალაქებში მცხოვრებთაგან განსხვავებით, სპირტიან სასმელებს არ ეკარებოდა და ფულის შოვნის საოცარი უნარით იყო დაჯილდოებული. შეიძლება ითქვას, რომ ის ფულს აღმერთებდა. მორიგი კუშის მოხსნისას, უილიამი ბანკნოტებს მაგიდაზე ყრიდა, შემდეგ კი მოშრიალე დასტებს ჭერისკენ ისვრიდა და მათი ნელი ფარფატით ტკბებოდა. შვილს მამისგან მემკვიდრეობად ერთი შეგონება დარჩა: "შვილო, ფული უნდა გიყვარდეს და ის შესაბამისად გიპასუხებს!" - ეს სამუდამოდ ჩაიბეჭდა ჯონის გონებაში.

ელაიზა უკიდურესად ძუნწი ადამიანი გახლდათ. მან იცოდა, რომ ქმრის მოტანილი ფული მეორე დღეს კვამლივით გაქრებოდა. ჯონს მუდამ ახსოვდა, როგორ უყვიროდა დედა, როცა შარვალს დახევდა (ტანისამოსი ხომ მის და-ძმებსაც უნდა ეტარებინათ) და ვინ მოსთვლის, რამდენჯერ ურბენია ფეხშიშველს იმის გამო, რომ ფეხსაცმელი ზედმეტად არ გაეცვითა.

როცა ჯონი დედის ამგვარ მორჩილებას აკვირდებოდა, დასკვნებს აკეთებდა: რატომ უნდა ელოდო მითურ ბედნიერებას ზეცაში, თუკი მიწიერი ბედნიერებაც არსებობს?.. ჰოდა, თუ კეთილდღეობა თავისით არ მოდის, უნდა წახვიდე და ის აიღო. და კიდევ, თუ ფული არ გყოფნის, ის კი არ უნდა დაზოგო, არამედ მეტი უნდა გამოიმუშაო!

პირველი ცენტი

"ყველა დიდი გზა პირველი ნაბიჯით იწყება", - ჯონ როკფელერი ამ ჩინური სიბრძნის თავისებურ ინტერპრეტაციას ახდენდა და ამბობდა: "ყოველი დიდი კაპიტალი პირველი ცენტით იწყება".

რა იდეები აღარ მოსდიოდა პატარა ჯონს თავის ნათელ გონებაში: დედის მიცემული ფულით შაქარყინულის შეკვრის ყიდვა, მისი პატარ-პატარა გროვებად დანაწილება და ცოტათი უფრო ძვირად გაყიდვა. ვისზე ყიდდა? - თუნდაც, საკუთარ დებზე. "არაფერი პირადული, ეს ხომ მხოლოდ ბიზნესი იყო".

შვიდი წლისა მიხვდა, რომ შეეძლო გარეული ინდაურების დაჭერა, მათი გამოკვება და მეზობელი ფერმებისთვის მიყიდვა. თავის ყოველ ფინანსურ ოპერაციას რვეულში იწერდა; ყოველ დოლარს ყულაბაში ინახავდა.

უკვე ათი წლისა, ცარიელ-ტარიელად დარჩენილ მამასაც კი სესხით უმართავდა ხელს. რა თქმა უნდა, სესხს თავისი პროცენტიც მოჰყვებოდა - "აქაც არაფერი იყო პირადული..."

"მომავალი ნავთობს ეკუთვნის!"

კოლეჯის დასრულების შემდეგ, 16 წლის ჯონმა სამუშაოს ძიება დაიწყო. მან დედა დაარწმუნა, რომ ძვირფასი კოსტიუმის შესაძენად მისთვის ფული გამოეყო, რადგან უკვე კარგად ესმოდა ჩაცმულობის მნიშვნელობა. ყმაწვილმა გადაწყვიტა სამუშაო ეპოვა, მან შემოიარა კლივლენდის ყველა კანტორა, მაგრამ ყველგან უარი მიიღო. საბოლოოდ, ის ბუღალტრის დამხმარედ აიყვანეს და დაჰპირდნენ, რომ ოდესმე მაინც, ამ სამუშაოში ფულს გადაუხდიდნენ. ის დათანხმდა, რადგან ეს მისთვის დიდი ფულის სამყაროში პირველი საფეხური უნდა ყოფილიყო.

კოლეგები ახალგაზრდის მონდომებით გაოგნებულნი იყვნენ. ახალბედა თანამშრომელი კანტორაში ყველაზე ადრე მიდიოდა და გვიანობამდე რჩებოდა იქ. ყმაწვილები ლუდზე ეპატიჟებოდნენ; გოგონები ეკეკლუცებოდნენ და მისი ყურადღების მიპყრობას ცდილობდნენ, მაგრამ - ამაოდ.

პირველად მიღებულ ჩეკს ჯონი დროდადრო სეიფიდან იღებდა, ათვალიერებდა და სიყვარულით ეხებოდა. მოულოდნელად ვინმე მეზობლისთვის შეეძლო ეთქვა: "აი ნახავ, მე მდიდარი გავხდები!"

თანამშრომლებმა უცნაურ ბიჭს ზურგი აქციეს. ჯონისთვის ამას არავითარი მნიშვნელობა არ ჰქონდა. ახლა მის ყურადღებას არავინ და არაფერი მოსწყვეტდა მთავარს - ანგარიშსა და გადათვლას. ახალგაზრდა როკფელერს იმხანად მხოლოდ ის ადარდებდა, რომ მთელი ეს ფული მას არ ეკუთვნოდა. გარდა ამისა, ძალიან აწყენინეს: როცა ბუღალტრის ადგილი გათავისუფლდა, ის ჯონს გადასცეს, მაგრამ ანაზღაურება სამჯერ შეუმცირეს, ვიდრე მის წინამორბედს ჰქონდა. როკფელერმა გადაწყვიტა, სამსახური დაეტოვებინა. მან შესანიშნავი გაკვეთილი მიიღო: სამუშაოს მომცემს ყოველთვის შეუძლია მოტყუება და დამცირება.

მას შემდეგ, მან მხოლოდ საკუთარ თავზე მუშაობა გადაწყვიტა. ჯონს მშვენივრად ახსოვდა ისიც, როგორ გახდა ერთ-ერთი ფირმის უმცროსი პარტნიორი, რომელიც ჩალითა და საყოფაცხოვრებო ნაწარმით ვაჭრობდა. აქ როგორ უნდა გამდიდრებულიყო? წინასწარ განჭვრეტამ თითქოს მაშინაც უშველა. შტატებში სამოქალაქო ომი დაიწყო. სიტუაციას ალღო მაშინვე აუღო და ომის მომარაგებით ასობით ათასი გამოიმუშავა.

შემდეგ უფრო შორსაც წავიდა. როკფელერი ერთ-ერთი პირველთაგანი გახლდათ, ვინც ნავთობის ღირსება შეიცნო. სანამ სხვები ოქროს ძიების ციებ-ცხელებას შეეპყრო, ის ნელ-ნელა თავის "ოქროს" ექაჩებოდა, ოღონდ - შავს. როცა მთელი ამერიკა სახლებს სანთლებით ინათებდა, ის ამბობდა: "მომავალი ნავთობს ეკუთვნის!" - და ისევ მართალი იყო - ნავთობი საჭირო გახდა თვითმფრინავებისა და ავტომობილებისთვის...

როკფელერის ფირმა "სტანდარტ ოილი" ყოველთვის ერთი ნაბიჯით წინ იყო. თავიდან, კონკურენტებთან შედარებით, დაბალ ფასს აწესებდა. როცა ისინი კოტრდებოდნენ, როკფელერი მათ კომპანიებს ყიდულობდა. როდესაც მონოპოლისტი გახდა, ფასები ადრინდელთან შედარებით კიდევ უფრო ასწია. ამის გამო, მისი კომპანიის მისამართით ხშირად გაიგებდით ფრაზას: "უდიდესი, უბრძენესი და ყველაზე უპატიოსნო, ვისაც კი ოდესმე უარსებია".

"უკეთილესი სულის მილიარდერი"

როკფელერს ხელქვეითები მონსტრად თვლიდნენ და მისი ცეცხლივით ეშინოდათ. ის უხდიდა მკურნალობის ფულს და უნიშნავდა პენსიებს ყველაზე ერთგულებს, მაგრამ სამაგიეროდ მათგან სრულ მორჩილებას მოითხოვდა. მათ, ვინც ამას ვერ ახერხებდა, დაუნდობლად ემშვიდობებოდა.

სახლშიც კი, რაღაც ფირმისმაგვარი მოაწყო, სადაც გენერალურ დირექტორად მისი ცოლი - ლაურა ჰყავდა დანიშნული.

ბავშვები ფულს ყოველი სასარგებლო საქმისთვის იღებდნენ (მამიკოსთვის ფანქრების გათლა 10 ცენტი ღირდა; მუსიკის მეცადინეობა - 5 ცენტი; ერთი დღის გატარება კანფეტების გარეშე - 2 ცენტი და ა.შ.), ყოველი გადაცდომისთვის კი - ჯარიმას იხდიდნენ (მაგალითად, სადილზე დაგვიანების შემთხვევაში 1 ცენტი უნდა გადაეხადათ). ყველა ამ ციფრებს ისინი რვეულში იწერდნენ, როგორც ამას ოდესღაც თვითონ აკეთებდა. ყოველ მათგანს ბოსტანში საკუთარი კვლები ჰქონდა, სადაც ბოსტნეულს ზრდიდნენ.

ჯონ როკფელერი უკვე მილიონებს ატრიალებდა, მისი ვაჟი - უმცროსი ჯონი კი, გოგონას კაბებით დაიარებოდა, რადგან მას ოთხი უფროსი და ჰყავდა და მათი ტანსაცმლით იოლად გადიოდა. არა უშავს, დაე, ეკონომიას აქედანვე შეეჩვიოს! - ფიქრობდნენ მშობლები (როგორც ჩანს, ჯონმა დედისგანაც ბევრი აიღო). ბავშვებს მხოლოდ ერთი, საზიარო ველოსიპედი ჰქონდათ. - ჰოდა, ძალიან კარგი, დაე, ერთმანეთში გაიყონ! - იტყოდნენ აქაც.

ვინ იყო სინამდვილეში ჯონ როკფელერი? ცოლი მას უკეთილშობილესი სულის ადამიანად მიიჩნევდა. მისი ჯანმრთელობისთვის ლოცულობდნენ და სანთლებს ანთებდნენ ისინი, ვისაც ეხმარებოდა. როგორც ჩანს, მათ ლოცვებს ამაოდ არ ჩაუვლია და ჯონმა თითქმის ას წლამდე იცოცხლა. ის იყო ადამიანი, რომელიც ქველმოქმედებაზე მილიონებს ხარჯავდა. დიდ თანხებს სამედიცინო გამოკვლევებისთვის, განათლებისთვის (ორი უნივერსიტეტი დააარსა) სწირავდა.

დღევანდელი მდგომარეობით როკფელერის ოჯახური ქონება სამას მილიარდ დოლარზე მეტადაა შეფასებული. აბა, რას მოვა მასთან, თუნდაც, ბილ გეიტსი, თავისი ორმოცდაათი თუ ცოტა მეტი მილიარდითაც კი...

ირინა ჯანდიერი