ეგ­ზო­ტი­კუ­რი კერ­ძე­ბი, რომ­ლე­ბიც ქარ­თ­ვე­ლებს ძა­ლი­ან მოს­წონთ - გზაპრესი

ეგ­ზო­ტი­კუ­რი კერ­ძე­ბი, რომ­ლე­ბიც ქარ­თ­ვე­ლებს ძა­ლი­ან მოს­წონთ

ვინ იცის, მსოფლიოში რამდენი უჩვეულო და უცნაური კერძი არსებობს: დედამიწის სხვადასხვა კუთხეში სიამოვნებით მიირთმევენ გველის ხორცს, ალიგატორის სოსისს თუ ბაყაყის თათებისაგან დამზადებულ სხვადასხვა "ნუგბარს". ქართველები ამ მხრივ კონსერვატიულები ვართ - ასეთი დელიკატესების გასინჯვას ცოტა თუ ისურვებს, თუმცა ეგზოტიკური კერძების მოყვარულები ჩვენს ქვეყანაშიც ცხოვრობენ. რომელ უცხო კერძებს აგემოვნებენ ყველაზე ხშირად ჩვენს რესტორნებში? - ამის გარკვევაში ერთ-ერთი რესტორნის დირექტორი, ნუგზარ მაჭარაშვილი დაგვეხმარა. ბატონი ნუგზარი წლების განმავლობაში მუშაობდა შეფ-მზარეულად და კარგად იცის ჩვენი მოსახლეობის გემოვნება:

მისი უდიდებულესობა "ცეზარი"

- "სალათა "ცეზარი" დღეს მსოფლიოში ყველაზე ცნობილი კერძია და დიდია მასზე მოთხოვნა. ის ჩვენს ქვეყანაშიც ძალზე პოპულარულია. "ცეზარს" თითქმის ყველა რესტორანში ამზადებენ, თუმცა ბევრგან ამახინჯებენ. ზოგს ჰგონია, რომ ამ სალათაში აუცილებლად უნდა იყოს კიტრი და პომიდორი, მაგრამ ასე არ არის. ამ კერძის ავტორი იტალიელი ცეზარ კარდინია, რომელიც პირველი მსოფლიო ომის შემდეგ თავის ძმასთან ერთად ამერიკაში გაემგზავრა და მალე პატარა სასტუმრო და რესტორანი გახსნა. კარდინის სასტუმრო სახელმწიფოს საზღვართან, სან-დიეგოდან ოცი კილომეტრის მოშორებით მდებარეობდა. 1924 წლის 3 ივლისს კარდინის რესტორანში ჰოლივუდის ვარსკვლავებმა მოიყარეს თავი. მოგვიანებით მათ საკვები შემოაკლდათ, ახლომახლო მაღაზიები კი დაკეტილი აღმოჩნდა. რესტორნის სამზარეულოში მხოლოდ კვერცხი, ზეითუნის ზეთი, სალათის ფოთლები, თეთრი პური, ვორჩესტერის სოუსი, ყველი პარმეზანი და ნიორი დარჩენილიყო. ცეზარ კარდინიმ ამ ინგრედიენტებისგან თავის სტუმრებს უგემრიელესი კერძი მოუმზადა და მიართვა. ასე დააგემოვნეს ჰოლივუდის ვარსკვლავებმა სალათა, რომელმაც მალე დიდი პოპულარობა მოიპოვა და მთელ მსოფლიოში გავრცელდა. 1953 წელს, პარიზში, "ცეზარი" საუკეთესო ამერიკულ კერძად აღიარეს უკანასკნელი 50 წლის განმავლობაში. დღესდღეობით "ცეზარის" უამრავი ვარიანტი არსებობს. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ამ კერძს ყველა მზარეული თავისი გემოვნებით ამზადებს, თუმცა უმეტესობა ფიქრობს, რომ ცეზარის კლასიკური რეცეპტი არ უნდა დამახინჯდეს.

GzaPress

კრევეტები სოიის სოუსთან ერთად

- კრევეტებზე მოთხოვნა მას შემდეგ გაიზარდა, რაც სამარხვო რაციონში იქნა დაშვებული. ეს გემრიელი ზღვის პროდუქტი სასარგებლოა ადამიანის ჯანმრთელობისთვის, მისგან გამოცდილი მზარეულები უამრავ საინტერესო კერძს ამზადებენ. ქართველ მომხმარებელს ძალიან მოსწონს კრევეტებისგან დამზადებული ცხელი კერძებიც და სალათებიც, თუმცა ჩვენში ყველაზე პოპულარული გრილზე შემწვარი კრევეტებია, რომელსაც სოიის სოუსთან ერთად ყველა სიამოვნებით მიირთმევს.

პიცა - იტალიური საოცრება

- პიცა იტალიური სამზარეულოს მშვენება და იტალიის სავიზიტო ბარათია. ის თავდაპირველად ღარიბების საკვებად იყო მიჩნეული და მაღალი ფენის წარმომადგენელთა რაციონში საერთოდ არ შედიოდა. როგორც ჩანს, თავდაპირველად პიცა ძალზე მოხერხებულმა ადამიანმა მოამზადა: პურის პატარა ნაჭრით, პომიდვრით, ნივრით, ზეთითა და მომცრო თევზით ადამიანი ვერ დანაყრდება, მაგრამ თუ ამ ყველაფერს თავს ერთად მოუყრის, გემრიელი სადილიც ექნება და დიდ სიამოვნებასაც მიიღებს. დღეს პიცა ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და პოპულარული საჭმელია დედამიწაზე. პიცის უამრავი სახესხვაობა არსებობს, მაგრამ მათგან ყველაზე ცნობილია "მარგარიტა", რომელიც, გადმოცემით, იტალიის მეფე უმბერტო I-ის მეუღლის, დედოფალ მარგარიტას პატივსაცემად შეიქმნა.

სუკის სტეიკი

- სტეიკი დასავლეთში ყველაზე პოპულარული საკვებია. რაც შეეხება ქართველებს, მათ სისხლიანი სტეიკი არ უყვართ, თუმცა წვნიანი სტეიკი ჩვენს მოსახლეობაშიც დიდი მოწონებით სარგებლობს. პროფესიონალი მზარეულის ხელით შემწვარ სტეიკს სულ სხვა გემო აქვს, ვიდრე ოჯახურ პირობებში მომზადებულს.

ბიფსტროგანოვი

- ბიფსტროგანოვი რუსი მზარეული გახლდათ, რომელმაც ეს უგემრიელესი საჭმელი გამოიგონა. კარაქში მოშუშული საქონლის სუკი და ხახვი ამ კერძს განუმეორებელ არომატს ანიჭებს, ხოლო შავი პილპილი და არაჟანი კიდევ უფრო პიკანტურსა და მიმზიდველს ხდის.

კიევური კატლეტი

- კიევურ კატლეტს ქათმის ფილეთი ამზადებენ. ეს საკმაოდ რთული მოსამზადებელი კერძია, რომელიც მზარეულის დიდ ოსტატობასა და ცოდნას მოითხოვს. ამ რამდენიმე წლის წინ, რესტორან "ევროპაში" მთელი დღის განმავლობაში 200-300 ცალი კიევური კატლეტი იყიდებოდა.

შაურმა

- სწრაფი კვების ობიექტებში მომზადებული შაურმა მოსახლეობაში ძალზე პოპულარულია. სიტყვა "შაურმა" თურქული წარმოშობისაა და ქართულად "მოტრიალეს" ნიშნავს. ეს არის ახლო აღმოსავლეთში შექმნილი კერძი, რომელსაც ცეცხლზე მოტრიალე, შამფურზე აცმული და სანელებლებით გაჯერებული ხორცის წვრილი ნაჭრებისგან ამზადებენ. ხორცი შეიძლება იყოს ცხვრის, ქათმის, ან სახედრის. შაურმა მარტო საქართველოში კი არა, ევროპაშიც ძალზე პოპულარულია. მიუხედავად იმისა, რომ ექიმები და დიეტოლოგები მას ჯანსაღ საკვებად არ მიიჩნევენ, გერმანიასა და სხვა ევროპულ ქვეყნებში საშაურმეები თითქმის ყოველ ნაბიჯზეა გახსნილი.

უსამართლოდ მივიწყებული სუში

- ეს ტრადიციული იაპონური კერძი წლების წინ საკმაოდ პოპულარული იყო. ტრადიციული იაპონური სამზარეულო სუშის გარეშე წარმოუდგენელია. სიტყვა "სუში" პირდაპირი მნიშვნელობით მჟავეს ნიშნავს. სუშის სულ რაღაც 100 წლის ისტორია აქვს. XIX საუკუნის ბოლოს, იაპონელ შეფ-მზარეულს, სახელად იოჰეის, თვეების განმავლობაში შენახული თევზის მკვეთრი სუნი მოჰბეზრდა და კლიენტებს უმი თევზი შესთავაზა, სწორედ აქედან დაიწყო სუშის ისტორია. სუშის სამშობლოდ სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიას მიიჩნევენ. დღეს თბილისსა და საქართველოში აღარ არის ისე მოთხოვნილება სუშზე, როგორც თავდაპირველად იყო, თუმცა ერთეულები მას მაინც უკვეთენ და სიამოვნებით მიირთმევენ.

ხათუნა ჩიგოგიძე