"შეჩერდი, შვილო, არ გაიქცე..."
font-large font-small
"შეჩერდი, შვილო, არ გაიქცე..."
მერაბი ყოფილი მძღოლია. მამამისიც მძღოლი იყო და ბაბუამისიც, ამიტომ როცა სკოლის დამთავრებისთანავე საქალაქთაშორისო ავტობუსზე მოინდომა მუშაობა, არავის გაჰკვირვებია. ოცი წლის იყო, პირველად რომ ჩაიყვანა მგზავრებით სავსე ავტობუსი თავისი პატარა ქალაქიდან დედაქალაქში და დღემდე ახსოვს, რაც მაშინ განიცადა: შიშში გაზავებული სიამაყის გრძნობა, რომ ამდენმა ადამიანმა ანდო საკუთარი სიცოცხლე და ეს მოლოდინი არავის გაუწბილა. ასე გრძელდებოდა თითქმის ორი ათეული წლის განმავლობაში, სანამ ერთ დღესაც, მის თავს ტრაგედია არ დატრიალდა: მთელი სიჩქარით მოძრავ "იკარუსს" ბავშვი გადმოუხტა წინ და ბორბლებში ჩაუვარდა...
იმ ხუთი წლის ბიჭის დედაც იქვე იყო, მაგრამ ვერ შეძლო შვილის შეჩერება, რომელმაც არავინ იცის, რატომ გადაწყვიტა მანქანებით დატვირთული ტრასის სირბილით გადაჭრა...
რა თქმა უნდა, ის დაიღუპა.
თვითმხილველები ამბობდნენ: მერაბი გაგიჟდა და ისიც თავს იკლავდა, ძლივს გააკავესო. თავადაც ჰყავდა სახლში მისი ტოლი ტყუპი ბიჭი და მთელი ხმით მოთქვამდა თურმე: ეს რა მომივიდა, შვილებს თვალი როგორ გავუსწორო და რა ვუთხრაო...
მერე სასამართლო შედგა და ერთი სიტყვითაც არ უმართლებია თავი. პირიქით, იხვეწებოდა: ისე დამსაჯეთ, მზის სხივსაც ნუ დამანახვებთ, სიცოცხლეს აღარ ვიმსახურებო. არადა, დარბაზიდან გაათავისუფლეს, რადგან მართლა უდანაშაულო იყო, რაც პირველ რიგში, ბავშვის დედამ დაადასტურა: შვილი მოულოდნელად გამისხლტა ხელიდან, შეუძლებელი იყო იმ მომენტში ავტობუსის დამუხრუჭებაო...
სასამართლოს შემდეგ დაიფიცა მერაბმა, რომ არათუ საჭესთან აღარ დაჯდებოდა თავის ცხოვრებაში, მანქანაშიც კი აღარ ჩაჯდებოდა. ბევრმა თქვა მაშინ: ცხელ გულზე ამბობს დაზაფრული, თორემ დრო რომ გავა, აზრზე მოვა და მიხვდება, რომ უდანაშაულოა, ასეც არ უნდა მოექცეს საკუთარ ცხოვრებასო, მაგრამ იმ ტრაგედიის შემდეგ წლები გავიდა და სოფელში გადასახლებული მერაბი, აღარც ქალაქში ჩამოსულა და არც თავის რაიონს გასცილებია. მხოლოდ იქ მიდის, რა მანძილის დაფარვაც ფეხით გადაადგილებისას შეუძლია.
ეს უცნაური კაცი გასულ ზაფხ­ულს გავიცანი, როცა მეგობარმა წამიყვანა თავის სოფელში რამდენიმე დღით. მერაბს სამოცი წელიწადი შეუსრულდა და შვილებმა სიურპრიზი გაუკეთეს, სუფრა გაუშალეს, ახლობლები დაუპატიჟეს. სტუმართა შორის მოვხვდი მეც და იქ გავიგე ის, რაც ზემოთ გიამბეთ. უფრო მეტიც: საკუთარი ფერმის პატრონს, არც ოჯახის რჩენა უჭირს და ქველმოქმედებასაც ეწევა. მიცვალებულთა მოხსენიების დღეებში უზარმაზარ სუფრებს შლის და ახლობელი მიცვალებულების გვერდით, პირველ რიგში, იმ პატარა ბიჭს ახსენებს, მის ავტობუსს რომ შეუვარდა ბორბლებქვეშ, მერე კი ყველა უპატრონო მიცვალებულს. ნაკურთხი საკვები ეკლესიაში მიაქვს უზარმაზარი კალათებით და მთელი დღე უმასპინძლდება მშიერსა და გაჭირვებულს. სათხოვარი კი ყველასთან ერთი აქვს: ცოდვილი ვარ და ლოცვებში მომიხსენიეთ, რომ ჩემი ცოდვების გამო ჩემს შვილებსა და შვილიშვილებს არ მოეკითხოთო...
ისიც მითხრეს, რომ დღემდე ახლობლობს იმ პატარა ბიჭის ოჯახთან და რადგან დიდად დალხინებულები არასოდეს ყოფილან, დღემდე ეხმარება მათ ფინანსურად და მაინც ვერ მშვიდდება. ახლობლები ამბობენ: დღემდე ესიზმრება ის ტრაგედია და დაძინებული, ყვირილით იღვიძებს: შეჩერდი, შვილო, არ გაიქცეო...
არც უყვარს მას შემდეგ ძილი თურმე: სისხამ დილით დგება და დაღამებამდე შრომობს მუხლჩაუხრელად. სოფელში ეკლესია კი მისი ინიციატივით აშენდა თურმე და უამრავი სიკეთის მქმნელი, როგორც უნდა ეხვეწო, საკუთარ თავზე სიტყვასაც არ ამბობს. სევდიანი ღიმილით მომიშორა მეც თავიდან:
- მოსაყოლი არაფერია... როგორც საჭიროდ მივიჩნევ, ისე ვცხოვრობ და ვცდილობ, კაცის წინაშეც მართალი ვიყო და თავის დროზე უფალთანაც მიმესვლებოდესო...
უნებურად გამახსენდნენ ის მძღოლები, გადაჭარბებული სიჩქარით მოჯირითენი უდანაშაულო ადამიანების სიცოცხლეს რომ შეიწირავენ და მერე მიმალვას ცდილობენ: ისინიც კაცები და ქრისტიანები არიან და მერაბიც?!
ინგა ჯაყელი
ბეჭდვა