ფილმი შინდისის გმირებზე და მძიმე სენით დაავადებული პერსონაჟის ემოციები
font-large font-small
ფილმი შინდისის გმირებზე და მძიმე სენით დაავადებული პერსონაჟის ემოციები
მსახიობმა თამუნა აბშილავამ "ჩემი ცოლის დაქალებში" მაჭანკლის პერსონაჟით მაყურებლის ყურადღება და დიდი მოწონება დაიმსახურა. ის ამჟამად სენაკის თეატრში თამაშობს, სერიალში კასტინგის გზით მოხვდა. შემდეგ კი გადაიღეს ფილმში, რომელიც შინდისის გმირებს ეძღვნება.

პრეამბულის მაგიერ
- მხატვრული ლიტერატურისთვის დროის გამონახვას ხშირად ვერ ვახერხებ. მოსწავლეობისა და სტუდენტობის წლებში ამ საქმისთვის გაცილებით მეტი დრო მქონდა. ცოტათი უცნაური მკითხველი ვარ: წლების განმავლობაში, ყოველ ზამთარს გამსახურდიას "მთვარის მოტაცებას" ვკითხულობდი. წიგნებს, რომლებმაც პირველად წაკითხვისას ჩემზე შთაბეჭდილება მოახდინეს, პერიოდულად ვუბრუნდები. ყველაზე ბევრჯერ "მთვარის მოტაცება", "დათა თუთაშხია" და დუმბაძის ნაწარმოებები მაქვს წაკითხული. ხშირად წიგნებს განწყობის მიხედვით ვირჩევ. გრიგოლ რობაქიძის "გველის პერანგი" ის წიგნია, რომელმაც დღემდე წაკითხულ წიგნებს შორის ყველაზე მძაფრი შთაბეჭდილება მოახდინა. როცა "გველის პერანგს" ვკითხულობდი, მქონდა განცდა, რომ ფილმს ვუყურებდი. ეს წიგნი ერთდროულად მხატვრობაც იყო, თითქოს კითხვის დროს მუსიკაც ჩამესმოდა. მწერლის თხრობის სტილი, მისი ხელწერა ძალზე მნიშვნელოვანია.
წიგნების პერსონაჟები რეალურ სამყაროში რომ არსებობდნენ, დიდი სიამოვნებით ვიმეგობრებდი არსაკიძესთან, თარაშ ემხვარი კი შემიყვარდებოდა.
"ჩემი ცოლის დაქალებში" გამოჩენამ და კლაუს როლმა ჩემს ცხოვრებაში ძალიან ბევრი რამ შეცვალა. სერიალში პარიკი მიკეთია, თმა იმდენად მოკლედ მქონდა, ვერ ვითამაშებდი. ამიტომ ქუჩაში ხშირად ვერ მცნობენ. სერიალს სულ ვუყურებდი და ძალიან მომწონდა. მიხარია ამ შემოქმედებით ჯგუფთან თანამშრომლობის შესაძლებლობა რომ მომეცა. ვთვლი, ჩემი და ნანუკას ანუ კლაუსა და დოჩის ტანდემი წარმატებით შედგა. ამაში ნანუკა ძალიან დამეხმარა.
მაჭანკალს არავის ვიცნობ, მაგრამ დედაჩემი და მამაჩემი ერთმანეთს გააცნო ოჯახების საერთო ახლობელმა ქალმა. თავის დროზე, ბებიაჩემმა გადაწყვიტა, რომ მის შვილს ცოლი მოეყვანა. გაიკითხეს, ვინ იყო შესაფერისი და ჩემმა მშობლებმა ერთმანეთი ასე გაიცნეს.

- რა ჰქვია ბედისა და იღბლის ქალღმერთს რომაულ მითოლოგიაში?
- ფორტუნა.
- რა ეწოდება იმ გზას, რომელზეც ციური სხეულები მოძრაობენ?
- ორბიტა.
- რომელ ქალაქში "მოღვაწეობდა" ცნობილი განგსტერი, ალ კაპონე?
- ჩიკაგოში.
- ძველ დროში მოგზაურები ცდილობდნენ, სასმელი წყალი ვერცხლის ჭურჭლით ეტარებინათ. რატომ?
- ვერცხლი წყალს კარგად ინახავდა.
- რა ჰქვია კოშკს, საიდანაც მუსლიმანებს სალოცავად მოუხმობენ?
- ვაიმე! ვერ ვიხსენებ.
- მინარეთი. ვინ არის ცნობილი კინოფილმის, "შვიდი სამურაის" რეჟისორი?
- აკირა კუროსავა.
- "ჭრიჭინა", "მაგდანას ლურჯა", "დღე უკანასკნელი დღე პირველი", "შეხვედრა წარსულთან"... ამ ფილმებიდან რომელი არ არის სიკო დოლიძის გადაღებული?
- "მაგდანას ლურჯა".
- ვინ გადაიღო?
- რეზო ჩხეიძემ და თენგიზ აბულაძემ.
- რა ერქვა ლუარსაბ თათქარიძის მოახლეს?
- ლამაზისეული.
- რასთან დაკავშირებით დაერქვა იანვარს იანვარი?
- არ ვიცი.
- დროის ღმერთის, იანუსის პატივსაცემად. "ჩხიკვთა ქორწილში" რა ჰქვია პატარძალს?
- წარმოუდგენელია, არ გავიხსენო. სიძეს ზაქარა ერქვა (ფიქრობს), ვაიმე, რამდენჯერ მინახავს და ვერ ვიხსენებ.
- ქეთევანი. პოეზია გიყვარს?
- რა თქმა უნდა, მაგრამ ლექსს ძნელად ვიმახსოვრებ.
- "მე არ ვწერ ლექსებს, ლექსი თავად მწერს,/ ჩემი სიცოცხლე ამ ლექსს თან ახლავს,/ ლექსს მე ვუწოდებ, მოვარდნილ მეწყერს,/ რომ გაგიტანს და ცოცხლად დაგმარხავს"... ვინ არის ამ ლექსის ავტორი?
- ტიციან ტაბიძე.
- ნოდარ დუმბაძის "თეთრ ბაირაღებში" რა გვარია ლიმონა?
- დევდარიანი.
- ვინ გადაიღო მულტფილმი - "ფიფქია და შვიდი ჯუჯა"?
- დისნეიმ.
- რომელმა მწერალმა მოიკლა თავი მწერალთა სასახლის შენობაში?
- პაოლო იაშვილმა.
- რომელი ქვეყნის მმართველი იყო სულთანი?
- სპარსეთის.
- თურქეთის. ძველად საქართველოში იმართებოდა სახალხო თეატრალიზებული წარმოდგენები, ნიღბებით. რა ეწოდებოდა ასეთ წარმოდგენებს?
- ბერიკაობა.
- რომელი ქვეყანა ითვლება გოტიკის სამშობლოდ?
- ვერ გეტყვი.
- საფრანგეთი. ეს საზოგადო მოღვაწე გორის მაზრაში, ღარიბი მღვდლის ოჯახში დაიბადა. ჯერ გორის, შემდეგ კი თბილისის სასულიერო სასწავლებელში სწავლობდა. კიევის სასულიერო აკადემიაშიც ჩააბარა, მაგრამ უკრაინის ცივი ჰავა ვერ აიტანა და III კურსიდან სწავლას თავი დაანება. დაასახელე ეს პიროვნება.
- (პაუზა)
- მიგანიშნებ, ის საქართველოში მეცნიერული პედაგოგიკის ფუძემდებლად ითვლება. მთაწმინდის პანთეონშია დაკრძალული.
- იაკობ გოგებაშვილი.
- დავით IV აღმაშენებელი, თამარი, დემეტრე II თავდადებული... რა განასხვავებს ამ მეფეებს დანარჩენებისგან?
- არ ვიცი.
- წმინდანებად არიან შერაცხილნი. ყოფილი სსრკ-ის დროს, ცეკას ერთ-ერთი გენერალური მდივნის დადგენილებით, საშენი მასალების ეკონომიის მიზნით, საცხოვრებელ სახლებს ჭერის სიმაღლე შეუმცირეს. ვინ იყო ამ დადგენილების ავტორი?
- ხრუშჩოვი.
- რა ეწოდება სახელმწიფოს ერთპიროვნულ მმართველს, რომელიც აღჭურვილია შეუზღუდავი ძალაუფლებით?
- დიქტატორი, ტირანი...
- "იმდენად მარტოსული გახლდათ, იმდენად თავისებური და განსხვავებული, მისი გაცნობა და შეცნობა შეუძლებელი იყო. ჩაუწერია კიდეც: - თქვენ რომ გგონიათ, ის არ ვარ". - ვკითხულობთ ვახტანგ ჯავახაძის ერთ-ერთ წიგნში. რომელ ცნობილ პოეტს ეძღვნება იგი?
- გალაკტიონ ტაბიძეს.
- საქართველოში ბინებს საცხოვრებელი ფართობისა და მდებარეობის მიხედვით ვაფასებთ. ინგლისში კი წლების განმავლობაში, ბინის მფლობელებისგან გადასახადი სხვა პრინციპის მიხედვით იკრიფებოდა, რაც ინგლისურ სახლებს მეტად პირქუშს ხდიდა. როგორ გროვდებოდა გადასახადი?
- არ ვიცი.
- გადასახადს ფანჯრების რაოდენობის მიხედვით იხდიდნენ. როგორ ამბობს რუსთაველი: "თუ ყვავი ვარდსა იშოვის, თავი..."
- "...ბულბული ჰგონია".
- ძველ საბერძნეთში ეს მხოლოდ მამაკაცების საქმედ ითვლებოდა. იქ ქალები არ დადიოდნენ. რაზეა ლაპარაკი?
- ვერ გეტყვი.
- ბაზარში სიარულზე. აზიის ბევრ სასტუმროში მასაჟისტებად ბრმები აჰყავთ. რატომ?
- ალბათ იმიტომ, რომ კლიენტებს არ შერცხვეთ.
- პირველად ამ კალენდრის გამოშვება 1700 წელს ინგლისელმა ფრენსის მეიერმა დაიწყო. დღეს ეს კალენდარი ძალზე პოპულარულია როგორც საქართველოში, ასევე მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში. რომელ კალენდარზეა ლაპარაკი?
- ჰოროსკოპებზე?
- დიახ, ასტროლოგიურ კალენდარზე. ასტროლოგიის გჯერა?
- მეტ-ნაკლებად. საკუთარი ნიშნის დახასიათება წამიკითხავს და ჩემს ხასიათს ბევრი რამ ემთხვევა. ხარის წელში დაბადებული კირჩხიბი ვარ. როგორც ამბობენ, ქრისტეც ხარის წელში ყოფილა დაბადებული. ინტუიცია, შრომისმოყვარეობა, ერგულება და კიდევ ბევრი სხვა კარგი თვისება გვაქვს.
- სად გადაიხადეს ქორწილი თამარ მეფემ და დავით სოსლანმა?
- დიდუბის სასახლეში.
- დაბოლოს, დაასრულე ამერიკელი მწერლისა და პოლიტიკოსის, ჰელენ ადამს კელერის ცნობილი გამონათქვამი: "როდესაც ბედნიერების ერთი კარი იკეტება, მეორე აუცილებლად იღება, მაგრამ ჩვენ იმდენ ხანს ვუყურებთ დახურულ კარს, რომ ვეღარ ვამჩნევთ იმ კარს, რომელიც..."
- "...ჩვენთვის გაიღო".
თამუნა კვინიკაძე
ბეჭდვა