ქმარია თუ ძმა?! - გზაპრესი

ქმარია თუ ძმა?!

- კაი ქალი ხარ, მამაშენს ცხრა ბიჭი რომ გასჩენოდა, შენსავით ვერც ერთი მოუვლიდა და გააძლიერებდა ოჯახს! - ქადაგად დავარდა მაყვალა: - ცოდვა არ ხარ, გვერდით ვაჟკაცი ქმარი არ გედგეს და ეზოში თვალხატულა შვილები არ დაგირბოდნენ?!

- რას ვიზამ, როცა გარეგნობა ვერ გაიმეტა იმ დალოცვილმა ბუნებამ ჩემთვის და საკუთარი სიძეებიც კი იმას მეუბნებიან, ძმა ხარ ჩვენიო! მართლა აღარ მთვლიან ქალად, ისეთ კაცურ საქმეებს არჩევენ ჩემი თანდასწრებით. არადა, ვინ იცის, ამ უხეში გარეგნობის მიღმა რა ნაზი გული და გრძნობები იმალება, კვდება და იფერფლება?! - საკუთარი თავი შეეცოდა იზოს და ცრემლები წამოსცვივდა...

იზოს ოთხი უმცროსი და ჰყავს და ოთხივე გათხოვილია.

ორმეტრიან იზოს ისეთი დაკუნთული მხარ-ბეჭი აქვს, კარგად ნავარჯიშევ კულტურისტს ჰგავს. მკერდი კი მაინც ფიცარივით გაბრტყელებული დარჩა. შავგვრემანია და საულვაშეზე ისეთი შავი ბუსუსი აქვს, ვაჟკაც კაცს შეშურდება. ქალის ნამდვილად არაფერი სცხია...

- ვის მირიგებ?! - ისეთი ხმით ჰკითხა მაყვალას, აშკარად, ოღონდ კაცი ყოფილიყო და შარვალი სცმოდა, ყველაფერზე თანახმა იყო.

- ვისა და სოხაძეების გურამიკას. ორმოცი წლისაა და შენსავით დაუგვიანდა ბედი. ზედმეტად ხათრიანია და ვაჟკაცი ქალი თუ გამოახედებს თვალში.

- რას ამბობ! - ეწყინა იზოს, - მეგონა მართლა ჩემმა დარდმა არ მოგასვენა. ვის მიქებ, იმ უქნარა და მუქთახორა კაცს, წოლისგან რომ გვერდები სტკივა და ექიმმა წამლად შრომა გამოუწერა?!

- გული აქვს ბიჭს წამხდარი და ხელი ჩაქნეული, - ვისთვის ვიშრომო, ცოლი მე არ მეღირსა და შვილი, ცხოვრების ინტერესი რომ დამიბრუნდესო! - უკან არ დაიხია მაყვალამ. იმას ხომ არ გაამხელდა, მაზლის საქციელით თავგაბეზრებულმა ნათელამ ძვირფასი ოქროს ბეჭედი რომ უფეშქაშა: - ნუ მომაკვლევინებ ამ ოხერს, ეზოდან ცოცხალი გამაშვებინეო...

იზო მიიჩნიეს უკანასკნელ იმედად და თავშესაფრად გურამისთვის.

- უარი არ თქვა, ქალო, შვილი ხომ გინდა?! - ჩურჩულზე გადავიდა მაყვალა. - შვილი გაგაჩენინოს და მერეც თუ ძველებურად გააგრძელა, თავიდან მოიშორე...

...დაფიქრდა იზო. თეთრ ცხენზე ამხედრებული უფლისწული რომ არ მოადგებოდა მის ჭიშკარს, ამას კარგა ხნის წინ მიხვდა. ჰოდა, დათანხმდა მაყვალას. იმ კვირის ბოლოსვე შედგა ნიშნობა და მალე ქორწილიც გადაიხადეს. სტუმრები რომ დაიშალნენ, ისეთი გატიალებული მთვრალი იყო გურამი, ერთი კვირა ვერ გამოაფხიზლა იზომ, კვირის თავზე კი ისევ მარნისკენ გაიწია: დავლევ, რომ გავთამამდე და შეგეჩვიოო...

ამაოდ ელოდა საპატარძლო პენუარში გამოწყობილი იზო ქმარს, რომელსაც პირდაპირ ქვევრის გვერდით დაეძინა. იმ ქვევრში დამარხავდა ჭკუიდან გადასული, მეზობელს, ნატოს რომ არ შეესწრო, რომელსაც არანაკლები ლოთი ქმარი ჰყავდა და იცოდა გამოსაფხიზლებელი "წამალი"...

შეუდგნენ აქეთ-იქით გურამს და ძლივს "აიტანეს" საძინებელში. მეორე დღეს კი მარნის კარს ბოქლომი დაადო იზომ და ქმარს იქით გახედვაც აუკრძალა. ამის შემდეგ სულ აღარ დგებოდა საწოლიდან გურამი. თავი მოიმკვდარუნა: ცუდად ვარ, მუხლი მეკვეთება და გული მიფრიალებსო... იზომ კარგა ხანს არ დაკარგა მაინც იმედი და სცადა გურამის "ცდუნება", მაგრამ აშკარა იყო, ვერც ქმარი აღიქვამდა ქალად... სამი თვე ელოდა და მერე მისი მოთმინების ფიალაც აივსო: ერთ დილას გურამს წიხლი ჰკრა და საწოლიდან გადმოაგდო, მერე ჩაცმაც არ დაანება და ნიფხავ-პერანგით გაიგდო წინ. კაცმა რომ წინააღმდეგობის გაწევა სცადა, ნაჯახს წამოავლო ხელი და გააქცია. სოფლის შუაზე გამყოფ ღელეს რომ მიადგნენ, ხელი ჰკრა და წყალში გაადენინა ტყაპანი. სეირის საყურებლად შეყრილ სოფლელებს კი მიშველების უფლება არ მისცა:

- არ მიეშველოთ, თორემ ამ ნაჯახით დაგერევით...

ნოემბერი იდგა. ყინულივით ცივ წყალში მდგომ გურამს ციებიანივით აკანკალებდა.

- გეყოფა, ქალო, ასეთი რა დაგიშავა ამ უბედურმა?! - თავი გასწირა გრიშამ გურამისთვის და ღელის ნაპირს აუყვა მისაშველებლად.

- მეტი რა უნდა დაეშავებინა, სამი თვის გათხოვილი ისევ ქალიშვილი ვარ. ისე მიწევს გვერდით, ვერ გამიგია, ქმარია თუ ძმა?! - ისეთი ტრაგიკული ტონით წამოიძახა იზომ, წესით, არაფერი იყო სასაცილო, მაგრამ ისეთი ხარხარი ატყდა, თუ ვინმე იყო სახლში დარჩენილი, ისიც ღელისკენ გამოიქცა...

იზო შინ შეაბრუნეს.

გურამი წყლიდან ამოათრიეს და თბილ საბანში გაახვიეს, არაყი გადაახუხინეს - გაგათბობსო...

მხოლოდ ორი დღე აიტანა რძალმა შინ მიბრუნებული და მესამე დღეს იმანაც იფრინა. სხვა გზა არ ჰქონდა და ბოდიშებით მიადგა იზოს ჭიშკარს...

ვერ გეტყვით რამ გაჭრა და იმოქმედა, მაგრამ ამის შემდეგ წელიწადიც არ იყო გასული, ტყუპი ბიჭი რომ გააჩინა იზომ და გურამიც მიაჩვია შრომას. ახლა ერთად დადიან ყანა-ვენახშიც და სამწყემსურშიც.

ინგა ჯაყელი