საყურე-კლიფსის საიდუმლო... - გზაპრესი

საყურე-კლიფსის საიდუმლო...

არადა, ორ თვეში რა უნდა ესწავლა ისეთი - ინგლისური ენის კურსებზე იარა და კომპიუტერის "მენიუში" გაერკვა ასე თუ ისე. საქართველოში დაბრუნებულმა ეკონომიკის ექსპერტობა დაიბრალა და თავადაც რომ გაუკვირდა, ისე ადვილად მისცეს სამსახური ერთ-ერთ სამთავრობო სტრუქტურაში; ხელფასიც ისეთი მაღალი დაუნიშნეს, ამერიკაში დაბრუნებაზეც კი თქვა უარი...

არადა, თაზო ნახევრად გეია: ცოლი კი შეირთო თვრამეტი წლისამ და ბიჭის დაბადებითაც გაიხარა, მაგრამ ყველაზე დიდ სიხარულს მაინც ქალის ტანსაცმლისა და სამკაულების ტარება ანიჭებდა...

სანამ ცოლს შეირთავდა, დედის ტანსაცმელსა და ფეხსაცმელს ირგებდა, როგორც კი თავს შინ მარტო დაიგულებდა...

ცოლად ყოფილი კალათბურთელი შეირთო და მისი კაბები კი არა, ფეხსაცმელიც ერგებოდა...

საყურე მის საყვარელ სამკაულად იქცა და რადგან ყურის გახვრეტას ვერ ბედავდა, კლიფსებზე გადავიდა. ამერიკაშიც იმიტომ წავიდა, რომ თამამად გარეულიყო თავისი მსგავსების წრეში და ყველაზე თამამი ფანტაზიები აეხდინა, თორემ სწავლით არც საქართველოში მოუკლავს თავი. ყოველ საღამოს სტუმრობდა გეი-კლუბებს და იმდენად აქტიურობდა, ყურადღება მიიპყრო და რომ მოენდომებინა, სარფიანადაც "გათხოვდებოდა"...

ცდუნება დიდი იყო, მაგრამ საბოლოოდ ვერ დათმო ვერც ოჯახი და პირველ რიგში, შვილი. მოხვია ხელი "ორთვიანი საქმროს" ნაჩუქარ სამკაულებს, ტანსაცმელს და გამოეპარა საქართველოში. ცოლს უთხრა - შენთვის ვიყიდეო. თუმცა, რამდენიმე სამკაული, რომელიც მძაფრ ემოციებთან იყო დაკავშირებული და განსაკუთრებით ძვირფასი იყო მისთვის, საგულდაგულოდ გადამალა - მათ შორის ის საყურე-კლიფსიც, ლამის ოჯახის დანგრევის ფასად რომ დაუჯდა...

სიმამრის დაბადების დღეს აღნიშნავდნენ გვიანობამდე. ბავშვს დაეძინა და იმ ღამეს ცოლმა მშობლების სახლში გადაწყვიტა დარჩენა: დილით ადრე დავბრუნდებიო, დაჰპირდა.

თაზოს არ გაუპროტესტებია და შინ მარტო დაბრუნდა. ალკოჰოლის ზეგავლენის ქვეშ მყოფს ემოცია მოეძალა და შხაპი რომ მიიღო, ქალის პენუარი გადაიცვა, მერე გადამალული კლიფსი გამოაჩინა და მოირგო. სიამოვნებისგან გააჟრჟოლა. მუსიკა ჩართო და ცეკვა დაიწყო. სარკეში საკუთარ სხეულს დაუწყო მზერით ფერება...

ასე გამოწყობილს ჩაეძინა და დილით კარზე ბრახუნმა გააღვიძა. ცოლი ეძახდა. დაფეთებული წამოვარდა. ცისფერი პენუარი უცებ შემოიგლიჯა ტანზე და შეაგდო კარადაში, მაგრამ ლამის საყურეებიანმა გაუღო ცოლს კარი; ბოლო მომენტში მოჰკრა თვალი კართან დაკიდებულ სარკეში და მოიძრო, მაგრამ მხოლოდ ერთი ჰქონდა, მეორეზე ფიქრის დრო აღარ იყო და კარი გააღო. მერე სააბაზანოში გავარდა. ის იყო, სურნელოვანი შამპუნი ააქაფა და ეგონა, ყველა კვალი წაშალა წუხანდელი გართობის, რომ ცოლის შეკივლება მისწვდა მის ყურს. ქალი სააბაზანოში შემოუვარდა და ლამის უნიტაზში ჩააყოფინა თავი:

- ერთი ღამე დაგტოვე მარტო და მითხარი, ვინ მოათრიე სახლში? ვისში გამცვალე და ვინ აგორავე ჩემს საწოლში?! - თვალწინ იმ საყურე-კლიფსს უტრიალებდა, რომელიც საწოლში იპოვა მისმა ცოლმა...

ბევრი იფიცა - რა ქალი, რის ქალიო, მაგრამ ვინ დაუჯერებდა?!. ვერც სიმართლე აღიარა, მით უმეტეს, რომ მამამისს დაურეკა გაცოფებულმა ცოლმა და სიმამრთან მოუწია თავის მართლებამ...

გამოაგდეს სახლიდან და ორი თვეა, თავისი კაბინეტის ვიწრო დივანზე სძინავს, ვერ ეღირსა ცოლისგან შენდობას...

ისე, აღარც უნდა შინ დაბრუნება და ბოლო დროს ბანკის სესხის აღებაზე დაიწყო ფიქრი, რომ ერთოთახიანი ბინის ყიდვა მაინც შეძლოს, სადაც მარტო იცხოვრებს და უნდა საყურეებით ივლის, უნდა - ბუმბულებიანი ბიკინით.

ინგა ჯაყელი