ქეიფს ვიწყებთ დილიდან... - გზაპრესი

ქეიფს ვიწყებთ დილიდან...

როგორ გინდა ბავშვს უარი უთხრა, მით უფრო, თუ ის ნანატრი და ნაგვიანევი ქორწინების ერთადერთი სიხარულია?!

დავტრიალდით მისი დედიკოს მეგობრები და... ფასმა შეგვაშინა: თუ ზეიმს არაფერს დავაკლებდით, დაწყებული ტორტიდან, დამთავრებული საზეიმო ფოიერვერკით, სამი ქალის მთელი თვის ხელფასიც არ აღმოჩნდა საკმარისი და ვალის აღებაც კი დაგვჭირდა საიმისოდ, რომ პატარა გაგვეხარებინა (აბა, უკან ხომ არ დავიხევდით?!).

ყველაზე უცნაური კი ის იყო, რომ დარბაზის დაქირავებაც ნაცნობების ჩარევის შემდეგ გახდა შესაძლებელი, რადგან შემკვეთთა რაოდენობაც იმაზე მეტი აღმოჩნდა, ვიდრე ამის წარმოდგენაა შესაძლებელი ისეთ ღარიბ და სოციალური სიდუხჭირით ცნობილ ქვეყანაში, როგორიც საქართველოა და ლამის ყოველი მეორე ოჯახი სოციალურად დაუცველთა სიაშია შეყვანილი. რა გამოდის და რა ჰქვია ჩვენს ყოფას: ვერ ვმუშაობთ, გვშია, გვცივა და ქეიფს მაინც რომ არ ვიშლით?!

დარბაზის მფლობელ ქალბატონ ნინოს ვკითხე:

- მიუხედავად მაღალი ფასებისა, ვხედავ, რომ კლიენტების ნაკლებობას არ უჩივით?!

- კლიენტების რაოდენობა განსაზღვრავს ფასს. რადგან გადამხდელები არიან, შეპარვით, მაგრამ თითქმის ყოველთვიურად ვზრდით მომსახურების საფასურს. კი წუწუნებენ ფასის გაგებისას, მაგრამ საბოლოოდ, მაინც არავინ ამბობს უარს სადღესასწაულო წვეულების მოწყობაზე. ისეთი ფაქტიც ვიცი, შვილის ძეობა რომ ღირსეულად გადაეხადა, ერთმა კაცმა ბანკიდან კრედიტი გამოიტანა და მერე მთელი წელიწადი ისტუმრებდა საკმაოდ მაღალპროცენტიან ვალს... ორიოდე კვირის წინ, საბერძნეთიდან მივიღეთ შეკვეთა: სამუშაოდ წასულმა ცოლმა ქმარს სიურპრიზი მოუწყო და ორმოცდაათი წლის იუბილე ისეთი სუფრით აღუნიშნა, ალბათ მთელი წელიწადი დასჭირდებოდა, საჭირო თანხა რომ შეეგროვებინა. ქორწილებს კი ნუღარც იკითხავთ, რასაც აქ ვხედავ, მიჭირს დაჯერება, რომ ხალხს რაიმე უჭირს ამ ქვეყანაში. დღემდე "ოთხსართულიან სუფრებს" ვშლით და იმდენი კერძი მზადდება, სტუმრები სანახევროდაც ვერ ერევიან...

- მორჩენილ საჭმელს რას უშვებით?!

- ძირითადად, შემკვეთს მიაქვს, მაგრამ ისეც ხდება, რომ უამრავ გაჭირვებულს ვაპურებთ. გვყავს ადამიანების კატეგორია, რომლებიც ყოველი ლხინის ბოლოს დიდი ჩანთებით მოდიან და ისე ითხოვენ მოწყალებას, ქვის გული უნდა გქონდეს, სუფრიდან რაიმე არ გაატანო. ბევრს შეიძლება, არც უნდოდეს მოწყალების გაცემა, მაგრამ ეშინია - "არ დაგვწყევლონო" და ამიტომ "უმასპინძლდება" დაუპატიჟებელ სტუმრებს...

ერთმა კაცმა შვილს სამასკაციანი ქორწილი გადაუხადა და დაჭრილი პურიც არ დაგვიტოვა: ისეთი ხარჯი მქონდა, ორი კვირა მაინც, ლობიოსაც ვეღარ მოვხარშავთ სახლში და ვიდრე რაიმეს ვიშოვით, ამ მონარჩენით გავიტანთ თავსო...

- როგორც წესი, ქორწილებში ფულის ჩუქებაც ბლომად იციან...

- რამდენიც უნდა მოგიტანონ სტუმრებმა, სამასკაციანი ქორწილის დანახარჯს, სადაც თითო სტუმრის დაპატიჟება საშუალოდ, ორმოცდაათი ლარი მაინც გიჯდება, საჩუქრად შემოსული ფული ვერ აგინაზღაურებს და ვალი დაგრჩება, მაგრამ ქართული ხასიათია ასეთი - თხა თხაზე ნაკლებიო და ერთმანეთის წამხედურობით ტყავს იძრობს ხალხი. ერთ საიდუმლოსაც გაგიმხელთ, რაც ჩემი ბიძაშვილისგან ვიცი: უფროსი შვილი რომ დააქორწინა, არ გადაუხადა ქორწილი და ყოველდღე იმდენი ხალხი დაუდიოდა შინ, თან - ცარიელი ხელებით, ლამის ჭკუიდან შეიშალა კაცი. მერე ამბობდა, ვიდრე ლობიო არ მივიტანე სუფრაზე, მუქთა ქეიფის მოყვარულები ვერ მოვიშორე თავიდანო. მეორე შვილს დიდი ქორწილი გადაუხადა და ფულიც შემოუვიდა. თანაც, ბავშვებმაც გაიხარეს მოწყობილი დღესასწაულით. ასე რომ, "გამოუვალი მდგომარეობიდან გამოსავალიცაა" წვეულებები. თქვენც გაგაკვირვათ ფასმა, მაგრამ ხომ უხდით ბავშვს დაბადების დღეს?!

- მართალი ხართ... ის ამაზე დიდხანს ოცნებობდა! - ვიმართლე თავი.

- სხვებიც თქვენს დღეში არიან, მაგრამ ვერ იხევენ უკან...

...თამუსიამ ძალიან გაიხარა და უბედნიერესი იყო საკუთარ დაბადების დღეზე. უფროსებიც ბედნიერები ვიყავით მისი სიხარულის შემყურენი, მიუხედავად იმისა, რომ წინ "უფულო და უპურო" მთელი თვე გვედო...

გახურებული ლხინისას დარბაზის ვიტრინასთან მდგომი პატარა გოგო შევნიშნე. ჩაცმულობაზე ეტყობოდა, მსგავს დაწესებულებაზე არასოდეს იქნებოდა ნამყოფი და ისე მეტკინა გული, მისი ნამცხვარზე დაპატიჟება გადავწყვიტე. გარეთ გავედი და ხელი დავუქნიე, მაგრამ იმის ნაცვლად, რომ ჩემთან მოსულიყო, გაიქცა და ვიდრე თვალს მოეფარებოდა, მომაძახა:

- დღეს ჩემი დაბადების დღეცაა...

იქვე დასასვენებლად ჩამომჯდარმა დარბაზის თანამშრომელმა ჩემს დაბნეულ გამომეტყველებას რომ შეხედა, "განმანათლა":

- მისი მსგავსები ხშირად მოდიან და განწყობას უფუჭებენ სადღესასწაულო ცენტრის სტუმრებს. ამიტომ ვეჩხუბებით და ვყრით აქედან. ეგონა, თქვენც წაეჩხუბებოდით და ამიტომ გაიქცა...

ესეც ჩვენი ზნეობის კიდევ ერთი სახე...

თვეზე მეტია გასული ამ შემთხვევიდან და ვერაფრით დავივიწყე პატარა გოგო, რომელიც საკუთარ დაბადების დღეზე სხვის ზეიმს შეჰყურებდა შორიდან და ვინ იცის, რაზე ფიქრობდა და ოცნებობდა?!

ინგა ჯაყელი