"ქალბატონო, პრობლემა გაქვს!"
ჟურნალი "გზა", 2011 წელი
ის, რაც ახლა უნდა მოგიყვეთ, შარშან ნოემბერში დაიწყო... 2010 წლის 1-ელი დეკემბრიდან ძალაში შევიდა ახალი კანონი, რომელიც ავტომობილებზე დამუქებული მინების აკრძალვას ითვალისწინებს. ტელევიზიებმა კანონის ამოქმედებამდე რამდენიმე ხნით ადრე დაიწყეს მძღოლების "დაშინება": ყველა საპატრულო ბრიგადას აქვს შესაბამისი აღჭურვილობა და პირველ დეკემბრამდე მინების დაბურვის პროცენტულობა შეამოწმებინეთ, თორემ, მერე გვიან იქნება, 50-ლარიან ჯარიმას "აიკიდებთო". შეშინებულმა გადავწყვიტე, ყურად მეღო რჩევა და საპატრულო პოლიციის ბრიგადაზე "ნადირობა" დავიწყე. თბილისსა თუ რუსთავში, სადაც მათი მანქანა გაჩერებული დავინახე, შემთხვევა ხელიდან არ გავუშვი და თხოვნით მივმართე, მინები შემიმოწმეთ-მეთქი. ყველასგან ერთი და იგივე პასუხი მივიღე - აპარატი არ გვაქვსო. რუსთავის საპატრულო პოლიციაში 4-ჯერ მივედი, მაგრამ - ამაოდ, არა და არ შემოიტანეს ეს აპარატები. დარეკვაზე აღარაფერს ვამბობ, ყოველდღე ვაწუხებდი 022-ის ოპერატორებს, - შემთხვევით, მინების შესამოწმებელი აპარატი ხომ არ მიგიღიათ-მეთქი?.. მათ ტონს დღითი დღე ემატებოდა გაღიზიანება. ისე მიეჩვივნენ ჩემს ზარს, უკვე შინაურად მიმიჩნევდნენ... ამასობაში ხეებს გაყვითლებული ფოთლები დასცვივდა (სამწუხაროდ, ეს ერთადერთ "რომანტიკულ" წინადადებად დარჩება ამ "სიტუაციაში") და 30 ნოემბერიც დადგა. ჰოდა, გადამწყვეტი ზომების მიღება განვიზრახე. სამსახურიდან შინ მიმავალმა, მანქანა გორგასლის ქუჩაზე გავაჩერე, 022-ზე დავრეკე და ოპერატორ ქალბატონს ჩემი გასაჭირი შევჩივლე. პირველ რიგში, ჩემი ადგილსამყოფლით დაინტერესდა.
- მანდ იყავით, ქალბატონო, და ახლავე გამოგიგზავნით ბრიგადას, ოღონდ ყურმილი არ დაკიდოთ, ჩვენთან მობილურით დარეკვა უფასოა, არ ინერვიულოთ, - მითითებებიც მომცა და დამამშვიდა კიდეც.
გარკვევით გავიგონე, - მთაწმინდა-კრწანისის რაიონში რომელ ბრიგადას გაქვთ მინების შესამოწმებელი აპარატიო? - რაციაში რომ ჩასძახა. რაშია საქმეო? - დაინტერესდნენ იქიდან. - ქალბატონი გორგასლის ქუჩაზე გელოდებათ, მინების შემოწმება სჭირდება და უნდა მიხვიდეთო. - ჩვენ რა, გამოძახებით ვართო?! - დიახ, ეს პატრულის თანამშრომელმა იკითხა. - არა, როგორ გეკადრებათო?! - მოუბოდიშა ოპერატორმა. მერე ვიღაცამ თქვა, - ჩვენ გვაქვს აპარატი, სადაა ის ქალბატონი, გვითხარით და მივალთო.
ცოტა ხანში მოვიდნენ. მომესალმნენ.
- ქალბატონო, ჩვენ კი შეგიმოწმებთ მინებს, მაგრამ იცოდეთ, რომ თან გაფრთხილებასაც დაგიწერთ, კანონით ასეა გათვალისწინებულიო, - მითხრა დ. მურღულიამ (ასეა ჩაწერილი გაფრთხილების ფურცელში).
- საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, გამაფრთხილეთ, ბატონო, თუ მინები დადგენილ ნორმას არ შეესაბამება, მაინც უნდა მოვხსნა, აბა, კანონს ხომ არ დავარღვევ, 50-ლარიანი ჯარიმის გადახდა ნამდვილად არ მსურს.
შეამოწმეს. 80% აღმოჩნდა (ნორმა - 40%-ია).
- ახლა ამიხსენით, რომელ მინებზე უნდა მოვხსნა დაბურვა? - ვისარგებლე შემთხვევით და კომპეტენტური რჩევის მიღება გადავწყვიტე.
- რადგან თქვენი მანქანა ორკარიანია, "პარპრიზზე" (წინა მინა) და კარებზე მოხსენით, დანარჩენი იყოს. მეც ორკარიანი მანქანა მყავს და ჩემსასაც მხოლოდ ორივე კარზე მოვხსენი.
- კარგია, ცოტა იაფად გამოვალ, თორემ ისე, ექვსივე მინაზე მოხსნა 60 ლარი დამიფასეს.
- რად უნდა ამას ხელოსანი?! აი, უყურეთ, - კარის მინაზე, ერთ კუთხეში ფრჩხილით ააძრო დასაბური მასალის აპკი, - ასე, ნელ-ნელა მიჰყვებით და ააცლით. მინაზე დარჩენილ წებოს კი "რასტვარიტელით" გაწმენდთ, რომელსაც იმ სითხეში აურევთ, დიასახლისები ფანჯრის მინების გასაწმენდად რომ იყენებთ, ხომ იცით?..
- დიახ, ვიცი.
- ჰოდა, გამხსნელს პირდაპირ იმ პულვერიზატორში ჩაასხამთ, მინაზე შეასხურებთ და ჩვრით გაწმენდთ. ფულის გადახდა კი აღარ დაგჭირდებათ.
- დიდი მადლობა, მართლა დამეხმარეთ, - მთელი გულით გამოვხატე მადლიერება.
- არაფრის, ქალბატონო. კარგია, რომ გამოგვიძახეთ და შეგვამოწმებინეთ. ასე შეგნებული ადამიანები იქცევიან. სხვები კი ყურადღებასაც არ აქცევენ ახალ კანონს და კი "ვასაჩუქრებთ" 50-ლარიანი ჯარიმით.
- კი, მაგრამ კანონი ძალაში ხომ ხვალიდან შედის?
- ხვალიდან კი არა, უკვე შესულია.
- ჰოდა, დილითვე ვიზრუნებ, რომ მინები დაბურული აღარ მქონდეს. არც კანონის დარღვევა მინდა და არც 50-ლარიანი ჯარიმის გადახდა.
მკითხველს ვთხოვ, ჩემს ბოლო ფრაზას ყურადღება მიაქციოს (ცოტა ქვემოთ ისევ დამჭირდება მისი გამეორება).
გზაში ვფიქრობდი, ეს პატრული მართლა კარგი "გამოგონებაა" - მოვიდნენ, კომპეტენტური კონსულტაციაც გამიწიეს და რჩევებიც მომცეს-მეთქი. მეორე დღეს ხელოსანს მივაკითხე, 40 ლარი პატიოსნად გადავიხადე, 3 მინაზე (წინა პარპრიზისა და კარების მინებზე) დაბურვა მოვახსნევინე და კანონის, ქვეყნისა და საპატრულო პოლიციის წინაშე ვალმოხდილმა, არხეინად განვაგრძე ცხოვრება.
პატრულის არსებობის აუცილებლობაში ამ ცოტა ხნის წინ კიდევ ერთხელ დავრწმუნდი. თბილისი-რუსთავის გზატკეცილზე საბურავი დამეშვა. ვინაიდან მარტო ვიყავი, საბურავის გამოცვლას თვითონვე მივყავი ხელი. წვიმდა, მანქანაც საკმაოდ დიდ გუბეში იყო გაჩერებული, მაგრამ ამას აღარ ვჩიოდი, იქ ხომ არ დავრჩებოდი?! საბარგულიდან საჭირო "კლუჩები" და დომკრატი ამოვიღე და "ბოლტების" მოშვებას შევუდექი. ის იყო, 2 ამოვხრახნე და პატრულის მანქანაც მომადგა.
- რა გაგიჭირდათ? - გაღიმებული წამოვიდნენ ჩემკენ ბიჭები. როგორც ჩანს, საბურავთან "მოჭიდავე" ქალი რომ დაინახეს, ამის გამო გახალისდნენ.
- საბურავი დამეშვა, - ამოვიოხრე.
მიუხედავად იმისა, რომ მათ მოვალეობაში სულაც არ შედის საბურავის გამოცვლა, ორივემ ჩაიმუხლა და საქმეს შეუდგა. შუა გუბეში იდგნენ და დიდი მონდომებით ცდილობდნენ დახმარებას. მეც მათ გვერდით დავრჩი. მაწვიმდა, მაგრამ მანქანაში არ ჩავჯექი - მომერიდა. ერთს ჭანჭიკი გუბეში ჩაუვარდა და კარგა ხანს აფათურა ხელი წყალში, რომ ეპოვა.
- თქვენ საზღვაო პატრული ხართ თუ სახმელეთო?.. - გახუმრება ვცადე.
- სახმელეთო, - ხუმრობას მიმიხვდნენ და გაეცინათ.
- საზღვაო საქმეებში კი კარგად ერკვევით...
როგორც იქნა, ყველაფერი მოგვარდა. სათადარიგო საბურავი დააყენეს, გახეთქილი საბარგულში მოათავსეს და მშვიდობიანი მგზავრობაც მისურვეს.
მადლიერი დავრჩი და გავიფიქრე, ერთ "სიტუაციას" დავწერ, ამათაც მადლობას ვეტყვი და იმათაც (წინა შემთხვევა მქონდა მხედველობაში), - აბა, სულ ამათი ლანძღვა ხომ არ შეიძლება, აგერ, უკვე მეორედ დამეხმარნენ-მეთქი...
მაგრამ ახლა ამ "სიტუაციას" სულ სხვა მიზეზით ვწერ (არ დაგაწერინებენ კარგს, მოკლედ...): 18 მარტს, საღამოს 8 საათზე რუსთავში საპატრულო მანქანა ამედევნა. "ბეემვე", გააჩერე, "ბეემვე", გადააყენე მანქანა, "ბეემვე", გააჩერე", - ჩასძახოდა მიკროფონში. გზაზე ჩემ გარდა მანქანა არ მოძრაობდა. ეჭვი შემეპარა, - ნეტავ, მე ხომ არ მომმართავს-მეთქი? - მაგრამ "ბეემვეში" არ ვიჯექი, თან დარწმუნებული ვიყავი, პატრულის თანამშრომელს "ბეემვე" და "ოპელი" ერთმანეთში არ აერეოდა... ამასობაში, საპატრულოს მანქანა წამომეწია და, - 668, გააჩერეო! - ბოლოს დაიძახა. რა თქმა უნდა, დავემორჩილე.
მაღალ-მაღალი კაცი მომიახლოვდა და მომესალმა (უფრო სწორად, მე მივესალმე და მიპასუხა), მაგრამ არც სახელი და გვარი უთქვამს, (არადა, ვალდებულია) და არც ქუდი ხურებია თავზე (არადა, ვალდებულია). არა, ისეთი მეწვრილმანე არ ვარ, რომ ქუდისთვის ყურადღება მიმექცია, მაგრამ მისივე მანქანის ჩართული, ლურჯ-წითელი შუქურა ირეკლებოდა მის თავზე და ყურადღება ამით მიიქცია (ისე, სულ მეღიმებოდა ამის გამო და ალბათ ფიქრობდა, ნეტავ, რა აცინებსო?).
ვინმე მარკოზაშვილმა (გვარი შემდეგ, საკუთარი წყაროებით დავადგინე, თორემ პატრულის ყველა თანამშრომელმა მისი ვინაობა ისე დამიმალა, თითქოს მარკოზაშვილი რუსთავის საპატრულო პოლიციის ერთ-ერთი განყოფილების უფროსი კი არა, კრიმინალი იყო, მე - პოლიციელი, თვითონ - "ძველი" ბიჭები და "არ ჩაუშვეს"; მხოლოდ ის მითხრეს, ჩვენი უფროსიაო. ისე, გვარი რომ გავიგე, ჯერ ვიფიქრე, - რა ნაცნობი გვარია, ნეტავ, ვინმე ახლობელი ხომ არ არის და ერთმანეთი ვერ ვიცანით-მეთქი? - მაგრამ მერე გამახსენდა, საიდან მეცნო: 2010 წლის 15 ოქტომბერს, თელავში გამართულ კონცერტზე პრეზიდენტმა სააკაშვილმა თავის გამოსვლაში ერეკლე II-ის მეფობის პერიოდი, ამასთან, გლეხი მარკოზაშვილი და მისი რაზმი გაიხსენა, რომელსაც სულ "მოღალატე" და "ნაძირალა" ეძახა, რასაც დიდი მითქმა-მოთქმა მოჰყვა, ჯერ ღვედზე დამხედა (ალბათ ამის გამო გამაჩერა), მაგრამ "პატიოსნად" ვიყავი "მიკრული" სავარძლის საზურგეს და მერე მანქანა შეათვალიერა. უკანა, დაბურული მინები რომ დაინახა, თვალები გაუბრწყინდა.
- ეს რაა, დაბურული მინებით რომ დადიხარ, არავის შეუმოწმებია?
- კი, როგორ არა?! თბილისში მე თვითონ შევამოწმებინე საპატრულო ბრიგადას, - მხნედ ვუთხარი. დარწმუნებული ვიყავი, რომ დ. მურღულიამ (ნეტავ, რა ჰქვია?) კომპეტენტური რჩევები მომცა და ახლა "შარში" სულაც არ ვიყავი.
- ახლა შევამოწმებთ და თუ დადგენილ ნორმას არ შეესაბამება, ჯარიმას დაგიწერთ.
აქ ზემოთ მოთხრობილი ამბავი (სადაც მთავარ როლში დ. მურღულია გახლდათ) რამდენჯერმე მოვუყევი (კარგად რომ გაეგო). მანქანაში დაბრუნდა, ცოტა ხნის შემდეგ ისევ გადმოვიდა და "მახარა", - მინების დაბურვასთან დაკავშირებით გაფრთხილებაც კი გქონიათო...
გადავირიე: ამდენი ხნის განმავლობაში სწორედ მაგას ვუყვებოდი, - პატრული გამოვიძახე, მინები შემიმოწმეს, გაფრთხილებაც დამიწერეს-მეთქი, - და ეს კიდევ, თითქოს ახალი ამბავი გაიგოო, ისე იყო გახარებული (დედას გეფიცებით, ხუთჯერ მაინც მოვუყევი, რა მოხდა 30 ნოემბერს). რადგან ზეპირად ვერაფერი შევასმინე, შესაბამისი დოკუმენტი წარვუდგინე, სადაც შავით თეთრზე (უკაცრავად, ლურჯით - ყვითელზე) დ. მურღულიას მიერ დაწერილი ტექსტი იუწყება, რომ "30 ნოემბერს, 20:00 საათზე მოქალაქემ მოგვმართა თხოვნით, რათა შეგვემოწმებინა მისი ა/მანქანის მინების დაბურვის პროცენტულობა. ხელსაწყოთი შემოწმებისას ა/მანქანის ორივე კარის (დიახ, დიახ, "ორივე კარის მინები" შეამოწმეს მხოლოდ, რადგან სხვა მინების მოხსნა საჭიროდ არ მიიჩნიეს) მინების დაბურვამ შეადგინა 80%, რაც კანონით დადგენილ ნორმას არ შეესაბამება. რის შესახებაც მოქალაქე გაფრთხილებულ იქნა".
- ჰოდა, თქვენმა კოლეგებმა სწორედ 2 კარის მინა შეამოწმეს და მათ მითხრეს, რომ უკანა მინებისთვის შემეძლო, ხელი არ მეხლო...
- ჰოდა, წადი და იმ მურღულიას მოჰკითხე; ახლა ბიჭები მოვლენ და ჯარიმას დაგიწერენ.
ამასობაში მეორე საპატრულო მანქანა მოგვადგა. ისე შესციცინებდნენ თვალებში მარკოზაშვილს (მაშინ არც გვარი ვიცოდი მისი და არც თანამდებობა), მაშინვე მივხვდი, მთლად უფროსს გავუჩერებივარ-მეთქი.
- მინები შეუმოწმეთ და ჯარიმა დაუწერეთ, - გასცა ბრძანება.
- თქვენი მინების დაბურვა
91%-ია, - მითხრა პატრულის ერთ-ერთმა თანამშრომელმა (აბა, მურღულიამ - 80%-ო?!) და ახლა 50-ლარიან ჯარიმას დაგიწერთ.
- რა ვქნა, დაწერეთ, მაგ 50 ლარს ხომ ვერ გადავყვები?! - ბედს შევეგუე და "ნებართვა" მივეცი.
"მარკოზაშვილის რაზმელები" (პრეზიდენტის სიტყვებს ვიშველიებ) ჩასხდნენ მანქანაში და კარგა ხანს არ გამოჩენილან. ორივე საპატრულო მანქანა იქ იდგა. თავად მარკოზაშვილი პირადად ადევნებდა თვალს ჩემი დაჯარიმების "სახიფათო", "სიცოცხლისთვის საშიშ" ოპერაციას (არადა, ამ დროში კიდევ რამდენ მძღოლს დააჯარიმებდა და რამდენი ლარით შეავსებდა ბიუჯეტს?! - ამას მისი უფროსების გასაგონად ვამბობ - იცოდნენ, როგორ ფლანგავენ დროს საპატრულო პოლიციის თანამშრომლები მაშინ, როცა ნებისმიერი ხერხით ბიუჯეტის შევსებაზე უნდა ზრუნავდნენ). ის იყო, მოთმინების ფიალა ამევსო და მანქანიდან გადასვლას ვაპირებდი, რომ ერთ-ერთი თვითონ მოვიდა.
- ქალბატონო, პრობლემა გაქვს ("ძმაო" არ დაუყოლებია, თორემ იგულისხმებოდა).
- აუჰ, ახალი ამბავი! ნახევარი საათია, ვიცი, რომ პრობლემა მაქვს, - გამეცინა.
- კომპიუტერი მაჩვენებს, რომ თქვენი მანქანა ძებნაშია. გადაუხდელი ჯარიმა ხომ არ გაქვს?
- არა.
- ნომერი ხომ არ გქონდათ დაკარგული?
- კი, მქონდა: წყალდიდობაში რომ მოვყევი, მაშინ დავკარგე და საპატრულოში განვაცხადე.
- შესაძლოა, სწორედ მაგიტომაა ძებნაში, მაგრამ ეს უნდა დავადგინოთ ჯერ.
- როდის დაადგენთ?
- "რიონს" ვერ ვუკავშირდებით, ინტერნეტი ჰქონიათ გათიშული და მოგიწევთ ლოდინი, სანამ ინტერნეტი არ ჩაირთვება, - ისეთი თანაგძნობით მიყურებდა პატრულის თანამშრომელი, აშკარად ვებრალებოდი, ჯარიმისა და ლოდინისთვისაც, მაგრამ სხვა რა გზა ჰქონდა?!
- აუჰ... და მტკვარს რომ დაგაკავშიროთ, არ გინდათ?.. აქვეა, ახლოს!.. კარგი, სახლში დავრეკავ, ბალიშს მაინც მოვატანინებ, შეიძლება? - ნებართვა მაინც ვითხოვე, რა ვიცი, იქნებ ახალი კანონით ბალიშიც აიკრძალა მანქანაში...
მოკლედ, ბევრი რომ არ გავაგრძელო, ნახევარსაათიანი ლოდინის შემდეგ დაადგინეს, რომ ჩემი მანქანა ძებნაში არ ყოფილა და პატრულ-ინსპექტორმა, გიორგი სომხიშვილმა ჯარიმა ახალი, თანამედროვე ტექნოლოგიით გამომიწერა - ელექტრონული წესით. ახლა ფურცლების ფრიალით კი აღარ დადიან, პატარა, ლეპტოპის მაგვარი მოწყობილობა აქვთ და ეკრანზე, ელექტრონული კალმით გაწერინებენ ხელს...
ერთი კი ვიკითხე, - ხელს რაზე მაწერინებთ, ის მაინც მითხარით-მეთქი, - და რომ მიპასუხეს, 50-ლარიან ჯარიმაზეო, ელექტრონული კალმით სამახსოვრო "ავტოგრაფი" დავუტოვე.
მოკლედ, ახლა მკითხველმა (ან კომპეტენტურმა პირმა) განსაჯოს, ვარ თუ არა დამნაშავე და უნდა დავჯარიმებულიყავი თუ - არა... 1-2 კარგი (თუნდაც პატრულზე განაწყენებული) იურისტის კონსულტაცია არ მაწყენს. უკვე მითხრეს, რომ თურმე ჩემი მანქანის უკანა მინები საქარე მინებად ითვლება და კანონში პირდაპირ წერია: უკანა საქარე მინების დაბურვა არ ისჯებაო. თუ ეს ზუსტად დავადგინე, აუცილებლად გავასაჩივრებ, სადაც ჯერ არს (ტელევიზიით წარამარა გვახსენებენ, სახელმწიფოს წინააღმდეგ აღძრულ საქმეებს "უბრალო" ადამიანები უფრო ხშირად იგებენო და ვნახავ).
ვიცი, ამ კვირაში "გზის" ფრიალი იქნება რუსთავის საპატრულოში და განაწყენებულმა მარკოზაშვილმა იქნებ რაიმე შარიც მომიგონოს, დამაკავოს და დამაპატიმროს "ლიჩნი ნიპრიაზნის" გამო, მაგრამ მე ის მოვყევი, რაც რეალურად მოხდა. თანაც, სწორედ მისი (ან დ. მურღულიას) წყალობით გადაინაცვლებს ჩემი "პატარა" ჯიბიდან სახელმწიფოს "დიდ" ჯიბეში 50 ლარი... მარკოზაშვილი კი არ უნდა გამიბრაზდეს, ჩემი მადლიერიც კი უნდა დარჩეს: ჯერ ერთი, იმიტომ, რომ მის ხელმძღვანელობას გავაგებინე, როგორი შეუვალი, პრინციპული და მცოდნე თანამშრომელი ჰყავთ და იქნებ დააწინაურონ კიდეც (მერე რა, რომ "ბეემვე" და "ოპელი" ერთმანეთში აერია? ბნელოდა და!..) და მეორეც - ამ სტატიის შემდეგ ცნობილი ადამიანი გახდება, ნაცნობები და უცნობები მასზე ილაპარაკებენ და იქნებ ავტოგრაფებიც კი ჩამოარიგოს (თუნდაც - ელექტრონული).
რამდენი ვიწვალე, რომ არ დავჯარიმებულიყავი, რა არ ვიღონე (კანონის დარღვევა რომ მნდომოდა, ასე ხომ არ მოვიქცეოდი?!) და მაინც "დამასაჩუქრეს". არადა, მართლა მაინტერესებს, ვინ არის მართალი და ვინ - მტყუანი ამ სიტუაციაში...
მარი ჯაფარიძე