ქართველი მორაგბეების ბრაზილიელი ფანი - გზაპრესი

ქართველი მორაგბეების ბრაზილიელი ფანი

დიეგო დუბარდი ის იშვიათი ბრაზილიელია, რომელსაც ფეხბურთზე მეტად რაგბი უყვარს. მისი ეს სიყვარული მეგობარი გოგონას დამსახურებაა, რომელიც გოგონათა რაგბით იყო დაინტერესებული და შესაბამის ადგილს ეძებდა, სადაც ივარჯიშებდა. დახმარება დიეგოს სთხოვა. მეგობარმა გოგონამ რაგბი ვერ ისწავლა, სამაგიეროდ, დიეგო სამუდამოდ "დაავადდა" რაგბით.

GzaPressდიეგოს მიხეილ მესხის ეროვნულ სტადიონზე, საქართველო-იაპონიის სარაგბო მატჩის წინ შევხვდი. მოუთმენლად ელოდა დაწყებას და არც ცდილობდა სიხარულის დამალვას, რომ მისი საყვარელი გუნდის თამაშს ესწრებოდა:

- ყველა მეკითხება, რატომ მიყვარს საქართველოს ნაკრები. ყველას უკვირს, რადგან სად საქართველო და სად - ბრაზილია. პირველად თქვენი ეროვნული გუნდის თამაში შარშან, ივლისში ვნახე. მაშინ არგენტინაში ვიყავი, საქართველოსა და არგენიტინის ნაკრების თამაშს დავესწარი და სწორედ მაშინ მომეწონა ქართველები.

მას შემდეგ ჩვენი ეროვნული გუნდის გულშემატკივარია და სწორედ იმ თამაშის მერე დაისახა მიზნად საქართველოში ჩამოსვლა და აკი აიხდინა კიდეც.

მეგობარ გოგონას უმადლის საქართველოს ეროვნული გუნდის მაისურსაც:

- მისი მამა საქართველოში, ბრაზილიის საელჩოში მუშაობდა და ვთხოვე, გამოეგზავნა საქართველოს ნაკრების ფორმა. სანამ გამოგზავნიდა, მე და ჩემი შეყვარებული დავშორდით და იმედიც აღარ მქონდა, მაისურს რომ გამომიგზავნიდა, თუმცა, ერთ დღეს მოულოდნელად დამირეკა და სიურპრიზი გამიკეთა.

GzaPressდიეგომ არგენტინა-საქართველოს თამაშამდე უკვე იცოდა ჩვენი გუნდის არსებობა:

- რაგბიში, ჩემი მწვრთნელი პორტუგალიელია და იმის გამო, რომ საქართველო სულ უგებს პორტუგალიას, არ უყვარს საქართველოს ნაკრები. მე უფრო ძალისმიერ რაგბის ვთამაშობ და მწვრთნელი სულ მეუბნებოდა, - ქართველებივით თამაშობო. ეს იმდენჯერ გამიმეორა, რომ დამაინტერესა, როგორ თამაშობდნენ ქართველები.

რაგბი ბრაზილიაში ინგლისიდან შევიდა ფეხბურთთან ერთად ანუ დაახლოებით 100 წელია, ბრაზილიელები სპორტის ამ სახეობას მისდევენ, თუმცა, მიუხედავად ამისა, რაგბი მაინც არაა პოპულარული:

- ბრაზილიაში გაჭირვებული ხალხი ცხოვრობს და ამ გაჭირვების გამო ბევრი გაღიზიანებულია. ოვალური ბურთის დამორჩილება ძალიან რთულია და ეს კიდევ უფრო აღიზიანებთ და ალბათ ამიტომ ვერ შეიყვარეს რაგბი, - ხუმრობით გვიხსნის დიეგო. მას შემდეგ, რაც შვიდკაცა რაგბი ოლიმპიური სპორტის სახეობა გახდა, მისი პოპულარობა შედარებით გაიზარდა, თუმცა, ფეხბურთის ავტორიტეტთან ახლოსაც ვერ მივა. ბრაზილიაში პროფესიონალი მორაგბე ძალიან ცოტაა. დიეგოს ძალიან უნდა, საქართველოსა და ბრაზილიის ეროვნული გუნდები ერთმანეთს შეხვდნენ:

- ჩვენსა და თქვენს მორაგბეებს შორის თითქმის ისეთივე სხვაობაა, რაც ჩვენსა და თქვენს ფეხბურთელებს შორის.

ბრაზილიელი ფეხბურთის გულშემატკივრებისგან განსხვავებით, დიეგო ეროვნულ ტრაგედიად არ მიიჩნევს გერმანიასთან განცდილ მარცხს:

- ეს იყო ფედერაციის ცუდი მენეჯმენტის ბრალი. ამ თამაშით ბრაზილიურმა ფეხბურთმა 15 წლით უკან დაიხია. გერმანიამ დაგვინდო, თორემ შეეძლო, 1:100 მოეგო.

დიეგოს საყვარელი ქართველი მორაგბეა მამუკა გორგოძე და ძალიან დასწყდა გული, რომ იაპონიასთან თამაში მამუკამ ტრავმის გამო გამოტოვა:

- ძალიან მომწონს ბასილაია და ჩილაჩავა. ამ უკანასკნელის თამაშით არგენტინასთან აღფრთოვანებული დავრჩი. სხვათა შორის, ასე მგონია, 2015 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ტონგასთან გასამართ მატჩში სწორედ ბასილაია გაიტანს გადამწყვეტ ლელოს.

2015 წელს ინგლისში გასამართ რაგბის მსოფლიო ჩემპიონატზე, ბუნებრივია, საქართველოს უგულშემატკივრებს, თუმცა, ცდილობს ობიექტურობა შეინარჩუნოს და ისე გააკეთოს პროგნოზი:

GzaPress- თუ ქართველები ბურთზე კონტროლს შეინარჩუნებენ, ტონგასთან მოგება არ გაუჭირდებათ. რაც შეეხება არგენტინას, მათ ისეთ გუნდებთან უწევთ ჭიდილი, როგორებიც არიან: ახალი ზელანდია, ავსტრალია და სამხრეთ აფრიკა. მათი დამარცხება ძალიან რთული იქნება, მაგრამ თუ ცოტა იღბალიც ექნებათ, არაფერია გამორიცხული. ახალ ზელნადიასთან ქართველების მოგების იმედი არ აქვს და მიაჩნია, რომ ასე ყველაზე ოპტიმისტი გულშემატკივარიც არ იფიქრებს:

- ზელანდიასთან მთავარია ბოლომდე თავდადება, ყველამ რომ ნახოს, რა შეუძლია საქართველოს ეროვნულ გუნდს. ახალ ზელანდიასთან წაგების გამო საყვედურს არავინ იტყვის, ხოლო თუ ბიჭებმა სასწაული მოახდინეს, მართლა ძალიან მაგარი იქნება.

საქართველოში ჩამოსვლამდე ბევრი წაიკითხა ჩვენს ქვეყანაზე. განსაკუთრებით აინტერესებდა ქართული სამზარეულო:

- თამამად ვიტყვი, რომ მოლოდინს გადააჭარბა. ყველაზე მეტად ხინკალი მომეწონა. ადამიანმა ის ერთხელ მაინც უნდა ჭამოს, თავი ნამდვილ ადამიანად რომ იგრძნოს.

ამასობაში სტადიონზე საქართველოსა და იაპონიის გუნდები გამოვიდნენ. მშვიდი დიეგო წამში გარდაიქმნა აქტიურ გულშემატკივრად, სწორედ ისეთად, როგორც ნამდვილ ბრაზილიელს შეშვენის. მთელი მატჩის განმავლობაში არ გაჩერებულა და გამარჯვებითაც ბედნიერი იყო. როგორც თქვა, მომავალშიც ჩამოვა საქართველოში, რადგან აქ სპორტისა და გემრიელი კერძების გარდა, უკვე ბევრი მეგობარი ელოდება.

ლადო გოგოლაძე