მეგობრის დაბადების დღე - გზაპრესი

მეგობრის დაბადების დღე

რაც მთავარია, ამ დღეს მხოლოდ ძალიან ახლობელ და მართლა სასურველ ადამიანებს ვეპატიჟებით - ვისაც არც სიგიჟე გაუკვირდება ჩვენი და არც უცნაური გამოხდომები...

რადგან სოფო აგვისტოშია დაბადებული, მისი დაბადების დღის აღნიშვნა ხშირად, ქალაქგარეთ გვიწევს და არც წლევანდელი ყოფილა გამონაკლისი, მაგრამ რომ გვეგონა, ზღვისპირეთში რომელიმე რესტორანში ან ბუნგალოში მაინც შევიკრიბებოდით, აშკარად ნამტირალევმა სოფომ, ძლივს მოაბა სათქმელს თავი და მეგობრები სოფელში დაგვპატიჟა:

- ჩემმა დედამთილმა თავი გაიგიჟა: შენთვის საგანგებოდ გამოვზარდე გოჭი და ინდაური. ისეთ სუფრას გაგიშლი, სამუდამოდ დაამახსოვრდებათ და დიდხანს ექნებათ სალაპარაკოდ შენს მეტიჩარა მეგობრებსო... ვცადე, მაგრამ არ გამივიდა უარი და დავეთანხმე. არ მინდა მისი გადაკიდება. ხომ იცი, თუ ვინმეს გადაეკიდა, სისხლს გაუშრობს და წყალს გაატანს მის ყველა კეთილ თვისებას...

მე თუ არ ვიცი, სხვამ ვინ შეიძლება იცოდეს, რასაც ნიშნავს ქალბატონი ეთერის რისხვა, რომელიც ვერ მიტანს და შეიძლება ითქვას, არც მელაპარაკება, უფრო სწორად, არ მალაპარაკებს და საკმარისია, აზრის გამოთქმა ვცადო, მაშინვე შემაწყვეტინებს: ვიცი, ვიცი და ნუ ცდილობ, ყველას ჭკუა ასწავლოო. არადა, მსგავსი არაფერი მიკადრებია მისთვის. ჩვენი "მტრობა" ამ ათიოდე წლის წინ დაიწყო, როცა სოფოს ნანატრი ქალიშვილი შეეძინა და ქმარმა კატეგორიულად განუცხადა:

- ეთერი უნდა დავარქვათ, დედაჩემის სახელი. ასეთ რაღაცებს დიდ ყურადღებას აქცევს და ვერ ვაწყენინებ!

ბევრი იტირა სოფომ, მაგრამ არაფერი გაუვიდა და ისევ მე ვიეშმაკე: კარგად ვიცოდი, როგორ ეზარება სიძე-ბატონს "საკანცელარიო საქმეების" მოგვარება და დახმარება შევთავაზე:

- მე წავიღებ და დავარეგისტრირებ პატარას. თქვენ, რაც საჭიროა, ქაღალდზე ჩამომიწერეთ...

თავად ქალბატონმა ეთერმა დაწერა შვილიშვილის მონაცემები და რომ გადმომცა, სახეგაბრწყინებულმა განმარტა:

- ენაცვალოს ბებო, ჩემი სიცოცხლისა და სახელის გამგრძელებელი გოგო დაიბადა...

მიუხედავად იმისა, კარგად ვიცოდი, რაც მელოდა, ბავშვის დაბადების მოწმობაში ეთერის ნაცვლად, ქრისტინე ჩავაწერინე, როგორც სოფოს სურდა და უკან მობრუნებულმა ურცხვად განვაცხადე, ვითომ ის ფურცელი დამეკარგა და რადგან ბავშვის დაბადებამდეც ვიცოდი, დედამისს მისთვის ქრისტინეს დარქმევა სურდა, აღარ შეგაწუხეთ წვრილმანების დასაზუსტებლად-მეთქი...

იმ დღის შემდეგ შემიძულა ქალბატონმა ეთერმა. ალბათ მიმიხვდა, რომ განგებ მოვიქეცი ასე, მაგრამ "გაფუჭებულ საქმეს" რაღა ეშველებოდა და ერთადერთი, რითაც თავს ვიმშვიდებ, ათი წლის ქრისტინეს მადლიერება და სიყვარულია, რომელსაც წარმოდგენაც არ უნდა იმისი, რომ შეიძლებოდა, ეთერი დაერქმიათ მისთვის...

- წელს პირველად მოხდება, რომ შენს დაბადების დღეს ვერ დავესწრები! - გულდაწყვეტილმა ვუთხარი მეგობარს.

- რას ჰქვია, არ დაესწრები?! - კატეგორიულად შემაწყვეტინა სოფომ და აღარ მოუსმინა ჩემს არგუმენტებს: - უშენოდ დაბადების დღე არ არსებობს ჩემთვის და ეს ქალბატონმა ეთერმაც კარგად იცის. უბატონოდ ხმას ვერ გაგცემს. ოღონდ, არც შარვალი ჩაიცვა და კაბაც დააგრძელე, რა...

- ენა კი დავიმოკლო, ხომ?! - წავიბურდღუნე ხასიათგაფუჭებულმა: - ეგ დაბადების დღე კი არა, მოთმინების გამოცდა იქნება ჩემთვის!...

დაბადების დღეზე წასვლა მაინც მომიხდა, ვერ ვაწყენინე მეგობარს, მაგრამ ისე გამაბრაზა ქალბატონმა ეთერმა, დღემდე დაბოღმილი და გულგასიებული დავდივარ. ჯერ იყო და სხვებს რომ "მობრძანდი" და "შენი ჭირიმე" არ დააკლო, მე ვითომ ვერც შემამჩნია, სალმის სათქმელად გაწვდილი ხელიც ჰაერში გაშეშებული შემატოვა. მერე არც სუფრაზე მოუქცევია ყურადღება და ყველა მეგობარი სხვა მხარეს გადაჯდა: როგორც ვატყობთ, აქ არავინ არაფრის შემომმატებელი არ არისო... სადღეგრძელოც კი შემაწყვეტინა და ირინიულად გადმომხედა: ვიცი, ჩემთვის არაფერი გენანება და ლაპარაკით თავს ნუ შეიწუხებო... ღამით კი მაინცადამაინც ჩემთვის არ აღმოჩნდა ადგილი მის სანაქებო საძინებლებში და მეზობელთან გადამამისამართა...

ასეთი "შურისძიების" მსხვერპლი ცხოვრებაში არ ვყოფილვარ და ახლა მთელი ქვეყნის გასაგონად ვეუბნები მეგობრის დედამთილს: ძალიანაც კარგი ვქენი, თქვენი სახელი რომ არ დავარქვი ბავშვს.

ინგა ჯაყელი