"გაუნათლებელი" თოვლის ბაბუ და "კედლებზე მოსიარულე" ბავშვები - გზაპრესი

"გაუნათლებელი" თოვლის ბაბუ და "კედლებზე მოსიარულე" ბავშვები

თოვლის ბაბუს ჩემთან საჩუქრები ჩუმად მოჰქონდა და საწოლთან ტოვებდა. ბავშვობაში ცოცხალი სანტა არასოდეს მენახა, დღეს კი, როცა ქუჩებში უამრავ სანტა-კლაუსსა თუ ქართველ თოვლის ბაბუას ვხედავ, თითქოს ბავშვობაში ვბრუნდები და ძალიან ბედნიერი ვარ. ჰოდა, რა გასაკვირია, რომ მომინდა, ამ კეთილ მოხუცს პირადად გავსაუბრებოდი და ეს მოვახერხე კიდეც....

ჟურნალი "გზა", 2011 წელი

სანტა:

- უკვე 30 წელია, რაც ყოველი ახალი წლის დღესასწაულზე თოვლის ბაბუად გარდავისახები ხოლმე. სტუდენტი ვიყავი, როცა პეტერბურგში (იქ ვსწავლობდი) გასამგზავრებლად ფული ვერ ვიშოვე და ერთმა ღვთისნიერმა კაცმა მირჩია, - თოვლის ბაბუის ფორმა ჩაიცვი და მერწმუნე, ფულს "გააკეთებო". მის რჩევას ყური დავუგდე და გავხდი რუსი თოვლის ბაბუა. მერე, დროთა განმავლობაში, როგორც კეთილმა მოხუცმა, რამდენიმე ეროვნება "გამოვიცვალე" ანუ როგორ თოვლის ბაბუაზეც იყო მოთხოვნა, მეც ისეთი ვიყავი: საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ და ზვიად გამსახურდიას პრეზიდენტობისას ქართველი თოვლის ბაბუა იყო პოპულარული, დღეს კი მოთხოვნა ლაპლანდიელ სანტაზეა (იღიმის). ჰოდა, ვცდილობ, ისეთი სანტა ვიყო, რომლის დანახვაც პატარებს გაახარებს და რაც მთავარია, ბავშვები ვერ უნდა მიხვდნენ, რომ ნიღბის მიღმა შავი თმა-წვერი იმალება... ბავშვებს ჯერ ინგლისურად ვესალმები, მერე კი ვეუბნები, - დღეს ლაპლანდიელი სანტა მხოლოდ ქართულად ილაპარაკებს-მეთქი... მთელი წლის განმავლობაში ვამზადებ ჯადოსნურ ფიფქებს, რომელსაც პატარებს დამშვიდობებისას თავზე ვაყრი და ვეუბნები, რომ იქნებიან ძალიან ლამაზი, ჯანმრთელი და ჭკვიანი ბავშვები... სხვათა შორის, თუ სტუდენტობის პერიოდში ამ ყველაფერს ფულის გამო ვაკეთებდი, ახლა ეს საქმიანობა მოთხოვნილებად მექცა - არ შემიძლია, ახალ წელს ის სიამოვნება არ მივიღო, რასაც თოვლისბაბუობა მანიჭებს; თითოეულ ოჯახში სტუმრობისას ვგრძნობ, რომ ჩემი დანახვისას არა მარტო პატარები, არამედ დიდებიც უზომოდ ბედნიერები არიან, ეს კი მერწმუნეთ, ბევრს ნიშნავს. ერთხელ, სკოლაში ვიყავი მიწვეული. ოთახში გამოსაცვლელად რომ შევედი, ცოტა ხანში ჩემთან გასასაუბრებლად მასწავლებელი შემოვიდა და გაოცებულმა უკან დაიხია, - ვაიმე, რა ლამაზი ბრძანდებითო (იღიმის). ჩემს კოსტიუმზე, წვერსა თუ ნებისმიერ აქსესუარზე დიდი ხნის განმავლობაში ვფიქრობ და ვმუშაობ; ვცდილობ, ლამაზი და ბუნებრივი სანტა ვიყო.

- სკოლის ზეიმი ახსენეთ ანუ გამოძახება სკოლიდან და ბაღიდანაც გაქვთ ხოლმე?

- ჩემი სამუშაო 21 დეკემბრიდან იწყება და ძირითადად, კერძო სკოლებსა და საბავშვო ბაღებს ვსტუმრობ... დღეს თბილისში ბევრი თოვლის ბაბუა და ფიფქიაა, რომლებიც სახლებში მიდიან და პატარებს ახარებენ, მაგრამ როცა საქმე ზეიმის ჩატარებაზე მიდგება, ორჭოფობენ, რადგან პატარების გართობა, თამაშში აყოლიება და მათთვის სიხარულის მინიჭება საკმაოდ ძნელია. თითქმის ყოველ წელს ვამბობ: - მომავალში სანტა აღარ ვიქნები, საამისოდ უკვე დავბერდი-მეთქი, მაგრამ როგორც კი ახალი წელი მოახლოვდება, ვერაფრით ვისვენებ (იღიმის)... სხვათა შორის, პატარები მთელი წლის განმავლობაში მირეკავენ, რაღაც-რაღაცებს მთხოვენ... ჩემი ტელეფონი ბავშვების ნომრებითაა სავსე. ერთმა პატარამ აგვისტოში დამირეკა და თოვლის ბაბუა მოიკითხა, მერე კი შემომჩივლა: - ცუდად მექცევიან და მინდა, ეს ამბავი თოვლის ბაბუს შევჩივლოო. ვუთხარი, რომ სანტა ლაპლანდიაში იყო, მაგრამ მის თხოვნას აუცილებლად გადავცემდი, მერე კი რჩევაც მივეცი, თუ როგორ უნდა მოქცეულიყო. რამდენიმე დღის შემდეგ დამირეკა, - თქვენი რჩევა გავითვალისწინეო. იცით, ხშირად პატარები სანტას ეჭვის თვალით უყურებენ ხოლმე, მაგრამ ვცდილობ, მათ ეს ეჭვი გავუქარწყლო და სხვათა შორის, ამას ვახერხებ კიდეც. ხშირად მისვამენ კითხვას: - შენ ნამდვილი არა ხარ, არა? ვპასუხობ: - ზუსტადაც, რომ ნამდვილი თოვლის ბაბუა ვარ! თუ არ გჯერა, მაშინ წავალ-მეთქი და, - კარგი, მჯერაო, - მეუბნებიან... ამას წინათ მერიის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე ცხენებშებმული მარხილით მიმიყვანეს. ეს, რა თქმა უნდა, ძალიან შთამბეჭდავი სანახავი იყო, მაგრამ ყველგან ასე ხომ ვერ ვივლი?! მახსოვს, მარხილით ბესიკის ქუჩიდან უნდა ჩამოვსულიყავი. მოგეხსენებათ, იქ როგორი საშინელი გზებია და ცხენებს სიარული უჭირდათ, მე კი სული კბილით მეჭირა და ვფიქრობდი: ეს მარხილი არ გადაბრუნდეს, ამ მილეთის ხალხში სირცხვილი არ ვჭამო, ფეხმოტეხილს არ დამესიონ-მეთქი (იცინის).

- პატარების თხოვნები თქვენამდე თუ აღწევს?

- რა თქმა უნდა! მათთან საჩუქრები მიმაქვს: ზღაპრებისა და ფოკუსების წიგნი, მფრინავი ჯოხები, ნიღბები, მასხარას ცხვირები, სათამაშოები... მაგრამ ხშირად, პატარები ძვირად ღირებულ საჩუქრებს ითხოვენ, ამის ყიდვის საშუალება კი სანტას არა აქვს და ამ შემთხვევაში, მათი სურვილების ასრულებაზე მშობლები ზრუნავენ - ყველაფერს კართან მახვედრებენ და პატარასთან მე შემაქვს.

- სანტა, რას უსურვებთ ხალხს?

- ბედნიერებას, ლამაზ ცხოვრებას, კეთილდღეობას! დაე, გაბრწყინებულ საქართველოში ეცხოვროთ!..

გაგა, 23 წლის:

- თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტი ვარ. 2 წლის წინ მე და ჩემმა მეგობრებმა გადავწყვიტეთ, გაგვეკეთებინა სერვისი: "თოვლის ბაბუა გამოძახებით"... საერთოდ, პატარები ძალიან მიყვარს და მათთან ურთიერთობაც მეხერხება, მაგრამ... მოდი, ერთ ამბავს გავიხსენებ: მუშაობა დავიწყე თუ არა, მესამე თუ მეოთხე კლიენტის ოჯახში 2 უსაყვარლესი პატარა დამხვდა - გოგონა და ბიჭი. მათმა შემხედვარემ ვინატრე: - ნეტავ, მეც მყავდეს ასეთი შვილები-მეთქი, მაგრამ ახლა, როცა მათთან ერთად გატარებულ საათებს ვიხსენებ, შვილი საერთოდ აღარ მინდა (იცინის).

- რატომ, ასეთი რა მოხდა?

- ყველა კლიენტს შევუთანხმდი, რომ პატარასთან მხოლოდ ნახევარი საათი დავრჩებოდი და ამ დროის განმავლობაში პატარებს ან რამეს მოვუყვებოდი, ან ისინი წამიკითხავდნენ ლექსებს, მაგრამ ამ ბავშვებმა გეგმები ამირიეს: ოჯახში შესვლისთანავე ორივე კალთაში ჩამიხტა და ათასი კითხვა დამაყარა: - სად ცხოვრობ? შვილები რატომ არ გყავს? ყველა ბავშვის დასაჩუქრებას როგორ ასწრებ?.. როცა მათი ცნობისმოყვარეობა დავაკმაყოფილე, გამომიცხადეს, - ადე, ახლა უნდა ვითამაშოთო და მიბრძანეს: თვალები დახუჭეო, თავად კი დაიმალნენ. მერე მე ვიმალებოდი - ჯერ მათი სასადილო ოთახის მაგიდის ქვეშ, მერე აბაზანაში - ხალათების უკან... ცოტა ხნის შემდეგ, ბავშვების დედამ (გაახაროს ღმერთმა, შეგნებული ქალი აღმოჩნდა) ჩემს საცოდაობას ვეღარ გაუძლო და მაშინ, როცა კარადაში შეძრომას ვცდილობდი, მითხრა, - ამათ თქვენთან თამაში მთელი ღამე არ მოჰბეზრდებათ და თუ გნებავთ, ჩუმად გაგაპარებთო... სადარბაზოში რომ გამოვედი, ჰაერი ღრმად ჩავისუნთქე. ასეთი გადარეული და "კედლებზე მოსიარულე" ბავშვები ჯერ არ მინახავს!

- უცნაურ ბავშვებთან სტუმრობა ხშირად გიწევს?

- მახსოვს, ერთხელ აკადემიკოსების ოჯახში ამოვყავი თავი. ბავშვი დედ-მამის ასლი იყო - სათვალიანი, გამხდარი და ყვითელსახიანი; მთელი ნახევარი საათი ისეთ გამოცანებს მეუბნებოდა, რომლებსაც პასუხი ვერ გავეცი და ბოლოს, როცა მკითხა: - აბა, რამდენი ფეხი აქვს რვაფეხასო? ისე დავიბენი, ვერაფერი ვუპასუხე. პატარა დედას მიუბრუნდა და იცი, რა ჰკითხა? - ეს თოვლის ბაბუა ასეთი გაუნათლებელი რომაა, ლაპლანდიის განათლების სისტემის ბრალიაო (იცინის)?.. აი, ასეთ ბავშვებთანაც მიხდება ურთიერთობა და ალბათ ხვდები, როგორ დღეშიც მაგდებენ...

ელენე ბასილიძე