თხის წელიწადი - გზაპრესი

თხის წელიწადი

საპატიო მიზეზი ჰქონდა - ნოემბრის ბოლოს მამა გახდა და ერთზე რომ ოცნებობდა, ერთბაშად ორი ვაჟი აჩუქა ღმერთმა. ბუნებრივია, გაუხარდა და სამი დღე არც გამოფხიზლებულა, გადაბმულად სვამდა და ქეიფობდა ახლობლებთან, ძმაკაცებთან ერთად, მეოთხე დღეს კი ექიმმა გამოიძახა:

- სამწუხაროდ, თქვენი ცოლის რძე არ ვარგა ბავშვებისთვის, ვერ შეირგეს და კუჭ-ნაწლავის პრობლემა შეექმნათ. გუშინ ვცადეთ ხელოვნურ კვებაზე გადაგვეყვანა და უარეს დღეში ჩავარდნენ. მოკლედ, თუ შვილების ჯანმრთელობა და სიცოცხლე რამედ გიღირს, სასწრაფოდ, მეწველი თხა უნდა იშოვო. თხის რძე დედის რძესთან მიახლოებულია თვისებებით და ასეთი ბავშვებისთვის ერთადერთი გამოსავალი...

ქალაქში დაბადებულსა და გაზრდილს ცოცხალი თხა ნანახიც არ ჰყავდა, მაგრამ შვილებს შიმშილით ხომ არ მოკლავდა და დატრიალდა ძმაკაცებთან ერთად, შემოიარა ახლომახლო სოფლები და ძლივს მიაგნო მეწველ თხას, რომლის პატრონმაც სასტიკად იუარა მისი გაყიდვა: ჩემი ოჯახის ერთადერთი მარჩენალია. ეგ რომ გავყიდო, ჩემს შვილებს უნდა გამოვაცალო პირიდან ლუკმაო, მაგრამ ცოტა ხანში დაფიქრდა და რადგან მიხვდა, გამოუვალ მდგომარეობაში ჩავარდნილ კაცთან ჰქონდა საქმე, ყელში თოკი წაუჭირა და მოურიდებლად მიახალა:

- ვერ მოგყიდი, მაგრამ მეწველ და ხბოიან ძროხას თუ მომიყვან, იმაში გაგიცვლი. თან, შორს წასვლაც არ დაგჭირდება, ჩემი მეზობელი ყიდის. დედა გარდაეცვალა, თავად ქალაქში ცხოვრობს და იქ ხომ არ წაიყვანს, მერვე სართულზე ცხოვრობს...

ცეცხლის ფასი დაუჯდა ახალგამოჩეკილ მამას ერთი წვერცანცარა თხა. კიდევ კარგი, თავად ეზოიან სახლში ცხოვრობდა და გარაჟიც ჰქონდა, სადაც თხა დააბინავა, რადგან მამის დატოვებული ძველი ვოლგა მაინც გასაყიდი გაუხდა. ზამთარი იყო გადასაგორებელი და თხას თივა და სხვა საკვებიც ხომ უნდოდა?!

მოკლედ, 2003 წელი რომ თხის იყო, ტელევიზორიდან გაიგო ზურამ და იმ დღეს თავის ოჯახში რომ დაილოცა, მერე გარაჟში ჩააკითხა თხას, რომელსაც რატომღაც, მაგდანა დაარქვა და შაქარი ჩაუდო პირში: შვილები გადამირჩინე და ჩემგან მეტი პატივიც გეკუთვნის. იმედია, არ დამივიწყებ ამდენ ფერებას და მთელი წელიწადი სიკეთესა და სიჯანსაღეს არ მოაკლებ ჩემს ოჯახს...

იმ წელიწადს ახალი ბიზნესი წამოიწყო ზურამ და ბლომად ფული იშოვა. ახალი მანქანაც იყიდა და აგარაკიც - გრიგოლეთში. თხა რომ აღარ სჭირდებოდათ მის შვილებს, ძმაკაცებმა დაკვლა ურჩიეს, მაგრამ გაგონებაც არ ისურვა: რას ამბობთ, ეგ ჩემი შვილების "გამზრდელი დედაა" და ყელში დანა რომ გამოვუსვა, ნამუსი მთლად დაკარგული უნდა მქონდესო...

ცოლის გინეკოლოგს დაურეკა და შესთავაზა: თუ ვინმეს ჩემნაირი პრობლემა აქვს, მოვიდეს და ვაჩუქებ თხას, მისი არაფერი მინდაო... მაშინვე გამოჩნდა მსურველი და ჯიბეში ჩაკუჭული ფული ამოიღო ზურამ, კაცს უკან დაუბრუნა: ეგ თხა ფაბრიკა კი არ არის, რძე ტყუილად ჩამოგისხას, ჭამა უნდა, წადი და მაგ ფულით საკვები უყიდე...

ახლა ზურას ტყუპი - ილია და ალექსანდრე თორმეტი წლისანი არიან. ცოტა ხნის წინ კი ცოლმა გაუმხილა:

- ისევ ორსულად ვარ და აუცილებლად გავაჩენ, თუ გოგო იქნება! - ექიმთან გაყოლა სთხოვა ქმარს და ექოსკოპიური გამოკვლევისას აღმოჩნდა, რომ ქეთინო ისევ ტყუპზე იყო ორსულად, ოღონდ, ამჯერად გოგონებზე.

- ესეც შენი თხა! - ქეჩო მოიქექა გაოგნებულმა ზურამ.

- რა ბრძანეთ?! - გაკვირვებულმა გახედა ექიმმა, რადგან ეგონა, ცოლს მიაყენა შეურაცხყოფა გოგონების მომავალმა მამამ.

ქეთინოს კი არ სწყენია და არც გაჰკვირვებია, ექიმსაც აუხსნეს რაში იყო საქმე და მასაც გაეღიმა.

გოგონები 2015 წლის მაისის ბოლოს უნდა დაიბადონ და მამა მათთვის უკვე ეძებს ჯიშიან მეწველ თხას. საახალწლოდ კი ნაძვის ხის ქვეშ უზარმაზარი პლუშის წლის სიმბოლო დადგა და ყელზე ძაფზე ასხმული დოლარები და ევროები ჩამოჰკიდა იმაში დარწმუნებულმა, რომ თხის წელიწადი მისია - მატების, ხვავიანი და ბარაქიანი.

ინგა ჯაყელი