როგორ ხვდებიან ახალ წელს ცნობილების ძაღლები - გზაპრესი

როგორ ხვდებიან ახალ წელს ცნობილების ძაღლები

ამ მათთვის უსიამოვნო ფაქტს თუ არ ჩავთვლით, ახალი წელი ცხოველებსაც ახარებთ, რადგან მზრუნველი პატრონები ოთხფეხა მეგობრების "სადღესასწაულო განწყობილებაზეც" ზრუნავენ...

ბუბუსკვინჩა - გამოცდილი მეკვლე

ქეთი ორჯონიკიძე:

GzaPress- 5-6 წელია, რაც ახალი წლის დღესასწაულს ბუბუსკვინჩა (მოფერებით - ბუბუკა) ორჯონიკიძესთან ერთად ვხვდები. საერთოდ, დღესასწაულებზე ბუბუკას ბევრი საჭმელი აქვს, ამიტომ ასეთ დროს ბევრად უფრო მხიარულია, ვიდრე სხვა დღეებში.

- ახალ წელს სადღესასწაულო სამოსით ხვდება?

- ადრე მიყვარდა, როცა რაღაცებს ვაცმევდი, მაგრამ ვხვდებოდი, დისკომფორტს გრძნობდა: უცნაურად, გაშეშებული ფეხებით დადიოდა (იცინის)... ამიტომ გადავწყვიტე, აღარ შემეწუხებინა და ამჟამად ბუნებრივი "სამოსით" დადის.

- "თოვლის პაპას" ბუბუსკვინჩასთვის საჩუქრები მოაქვს?

- კი, დიდი ძვლები მოაქვს. ბუბუკა სათამაშოებზე დიდად არ გიჟდება... სხვათა შორის, ფრაკიც ჰქონდა, რომელიც დახია.

- ოდესმე მეკვლე ყოფილა?

- კი, მეკვლე ხშირად არის, რადგან ახალ წელს სახლის კარი ღიაა და ბუბუკა ხშირად გარეთ იპარება. შესაბამისად, რამდენჯერმე მოახერხა, რომ მეკვლე ყოფილიყო. სხვათა შორის, იმ წელიწადმა საკმაოდ ნორმალურად ჩაიარა. მე ცრურწმენების არ მჯერა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში, დარწმუნებული ვარ, რომ ბუბუკა შინ კარგი გულით შემობრუნდა (იცინის).

- ნაძვის ხე მოსწონს?

- ოოო, ძირითადად უყეფს, უღრენს... თუკი ნათურები ანთებულია, ბუბუკა საერთოდ, შოკში ვარდება!.. მერე ნელ-ნელა ამასაც ეგუება. ისე, სხვა გზა არც აქვს...

- ახალი წლის დღესასწაულთან დაკავშირებული აფეთქებების ხმა აშინებს?

- ძალიან და ასეთ დროს კივის, წივის, დარბის... აღარ იცის, რას ეცეს! ბოლოს ყველას წონასწორობას გვაკარგვინებს, რადგან არ ჩუმდება. ისე, ზოგჯერ ამ უწყინარ ასაფეთქებლებს ისეთი საშინელი ხმა აქვს, ძაღლს კი არა, მეც მეშინია.

მამაცი აზალია

ნინა სუბლატი:

- აზალიასთვის ყოველი დღე ახალი წელია: მისთვის მთავარია, "სასუსნავი" მოიპაროს. ჩემგან განსხვავებით, დღესასწაულები და საერთოდ, ხალხმრავლობა ძალიან უყვარს, რადგან ყოველივე ამას თან ახლავს ბევრი საჭმელი, სტუმარი... აზალიას უცხო ადამიანებთან ურთიერთობა განსაკუთრებულად ახარებს - ასეთ დროს "მათხოვრობით" მიღებული საჩუქრების რიცხვი იზრდება (იცინის). საახალწლო განწყობილება ჩემს სახლში დიდად არ იგრძნობა: არც ნაძვის ხე მაქვს და არც სხვა სახის სადღესასწაულო მორთულობა. საჩუქრებისთვისაც არავის სცხელა: დეკემბერი ყოველთვის ძალიან დატვირთული მაქვს და ზეიმისთვის არ მცალია. ღამის 12 საათზე სახლშიც კი არ ვარ ხოლმე. ამიტომ აზალია 31 დეკემბერს დედასთან მიმყავს და ახალი წლის დღესასწაულს ერთად აღნიშნავენ. შეიძლება, "თოვლის ბაბუად" მე და გიორგი (მეუღლე) ჩავითვალოთ: აზალიასთვის სპეციალურად ძაღლისთვის განკუთვნილი "სასუნავები" და სათამაშოები მიგვაქვს. ზუსტად 12 საათს და ფეიერვერკებს რაც შეეხება, აზალია ომახიანი "ამოძახილებით" ხვდება. თუკი გვერდით ვინმე (საიმედო მცველი) ჰყავს, არ ეშინია, მამაცი "გოგოა"...

- ახალი წლის დღესასწაულს აზალია საზეიმო სამოსითა და აქსესუარებით ხვდება?

GzaPress- აზალია სერიოზული "ქალბატონი" გახლავთ, არ "მაიმუნობს" (იცინის). დიდი სურვილი კი მაქვს, რომ მოვრთო და მოვკაზმო, მაგრამ ნებისმიერი ტანსაცმელი და აქსესუარი ეზიზღება, აპროტესტებს, იტანჯება. ამიტომ ჯობს, ისევ ბუნებრივ ბეწვში "გამოწყობილს" ვუყურო (იცინის).

საახალწლო ისტერიკა

ნინო შავგულიძე:

- ახალი წლის დღესასწაულზე საჩუქარს ლულუსაც აუცილებლად ვუმზადებთ: ნაძვის ხის ქვეშ პატარა ძვალს ან ახალ სათამაშოს ვდებთ.

- ლულუ ნაძვის ხეს არ ერჩის?

- როცა ლეკვი იყო, ერჩოდა: ყოველ მეორე დღეს ნაძვის ხის ხელახლა აწყობა და მორთვა მიხდებოდა, რადგან ყველაფერს ლეწავდა. ახლა ეშინია: როცა ნაძვის ხეზე ნათურები ანთია, ლულუ ახლოს მიდის, სუნავს და უკან ბრუნდება. შეიძლება, რომელიმე სათამაშოს ჩაებღაუჭოს.

- ლულუს სადღესასწაულო სამოსზე თუ ზრუნავ?

- არა. გაპრანჭული ძაღლები ძალიან მიყვარს - სასაცილოდ გამოიყურებიან, მაგრამ როგორც კი ლულუს რაიმეს ჩავაცმევ, მაშინვე ყეფას, ღრენას, ზურგზე კოტრიალს იწყებს და ვიდრე არ გახდი, ისტერიკაშია.

- არც აქსესუარები მოსწონს?

- არაფერი. ის კი არა, ადრე "კიკინას" ვუკეთებდი ხოლმე და ლამის ხელი მომაჭამა (იცინის). ლეკვობისასაც დიდი, გრძელი ყურები ჰქონდა. ჭამის დროს ყურები ჯამში ეწყო. არ ვიცოდით, რა გვეღონა. ბოლოს ვეტერინარმა გვირჩია: ეცადეთ, ყურები ჭამის დროს მაინც შეუკრათ - ყურებისთვისაც სასარგებლოა, რომ არ ჩაუხურდესო. ჰოდა, ჩვენს სახლში "კონცერტები" იყო: არაფერს ჭამდა, ვიდრე "კიკინას" არ მოვხსნიდით. აი, ასეთი "პროტესტანტი" გვყავს ოჯახში... ერთხელ გადავწყვიტეთ, ახალ წელს ლულუ მეკვლედ შემოგვეყვანა - გაგვიგონია, ძაღლს "კარგი ფეხი" აქვსო. ჰოდა, 12 საათს 5 წუთი რომ დააკლდა, ლულუ გარეთ გავაგდეთ - ახალ წელს სადარბაზოში შევახვედრეთ, შემდეგ კი მეკვლედ შემოვიყვანეთ, მაგრამ ის წელი კარგი არ აღმოჩნდა და ეს "ტრადიცია" დავივიწყეთ (იცინის), მეკვლედ სხვებს ველოდებით ხოლმე... ახალ წელს, 1 საათის განმავლობაში, ჩემს სახლში "საგიჟეთია", რადგან პირველივე პატარა საახალწლო "ბომბი" აფეთქდება თუ არა, ლულუ ყეფას იწყებს - ხმაურის გამო ძალიან ნერვიულობს...

ფეხბედნიერი ჰეფი

სოფია სებისკვერაძე:

GzaPress- ჰეფისთან ერთად, ახალი წლის დღესასწაულს უკვე მესამედ ვხვდებით. ჰეფის ხმაურის ეშინია. ამიტომ 31 დეკემბერს, ღამის 12 საათი რომ ახლოვდება, ისეთ ადგილას გამყავს, სადაც ხმაური ნაკლებად შეაწუხებს.

- ნაძვის ხის მიმართ ინტერესს ამჟღავნებს?

- კი, მაგრამ ნაძვის ხეს ყოველთვის ისეთ ადგილზე ვდებთ, რომ ჰეფის თავზე არ დაეცეს და არ დაშავდეს. შარშან პატარა ნაძვის ხე სიმბოლურად, კედელზე დავამაგრე.

- "თოვლის პაპას" საჩუქრები ჰეფისთვისაც მიაქვს?

- კი, მაგრამ სავალდებულო არ არის, საჩუქარი დღესასწაულზე მოვუმზადო - ჩვეულებრივ დღეებშიც შეიძლება... ჰეფი ჩვენი "სნეგუროჩკა" არის ხოლმე.

- მეკვლეც ხომ არ ყოფილა?

- კი, ყოფილა შემთხვევა, როცა შინ მეკვლედაც შემოგვიშვია.

- მერე, როგორი ფეხი აქვს?

- მშვენიერი, რადგან წელს ახალ ბინაში გადავედით - ახლა საკუთარი სახლი გვაქვს.

- ჰეფის მეკვლედ უკვე სხვებიც ხომ არ ეპატიჟებიან?

- არა, მაგრამ ალბათ, ნელ-ნელა სახელს გაითქვამს. მგონი, ჰეფი უფრო მეტ ფილმშია გადაღებული, ვიდრე - მე: "ჩემი ცოლის დაქალების" რამდენიმე სერიაში მონაწილეობდა, შემდეგ - "ტაქსიში".

- როლი იოლად მოირგო თუ ბევრი დუბლის გადაღება დასჭირდა?

- როლი გადასარევად მოირგო. ძალიან ჭკვიანად მოიქცა: "ტაქსიში" მისი პერსონაჟი ავად იყო. გადაღებისას ჰეფიმ წკმუტუნი დაიწყო, როგორც ავადმყოფმა.

- ჰონორარიც ხომ არ მისცეს? მაგალითად - რამე სასუსნავი...

- არა (იცინის).

- საახალწლო "სუფრა" ჰეფისაც აქვს?

- კი, მაგრამ ვცდილობ, ტკბილეული არ ჭამოს. მას თავისი მენიუ აქვს. ალბათ, ჰეფისთვის ყველაზე დიდი სიხარული და ფუფუნება ის გახლავთ, როცა მე და მარი (ჩემი შვილი) სახლში ვართ. ამ ახალ წელსაც სამივენი შინ ვიქნებით...

ეთო ყორღანაშვილი