აქვს თუ არა რომანტიკული ურთიერთობა ზურა გორგაძეს თაკო ჩორგოლაშვილთან? - გზაპრესი

აქვს თუ არა რომანტიკული ურთიერთობა ზურა გორგაძეს თაკო ჩორგოლაშვილთან?

ტელეწამყვანი ზურა გორგაძე მიიჩნევს, რომ გემოვნებასთან დაკავშირებით ადამიანები სხვების გავლენის ქვეშ არ უნდა მოექცნენ - ყველამ ისე უნდა იცხოვროს, როგორც სიამოვნებს...

- ზურა, თავს გემოვნებიან ადამიანად მიიჩნევთ?

- გემოვნება ზოგადი ცნებაა. შეიძლება ვიღაცისთვის უგემოვნო ვარ, ვიღაცისთვის - ძალიან გემოვნებიანი. თავისთავად, ყველა იმას აკეთებს, რაც თავად მოსწონს და მიაჩნია, რომ გემოვნებიანია. შესაბამისად, რომ მიმაჩნდეს, უგემოვნო ვარ, იმ კრიტერიუმის გამოსწორებას დავიწყებდი, რომელიც უგემოვნობაზე მიმითითებს, მაგრამ რა თქმა უნდა, ვფიქრობ, რომ გემოვნებიანი ვარ.

- გარშემო მყოფები ყველაზე მეტად რა საკითხში ენდობიან თქვენს გემოვნებას?

- სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით, მაგალითად - პირადი ურთიერთობა, ცხოვრებისეული გადაწყვეტილება, ჩაცმულობა; მეგობრები და ახლობლები რჩევას ხშირად მეკითხებიან. ალბათ მათ ინტერესს ვაკმაყოფილებ კიდეც.

- სამოსის შერჩევას რამდენ დროს, ენერგიას უთმობთ?

- ეს ჩემი მტკივნეული წერტილია (იცინის). ბევრი სხვადასხვა სტილის სამოსის მორგება მიწევს: დილის გადაცემისთვის სამოსი ცოტათი პრეზენტაბელური უნდა იყოს; ახალ გადაცემას - "გამომწვევი თამაშები" რაც შეეხება, ეს ძალიან გასართობია და შესაბამისად, პრეზენტაბელურად ვერ ჩავიცვამ, ძალიან "ქეჟუალ" სტილის სამოსი უნდა მეცვას; რაც ყოველდღიურ ცხოვრებაში გაცვია, დიდად არ გინდა, სატელევიზიო ეთერშიც "გადაიტანო"; გსურს, მაყურებლის წინაშე განსხვავებულად წარდგე... მოკლედ, ამ სამ ფლანგზე - დილის გადაცემა, "გამომწვევი თამაშები" და ყოველდღიურობა - ბრძოლა მიწევს. დიდი დილემის წინაშე ვდგები ხოლმე. ბევრი დამეთანხმება: რაც უფრო მეტი სამოსი გაქვს, მით უფრო გგონია, რომ რაღაც არ გაქვს და ტანსაცმლის შერჩევა დიდხანს გიწევს. სამოსს რთულად ვირჩევ, თუმცა ყიდვისას ფრთხილი არ ვარ - უცებ რაც მომეწონება, ვყიდულობ. გარდერობში ბევრი ისეთი ტანსაცმელი მაქვს, რომლის არსებობაც აღარც კი მახსოვს ან მხოლოდ ერთხელ მეცვა. თან, ჩაცმულობასთან დაკავშირებული ჩემი გემოვნება თითქოს ყოველდღიურად იცვლება: რაც წინა თვეში მომწონდა, შეიძლება ახლა საერთოდ აღარ მომეწონოს.

- ყოველდღიურ ცხოვრებაში როგორ იმოსებით?

- ძალიან თავისუფლად. მთავარია, სამოსი და ფეხსაცმელი კომფორტული იყოს. სიმართლე გითხრათ, ბრენდებზე "შეთხლეშილი" ადამიანი არ ვარ. თუ სამოსი მომწონს, ჩემს გემოვნებას შეესაბამება, მნიშვნელობა არა აქვს, სად შევიძენ და რამდენს გადავიხდი. ბევრჯერ მიყიდია ლილოშიც და ბრენდულ მაღაზიებშიც...

- სერიალებს ხშირად ახმოვანებთ. თავად რა ტიპის სერიალები მოგწონთ?

- რასაც ვახმოვანებ, ძირითადად, ასეთ სერიალებს (ინდური, თურქული) არ ვუყურებ, თუმცა საქართველოში ბევრი მაყურებელი ჰყავს. მათ გემოვნებას პატივს ვცემ. თუნდაც, თურქი მსახიობები არაჩვეულებრივად თამაშობენ "საპნის ოპერებში". სიუჟეტს თუ შეჰყევი, შეიძლება ჩაგითრიოს კიდეც. ბევრი თავისუფალი დრო არ მაქვს, რომ სერიალებს ვუყურო, მაგრამ პრინციპში, გახმოვანების დროს მაინც "მეყურებინება" (იცინის). უფრო ამერიკული სერიალები, Netflix-ის, HBO-ს ნამუშევრები მომწონს. მათ შორის ბევრი მეც გამიხმოვანებია. ერთი სიამოვნებაა, როდესაც იმ სერიალს ახმოვანებ, რომელსაც დიდი სიამოვნებით უყურებ კიდეც.

- ბოლოს რომელი შთამბეჭდავი სერიალი ნახეთ?

- "მხევლის წიგნი" ძალიან მომეწონა. კარგადაა გადაღებული - მაყურებელთან ემოციურად "მოდის". Gამე ოფ ტჰრონეს-იც კარგია - სანახაობრივად, სიუჟეტურად... ასევე, Bლაცკლისტ ძალიან მომწონს, კარგი სერიალია. გახმოვანებულიც მაქვს...

- როგორ ტელეგადაცემებს უყურებთ და ქართულ ტელესივრცეში საუკეთესოდ რომელს მიიჩნევთ?

- სამწუხაროდ, გართობის მიზნით არ ვუყურებ - ამის დრო არ მაქვს, მაგრამ ბევრი კარგი გადაცემა გვაქვს. უფრო ხშირად უცხოურ სატელევიზიო გადაცემებს ვუყურებ - ჩემთვის მაინც მასტერკლასივითაა.

- კარგი, მაშინ გვითხარით, უცხოურ გადაცემებს შორის განსაკუთრებულად რომელი მოგწონთ?

- უპირატესობას გასართობ გადაცემებს ვანიჭებ. ჯიმი ფელონის შოუ მომწონს. ფაქტობრივად, ამ ფორმატს ჩვენი ახალი გადაცემაც ეხმიანება: ჩვენც ბევრი თამაში გვაქვს - "გამომწვევი თამაშები" თავიდან ბოლომდე ამაზეა აწყობილი.

- "გამომწვევ თამაშებში" თავს კომფორტულად გრძნობთ?

- რეალურად, "გამომწვევი თამაშები" ჩემი და თაკოს კომფორტის ზონაა, რადგან დილის გადაცემას, გინდა თუ არა, თავისებური პრეზენტაბელურობა სჭირდება: გარკვეულწილად, თავისი ჩარჩოები აქვს - თავიდან ბოლომდე ვერ "გაიხსნები", რადგან რაღაც სერიოზულ თემებს განვიხილავთ, თუმცა გართობა და მხიარულება დილის გადაცემასაც არ აკლია. დირექციის და პირადად ვაკო ავალიანის მადლობელი ვარ, რომელმაც მე და თაკო ზუსტად ისეთი დაგვინახა, როგორებიც ვართ, და გადაწყვიტა, გადაცემა "ჩვენზე გაეკეთებინა", რომელშიც თავიდან ბოლომდე "გავიხსნებოდით", ჩვენი განსაკუთრებული ურთიერთობა წინ იქნებოდა წამოწეული და შევძლებდით სტუმრებთან ერთად ბევრი გვეცეკვა, გვემღერა, გვეთამაშა... აბსოლუტურად თავისუფალ ზონაში სტუმრებს საკუთარი შესაძლებლობები გამოეცადათ და ჯანსაღი კონკურენციის პირობებში, ერთმანეთს გასჯიბრებოდნენ. ჩვენი და სტუმრების დადებითი ემოციები მაყურებლებზეც აისახება. ამას სოციალურ ქსელშიც ვხედავთ და გადაცემის რეიტინგზეც აისახება. უღრმესი მადლობა ყველას, ვინც ჩვენგან გაგზავნილ ემოციებს ზუსტად გრძნობს და შემდეგ უკან გვიბრუნებს.

- თავად გამხდარხართ მსგავსი ოინის მსხვერპლი, რასაც გადაცემის სტუმრებს უწყობთ ხოლმე?

- ჯერჯერობით არა, მაგრამ ძალიან მეშინია, რადგან რაც ეს გადაცემა დავიწყეთ, უკვე ბევრი "გავამწარეთ" (იცინის). სავარაუდოდ, ასეთ "შარში" ვიღაც ჩვენც გაგვხვევს. სადმე რომ მიწვევენ, ყოველთვის ველოდები, რომ სამაგიეროს გადამიხდიან...

- თქვენს ყურადღებას როგორი გოგონები იქცევენ?

- ლამაზი და კარგი გოგოს "ფორმულა" არ არსებობს. შეიძლება ადამიანს ნებისმიერი მოგეწონოს. მართალია, ნათქვამია, თავდაპირველად თვალი ჭამს და თვალი სვამსო, მაგრამ სიტუაციას გააჩნია: თუ ისეთ სიტუაციაში შეხვდი, რომ მისი თვისებები მაქსიმალურად "წინ წამოწეულია" და მასთან პირდაპირ კომუნიკაციაში შეხვედი, შესაძლოა, ისეთმა სულაც არ მოგხიბლოს, როგორიც ლამაზ და საოცარ ქალად წარმოგედგინა. ძალიან ინდივიდუალური საკითხია. ქერა იქნება, შავგვრემანი, დაბალი თუ მაღალი, მნიშვნელობა არ აქვს. მთავარია, ის დეტალები ჰქონდეს, რომლებიც მხიბლავს: კარგი იუმორი, კეთილშობილება, მზრუნველობა... ჩაცმულობასაც ყურადღებას აქცევ ადამიანი: შეიძლება ვიღაცას ვულგარული ჩაცმულობა მოსწონს, ვიღაცას - კლასიკური. ეს მათი არჩევანია და დასაძრახი არაფერია. პირადად მე მომწონს, როცა გოგონას დახვეწილად, ელეგანტურად აცვია.

- თქვენი და თაკოს ტანდემი სოციალურ ქსელებში წინათაც პოპულარული იყო. ხშირად აღნიშნავდნენ, რომ ერთმანეთს უხდებით... თქვენ შორის რომანტიკული ურთიერთობაა?

- ჩვენ შორის არის ყველანაირი ურთიერთობა (იცინის). ერთმანეთისთვის ძალიან ძვირფასი ადამიანები ვართ, ერთურთი გვიყვარს და დარწმუნებული ვარ, წინ კიდევ ბევრი საინტერესო ეტაპი და წელია...

339711376-166352605932698-3982093580432236647-n-1682428027.jpg

- როგორი სტილის გართობა გხიბლავთ?

- განსაკუთრებით ბოლო წლებია, რაც საქეიფოდ წასული ვერ ვერთობი. ჩემთვის გართობის ერთადერთი საშუალება კლუბი, ელექტრონული მუსიკაა. სამწუხაროდ, ბოლო დროს ჩემს თავს ეს სიამოვნება მოვაკელი, რადგან გადატვირთული რეჟიმი მაქვს და ენერგიაც აღარ მყოფნის, რომ თუნდაც კვირის ბოლოს საკუთარ თავს ერთი "გემრიელი" "უიქენდი" ვაჩუქო. კლუბური გართობა ენერგიით მმუხტავს, მაგრამ მაინც, ძალა და ორგანიზმის მზაობაა საჭირო, რომ მთელი ღამე გაათენო და მაგრად "იგუგუნო" (იცინის). ამ მიმართულებით იშვიათად, მაგრამ მაინც ვერთობი.

- თქვენი აზრით, როგორი ადამიანია გოიმი?

- ის, ვინც რაღაცის გამო ადამიანებს კატეგორიებად ყოფს და თუნდაც ვიღაცის "სიგოიმეს" ხაზს გაუსვამს. ყველა ინდივიდუალურია. არ შემიძლია ვინმეს "გოიმი" ვუწოდო იმის გამო, რომ მაგალითად, ე.წ. ფანოღს უსმენს, რადგან ეს მისი გემოვნებაა, მას სიამოვნებს. ვინ თქვა, რომ სწორედ ფანოღია გოიმური? იქნებ ელექტრონული მუსიკაა, რომელსაც ვუსმენ? ამ "წესებს" ვინ ადგენს? ეს ყველაფერი ძალიან პირობითია. ალბათ, ყოფით რაღაცებზე აქცენტს ვინც აკეთებს, გოიმები სწორედ ისაა და არა - ისეთი ადამიანი, ვინც საკუთარი სიამოვნებისთვის უსმენს მუსიკას, იცვამს და ა.შ. იმისთვის დავიბადეთ, რომ სწორედ ისე ვიცხოვროთ, როგორც წარმოგვიდგენია და გვსიამოვნებს და არა - იმისთვის, რომ სხვის ჩარჩოებში და ზეგავლენის ქვეშ მოვექცეთ. ყველამ თავის ცხოვრებას მიხედოს...

ეთო ყორღანაშვილი