გველი მზია, მორიდებული პინგვინები და სპილოების ფლირტი
იმედი მაქვს, თქვენც გადმოგედებათ ეს სიყვარული, რადგან გულწრფელად მჯერა, რომ ადამიანები, რომლებსაც ეს ბეწვიან-ბუმბულიანი, რქიან-ფაფრიანი და ფრთიან-ხორთუმიანი არსებები უყვართ, ბევრად უფრო კეთილები, ჰუმანურები და შემწყნარებლები არიან არა მხოლოდ ფაუნის წარმომადგენლების, არამედ - ერთმანეთის მიმართაც..." - ასე წარგვიდგინა თავი სოციალური ქსელის მომხმარებლებს მზია შარაშიძემ ახალ ამპლუაში.
მას შემდეგ, ზოოპარკის ბინადრების შესახებ ისე საინტერესოდ წერს, რომ პირადად მე მის "პოსტებს" ჯერალდ დარელის წიგნებზე ნაკლები ინტერესით როდი ვკითხულობ. მზიას სასიამოვნოდ და საინტერესოდ საკითხავ "პოსტებს" "ფეისბუკის" კიდევ სხვა უამრავი მომხმარებელი ახსენებს და გარკვეულ იდეასაც სთავაზობს...
ზოოპარკის ბინადრების გარდა, "ჯადოსნური სამყაროს" წარმომადგენელთა შესახებ მზიას სხვა უამრავი ამბავი აქვს: როგორც გვითხრა, თუთიყუშების უთვალავი თაობა გაუზრდია. მის სახლში ახლაც საინტერესო "ვიღაცები" ცხოვრობენ...
- ზოოპარკი ჩემი ერთ-ერთი საყვარელი ადგილი იყო, სადაც ვიმუშავებდი. რამდენიმე წლის წინ, როცა "იმედის დილის" გადაცემაში ვმუშაობდი, ზოოპარკიდან ჩართვა გვქონდა. მაშინ ჩემს ამჟამინდელ დირექტორს, ზურას რომ შევხვდი, ვუთხარი, - ზოოპარკში მუშაობა მინდა და ერთ მშვენიერ დღეს მოვალ-მეთქი. მიპასუხა, - მოდიო. ახლა პირობა შევასრულე (იცინის). ჯერჯერობით, ამ სამსახურში კომფორტულად ვარ და იმედია, მომავალშიც ასე იქნება.
- ზოოპარკის ბინადრებიდან რომელიმეს განსაკუთრებულად ხომ არ დაუმეგობრდი?
- ცხოველებს ფოტოებს ყოველდღე ვუღებ. მაქვს იმის სიამოვნების საშუალება, რომ ვოლიერებში შევიდე. ხალხს განსაკუთრებით შურს, როცა პატარებთან (ბოკვრები, ჩვილი მაიმუნი...) შევდივარ. მახსოვს, ჩემზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება მარტორქამ მოახდინა - მასთან ტალახის წასასმელად შევედი. ლომისა და ვეფხვის ბოკვრები თავისთავად, საყვარლები არიან, მაგრამ ზოოპარკში მუშაობის დაწყებამდე გველი ხელში არასდროს დამიჭერია. მაინტერესებდა, როგორი შეგრძნება იყო. ახლა პითონს ძალიან გავუშინაურდი. უცნაური არსებები არიან: თითქოს არ გინდა, ხელი რომ მოჰკიდო, მაგრამ შეეხები თუ არა, სურვილი გიჩნება, კიდევ დიდხანს გეჭიროს ხელში...
- შენს სეხნია გველზე რას გვეტყვი?
- მზია პატარა გველია. ის ზოოპარკის თანამშრომლის საკუთრებაა. ერთ დღეს დამიძახა, - მოდი, შენი სეხნია უნდა გაგაცნოო. თურმე, ზამთარში ჯემპრის ქვეშ, წელზე შემოიხვევს ხოლმე, გველი თბილად რომ იყოს (იცინის). გამოაძვრინა და გაბადრულმა გამაცნო. მზია პირველი გველი იყო, რომელიც ხელში დავიჭირე, შემდეგ - პითონი...
- სოციალურ ქსელში, ზოოპარკის ოფიციალურ გვერდზე შენი "პოსტები" დიდი პოპულარობითა და მოწონებით სარგებლობს. მომხმარებლები ხშირად გთხოვენ, რომ წიგნი გამოსცე...
- ჩვეულებრივ, გვერდის ადმინისტრირებას ვაკეთებდი. შემდეგ ზოოპარკის ყველა ბინადარი ახლოს გავიცანი. ვცდილობდი, ცხოველების შესახებ მეტი ინფორმაცია მომეპოვებინა. აღმოჩნდა, რომ თითოეულ ცხოველს ძალზე საინტერესო თავგადასავალი და სახელი აქვს. ყველაფერ ამას რომ იგებ, ცხოველი უფრო საინტერესო და ახლობელი ხდება. გადავწყვიტე, გავაქტიურებულიყავი და თითოეული ცხოველი - თავისი სახელით, ამბით, ჩვევებით ჩვენი მეგობრებისთვის გამეცნო. ამან გაამართლა... თავდაპირველად, წიგნის გამოცემაზე არც მიფიქრია. წინათ ბლოგი მქონდა, რომელიც ერთხანს ძალზე პოპულარული იყო. შემდეგ თავი მივანებე - აღარ მეცალა. წინა სამსახურშიც სულ წერა მიხდებოდა, ოღონდ - საქმიანი მიმართულებით და არა - სახალისო, ამიტომ "არ ჩანდა". ზოოპარკმა ჩემი "სამწერლო მოღვაწეობის" გაგრძელების საშუალება მომცა. "ფეისბუკის" მომხმარებლებს იდეა გაუჩნდათ, რომ "პოსტები" წიგნად გამოგვეცა. რაღაცნაირად, დავფიქრდი, შესაძლოა, ეს მართლაც გავაკეთოთ... რამდენიმე კვირის წინ ამის შესახებ ჩვენმა დირექტორმაც მითხრა. "წიგნი" ხმამაღალი ნათქვამია, მაგრამ ამ მასალებზე დაყრდნობით, ზოოპარკის ბროშურის გაკეთება შეიძლება. ფოტოების დიდი არქივი და ამბები მაქვს, რომელთა მეშვეობითაც დამთვალიერებლები ზოოპარკის ბინადრებს უკეთ გაიცნობენ.
- სპილოებს - მალკასა და გრანდს შორის უკვე "ყველაფერი მოხდა"?
- ის, რასაც ყველა ელოდება, ჯერჯერობით არ მომხდარა, რადგან ცხოველებს ადამიანებისგან განსხვავებული ფიზიოლოგია აქვთ: შეჯვარებისთვის აუცილებელია, გამრავლების პერიოდი ერთ-ერთს მაინც ჰქონდეს. წესით, მალკას ზაფხულის დასაწყისში (როცა გრანდი სომხეთიდან ჩამოვიდა) უკვე უნდა ჰქონოდა, მაგრამ მის ცხოვრებაში რაღაც ცვლილებები მოხდა - "გადაუცდა"... ახლა, აგვისტოს ბოლოს ან შემოდგომის დასაწყისში ველოდებით... ყოველ შემთხვევაში, სპილოები ერთმანეთს კარგად შეეწყვნენ, ერთად სეირნობენ... მთავარი ბარიერი დაძლეულია, რადგან თავდაპირველად, არსებობდა საფრთხე, რომ მათ შორის კონფლიქტი მომხდარიყო.
- "სომეხი სიძე" წარმოშობით საიდან გახლავთ?
- ეს არის აზიური, იგივე - ინდური სპილო, რომელიც მოსკოვის ზოოპარკში დაიბადა. რამდენიმე წლის შემდეგ, ერევნის ზოოპარკში გაგზავნეს და მას მერე, იქ იზრდებოდა ანუ - "სომეხი" არ არის, უბრალოდ - ერევანში იზრდებოდა (იღიმის).
- ზოოპარკის სასიამოვნო სიახლე - პინგვინები თავს როგორ გრძნობენ?
- პინგვინებს ყველა მოუთმენლად ველოდით. მოლოდინი გაგვეწელა, რადგან აუზის მშენებლობის პროცესი ოდნავ დიდხანს გაგრძელდა. შემდეგ პინგვინებს ბუმბულის ცვლა დაეწყოთ. ამიტომ კიდევ დაიგვიანეს, სანამ განგური არ დაუმთავრდათ. ბოლოს და ბოლოს, ივლისის დასაწყისში ბრიტანეთიდან ჩამოვიდნენ. ისინი გადაშენების პირას მყოფი აფრიკული პინგვინის სახეობას მიეკუთვნებიან. ზოგს ანტარქტიდული, ყინულებში მცხოვრები პინგვინები ჰგონია და წუხს, რომ ისინი თბილისში ჩამოვიყვანეთ და აუზში "ვხარშავთ". სინამდვილეში, აფრიკული პინგვინები ჩვენს კლიმატურ პირობებში თავს კარგად გრძნობენ. ჯერჯერობით, აკლიმატიზაციის პერიოდი აქვთ - ახალ სახლს უნდა გაუშინაურდნენ. ამჟამად, მათი ქვიშიანი სანაპირო შემოსაზღვრულია - დამთვალიერებლებისგან იზოლირებულია. პინგვინებისთვის მგზავრობა სტრესია, შემდეგ - ახალ გარემოში დასახლება. უამრავი ადამიანი მათთან რომ მიდის და უყურებს, კიდევ უფრო იძაბებიან. დამთვალიერებლები ბრაზობენ ხოლმე, - აი, ჩვენ პინგვინების ნახვა გვინდა და არ გვაჩვენებთო!.. ამ შემთხვევაში, პინგვინების მდგომარეობა უმნიშვნელოვანესია.
- დამთვალიერებლები პინგვინების ნახვას დაახლოებით როდის შეძლებენ?
- პინგვინები აქამდეც უნდა დაგვკონტაქტებოდნენ, მაგრამ ისევ მორიდებულად იქცევიან. მომვლელებს უკვე მიეჩვივნენ... წესით, აკლიმატიზაციის პერიოდს მალე გაივლიან და ჩვენს ზოოპარკს შეეგუებიან.
- ბავშვთა დაცვის დღეს ზოოპარკი ფასიანი რატომ იყო?
- ყოველთვის ფასიანი იყო. გამონაკლისი მხოლოდ რამდენიმე წლის წინ დაუშვეს და დამთვალიერებლებს შესვლა უფასოდ შეეძლოთ, მაგრამ თურმე ზოოპარკში ცუდი ამბავი ხდებოდა: დამთვალიერებლებმა ვოლიერები დაღუნეს, შესასვლელში "ჭყლეტა" იყო... წელს, ბავშვთა დაცვის დღეს, ზოოპარკის ბილეთს სტანდარტული ფასი ჰქონდა.
- ცხოველებს პირველად როდის დაუმეგობრდი?
- ცხოველები ბავშვობიდანვე განსაკუთრებულად მიყვარდა. სულ მინდოდა, ძაღლი მყოლოდა, მაგრამ ამაზე მშობლები ვერ დავითანხმე: ხან რას იმიზეზებდნენ, ხან - რას. სამაგიეროდ, უამრავი თუთიყუში მყავდა, ბევრი თაობა გამოვზარდე. ბავშვობაში სახლში ქათმებიც კი მყავდა. წიწილაც გავზარდე, რომელიც დიდი მამალი დადგა, მერე სოფელში გავაჩუქეთ... შემდეგ კატა გვყავდა. ძალიან კარგი ფისო იყო, რომელმაც ბოლოს, ჩემი იადონი შეჭამა. მერე რაღაც გაუგებრობა მოხდა: კატამ კნუტები დაყარა. შემთხვევით, მამაჩემმა ერთ-ერთს ფეხი უხერხულად დაადგა. კნუტი არ დაშავებულა, მაგრამ კატამ მისი ჭყივილი რომ გაიგონა, გაგიჟდა და მთელი ოჯახი დაპორჭყნა. იმ დროს აბაზანაში ვიყავი და წივილ-კივილი მესმოდა. ვიფიქრე, - რა ხდება-მეთქი? გამოვედი და მთელი ოჯახი დასისხლიანებული დამხვდა. საერთოდ, დედა შინ კატის ყოლის წინააღმდეგი იყო. ამიტომ ჩხუბი დამიწყო, - წაიყვანე; ხომ გეუბნებოდი, რომ უნდა წაგეყვანაო! კატამ რომ გაიგონა, დედა მეჩხუბებოდა, ისკუპა - დედაჩემს სახეში უნდა "მიჰფრენოდა". მე წინ გადავუხტი და დედაჩემის ნაცვლად, მე დამპორჭყნა. ამის შემდეგ ჩვენი კატა გავაჩუქეთ... მერე გავთხოვდი. ახლა გერმანული ნაგაზი - ბონო გვყავს. ჩვენი ნებიერა დიდი "კამეჩია". ასევე, თევზები და პატარა, ჭყვიტინა ჩიტები - ამადინები მყავს. ამადინების წყვილი მაჩუქეს - შენზე უკეთესი ვინ შეიფარებსო?! ისე გამრავლდნენ, რომ შინ ყველას ჩემი ამადინების შვილები ჰყავს. ბოლოს ბუდე ჩამოვუხსენი - ეყოფათ-მეთქი... ახლა აგარაკზე ვარ. ამადინები თბილისში არიან. მათთვის საჭმლის დასაყრელად მივდივარ ხოლმე. ბოლოს რომ ვიყავი, გამოჩეკილი ბარტყები დამხვდა. რამდენიმე კვერცხი ისევ გამოსაჩეკია. ბარტყების გაჩუქებით ვარ დაკავებული.
- ამას წინათ შენი "პოსტი" ვნახე, რომელშიც წერდი, - ძველი, უმაქნისი და იავარქმნილი კამოდი ხომ არ გაქვთ, რომელსაც ჯადოს გავუკეთებ და მეორე სიცოცხლეს ვაჩუქებო? "ჯადოებით" რატომ დაინტერესდი და კამოდის გარდა, რა "მოგიჯადოებია"?
- ახალი გატაცება მაქვს. საერთოდ, ცხოველების გარდა, ჩემი ჰობი იყო: კერვა, ქსოვა, ძერწვა, თლა, მძივის აწყობა, ხატვა... ამჟამად, დიზაინით დავინტერესდი. დეკორატიულ ნივთებს ვაკეთებდი. ახლა ძველ ავეჯს რესტავრაციას ვუკეთებ, ვღებავ და კარგი რაღაც გამოდის. ამისთვის "ელიავაზე" წავედი, საჭირო მასალები ვიყიდე. "ელიავაზე" რომ დავდივარ, გიჟივით მიყურებენ, ჭკუას მარიგებენ, მე პირიქით - ისეთ "სიბრძნეებს" ვეუბნები, რომ გაფართოებული თვალებით შემომხედავენ ხოლმე. ახლა აგარაკზე ამოვედი, სადაც ამჟამადაც გაცხარებული მუშაობა მიმდინარეობს: აივანზე ძველი საწოლები დავშალეთ, "დავშპაკლე", ლაპარაკს რომ დავამთავრებთ, უნდა წავიდე და "დავშკურკო", შევღებო, მერე საღებავის მეორე ფენა უნდა "დავადო" და დაძველების ეფექტი გავუკეთო. მოკლედ, ერთ ამბავში ვარ: ზედა სართულზე "დაშპაკლული" საწოლია, ქვედაზე - კარს ვღებავ, რომელსაც ვერაფერში ვიყენებდი, ახლა კი მისგან სარკეს ვაკეთებ...
- სამშენებლო კომპანიიდან წამოსვლა რატომ გადაწყვიტე?
- ორი წლის წინ, ბავშვი რომ გავაჩინე, დეკრეტში ვიყავი. სამსახურში რომ დავბრუნდი, ჩემს მსოფლმხედველობაში რაღაცები შეიცვალა. თან, მსურდა, ბავშვთან მეტი დრო გამეტარებინა. მოკლედ, ღირებულებები გადავაფასე და მივხვდი - ის პერიოდი დადგა, როცა ჩემს ცხოვრებაში რაღაც უნდა შემეცვალა. "რედიქსიდან" წამოსვლა სწორედ ეს ცვლილება იყო. ჩემი ცხოვრება სხვა მიმართულებით განვაგრძე და ჯერჯერობით, კმაყოფილი ვარ.
- მახსოვს, საკუთარი პიარის კომპანიის შექმნას აპირებდი...
- ჩემი კომპანიისთვის ინტენსიურ მოქმედებას ვერ ვახერხებ, რადგან ზოოპარკს ბევრი დრო სჭირდება, ბევრი რამ არის გასაკეთებელი. ამჟამად ზოოპარკს ვემსახურები - ჩემი რესურსი მისკენ არის მიმართული (იღიმის).
ეთო ყორღანაშვილი, ჟურნალი "გზა"