ქურდყოფილის აღსარება... 15 წლის ასაკში ქურდად "მონათლული" მამაკაცის საოცარი ცხოვრება - II ნაწილი - გზაპრესი

ქურდყოფილის აღსარება... 15 წლის ასაკში ქურდად "მონათლული" მამაკაცის საოცარი ცხოვრება - II ნაწილი

75-კაპიკიანი პატიმარი

- უკვე გითხარით, რომ პირველი "სროკი" 16 წლის ასაკში ქურდობისთვის მომისაჯეს და გალის რაიონში, სოფელ სიდაში მდებარე ზონაში გადამიყვანეს. იქ მყოფი 14 ქურდიდან, ბუნებრივია, ყველაზე უმცროსი მე ვიყავი. სიდაში სასჯელს იხდიდა ორი კაცი, რომლებიც დაპატიმრებამდე მტრები იყვნენ და ერთმანეთს ზონაში შეხვდნენ. გადაწყვიტეს, კამათელი - ე.წ. ზარი ეთამაშათ. ერთ-ერთმა, რაც რამ ებადა, ყველაფერი წააგო, მაგრამ მოწინააღმდეგეს არ ეშვებოდა - მეთამაშე და მეთამაშეო... ის ეუბნებოდა - რაღაზე გეთამაშო? უკვე ყველაფერი წააგე, ჯერ წაგებული ჩამაბარე და მერე გეთამაშებიო. წაგებულმა კიდევ - "კონში" საკუთარ თავს, საკუთარ სიცოცხლეს ჩავდებო... შეთანხმდნენ და ეს ხელიც წააგო. ბუნებრივია, მოგებული თავის მისაღებს ითხოვდა. წაგებული საგონებელში ჩავარდა. შემდეგ ვიღაცას უთქვამს - სპარტაკასთან მიდი, მაგ საქმეს ის გადაწყვეტს, სხვას ნურავის ჩარევო. ისიც ადგა და ჩემთან მოვიდა. ახლა მე ჩავვარდი საგონებელში. როგორ გინდა, ასეთი საკითხი მოაგვარო?.. თან გამიკვირდა - რაღა მაინცდამაინც ჩემთან მოვიდა-მეთქი?.. ასეთ შემთხვევაში, სირცხვილად ითვლება, სხვა ქურდთან რომ გაგზავნო ან ვინმეს რჩევა ჰკითხო. მთელი ზონა სულგანაბული ადევნებდა თვალყურს ამ ამბავს და თავის შერცხვენა არ შეიძლებოდა. მოვაყვანინე მოგებული. ვუთხარი - "გაურაშოტე"-მეთქი - არა, მისაღები უნდა მივიღოო... ავდექი და ორივე მაგრად ვაცემინე. თან, მოგებულს ვუთხარი - შენ იმიტომ მოგხვდა, რომ ამის უტვინო თავზე ითამაშე; კაცი რო თავს წააგებს, ის თავი რაში გამოგადგება-მეთქი?.. წაგებულს კი იმიტომ მოხვდა, რომ ბაყბაყდევი ხომ არ იყო, 9 თავი ჰბმოდა?! ერთი ება და ისიც ზარში წააგო. მიუხედავად ამისა, მოგებული მაინც იძახდა, არ "გავარასხოდებ", თავანი ჩამაბაროსო. ორივეს მოხვდა კიდევ ერთხელ, მაგრამ არაფერი გამოვიდა. ერთ საღამოს, დავიბარე მოგებული, ერთ-ერთი პატიმარი უფროსთან გავგზავნე და ციხის "უსტავი" ჩამოვატანინე, სადაც შავით თეთრზე ეწერა, რომ პატიმრის სიკვდილის შემდეგ, მთავრობამ მის ოჯახს უნდა გადაუხადოს 75 კაპიკი - ასე იყო შეფასებული დამნაშავე. მოგებულს მივუბრუნდი და ვუთხარი - ეს პატიმარი მთლიანად ღირს 75 კაპიკი, უტვინო თავი და ხელ-ფეხი რომ გამოვაკლოთ, დარჩება 40 კაპიკი, აქედან 20 კაპიკი, წესის მიხედვით, "ობშიაკში" უნდა გადაიხადო, დარჩა სულ 20 კაპიკი, აჰა, შენ ეს 20 კაპიკი და თავისუფალი ხარ-მეთქი... ამდგარა და ნაცნობი ქურდებისთვის მიუწერია ეს ამბავი. სოხუმიდან ჩამოვიდნენ გოგია გოგოლაძე და იური ლაკობა, ცნობილი ქურდები, ვისაც მოგებულმა მისწერა, მაგრამ ისინი მის დასახმარებლად კი არა, ჩემს სანახავად ჩამოსულან. მითხრეს - გაოცებული ვართ, ბავშვმა როგორ მოახერხე, ასეთი საქმის გადაწყვეტა; რომ გათავისუფლდები, სოხუმში ჩამოდი, ბინას "ჩაგახუტებთ" და იქ დარჩი საცხოვრებლადო... მაგრამ ჩემი კახეთი მე ყველაფერს მერჩივნა.

გაქცევა სასამართლოდან

- გავიდა წლები... მე თავისუფალი ვიყავი, მაგრამ სასამართლომ დამინიშნა "ნადზორი". ეს იმას ნიშნავდა, რომ საღამოს 8 საათის შემდეგ, აუცილებლად სახლში უნდა ვყოფილიყავი. მილიციელებმა შეიტყვეს, რომ თავანი მქონდა ჩასაბარებელი. გადაწყვიტეს, დავეჭირე, რომ ფული ვერ მიმეტანა და ქურდულ სამყაროში ჩემი ადგილი აღარ ყოფილიყო. მომდეს შარი, თითქოს შემამოწმეს და სახლში არ ვიყავი. ამის გამო დამიჭირეს. წესი ასეთია, ორჯერ თუ გამოგიჭირეს "ნადზორის" წესების დარღვევაში, ჯარიმა უნდა გადაიხადო, მესამედ - გაგასამართლებენ. კანონი ასეთ შემთხვევაში 2 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. ძალოვნების მიზანი გახლდათ ის, რომ ეს 2 წელი მოესაჯათ, შემდეგ კიდევ რამეს "შემტენიდნენ". არადა, მართლა სუფთა ვიყავი და არანაირი დანაშაული არ მქონდა ჩადენილი. გადავწყვიტე, სასამართლოდან გავქცეულიყავი. როდესაც "კამერიდან" გამიყვანეს, იქ ყველას გამოვემშვიდობე - მე აქ აღარ დავბრუნდები, ან მომკლავენ, ან გავიქცევი-მეთქი. დაჭერამდე რამდენიმე ხნით ადრე, ავარიაში მოვყევი. ფეხი მტკიოდა და ჯოხით დავდიოდი. ამ დროისთვის ფეხი აღარ მაწუხებდა, მაგრამ ციხის თანამშრომლებს თავი ისე მოვაჩვენე, თითქოს სიარული ძალზე მიჭირდა. სასამართლოსთან მელოდა მანქანა, რომლითაც უნდა გავქცეულიყავი. ჩვენ ხელებით საუბარი გვეხერხება. მანქანიდან მანიშნეს - იარაღი "ბარდაჩოკშია", ჩვენც ყველაფრისთვის მზად ვართო. მეც ხელით ვანიშნე, წადით, არ მჭირდებით-მეთქი. პროცესზე მოსამართლეს ვუთხარი - ცუდად ვარ-მეთქი. მინდოდა, ტუალეტამდე მივსულიყავი. ვიცოდი, რომ იქ იყო პატარა ფანჯარა. თუ კანალიზაციის გასაწმენდი მსხვილი მავთულიც იქ დამხვდებოდა, ჩემს ბედს ძაღლი არ დაჰყეფდა. მოსამართლემ შესვენება გამოაცხადა. გამიყვანეს ტუალეტში. თან სამი ბადრაგი გამომყვა. ასეთ დროს ვალდებული ხარ, ტუალეტის კარი ღია დატოვო. მე კი მივიჯახუნე და გადავკეტე. დაიწყეს ბრახუნი. გავაღე კარი - რა მოგივიდათ, თქვე კაი ხალხო, მაცალეთ-მეთქი, - და ისევ ჩავკეტე კარი. კიდევ დააბრახუნეს. ისევ გავაღე - თქვე მამაცხონებულებო, ჩემს გემოზე შემიშვით ტუალეტში, რისი გეშინიათ, ამ გადამტვრეული ფეხით სად გაგექცევით-მეთქი?.. და კარი ისევ ჩავკეტე.

ისევ დააბრახუნეს. ახლა უკვე გავბრაზდი, კარი გავაღე და ავყვირდი - ხალხი არა ხართ? ის მაინც მაცალეთ, რომ ტუალეტში მოსვენებით ვიყო-მეთქი! - და ისევ ჩავკეტე. აღარ დაუკაკუნებიათ. მავთული იქ დამხვდა. თავი გადავუღუნე, ფანჯარაზე ჩამოვდე, ავძვერი და გარეთ გადავძვერი. თავისუფალი ვიყავი, მაგრამ ახლა იქიდან უნდა დამეღწია თავი. ეს ყველაფერი სიღნაღში ხდებოდა. სასამართლოს წინ არის პატარა ბულვარი. გადავწყვიტე, ხალხში გავრეულიყავი, რადგან თუ ჩემს გაქცევას შეიტყობდნენ და სროლას ატეხდნენ, ხალხში ამის გაკეთება გაუჭირდებოდათ. მივდივარ სკვერში და წინ შემხვდა ერთი მილიციელი, რომელსაც გიული ერქვა. არ გავიქეცი. ერთმანეთს რომ მივუახლოვდით, მივესალმე. რაღაცნაირი, დინჯი ლაპარაკი იცოდა. მკითხა - ჭაბუკო, თქვენ დღეს სასამართლო არ გაქვთო? - კი, მაგრამ დამთავრდა; როგორც იქნა, ერთხელ ჩემს ცხოვრებაშიც სამართალმა პური ჭამა, გამამართლეს და გამიშვეს, ახლა ამ ამბავს რესტორანში აღვნიშნავ, მე ღვინოზე ვარ წამოსული და შენც გეპატიჟები, აუცილებლად მოდი-მეთქი. თავი დამიქნია და გზა განაგრძო. ამის შემდეგ გიული მისულა სასამართლოში და ტუალეტთან ბადრაგი რომ შეუნიშნავს, უკითხავს - რაშია საქმე, აქ ვის ელოდებითო? - სპარტაკის სასამართლოა, ტუალეტშია შესული და იმას ველოდებითო. გიული გაგიჟებულა - ვაი, თქვენს პატრონს, სპარტაკი 5 წუთის წინ ბულვარში მომესალმაო, - უთქვამს მათთვის. ბადრაგმა კარი შეამტვრია და ნახეს, რომ მართლაც, იქ აღარ ვიყავი. ამტყდარა ერთი ამბავი. მე ამასობაში ერთ-ერთ ეზოში გადავძვერი. ვიფიქრე, ვიდრე დაწყნარდებიან, ცოტა ხანს აქ მოვიცდი-მეთქი. შევძვერი საქათმეში. ქათმები აკაკანდნენ, აკრიახდნენ, ზოგი ზედ შემომაფრინდა... უცებ, საქათმის კარი გაიღო და ვიღაც ქალმა შეკივლა. დავამშვიდე - არც ქურდი ვარ, არც ყაჩაღი, ვიღაცები საცემრად გამომეკიდნენ, რომ დამიჭირონ, მომკლავენ, ამიტომ თავი აქ შემოვაფარე-მეთქი. მისი ქმარი იქვე, ეზოში რაღაცას ჩხირკედელაობდა. მივედი მასთან. ეს კაცი ძალიან კარგად მომექცა. ბოლოს, გავუმხილე, ვინც ვიყავი. დამეხმარა, სასაფლაომდე მიხვეულ-მოხვეული გზით გამიყვანა. მოგეხსენებათ, სიღნაღი მთის წვერზეა გაშენებული. სასაფლაოდან ქვევით დავეშვი. ტყე-ტყე მივდიოდი, ხანდახან გზის გადარბენა მიწევდა და სწორედ ამ დროს მილიციელებმა შემნიშნეს. მივედი ერთ-ერთ სოფელში, რომელსაც ბროწლიანს ეძახიან. იქ იყო პატარა ეკლესია, რომელსაც დღესდღეობით სპარტაკის ეკლესიას ეძახიან. ძალზე დაღლილი ვიყავი. შევედი ტაძარში.

რაც კი კედლებზე სანთლის ნამწვი იყო, ყველა ავანთე. ღმერთს შევთხოვე, - თუ რაიმე ძალა და მადლი გაქვს, მიშველე-მეთქი! ერთ კუთხეში მივიყუჟე და მესმოდა, როგორ დარბოდნენ მილიციელები და მეძებდნენ. კარი რომ შემოეღოთ, სულ იოლად მიპოვიდნენ, მაგრამ შიგნით შემოხედვა არც უფიქრიათ. ეკლესიის წინ, შემაღლებულ ადგილზე რესტორანი იყო. იქიდან მადის აღმძვრელი სურნელი მოდიოდა. უზომოდ მომშივდა. მილიციელები რომ წავიდ-წამოვიდნენ, რესტორანში შევედი. სამზარეულოში რომ შევაბიჯე, მიცნეს. "ბუფეტჩიკი" გადამეხვია. უკვე გაგონილი ჰქონდათ, რომ გამოქცეული ვიყავი. რესტორანს წინ დიდი აივანი ჰქონდა, რომელიც სიღნაღში მიმავალ გზას გადაჰყურებდა. "ბუფეტჩიკმა" განკარგულება გასცა, სწორედ ამ აივანზე გაეწყოთ სუფრა. გრძელი სუფრის თავში ის დაჯდა, ბოლოში - მე და დავიწყეთ ქეიფი. იქიდან ჩემი თვალით ვხედავდი, როგორ დარბოდნენ მილიციელები, აჩერებდნენ მანქანებს, ჩხრეკდნენ... რას წარმოიდგენდნენ, რომ მე რესტორნის აივანზე ვიყავი გამოჭიმული?! რომ შებინდდა, იქიდან წამოვედი, თან ორი ბოთლი შამპანური წამოვიღე. გეზი სოფელ საქობოს სასაფლაოსკენ ავიღე. სასაფლაოზე ერთი ბოთლი შამპანური გავხსენი და გზადაგზა, მიცვალებულთა შესანდობარს ვამბობდი. სასაფლაოსთან ახლოს მოსახლეობა ცხოვრობს. საღამოს "ბირჟაზე" იყვნენ გამოსულები და ცეცხლი ჰქონდათ დანთებული. სწორედ მათთან მივედი. ჩემი დანახვა ყველას გაუკვირდა. ერთ-ერთს ვთხოვე, რომ მანქანით სახლამდე მივეყვანე და დედასთან დავბრუნდი. მთელი შინაგან საქმეთა სამინისტრო ფეხზე იდგა. მე ვუთვლიდი - ყველას დაგსჯით, ვინც ჩემს დაჭერაში მონაწილეობდით-მეთქი. შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, გივი კვანტალიანმა შემომითვალა - შემხვდი, უიარაღოდ ვიქნები და ვილაპარაკოთო. ღამით შინ მივადექი მილიციის უფროსს. ვიცოდი, სახლში პატარა ბავშვები ჰყავდა და არ მესროდა. ვკითხე - რაზე უნდა მელაპარაკოს კვანტალიანი-მეთქი? - ვიცით, რომ უდანაშაულო იყავი, დაბრუნდი ციხეში, გაგასამართლებთ და გაგიშვებთ, პირობას გაძლევთო. დავუჯერე. დავთქვით შეხვედრის ადგილი. წინასწარ ის ადგილი კარგად დავზვერე და საეჭვო ვერაფერი ვნახე. შევხვდით. მოიტანეს კონიაკი, საჭმელი. მეც მივედი. მაჩვენეს ჩემი გათავისუფლების ბრძანება და მითხრეს - ხვალ მილიციაში მოდი, ხელი მოაწერე და გაგიშვებთო. მივედი და ვიღამ გამოგიშვა?.. გააუქმეს სანქცია და ისევ დამიჭირეს. ლამის ჭკუიდან შევიშალე. რაღა უნდა მექნა? ხელახლა ჩავიფიქრე გაქცევა და გეგმაც შევადგინე.

ფოტოზე სპარტაკ ბურდულაძე

GzaPress

გაქცევა მილიციის განყოფილებიდან

- მილიციის განყოფილებაში, საკანში მარტო ჩამსვეს. ლომივით ვბრდღვინავდი და კედლებს ვაწყდებოდი. იატაკს ერთი ფიცარი ავაგლიჯე და რას ვხედავ?.. ქვეშ ბოთლი გდია. უცებ მომივიდა იდეა. ამოვიღე ბოთლი, უკან, ქამარში გავირჭვე. მოვახერხე და ვენები გადავიჭერი (მკლავზე უამრავი ნაიარევი აქვს. - ავტ.), ალუმინის კოვზი გადავტეხე და ტარი გადავყლაპე. მილიციელებმა სასწრაფოდ ექიმი მომიყვანეს. შემიყვანეს სამორიგეოში. ხელი შემიხვიეს. ექიმი ქალი გახლდათ. უცებ ამოვიღე ბოთლი და ძირით მაგიდის კიდეს ჩამოვარტყი. ექიმს ხელი ვტაცე, წინ ავიფარე და კისერზე ბოთლის ნამტვრევი მივადე. თან ვიყვირე - არ მომეკაროთ, თორემ "ტრუპს" დაგიგდებთ-მეთქი. ნელა-ნელა კარისკენ წავედი. გზა დამითმეს. მილიციის განყოფილებიდან ვიწრო ქუჩით უნდა ჩავსულიყავი ცენტრალურ გზამდე. ექიმს მუხლები მოეკვეთა და მკლავზე ჩამომეკიდა. ვამშვიდებ - ნუ გეშინია, არაფერს დაგიშავებ-მეთქი, - თან ამ ვიწრო ქუჩაზე ვეშვები. მილიციელები უკან მომყვებიან, ასე 100 მეტრის დაშორებით. ქუჩა ჩავათავე და გზაჯვარედინზე გავედი. მილიციასთან დედაჩემი ყოფილა მოსული. ისიც ფეხდაფეხ მომდევდა და თან ყვიროდა. მე ყურადღებას არ ვაქცევდი. გზაჯვარედინზე ექიმი ღობის ძირში მივაწვინე და გავიქეცი. ეს რომ დაინახეს, მილიციელები მანქანებში ჩასხდნენ და გამომეკიდნენ. დედაჩემი არ დაიბნა, გზაზე დაწვა და მდევარს გზა გადაუკეტა.

ამასობაში თვალს მივეფარე. გზას რომ გადაკვეთ, მერე ტყე იწყება და საკმაოდ ციცაბო დაღმართია. უცებ, ფეხი დამიცდა და დავგორდი. ბოთლის ნამტვრევის გადაგდება მოვასწარი, რომ არ დავჭრილიყავი. კლდის ნაპირზე თავი ვერ შევიკავე და საკმაოდ დიდი სიმაღლიდან "გადავფრინდი". კარგა ხანს ვიფრინე და ბედად, მაყვლის ბუჩქებზე ბეღურასავით მსუბუქად დავეშვი. ვწევარ გულაღმა და ცას შევყურებ. უცებ შევნიშნე, რომ კლდის წვერიდან მილიციელები დამყურებენ. ისეთი პატარები ჩანდნენ, რომ ვერ გაარჩევდით, კაცები იყვნენ თუ ასანთის ღერები. ეს რომ დავინახე, გული მომეცა: აბა, ეს პატარა კაცები როგორ მომერევიან-მეთქი?! - ვიდრე ბუჩქებიდან გადმოვბობღდი, ისინი ბილიკით დაეშვნენ და თავზე წამომადგნენ. დაღლილობისგან ძლივს ვსუნთქავდი, ისინი ჩემზე უარესად ქშინავდნენ. ორნი იყვნენ და აქეთ-იქიდან დამისხდნენ. მეუბნებიან - ბიჭო, ასეთი ტრიუკების გაკეთება კინოშიც უჭირთ, ეს რა გააკეთე?.. ადექი, გამოგვყევიო, - მაგრამ ადგომისა და სიარულის თავი თვითონაც არ ჰქონდათ. მე ვეუბნები - კარგი, რა, გამიშვით-მეთქი. - ეეჰ, სპარტაკ, ახლა შენ ნუ გაახურე, ადექი და გამოგვყევიო. ვცადე შებმა - წნორში ჩავიდეთ, იქ მანქანა დავიჭიროთ და სიღნაღში ისე ავიდეთ, მე კიდევ ვიტყვი, რომ ჩემი ნებით ჩაგბარდით და თქვენთვისაც კარგი იქნება და ჩემთვისაც-მეთქი... ვერ შევაბი. ავდექი და გავყევი. მეტი რა გზა მქონდა?!.

"ყაჩაღობა ეროვნების გათვალისწინებით"

ერთხელ, მეგობრებთან ერთად რესტორანში ვიჯექი. მოვიდა ინფორმატორი და მოიტანა ამბავი, რომ ბელაქანში ერთ ოჯახში დიდი ფული და 20 კილო ოქრო ინახებოდა. გადავწყვიტეთ, წავსულიყავით. მანქანებიც გვყავდა და იარაღიც გვქონდა. გარეთ რომ გამოვედით, ერთმა შემოგვთავაზა, ლაგოდეხამდე ავტობუსით წავსულიყავით, მანქანები კი უკან გამოგვყოლოდნენ... უკვე ღამე იყო. ბელაქანში ძირითადად აზერბაიჯანელები ცხოვრობენ. იქით მიმავალ ავტობუსშიც სულ ამ ეროვნების ხალხი იქნებოდა. მოგეხსენებათ, მათ ოქრო ძალიან უყვართ, ფულიც ექნებოდათ და გადავწყვიტეთ, ავტობუსი დაგვეყაჩაღებინა. იარაღი ავიღეთ და ავტობუსი გავაჩერეთ. მე სულ უკან, გასასვლელის ბოლოში მდგარ სკამზე დავჯექი, საიდანაც მთელი ავტობუსი ჩანდა. ბიჭები გასასვლელში ჩადგნენ. დაიწყეს ხალხის "გასუფთავება". მძღოლმა ეს რომ დაინახა, ავტობუსი გააჩერა და გვითხრა - ჩადითო. ერთი ჩემი მეგობარი იარაღით დაემუქრა და გზა ისევ განვაგრძეთ. წინ ერთადგილიან სკამზე ძალზე ლამაზი, გრძელთმიანი გოგო იჯდა. ჩემმა მეგობარმა ჩანთა რომ მოსთხოვა, გოგო დაემუქრა, ვიყვირებო. მოუვიდათ ჩხუბი. ეს რომ გავიგონე, ბიჭი უკან გავუშვი, მე კი ამ გოგოს დავუყვავე - აქ შენი ხელის მხლებელი არავინ არის, რომ იყვირო, ვინ გიშველის? გადახედე მგზავრებს, რომელი გეგულება ვაჟკაცი? მე ვარ შენი მშველელი, რადგან არც ერთ კაცს არა აქვს უფლება, ასეთი ლამაზი თვალების პატრონს აწყენინოს-მეთქი. ეს გოგო ქართველი იყო. შევთავაზე - თუ რომელიმე ქალის სამკაული მოგწონს, მითხარი და შენი გახდება-მეთქი... ამასობაში მძღოლმა ისევ გააჩერა ავტობუსი და გადახტა. ჩემი ძმაკაცები გაეკიდნენ, უკან მოაბრუნეს და ისევ გზა განვაგრძეთ. ამ ავტობუსში მხოლოდ 3 ქართველი იჯდა. არც ერთისთვის არაფერი წაგვირთმევია... ამ საქმისთვის დაგვიჭირეს. დაკითხვაზე მოწმეებად ყველა მგზავრი მოიყვანეს. აზერბაიჯანელები ყველაფერს უარყოფდნენ. იარაღის არსებობაც არ გაამხილეს. ქართველებმა კი ხელი დაგვადეს. ამოსაცნობად მე და რამდენიმე უცხო პირი დაგვაყენეს და სწორედ ის გრძელთმიანი გოგო შემოიყვანეს. პირდაპირ ჩემთან მოვიდა, - გამარჯობაო, - მითხრა და ხელი დამადო, - ეს იყო ერთ-ერთი ყაჩაღიო. ვეუბნები - გოგო, იქნებ, გეშლება და მე არ ვიყავი-მეთქი? - შენს თავს რა დამავიწყებსო?! მილიციელებმა ჰკითხეს - რით იცანიო? - ლამაზი თმით, ლამაზი თვალებითა და კარგი გარეგნობითო... მაშინ დავემუქრე - რადგან ჩემი პატივისცემა ვერ დაინახე, გავთავისუფლდები და მოგივლი-მეთქი... ამ საქმისთვის 10 წელი მომისაჯეს. რომ გავთავისუფლდი, ერთ საღამოს ეს გოგო და მისი ქმარი მოვიდნენ ჩემთან და მთხოვეს, არაფერი დამეშავებინა მათთვის. ეს ამბავი მე უკვე დავიწყებული მქონდა და ხმაც არ გამიცია მისთვის.

უცნაური სენი...

- ამ ამბის შემდეგ, მალევე დამიჭირეს, მაგრამ ისევ უმიზეზოდ. გამასამართლეს და მე-4 ზონაში მიმიყვანეს. ეს ხდებოდა 1983 წელს. ძალზე მკაცრად შეკრული, "წითელი" ზონა იყო: დილით 6 საათზე დგებოდნენ, სასადილოში სულ სიმღერ-სიმღერით მიდიოდნენ... ამ ზონის უფროსი ვინმე გუჯაბიძე გახლდათ. ისეთი ცხოვრება, როგორიც ამ ზონაში იყო, ჩემთვის მიუღებელი გახლდათ. ერთ დილით, 6 საათზე რომ არ ავდექი, ჩემი საწოლი შეაჯანჯღარეს და საბანი გადამაძვრეს. მაინც არ გავედი გარეთ. მთელი 1 500 კაცი გარეთ დგას გაჭიმული და არ შლიან იმის გულისთვის, რომ ჩემს წინააღმდეგ აამხედრონ. მოვიდა ზონის უფროსი. - რატომ არ გამოდიხარ გარეთო? - მკითხა. - ცუდად ვარ და იმიტომ-მეთქი. ჩემი სამედიცინო ნაწილში წაყვანის ბრძანება გასცა. თუ მართლა ავად ვიქნებოდი, ხომ კარგი, თუ არა და, 15 დღე - "კრიტი", მერე 6 თვე - "ბური". ეს არის ციხე ციხეში... მივედით ექიმთან, ვიცოდი, მაინც ჩამსვამდნენ და გადავწყვიტე, წავეკაიფები-მეთქი. - რა გტკივაო? - მეკითხება ექიმი. - მაინც არ დამიჯერებთ, რომ გითხრათ. ისეთი ავადმყოფობა მჭირს, ჯერ რომ არ გაგიგონიათ-მეთქი. ექიმი დაინტერესდა, - რა სენი შეგეყარა ასეთიო. - თუ ყურადღებით მომისმენთ და ჩემს მდგომარეობაში შეხვალთ, ყველაფერს მოგიყვებით-მეთქი. ექიმი ძალზე დაინტერესდა. - იცით, რამდენი თვეა, რაც აქ ვარ? არც ერთი ღამე არ მძინებია, ყოველღამე ერთი მაგარი ქალი მესიზმრება-მეთქი; - მერეო? - მერე ის, რომ იმ ქალს შებმა ხომ უნდა? მთელი ღამე "დაბმას" ვუნდები; რომ გავხდი ტანისამოსს და ყველაზე მთავარი მომენტი იწყება, რუპორი სწორედ მაშინ აყვირდება ხოლმე, მეღვიძება და საქმე ბოლომდე ვერ მიმყავს, ჰოდა, დღეს აღარ ავდექი, რომ როგორმე დაწყებული საქმისთვის თავი მომება-მეთქი... ექიმმა თავი გადააქნია და კარცერში გამიშვა... გავიდა რამდენიმე დღე. ზონაში შემოვლაზე მოვიდნენ სამმართველოს უფროსი და გივი კვანტალიანი. შემოვიდნენ კარცერშიც. ყველას ჰკითხეს - აქ რატომ ზიხარ? ტყუილად ხომ არ დაგსაჯესო? - ყველა თავის ამბავს უყვებოდა. მე კი ფანჯარასთან ვიდექი და ხმას არ ვიღებდი. მომიბრუნდნენ და მკითხეს, - სათქმელი არაფერი გაქვსო? - თავი დამანებეთ, ერთს რომ მოუყევი ჩემი გასაჭირი, კარცერში ჩამსვა და ახლა თქვენღა მაკლიხართ-მეთქი!.. არ მომეშვნენ - გვითხარი, რაშია საქმეო? - ჩემი ავადმყოფობის ბრალია, აქ რომ ვზივარ-მეთქი - და მოვუყევი ყველაფერი ის, რაც ექიმს ვუამბე. - მერე, რას ითხოვო? - მკითხეს. - რას და... ერთი ღამე დამაცადეთ, საქმეს მოვრჩები და მერე გამოვალ, მაშ, რას ვიზამ-მეთქი?.. გივის ჩაეღიმა. მართალი ხარო, - მითხრა და ბრძანა - "სანჩასტში" დააწვინეთ და სანამ იმ ქალს არ გაჟიმავს, არ გამოუშვათო. თან მკითხა - რამდენი დღე დაგჭირდება ამ საქმისთვისო? - 6 თვე მეყოფა-მეთქი. - 6 არა, 9 თვე უნდა, იყო რომ ბავშვის გაჩენაც მოასწროთო... ჰოდა, მართლაც, 9 თვე "სანჩასტში" ვიყავი; გენერალივით ვცხოვრობდი, ჩემს ნებაზე... 9 თვე მიიწურა და ახალი წელიც მოვიდა. პირველ იანვარს დილით, ზონის უფროსი მოვიდა და შოკოლადი მომიტანა, "დათუნია" კანფეტები. ეს "დათვები" თურმე, იმის "ნამიოკი" ყოფილა, რომ მეორე დღეს, ჩიტაში, მართლაც, თეთრ დათვებში გადამიყვანდნენ. ზონიდან რომ გავდიოდი, მითხრა - მოდი, დაგემშვიდობო, თეთრ დათვებში მიდიხარ და იქნებ, ვეღარ დაბრუნდეო... - დავბრუნდები და თუ გინდა, დათვის ტყავს საჩუქრად ჩამოგიტან-მეთქი... - ვუპასუხე.

გააგრძელე კითხვა

მარი ჯაფარიძე

ჟურნალი "გზა", 2004 წელი