ქურდყოფილის აღსარება... 15 წლის ასაკში ქურდად "მონათლული" მამაკაცის საოცარი ცხოვრება - VII ნაწილი - გზაპრესი

ქურდყოფილის აღსარება... 15 წლის ასაკში ქურდად "მონათლული" მამაკაცის საოცარი ცხოვრება - VII ნაწილი

დახვრეტა

ამავე პერიოდში, "სმერტნიკების" (სიკვდილმისჯილების. - ავტ.) კამერაში იჯდა მსოფლიო ჩემპიონი, მოჭიდავე თამაზ ნამგალაური, რომელსაც დახვრეტა ჰქონდა მისჯილი. მას არასრულწლოვნის გაუპატიურებასა და მკვლელობაში ედებოდა ბრალი. იაპონელები ეხვეწებოდნენ, ჩვენს მთავრობას - არ დახვრიტოთ, ეგ კაცი ჩვენ მოგვეცითო... მე მოვახერხე მასთან კამერაში შესვლა. დამათვალიერებინა ფოტოები, რომლებიც საზღვარგარეთ ყოფნისას ჰქონდა გადაღებული. ყველგან ულამაზესი ქალების გარემოცვაში იყო აღბეჭდილი, ზოგი კალთაში ეჯდა, ზოგი - კისერზე ეკიდებოდა...

ერთ საღამოს, კამერაში ექიმი გამოიძახა. ბუნებრივია, მას ციხის თანამშრომლებიც ახლდნენ. ყველას დაერია და მუშტით გათიშა, გასაღები აიღო და "სმერტნიკებს" კარი გაუღო. მერე დანარჩენი კამერებიც გავხსენით და პატიმრები გარეთ გამოვუშვით. ციხე ხელმეორედ გატყდა... დერეფნებში ხელჩართული ბრძოლა მიდის პატიმრებსა და ციხის თანამშრომლებს შორის. ჩემთან მოვიდა ერთი ჩეჩენი პატიმარი და მითხრა - სანამ ესენი აქ ჩხუბობენ, ჩვენ კედელი გავანგრიოთო: ციხის ერთი კედელი "სვაბოდაზე" გადიოდა. გაანგრიეს კედელი და პატარა ხვრელით რამდენიმე კაცი უნდა გავსულიყავით. 2-3 პატიმარი გადაძვრა. მერე ერთი მსუქანი კაცი გაიჭედა ხვრელში. ზოგი აქედან აწვება, ზოგი იქიდან ეჭიდება, ეს კაცი ხვნეშის, ვეღარც შიგნით შემოდის და ვეღარც გარეთ გადის. კარგა ხანს ვეჯაჯგურეთ. ამასობაში გარეთაც სროლა ატყდა. გასვლას აზრი აღარ ჰქონდა... ისევ ჩაწყნარდა ციხე. ნამგალაური კი, მეორე დღესვე დახვრიტეს. ჩვენ ვერც კი გავიგეთ. თუმცა, ამ დროს, პარლამენტში სიკვდილით დასჯის გაუქმების საკითხი წყდებოდა და ყველა დახვრეტა შეჩერებული იყო. როცა ვინმეს ხვრეტდნენ, სპეციალურ მოტორებს რთავდნენ ხოლმე, რომ სროლის ხმა დაეფარა და ზევით კამერებში არ გაეგონათ. "სმერტნიკების" კამერები სარდაფში იყო. ღამით ბიჭები ქვევიდან გვეხმიანებოდნენ ხოლმე, მოგვიკითხავდნენ... თუ ვინმეს გული უგრძნობდა, რომ მეორე დღეს უნდა დაეხვრიტათ, დაიძახებდა ხოლმე - ვიცი, ხვალ დამხვრეტენ და თქვენი ჭირი წამიღიაო...

ერთი მეგობარი მყავდა, ქურდი, თამაზ ბანძელაძე. მას ულამაზესი დედა ჰყავდა... თამაზი "პაბეგში" იყო. დედამისი ცოლად შეირთო მაღალი თანამდებობის პირმა, პოლიციელმა. ქმარმა დაარწმუნა, რომ თუ შვილის ადგილსამყოფელს გაამხელდა, მხოლოდ 15 წელს მიუსჯიდნენ და თან დაეხმარებოდა, რომ დროზე ადრე გათავისუფლებულიყო. ამ ქალმაც დაიჯერა და ყველაფერი "დაფქვა", შვილი დააჭერინა. მაგრამ ქმარმა სიტყვა არ შეასრულა და თამაზს დახვრეტა მიუსაჯეს... როცა მასთან კამერაში მისულან, რომ დასახვრეტად წაეყვანათ, ის საკნიდან არ გამოსულა - აქ შემოდით, თქვენი დედაო!.. - შეაგინა ჯალათებს. კარიდან ესროლეს და იქვე, საკანში დახვრიტეს. ამ დროს, მე "კრიტში" მიმიყვანეს და რამდენიმე წუთის შესული ვიყავი კამერაში, რომ რაღაც ხმაური შემომესმა. "ვალჩოკში" (საკნის კარში დატანებული სათვალთვალო. - ავტ.) გავიხედე და დავინახე, რომ თამაზისთვის ორ თანამშრომელს ფეხებში ჩაევლო ხელი და მკვდარს მიათრევდნენ. ამან ჩემზე ისე იმოქმედა, რომ კარგა ხანს ვერ მოვდიოდი გონზე.

წამალდამოკიდებულები

თბილისში, ციხეში ყოფნის დროს, ერთი პერიოდი "რეზბალნიცაზე" ვიყავი. აკრძალული იყო წამლის შემოტანა და მართლაც, ერთი გრამი წამალიც კი არ შემოდიოდა. იქ იჯდა ერთი მდიდარი ოჯახის შვილი, რომელსაც ერთი გრამი ჰეროინი ძლივძლივობით შემოუგზავნეს. იქ გასაყოფიც არაფერი იყო. მასთან ერთად ოთახში ერთი კაცი იჯდა, რომელიც წამლის გულისთვის უკან არაფერზე დაიხევდა. ბიჭმა ვერაფრით გაარტყა ვენაში და ამ კაცს სთხოვა დახმარება, მკლავი უკუღმა ამოუტრიალა; იმანაც, კანი გახვრიტა და მეორე მხრიდან, თვითონ თითში გაიკეთა წამალი... ბიჭი კუთხეში ჩაცუცქდა და "პრიხოდს" ელოდება. არავითარი რეაქცია. ეს კაცი კიდევ, "განგრეულ" კაიფშია. ატყდა ერთი ამბავი. ავიდა ქურდებში ეს საქმე. მათ კი ყველა გააფრთხილეს - წამლის ამბავში ამას ნურავინ ენდობით, თუ რამე იაღლიში მოხდება, ჩვენთან ნუღარ მოხვალთო...

ერთ დღეს, ერთ-ერთი პატიმარი, "ტრუსიკიანი" აძვრა მაღალ ალვის ხეზე და იმუქრებოდა - აქედან უნდა გადმოვხტეო. ატყდა ერთი ამბავი, მთელი სამინისტრო და დეპარტამენტი შეიძრა, დგანან "ძაღლები" ალვის ხის ქვემოთ და ეხვეწებიან - ჩამოდიო. ის კიდევ, არ ჩამოდის. ქურდებიც ჩაერივნენ საქმეში, მაგრამ თქვენც არ მომიკვდეთ... წეღან ვისზეც გიამბეთ, საქმეში ის კაცი ჩაერია. "ძაღლებს" უთხრა - 5 გრამი ჰეროინი მომიტანეთ და მე ჩამოვიყვანო. უცებ გააჩინეს წამალი. იმან ერთი "ზახოდი" იქვე გაიკეთა, ტანისამოსი გაიხადა და ისიც "ტრუსიკიანი" აძვრა ხეზე. სულ ფეხის თითები დაუკოცნა, ეხვეწებოდა - ჩამოდი, ასე ნუ იქცევიო, - მიეფერა, მიუალერსა და ორივენი ერთად ჩამოვიდნენ ხიდან... აი, ასეთი ამბებიც ხდებოდა ციხეში.

რა ღირს თოვლი?

ერთ ამბავსაც გავიხსენებ. რაღაც საქმეზე დამიჭირეს და გურჯაანის მილიციაში მიმიყვანეს. ზამთარი იყო. მოგეხსენებათ, პატიმარს ერთი ჭიქა წყალი ერგება, მაგრამ ეს რას გეყოფა!.. იქ ჩაის ვადუღებთ, იქ ყავას, ჩიფირს, ჰოდა, წყალს არ გვაძლევდნენ. გადავწყვიტე, მილიციის უფროსს მოვლაპარაკებოდი. დავითანხმე, რომ თოვლი მოეტანა ჩვენთვის. იმანაც, ფულის შოვნის საშუალება დაინახა და დამთანხმდა. ერთ ცელოფანის პარკ თოვლში 10 მანეთს ვიხდიდით, მერე ვადნობდით და საჭიროებისამებრ ვიყენებდით. არ იყო ეს კაცი მოსაკლავი?.. სწორედ მაგაზეა ნათქვამი - ზამთარში თოვლს მოგყიდისო... ისე იყო ხალხი მიჩვეული, ჩემს ციხეში ყოფნას, რომ ერთხელ, წნორში მოხუცი ქალი შემხვდა, დამაკვირდა, გარშემო შემომიარა და გაოცებულმა მკითხა - შენ სპარტაკი ხარო? - ჰო-მეთქი - მერე, აქ რა გინდაო? - აბა, სად უნდა ვიყო-მეთქი? - ალბათ, ციხე რემონტშიაო... ჩაილაპარაკა და წავიდა. აბა, რას ვეტყოდი მოხუცს?.. ახლა რომ მახსენდება, მეღიმება. მაშინ კი, მართლა გავბრაზდი და კაცი რომ ყოფილიყო, პასუხს მოვთხოვდი...

გააგრძელე კითხვა

მარი ჯაფარიძე

ჟურნალი "გზა", 2004 წელი