ქურდყოფილის აღსარება... 15 წლის ასაკში ქურდად "მონათლული" მამაკაცის საოცარი ცხოვრება - VIII ნაწილი - გზაპრესი

ქურდყოფილის აღსარება... 15 წლის ასაკში ქურდად "მონათლული" მამაკაცის საოცარი ცხოვრება - VIII ნაწილი

შეცდომის აღიარება

- ნოვოჩერკასკის ციხეში ყოფნისას, ჩემთან ერთად სასჯელს იხდიდა გია ესებუა - ქურდი. მის შესახებ ერთ-ერთ ინტერვიუში უკვე გესაუბრეთ. ქურდებთან დაძაბული სიტუაციის დროს, მას წერილებს ვწერდი, თან ვთხოვდი - რომ წაიკითხავ, დაწვი-მეთქი. მერე მოხდა ისე, რომ ერთ კამერაში ვიჯექით. ერთხელ, "პრაგულკაზე" არ გავედი და გიას საწოლი გავჩხრიკე. ლეიბში ჩემი წერილები აღმოვაჩინე. გია რომ დაბრუნდა, ვკითხე - რატომ შეინახე ეს ბარათები? აკი ძმობას მეფიცებოდი-მეთქი!.. - არ დაგიმალავ, მეგრელი ვარ და ეშმაკურად მოვიქეცი: შენ ქურდებთან კონფლიქტი გაქვს, რომ დამჭირვებოდა, ამ წერილებს გამოვიყენებდიო... გამეცინა. მან კი დაამატა - ეს ჩემი ბოლო ილეთი იყო, მაგრამ შენს სიძლიერეში დავრწმუნდი და ახლა ყველას დავწვავო. მართლაც, ცეცხლი მოუკიდა და ქაღალდები ნაცარტუტად აქცია. ავდექი და მისი ერთი წერილი გამოვაჩინე: - ხედავ, მეგრელი არა ვარ, მაგრამ მეც მქონდა შენი წერილი შენახული-მეთქი... ეს წერილი ერთ ქურდს წავაკითხე და ვკითხე - გია ვინ არის-მეთქი? - არაქურდიაო, - მიპასუხა. გია გაგიჟდა, 2 დღე მეხვეწებოდა - დახიე ჩემი წერილი და ქურდად დამტოვეო. ავდექი და დავხიე. იმ წერილის დახევა იყო და გია წამოხტა და ხელი დამარტყა. გავბრაზდი - შენ, როგორც ჩანს, ეშმაკობა არ გყოფნის, რატომ გგონია, რომ ეგ ერთადერთი წერილი მქონდა შენახული-მეთქი? - და მეორე წერილი გამოვაჩინე. ამაზე სულ გადაირია... მერე შევრიგდით, მაგრამ ბოლოს, გია მაინც არაქურდად დარჩა... ის სოხუმელი იყო. აფხაზეთის ომის შემდეგ ვცადე, მომეძებნა, მაგრამ ვერ მივაგენი. ზოგმა მითხრა - სამარშრუტო ტაქსიზე მძღოლად მუშაობდაო, ზოგმა - დაიღუპაო. ასე რომ, დღემდე არ ვიცი მისი ასავალ-დასავალი.

ნოვოჩერკასკში "ძაღლებმა" ხელოვნურად შექმნეს ისეთი სიტუაცია, რომ ქურდები ერთმანეთს დაჯახებოდნენ. წელიწადი და რვა თვე ვებრძოდით ერთმანეთს. მთელი ციხე განაბული ადევნებდა თვალყურს, ვინ დარჩებოდა ქურდად და ვინ - არა. იქ მომიწყვეს ისეთი ამბავი (ამაზე არ ვისაუბრებ), რომ არაქურდად მტოვებდნენ, მაგრამ მთელი ქურდები ჩავრიე და ჩემი სიმართლე დავამტკიცე. ქურდად დავრჩი. შემდეგ გადმომიყვანეს საქართველოში. სამი წელი "კრიტში" ვიყავი. იქ ყოფნის დროს, რამდენიმე ქურდი არაქურდად დავტოვე. მათ საშველად ზურა ქართველიშვილს მიმართეს - ისიც ქურდი იყო და მე-4 ზონაში იხდიდა სასჯელს. მეც იქით მიპირებდნენ წაყვანას. ზურამ მომწერა - რაშია საქმე, ვინ ხარ, რომ მთელი თბილისის ქურდებს დაეჯახეო? შევუთვალე - მანდ მოვდივარ და ვილაპარაკოთ-მეთქი. მე და ზურა ერთმანეთს ზონაში შევხვდით. საუბრისას შელაპარაკება მოგვივიდა და ხელი დავარტყი. მან წყენა გულში ჩაიდო, მოიყვანა მასა (ქურდების ჯგუფი), რომ არაქურდად დავეტოვებინე. გამიხსენეს ძველი კონფლიქტი, როცა არაქურდად მტოვებდნენ და გავმართლდი. მაგრამ ის ხალხი, ვინც მაშინ გამამართლა, უკვე აღარ იყო ცოცხალი. ამით ისარგებლეს, მაგრამ მე გამოსავალი მოვძებნე, რუსეთის ციხეებში ქურდებს მივმართე და ჩემი ამბავი მოვუყევი. მათ მოსწერეს აქაურ ქურდებს - სპარტაკს ნახევარი "საიუზი" არაქურდად ჰყავს დატოვებული, რუსეთის ციხეები კაცურად მოიარა და მაგის არაქურდად დატოვება არ შეიძლებაო... აქაურებში კი ერთადერთი კაცი მეგულებოდა, რომელიც ჩემს სიმართლეს დაამტკიცებდა, მაგრამ ისიც უარზე დადგა და ჩემს წინააღმდეგ აიმაღლა ხმა. ბოლოს, ქურდებს ვუთხარი - მე მეგონა, ეს ცხოვრების სამართლიანი გზა იყო და ცხოვრების წესად იმიტომ ავირჩიე; თურმე, ვცდებოდი-მეთქი. გადავედი "სანჩასტში". ძალზე განვიცდიდი ჩემს მდგომარეობას.

ჩემს პალატაში იყო ერთი ყვარლელი ბიჭი, რომელიც საგიჟეთიდან იყო გადმოყვანილი. ეტყობოდა, რომ მთლად დალაგებული მართლა ვერ იყო, მაგრამ მაინც ვესაუბრებოდი ხოლმე, ჩემს სატკივარზე ველაპარაკებოდი. ერთხელ ისეთი რამ მითხრა, რომ გაოცებული დავრჩი - ზოგჯერ ისეც შეიძლება მოხდეს, რომ არწივი ქათმის დონემდე დაეცეს, მაგრამ ქათამი ჰაერში ვერასდროს შეინავარდებსო... ამ ნათქვამმა გონზე მომიყვანა. ერთხელ, "სანჩასტში" ჩემს ოთახში ზურა ქართველიშვილი მოვიდა. მთვრალი იყო. გამიკვირდა. მან მითხრა - შენც მალე თავისუფლდები და მეც; არ მინდა, ერთმანეთს მტრებად დავშორდეთ, რადგან მე შენში ნამდვილ ქურდს ვხედავ; არავის გაუბედავს ჩემთვის ხელის დარტყმა, შენ კი, არც დაფიქრებულხარ, მუშტი ისე "დამატაკეო"; აქ ვერ მოგიგვარებ სიტუაციას, მაგრამ გარეთ რომ გავალთ, მერე ქურდად დაგტოვებო. - რატომ? აქ რატომ ვერ მომიგვარებ, შენი გადაფურთხებულის ალოკვა არ გინდა-მეთქი?.. - შენც ხომ იცი - შენ რომ მოგიგვარო საქმე, მე არაქურდად უნდა დავრჩეო... ის ჩემზე ადრე გათავისუფლდა. მეც, რომ გამოვედი ციხიდან, ზურა მოვძებნე. საავადმყოფოში იწვა. ციროზი ჰქონდა და სიცოცხლის უკანასკნელ დღეებს ითვლიდა. რომ დამინახა, გაუხარდა. მითხრა - შენ სიტუაციას მოგიგვარებ, მერე ერთ "შალახოსაც" ვიცეკვებ და მოვკვდებიო... წერილი დაწერა, რომელშიც ჩემი გასამართლებელი არგუმენტები მოჰყავდა. ახლა უკვე ის დრო იყო, საქმე დამეწყო, თავი გამემართლებინა და ქურდად დავრჩენილიყავი. დავუკავშირდი მოსკოველ ქურდს - ვალოდია კარპატს. მან აქაურ ქურდებს წერილი გამოუგზავნა - "ესლი სპარტაკ ნე ვორ, ზნაჩიტ ვ გრუზიი სოვსემ ნეტ ვოროვ". დავიწყე საქმის მოგვარება. ქურდებისგან წინააღმდეგობა შემხვდა. სულ სროლა და ჩხუბი მქონდა - მაგან რომ თავისი საქმე მოაგვაროს, საქართველოში ქურდების ნახევარზე მეტი არაქურდად უნდა დარჩესო, - ამბობდნენ. ამ პერიოდში, ციხიდან გათავისუფლდა ქურთი ქურდი - მუსტო, რომელმაც 35 წელი ციხიდან გამოუსვლელად მოიხადა. გამოსვლისას ძმაკაცებმა თბილისში ბინა აჩუქეს. მაგარი ავტორიტეტი და გავლენიანი ქურდი იყო.

მუსტოსთან მივედი. მანამდე მას არასოდეს შევხვედრივარ. ვინ ხარ, რა გინდაო? - მკითხა. ყველაფერი დაწვრილებით მოვუყევი. იმ ღამით თავის სახლში დამტოვა. დილით ხელახლა მომაყოლა ყველა წვრილმანი. მერე დარეკა თენგიზ ჩარკვიანთან, ის მოხუცი ქურდი გახლდათ. სამივენი ერთად დავსხედით და კიდევ ერთხელ მოვყევი ჩემი ამბავი. თენგიზმა თქვა - ვისთანაც კონფლიქტი გაქვს, ის ხალხი უნდა ვნახოთო. მუსტომ უპასუხა - მე არავის ნახვა არ მჭირდება, სპარტაკზე პასუხს მე ვაგებ, ის ქურდია, მის მტრებს კი, როცა შევხვდები, პასუხს მაშინ გავცემო. შეკრიბა ქურდები და გამოაცხადა - სპარტაკი ქურდიაო. მერე მე მომიბრუნდა და მითხრა - შენ ჩვენი ცხოვრების წესისთვის იომე; სანამ მე ცოცხალი ვარ, ხმას ვერავინ გაგცემსო...

ამასობაში დამიჭირეს. ციხეში ისევ ქურდად რომ მივედი, იქ მყოფი ქურდები გაგიჟდნენ და გარეთ წერილი გაგზავნეს - რა ხდება? სპარტაკი ქურდად დაბრუნდაო!.. მუსტომ მათ მისწერა - სპარტაკი ქურდია და უბატონოდ ხმა არავინ გასცეთო... საბოლოოდ, ქურდების მასამ ასე გადაწყვიტა - ვისთანაც კონფლიქტი გაქვს, იმას ვნახავთ და ერთად გადავწყვეტთ, დარჩები ქურდად თუ არაო. ამასობაში დაიჭირეს ომარ ბოიოვა, რომელიც ქურდი გახლდათ; ავლაბარში "ძაღლები" დაჭრა, თვითონაც დაიჭრა და ციხის საავადმყოფოში მოიყვანეს. ის მუსტოს მეგობარი გახლდათ. დამიძახეს - ომარა მოიყვანეს საავადმყოფოში და გიბარებსო. როგორ უნდა მოვხვედრილიყავი მასთან?.. ასეთ დროს, ყველაზე კარგი ვარიანტია სიმულაცია - თითქოს აპენდიციტის შეტევა გაქვს. მეც ასე მოვიქეცი და გადამიყვანეს საავადმყოფოში.

GzaPress

ომარა ულამაზესი ბიჭი იყო. სიხარულით შემხვდა. ვილაპარაკეთ. მერე მუსტოს დაუკავშირდა - სპარტაკი ჩემთან არის, გარედან მცირე ბიძგი გვინდა, რომ მისი საქმე მოვაგვაროთო. მუსტომ, არც აცია, არც აცხელა, მოსწერა - "პრიზნაიტე სპატრაკა კაკ ვორა, პო ტომუ ჩტო ონ ვორ". ომარამ ქურდებს დაუძახა, ეს წერილი წააკითხა და უთხრა - სპარტაკი ქურდიაო. ამასობაში არაქურდად დარჩა ის, ვის გამოც მე პრობლემები მქონდა. მე ავყვირდი - ხედავთ, ისეთმა კაცმა დამტოვა არაქურდად, რომელიც თვითონ არ ყოფილა ამ სახელის ტარების ღირსი-მეთქი!.. ეს გახლდათ ნახალოვკელი ქურდი, სტარიკა, რომელიც გვარად ილურიძე იყო. ის სამინისტრომ დაიჭირა და უთხრეს - თქვი, რომ ქურდი არა ხარ და გაგიშვებთო. მანაც სახალხოდ განაცხადა - ქურდი არა ვარო. თან ეს ყველაფერი ტელევიზიით აჩვენეს. აი, ასეთი კაცის გამო მტოვებდნენ არაქურდად.

ამ პერიოდში დაიწყეს ზეწოლა ქურდებზე. რამდენიმე ქურდმა თავისით თქვა უარი ქურდობაზე. ეს ამბები მთელმა საქართველომ გაიგო. ომარ ბოიოვა დახვრიტეს; მუსტო ისევ დაიჭირეს და ციხეში მოკლეს - წამალში რაღაც ნივთიერება შეურიეს და ისე შეუგზავნეს, გაიკეთა თუ არა, მაშინვე მოკვდა...

ამასობაში, განაწყენებულმა მასამ ისევ ძველი საქმე გამიხსენა. "რეზბალნიცაზე" ქაჩალას შევხვდი. დიდი ავტორიტეტი ჰქონდა. მან ქურდებს უთხრა - ვერავინ უძლებთ სპარტაკს ერთი-ერთზე და იმიტომ გინდათ მისი თავიდან მოშორება, თანაც, ვერაფერში გამოიჭირეთ და ძველ საქმეს იმიტომ უხსენებთო. ქურდების მასა გადაიყვანეს "ბურში" და "კარცერში". "ძაღლებმა" ასეთი წინადადებით მიმართეს - დაწერეთ, რომ ქურდები არა ხართ და ყველას ზონაში გადაგიყვანთო. ქურდებმა ერთობლივი გადაწყვეტილება მიიღეს - "ძაღლები" მოვატყუოთ, დავწეროთ, რასაც გვეუბნებიანო. მართლაც, დაწერეს და ყველამ ხელი მოაწერა. მიუტანეს ქაჩალას. ის გაგიჟდა: ამის გულისთვის წინათ ქურდებს სჯიდნენ, მაგრამ ვერ ათქმევინებდნენ - ქურდი არა ვარო, თქვენ კი, თქვენი ნებით ამბობთ სახელზე უარს?.. არც ერთი არა ხართ იმის ღირსი, რომ ქურდის სახელს ატარებდეთ, მაგრამ ასეთი დიდი მასა როგორ დაგტოვოთ არაქურდადო!.. მე მითხრა - შენ ქურდი ხარ, "მიაწექი" ცხოვრებასო...

მალე გეგუთში გადამიყვანეს. რამდენიმე დღის შემდეგ, ჩემი დაბადების დღე იყო. საკმაოდ დიდი ფული გადავიხადე და წყალტუბოს რესტორნიდან ზონაში ვარიეტე მოვაყვანინე. კარგი პურმარილიც გავშალე და შუა ქეიფში ვიყავი, რომ დამიძახეს - მინისტრის მოადგილე კვანტალიანი ჩამოფრინდა ვერტმფრენით და გიბარებსო... ციხის რეჟიმის დარღვევის გამო, მთელი ხელმძღვანელობა თანამდებობიდან გაათავისუფლა. მე "ადინოჩკაში" ჩამსვეს. მერე კვანტალიანმა მომინახულა და მითხრა - თუ დამიჯერებ, კარგად იქნები, თუ არა და ქურდებს ვეტყვი, რომ არაქურდად დაგტოვონ; ქურდების ნახევარზე მეტი "შეკრული" მყავს და როგორც ვეტყვი, ისე მოიქცევიანო. მე რომ თავის პირობებზე ვერ დამითანხმა, დანაპირები აასრულა: ქურდები დაიბარა, წინ საქმეები დაუდო და უთხრა - თუ სპარტაკს არაქურდად დატოვებთ, ხომ კარგი, თუ არა და - 15-15 წელს აგკიდებთო... ისევ გამიხსენეს ძველი საქმე და არაქურდად დამტოვეს. მეც უკვე გული ამიცრუვდა. წარმოგიდგენიათ, რა ხდებოდა?.. "ძაღლები" წყვეტდნენ ქურდად დატოვება-არდატოვების საკითხს!... მერე რომ დავაკვირდი, ბევრი რამ იყო ქურდულში ისეთი, რაც მაფიქრებდა და არასწორად მიმაჩნდა...

გეგუთიდან ქსანში გადამიყვანეს, საიდანაც გავთავისუფლდი. როცა ჩემს რაიონში ვბრუნდებოდი, იმის შიში მქონდა, რომ ხალხს არ ესარგებლა იმით, რომ ქურდი აღარ ვიყავი და ჩემთან "პრავის კაჩავი" არ დაეწყო. წნორში ერთი მაგარი გოგო გავიცანი და დავუახლოვდი კიდეც. ის მაღაზიაში მუშაობდა. ერთხელ მასთან ტიბაანელი ბიჭი მისულა და ჩალიჩი დაუწყია. ამ გოგოს უთქვამს - სპარტაკმა არ გაგიგოს, თორემ, განანებსო. იმას კიდევ, დაუწყია - სპარტაკა ვინ არის, მაგის ასე და ისეო!.. იმ გოგომ ამბავი მომიტანა და იმ კაცის მანქანის ნომერიც მითხრა. იარაღი ავიღე და ტიბაანში წავედი. თან გოგონაც მახლდა. შინიდან გამოვიყვანე და ტყეში წავიყვანე. ვეუბნები - ხომ იცოდი, ჩემი ქალი იყო, რატომ აბამდი? ახლა, ან დაიჩოქე და ამ გოგოს ფეხები დაუკოცნე, ან 50 ათასი მანეთი მომიტანე-მეთქი. დაიჩოქა, მაგრამ მერე შემეხვეწა - ნუ მაკოცნინებ, ღირსებას ნუ შემილახავ და ფულს მოგიტანო. გავუშვი. ის ქურდებს დაჰკავშირებია. მათ "სტრელი" დამინიშნეს. მივედი. უამრავი ქურდი დამხვდა. მითხრეს - ქალთან ვაჟკაცებს რატომ აჩოქებ? ფულის დაწერა ასე როგორ შეიძლებაო!.. მე ვუთხარი - თქვენ ამის თქმის უფლება მაშინ გექნებოდათ, რომ არ დაჩოქილიყო; რადგან დაიჩოქა, ვაჟკაციც არ ყოფილა და რას მედავებით-მეთქი?!. - ფულს არ მოიტანსო. - მოიტანს-მეთქი. დავიწყეთ ჩხუბი. რა გინდა, ქურდებს ეომებიო?! - არ ვეომები, მაგრამ ჩემი გზიდან გადადექით; სადაც მე ვიქნები, იქ არ მოხვიდეთ, მე ჩემი სახელი მაქვს და სულაც არა აქვს მნიშვნელობა, ქურდი ვარ თუ არა-მეთქი. იარაღიც არ მქონდა თან, ამიტომ ვუთხარი - კარგი, ნუ მოიტანს ფულს-მეთქი, - და წამოვედი. ვიცოდი, ის ქურდები 50 ათასის ნაცვლად 10 ათას მოატანინებდნენ და დააიმედებდნენ, რომ მე ხმას აღარ გავცემდი...

ამასობაში შინ მივედი, იარაღი ავიღე და იმ ბიჭს ჩავუსაფრდი. დავიჭირე და მაგრად ვცემე; ვუთხარი - ფული მოიტანე, თორემ, ქურდები ვერ გიშველიან-მეთქი. ის უკან გაბრუნდა და ისევ მიჩივლა ქურდებთან. მაშინ თქვეს - ვიცოდით, რომ სპარტაკი სხვანაირად არ მოიქცეოდაო... ამის შემდეგ, ამ ტიპმა დაიწყო ფულის ნაწილ-ნაწილ მოტანა. მერე, რაღაცნაირად მის მიმართ სიმპათია გამიჩნდა და საკმაოდ დიდი თანხა ვაპატიე. მერე მანქანა მოჰპარეს. თბილისელი ქურდისთვის მიუკითხავს "ვაზვრატზე", იმას კი უთქვამს - სწორედ იმ ქურდებმა მოგპარეს მანქანა, ვისაც მაშინ საშველად დაუძახეო. ორჯერ მოჰპარეს მანქანა და ისევ თვითონ გაუკეთეს "ვაზვრატი"...

ქურდებს ჩემზე უთქვამთ - მარტო უნდა დავტოვოთო. მომიკლეს ერთი ძმაკაცი, მერე მეორე, მესამე... მეოთხე, ტყეში წაიყვანეს, 7 ტყვია ესროლეს, მაგრამ გადარჩა. დავრჩი მარტო... არც ერთი მკვლელობა არ გახსნილა. გამოდის, პოლიციაც იყო ამ საქმეში გარეული. ერთ ღამეს, მეც წამიყვანეს ტყეში და იარაღის მუქარით მითხრეს - არ გვინდა, რომ მოგკლათ, საქართველოდან წადი, თუ გინდა, რომ ცოცხალი დარჩეო. დავიწყე ფულის შეგროვება, რომ "სხადნიაკი" გამეკეთებინა და ჩემი საქმე ისევ მომეგვარებინა. ამას 1-2 ქურდი ვერ გადაწყვეტდა. მასის თავმოყრას კი დიდძალი თანხა სჭირდებოდა, მაგრამ პოლიციის თანამშრომლები არ მაცლიდნენ - ხან წამალს ჩამიდებდნენ და მერე დამიჭერდნენ, ხან საერთოდ, უმიზეზოდ მიჭერდნენ. ამის გამო გადავწყვიტე, რუსეთში წავსულიყავი და იქაურ გავლენიან ავტორიტეტებთან მომეგვარებინა საქმე. ჩავედი როსტოვში, რომ ფული მეშოვა; დავუკავშირდი რუს ავტორიტეტს ბორია ბრიანსკის, რომლის შესახებაც უკვე მოგიყევით. რამდენიმე ხნის შემდეგ კი, ტელევიზიით გამოაცხადეს, რომ ბორია მანქანაში ჩაცხრილეს.

უკვე ყველაფერზე ხელი ჩავიქნიე, გული ამიცრუვდა... ხალხიც გაოცებულია, ასე რომ შევიცვალე. აღარც "წამალს" ვიკეთებ, აღარც ძველებურ ცხოვრებას "ვაწვები"...

გააგრძელე კითხვა

მარი ჯაფარიძე

ჟურნალი "გზა", 2004 წელი