sheabi.ge პარალელურ სამყაროში (III-IV ნაწილი) - გზაპრესი

sheabi.ge პარალელურ სამყაროში (III-IV ნაწილი)

24 აგვისტო, ხუთშაბათი

11:00

პანდორა: დილა მშვიდობის, ზურა, როგორ ხარ? გინერვიულია, წუხელ რომ უცებ გავქრი, მაგრამ ჩემი ბრალი არ იყო. დენი გამოირთო და იმიტომ მოხდა ასე. ახლა არ გაგიკვირდეს, აჭარაში დენი რატომ გამოირთოო. ჩვენთან მოხდა მოკლე ჩართვა. ხელოსანმა მხოლოდ ამ დილით გააკეთა და მაშინვე კომპიუტერს მივუჯექი. შენ კი აქ არ ხარ... ახლა უნდა წავიდე, დღეს სარფში მივდივართ. საღამომდე არ ვიქნები. კარგად.) - ეს იყოს კოცნა. მე მოვიგონე შენთვის.

12:46

ზურა: აქ ყოფილხარ და ვერ გნახე... როგორ ხარ? ჰო, ვინერვიულე, უცებ რომ წახვედი. ახლა მშვიდად ვარ. ძალიან მინდოდა, შენთან ჭორაობა გვიანობამდე, მაგრამ არ გამომივიდა. იმედია, ამაღამ ვიჭორავებთ. კოცნა მომეწონა. )))))))))))

15:55

ზურა: ნატალი, იქნებ, გულმა გიგრძნოს, რომ მენატრები და ცოტა ადრე დაბრუნდე, სარფიდან? გელოდები.

18:25

ზურა: ნეტავ, ახლა სახლში რომ წავიდე და ამ საღამოს არ გამოვჩნდე, ინერვიულებ? მითხარი, სულერთია შენთვის, დამელაპარაკები თუ არა?

19:33

ზურა: უკვე 8-ის ნახევარია. ნატალი, მე შინ უნდა წავიდე. იქიდან გეჭორავები, საღამოს. ასე რომ, თუ ახლა მალე გამოჩნდები, არ გეგონოს, აღარ მოვალ.

22:40

ზურა: როგორც იქნა, გამოჩნდი! )))) როგორ ხარ? სარფი როგორ მოიარე? ნეტავ, შენთან ერთად ვიყო!..

პანდორა: ჩემო კარგო, უცებ აგითვისებია სიახლე და "კოცნებს" ხშირად მიგზავნი. ეტყობა, მოგეწონა. გუშინ ძალზე საინტერესო ადგილზე გავჩერდით. იმას მიყვებოდი, როგორ გაიცანი შენი მომავალი მეუღლე.

ზურა: ჯერ მომიკითხე მაინც, როგორ ვარ?

პანდორა: უი, მაპატიე, როგორ ხარ?

ზურა: კარგად!

პანდორა: ჰოდა, ვიცოდი, რომ კარგად იყავი და იმიტომ აღარ შეგეკითხე. :))) თბილისში ცხელა?

ზურა: რა თქმა უნდა, ცხელა. იწვის ყველაფერი. ლამის ხეებს ცეცხლი მოეკიდოს. შენ კი ხარ გრილად და ამინდებიც სწორედ საზღვაოა, არა?

პანდორა: კი, კარგი ამინდია. აქაც ცხელა. შენ რომ არ მიშლიდე ნერვებს, მშვენივრად ვიქნებოდი...

ზურა: რაოოოო??? ნერვებს გიშლი? ესეც ახალი ამბავი... რად მდებ ასე მძიმე ბრალს?

პანდორა: იმის მაგივრად, რომ დავისვენო და ყველანაირი ვალდებულებისგან თავისუფალი ვიყო, იძულებულს მხდი, რომ ყოველ საღამოს )და არა მარტო საღამოს) კომპიუტერთან ვიჯდე და შენ გესაუბრო... ახლა წესით, დამსვენებლები კაფეებსა და ბარებში სხედან და ერთობიან. მე კი ჩახუთულ ოთახში ვზივარ და კლავიატურაზე ვაკაკუნებ. აბა, ესაა საქმე?!

ზურა: ძალიანაც კარგი, თუ შინ ხარ და მე მესაუბრები. აბა, ახლა პატიოსან ქალს გარეთ რა უნდა? :))) ვინმე თვალს დაგადგამს, გადაგეკიდება, მოსვენებას არ მოგცემს და მერე, სისხლი უნდა დავღვარო. გეკითხები, რატომ? ასე ჯობია, დამიჯერე...

პანდორა: ოჰ, ოჰ, გამომივიდა ესეც სისხლისმსმელი... :))) ნეტავ, შენ რომ არ არსებობდი, როგორ ვცხოვრობდი? ვინ იყო ჩემი დამცველი?

ზურა: გოგო, მე რომ არ ვიყავი, მაშინ სხვა იყო. ახლა ხომ ვარ? ჰოდა, რასაც გეუბნები, დამიჯერე. სხვისთვის არ მემეტები და არც იფიქრო, რომ მიღალატო.

პანდორა: საერთოდ, ღალატობენ მას, ვისი კუთვნილებაც არიან. მე შენ ვერაფრით ვერ გიღალატებ, რადგან შენი არა ვარ და არც სიტყვა მაქვს მოცემული, რომ ოდესმე გავხდები...

ზურა: მაგას უკვე შენ აღარ წყვეტ, ჩემო სიხარულო, ეგ ჩემი გადასაწყვეტია და ფაქტობრივად, გადაწყვეტილია...

პანდორა: ვინ მოგცა მაგის უფლება, რომ არჩევანის საშუალებას არ მაძლევ?

ზურა: ჩემო გოგონა, რაღაც სხვანაირად ალაპარაკდი და არ მომწონს შენი ჭიკჭიკი. რაშია საქმე? რამ შეგცვალა?

პანდორა: სულაც არა! მე თავიდანვე ასეთი განწყობილებით ვიყავი. საქმე ისაა, რომ შენ მისაკუთრებდი და ახლაც ამას ცდილობ. ხომ არ ფიქრობ, რომ ცოლიანი მამაკაცისა და გასათხოვარი ქალის ურთიერთობა ძალზე რთული იქნება? 32 წლის როცა ხარ, ქალი გათხოვებაზე ფიქრობ და არა -საყვარელზე. შენ რას მთავაზობ?

ზურა: ეგ ყველაზე რთული კითხვაა, რომელიც კი ოდესმე დაუსვამთ ჩემთვის. პასუხის გაცემა მიჭირს. ერთადერთი, რაც ზუსტად ვიცი, ის არის, რომ შენი დაკარგვა არ მინდა.

პანდორა: მაშინ, ახლა მე წავალ, ცოტას გავისეირნებ და მერე დავიძინებ. შენ კი მოიფიქრე, რა გინდა და ხვალ მითხარი. თუ ერთი ღამე არ გეყოფა მოსაფიქრებლად, როცა შენ გენდომება, მაშინ მითხარი პასუხი. ახლა კი - კარგად! )))

ზურა: ახლა ვზივარ და გული მაქვს გახეთქვაზე. ეს რა მითხარი?! სიტყვებიც არ მყოფნის იმის გამოსახატავად, რასაც განვიცდი. ეს არის ერთმანეთში არეული სინანული, სიყვარული, შური, აღფრთოვანება, აღშფოთება, გაოცება, სევდა და დარდი... ახლა ჩემს მეგობარს დავურეკავ, სადმე წავალ, ცოტა ტვინს "გავანიავებ", ცოტას დავლევ და მთვრალ გონებაზე უფრო კარგად გადავწყვეტ, რა გავაკეთო. დროებით, ხვალამდე!

25 აგვისტო, პარასკევი.

11:22

ზურა: დილა მშვიდობისა, ჩემო სიხარულო... თავი მისკდება, ისეთი "პახმელია" ვარ. წუხელ ბევრი დავლიე. მენატრები. როდის გამოჩნდები? უკვე სამსახურში ვარ, მაგრამ ახლა წავალ და ლუდს დავლევ, რომ ცოტა აზრზე მოვიდე. შენ ალბათ პლაჟზე ხარ, არხეინად წამოწოლილი, მე კი ისეთი საფიქრალი გამიჩინე, თავგზა მაქვს აბნეული.

15:26

ზურა: არ გამოჩენილხარ... ეს ფსიქოლოგის ფსიქოლოგიური სვლებია, ალბათ, რომ უფრო შემაყვარო თავი... გელი. )))

18:05

ზურა: შინ მივდივარ. მთელი დღე არ გამოჩენილხარ. საღამოს რომ ტელეფონის ნომერი არ მითხრა, იცოდე, ჩამოვალ და თავზე დაგადგები... გპირდები... ცუდი გოგო ხარ! არ გკოცნი, რადგან არ იმსახურებ.

23:08

ზურა: როგორც იქნა, გამოჩნდი. რატომ მანერვიულებ?

პანდორა: როგორ ხარ?

ზურა: როგორ ვიქნები შენს ხელში?! ცუდად ვარ. წუხელ წახვედი და საფიქრალი დამიტოვე. დღეს კი მთელი დღე არ გამოჩნდი. ასე უნდა?!

პანდორა: აბა, შენი აზრით, პლაჟზე არ გავიდე? რისთვის ვარ აქ ჩამოსული?!

ზურა: კარგი, ისევ ნუ ვიჩხუბებთ, გთხოვ...

პანდორა: როდის ვიჩხუბეთ? მე არ მახსოვს...

ზურა: იცი, არასდროს არავისთან მქონია ასეთი ურთიერთობა. შენთან თავს ძალიან კარგად ვგრძნობ. მოდი, გავაგრძელოთ ურთიერთობა; რომ ჩამოხვალ, შევხვდეთ და მერე გადავწყვიტოთ, ვის რა გვინდა. თანახმა ხარ?

პანდორა: კარგი, მოვილაპარაკეთ! მომიყევი შენი ამბავი, რომელიც გუშინწინ დაიწყე.

ზურა: ჰო, იმას ვამბობდი, რომ ჩემი მომავალი მეუღლე სტუდენტობის პირველსავე დღეს გავიცანი. პირველ სექტემბერს უნივერსიტეტში რომ მივედი, აუდიტორიაში შესვლა ცოტა დავაგვიანე. მივდივარ დერეფანში და ვხედავ, რომ კუთხეში გოგონა დგას და ტირის. მივხვდი, ისიც ჩემსავით, პირველკურსელი იყო. დავინტერესდი, რატომ ტიროდა. მივედი და ვკითხე - ლამაზ თვალებს რატომ იწითლებ ცრემლებით-მეთქი (მაშინაც მეხერხებოდა, კომპლიმენტების თქმა)? შემომხედა და მითხრა: აუდიტორიას ვერ მივაგენი, რა მეშველება ახლაო?.. სიცილით მოვკვდი. ვკითხე, რომელ ფაკულტეტზე, რომელ ჯგუფში სწავლობდა და დავეხმარე, რომ ადგილზე მისულიყო. როდესაც აუდიტორიის კართან მივიყვანე, ვუთხარი: რომ არ დაიკარგო, ლექციების შემდეგ ისევ ამ კართან დამელოდე და დაგეხმარები გზის გაგნებაში-მეთქი. სრულიად შემთხვევით, რამდენიმე საათის შემდეგ იმ აუდიტორიასთან გავიარე და რას ვხედავ? ის გოგონა იქ დგას და მოთმინებით ინაცვლებს ფეხს. რომ დამინახა, გახარებული წამოვიდა ჩემკენ - მეგონა, დაგავიწყდა, აქ რომ გელოდებოდიო. ხომ არ ვეტყოდი, შემთხვევით გამოვიარე-მეთქი! ისეთი სახე მივიღე, თითქოს მართლა მასთან მივდიოდი. ხელკავი გამოვდე და უნივერსიტეტის ეზოში გავიყვანე. აქედან მე თვითონ წავალო, - მითხრა და გახარებული დამემშვიდობა. აი, ასე გავიცანი ხათუნა. გარეგნობით კარგი გოგონა იყო და მომეწონა კიდეც. თუმცა, მთელი წლის მანძილზე, გამარჯობის მეტი არაფერი მითქვამს მისთვის.

პანდორა: როგორც ჩანს, დედის კალთაზე იყო მიბმული და გაუჭირდა დამოუკიდებლად გზის გაგნება. :)))

ზურა: ის რაიონიდან იყო ჩამოსული და იმიტომ იყო დაბნეული. მაგრამ სასწავლო წლის ბოლოსთვის, უკვე ჩაცმულობაც სხვანაირი ჰქონდა, ქცევაც - გაცილებით თავდაჯერებული. მოკლედ, დამოუკიდებელი გახდა, უცებ მოერგო ქალაქს და ვერაფრით განასხვავებდი, თბილისში გაზრდილი გოგოსგან. პირველი კურსი დავხურეთ. არდადეგების შემდეგ რომ დავბრუნდით, გაცილებით დაქალებული და დასრულებული ჩანდა. მასთან ურთიერთობის გაღრმავებას არ ვჩქარობდი. რამდენიმე ხნის შემდეგ შევნიშნე, რომ ვიღაც ბიჭი აკითხავდა და შინ ერთად მიდიოდნენ ხოლმე. ერთ დღესაც, წინ გადავუდექი და ეჭვიანი ქმარივით ვკითხე - ვინ არის ის ბიჭი, ლექციების მერე რომ გაკითხავს-მეთქი? - შეყვარებულიაო, - მიპასუხა. სოფელში ერთად გაიზარდნენ, წინა წელს ის ბიჭი ვერ მოხვედრილა უმაღლესში და იმ წელს "გეპეიში" ჩარიცხულა. ერთმანეთი თითქმის ბავშვობიდან ჰყვარებიათ. ამან გამახელა და უკვე მასთან დაახლოება გადავწყვიტე. როდესაც პაემანი დავუნიშნე, უარი არ უთქვამს. გამიკვირდა, მაგრამ არ შევიმჩნიე. ჰო, იმის თქმა დამავიწყდა, რომ მეორე კურსზე გადასვლასთან დაკავშირებით, მამისგან საჩუქრად ავტომობილი მივიღე. ხშირად ვასეირნებდი ხათუნას თბილისის ქუჩებში და ვგრძნობდი, რომ მოსწონდა ჩემთან ურთიერთობა. მერე მოვთხოვე, რომ იმ ბიჭისთვის აეკრძალა მასთან მოსვლა და აღარ შეხვედროდა. დამემორჩილა. მოკლედ, ბევრი რომ არ გავაგრძელო, მეორე კურსის პირველი სემესტრი რომ დავხურეთ, ზამთრის არდადეგებზე, მეგობრებთან ერთად, ბაკურიანში გავიპარეთ. ის გამოიპარა, რადგან მშობლები არ უშვებდნენ, თორემ, მე რა გაპარვა მინდოდა?! ადგილზე რომ ჩავედით, ბინა ვიქირავეთ. სულ შვიდნი ვიყავით: 3 ბიჭი და 4 გოგო. გოგონები წყვილ-წყვილად განაწილდნენ ოთახებში, ბიჭები კი ერთ ოთახში მოვთავსდით. ერთ საღამოს, იმ გოგოს, ვინც ხათუნასთან ერთად იყო ოთახში, ვთხოვე, რომ ცოტა ხნით მარტო დავეტოვებინეთ. შუაღამემდე ვილაპარაკეთ. თურმე, მშობლებს გაუგიათ, რომ მათი ქალიშვშილი ბაკურიანში გაპარულა და სწორედ იმ ღამეს თავზე დაგვადგნენ. როდესაც მათი მოსვლის ხმა გაიგონა, ძალზე შეშინდა. დედამისს დანახვისთანავე უთხრა, - გავთხოვდიო. არადა, გეფიცები, გულშიც არ მქონია, ასე ადრე ცოლის მოყვანა და თითიც არ მქონდა დაკარებული. ხომ არ ვიტყოდი, - გატყუებთ-მეთქი? ჰოდა, დავიბრალე, რომ ხათუნას ქმარი ვიყავი და რა თქმა უნდა, ვეღარ გადავთქვამდი. ჩემს ოჯახს შევატყობინე, ცოლი მოვიყვანე-მეთქი. დედაჩემი მოსაბრუნებელი გახდა, მაგრამ რაღას იზამდა?! რამდენიმე დღის შემდეგ, ხათუნასთან ერთად, მივადექი ოჯახს. ერთ თვეში კი დიდი ქორწილიც გადავიხადეთ.

პანდორა: მოკლედ, ივანე კოტორაშვილივით, ძალით დაგაქორწინეს?

ზურა: ასე გამოდის. იმას ვერ ვიტყვი, რომ მისი საწინააღმდეგო მქონდა რამე. უბრალოდ, ჯერ არ ვაპირებდი ცოლის მოყვანას და ეგ იყო. ჩვენი ურთიერთობა კარგად წარიმართა, მაგრამ გარკვეული პერიოდის შემდეგ შევნიშნე, რომ ხათუნას პრეტენზიები გაუჩნდა. ძალზე ბევრს ითხოვდა, იცოდა, რომ მამაჩემი კარგ ადგილზე მუშაობდა და შესაბამისად, ფულიც ჰქონდა. ამის გამო ითხოვდა ყველაზე ძვირად ღირებულ ტანისამოსს, ნივთებს... როდესაც დაბადების დღეზე სუნამო ვაჩუქე, უკმაყოფილოდ გააქნია თავი და მითხრა - ამას სჯობდა, ოქროს სამაჯური გეჩუქებინა, ხომ იცი, რომ არ მაქვსო. ერთხელ ვიკამათეთ ამის თაობაზე და ასეთი რამ მითხრა: - მე შენ ცოლად იმიტომ გამოგყევი, ფული რომ გქონდა და ვიცოდი, არაფერს მომაკლებდი, თორემ, უფულო შეყვარებული მყავდა და ის მიყვარდა მაინცო... შოკში ჩავვარდი. ახლა ვნანობ, რომ ამ სიტყვების შემდეგ არ გავცილდი. მაშინ უკვე შვილიც გვყავდა, მაგრამ ბავშვს ყურადღებას არ მოვაკლებდი. ამ ამბის მერე მის მიმართ გრძნობა გამინელდა. კარგა ხანს არც კი ველაპარაკებოდი. მხოლოდ აუცილებელი ფრაზებით შემოვიფარგლებოდი და ეგ იყო. ამ ამბიდან მეორე დღეს, 2 წლის განმავლობაში პირველად ვუღალატე ცოლს და სინდისის ქენჯნა არ მიგრძნია. გადავწყვიტე - რადგან მას მხოლოდ ფული აინტერესებდა, მიიღებდა კიდეც, ხოლო სიყვრაულსა და სითბოს სხვას გავუნაწილებდი. მალე ერთი კარგი გოგონა მოვძებნე, რომელსაც შევუყვარდი და ჩემი ფული კი არა, მე თვითონ ვაინტერესებდი და მასთან ურთიერთობა ავაწყვე. ხათუნა ეჭვიანობდა, სცენებს აწყობდა, მაგრამ ყურადღებას არ ვაქცევდი. როგორც კი ჩხუბს დაიწყებდა, ფულს ვაძლევდი და უცებ მშვიდდებოდა. აღარ აინტერესებდა, სად დავდიოდი. მისი გონება იმაზე ფიქრით იყო დაკავებული, თუ რაში დაეხარჯა ის ფული... დღემდე ასე ვცხოვრობთ. მე ჩემთვის, ის - თავისთვის. მთავარია, ფული არ მოაკლდეს. თუ ეჭვიანობს, მხოლოდ იმიტომ, რომ არ დამკარგოს და ფული არ შემოაკლდეს.

პანდორა: ასე გულახდილად თუ გილაპარაკია ვინმესთან ამ თემაზე?

ზურა: არა, არ მილაპარაკია. ამის საკუთარ თავთან აღიარებაც კი მიჭირს ხოლმე. არ გამიმართლა და ვერ შევარჩიე ცხოვრების მეგზური...

პანდორა: ყველაფერი კარგად იქნება, ჩემო ზურა. ახლა კი, უკვე ღამის 4-ის ნახევარია და დავიძინოთ. ხვალ განვაგრძოთ ჩვენი საუბარი. კარგად! )))

ზურა: კარგად, ჩემო სიხარულო, ხვალამდე. ))))))))) მე უფრო მეტი გაკოცე... აი, ასე!

26 აგვისტო, შაბათი.

10:34

ზურა: გამარჯობა, ნატალი... დღეს შაბათია და ვისვენებ. თუ შენც მთელი დღე შინიდან არ გახვალ და ვისაუბრებთ, კარგი იქნება.

პანდორა: დილა მშვიდობის! როგორ გეძინა?

ზურა: კარგად, შენ? ასე ადრე რატომ ადექი?

პანდორა: მიჩვეული ვარ ადრე ადგომას და დილაობით ვერ ვიძინებ. არსად მიდიხარ?

ზურა: არა, სად წავალ? ვერ გშორდები.

პანდორა: ნუ სულელობ...

ზურა: არ ვსულელობ, სიმართლეს გეუბნები. გულში მიზიხარ და არსად გაგიშვებ აქედან.

პანდორა: გადაკეტავ გულის კარებს, რომ გულიდან არ გაგექცე?.. :)))

ზურა: დიახაც...

პანდორა: :))) მოდი ჩემთან...

ზურა: ნუ მაგიჟებ ახლა, თორემ იცოდე, მართლა წამოვალ... მოდი, წამოვალ შენთან და ეს შაბათ-კვირა ერთად გავატაროთ.

პანდორა: არა, არ ჩამოხვიდე! ერთ კვირაში მე თვითონ ჩამოვალ... მერე ტყეში წავიდეთ და ქოხი ავიშენოთ. რას იტყვი?

ზურა: მე რა უნდა ვთქვა? მთავარია, შენ იყო... და მე... და მეტი არავინ... დიდი ხნით... დაუსრულებელი ალერსის წვიმით... კოცნის სეტყვით...

პანდორა: ღამით, როდესაც ვიძინებ მე, იღვიძებენ ჩემი სიზმრები. მათთან ერთად მოდიხარ შენც, სასთუმალთან ოცნებასავით ჩამომიჯდები და მერე მე მთელი ღამე ვგრძნობ შენს თბილ ხელებს ჩემს სხეულზე. ვგრძნობ, როგორ ტკბილად მეჩურჩულები და შენი ტუჩები ეძებს ჩემს სუნთქვას, რომელსაც ჯერ არგანცდილის საამური სურნელი ახლავს. დილით, როდესაც ვიღვიძებ მე, იძინებენ ჩემი სიზმრები. მათთან ერთად, შენც მიდიხარ და მიგაქვს ჩემი ოცნებები და ფიქრები. მერე მე მთელი დღე ველოდები დიდი მზის ჩასვლას, რათა დავიძინო მე და გაიღვიძონ ჩემმა სიზმრებმა...

ზურა: ნატალი, შენ შემოგევლე, ძალიან მიყვარხარ... გესმის?

პანდორა: კარგი, ახლა, წავედი. კარგად...

ზურა: სად წახვედი, გოგო?! როგორ გეხერხება ჩემი გაგიჟება!.. ახლა საღამომდე რა მოიცდის?! ღმერთო, "ნა სამომ ინტერესნომ მესტე"! კარგი, გკოცნი...

22:38

ზურა: სად ხარ, ნატალი? როდის მოხვალ?

პანდორა: აქ ვარ!

ზურა: ვააა, გულმა გიგრძნო?! როგორ ხარ?

პანდორა: როგორ ვარ და კარგად. რამდენიმე ჭიქა კონიაკი მაქვს დალეული და თავს მშვენივრად ვგრძნობ.

ზურა: ვა, სად დალიე?

პანდორა: მე, ჩემმა მეგობარმა და მეგობრის დეიდამ გადავწყვიტეთ, თითო ჭიქა დაგველია, თითოს მეორე მოჰყვა, მერე - მესამე და ასე შევჭიკჭიკდით... ლოთი კი არ გეგონო...

ზურა: ნატალია, შე ლოთო! :))) ხვალ "პახმელია" იქნები... დავიწვი, აქ ისე ცხელა. აქ მაინც მყავდე, ქალაქიდან გავიდოდით და საღამომდე არ ჩამოვიდოდით. რომ მიმატოვე აქ ასე უპატრონოდ და წახვედი, რა ვქნა ახლა მე?

პანდორა: ცივი შხაპი მოგიხდება.

ზურა: ცივი შხაპი კი არა, შენი კოცნა უფრო მომიხდებოდა...

პანდორა: უი, რატომ თავი არ მომიკვდება, რა მითხარი, ბიჭო, ეგ?! ახლა გავიბუტები, იცოდე...

ზურა: არა, არა, არ გაიბუტო... მოდი, იმ დედა-შვილის ამბავი მომიყვი, ხომ გახსოვს, სად გაჩერდი? როცა გოგონას შეყვარებული დედამ სახლში დაიბარა. რა მოხდა მერე?

პანდორა: ამის შემდეგ, გოგონამ სიტყვა დედას დაუთმო. მან კი მოყოლა სწორედ იქიდან განაგრძო, როცა შვილის შეყვარებული მასთან სახლში მივიდა: ჩვენ ბევრი ვისაუბრეთ. მინდოდა, გამეფრთხილებინა, რომ ჩემი გოგონასთვის არაფერი დაეშავებინა. პატარა ბავშვივით თავჩაღუნული იჯდა და მისმენდა. პირველსავე შეხვედრისას შემიქანდა გული. ის გარეგნულად ძალზე კარგი მამაკაცია. ვესაუბრებოდი და თავში ათასი სისულელე მომდიოდა. ჩემს თავს ვიჭერდი იმაში, რომ არ მინდოდა, წასულიყო. ბევრი ვისაუბრეთ და რომ წავიდა, გული დამწყდა. ვერაფრით ამოვიგდე თავიდან მისი გამოხედვა, თვალები, სახე, აღნაგობა და მანერები. ჩემი შვილი შინ რომ დაბრუნდა, მისთვის თვალებში შეხედვის მერიდებოდა. ვგრძნობდი, რომ უკვე მიყვარდა მამუკა. თითქმის მთელი თვის განმავლობაში კრინტიც არ დამიძრავს იმაზე - არ შეხვდე-მეთქი. წინათ სულ ამას ჩავჩიჩინებდი, ახლა კი, ხმასაც აღარ ვიღებდი. როდესაც მამუკა ტელეფონზე რეკავდა და ყურმილს მე ვიღებდი, ხმა მიწყდებოდა, მუხლები მიკანკალებდა. საკუთარ შვილზე ვეჭვიანობდი. დიდი ხანი დამჭირდა საიმისოდ, რომ გადაწყვეტილება მიმეღო. ბოლოს მივხვდი, რომ მამუკასთან ურთიერთობის გარეშე ჩემს ცხოვრებას აზრი არ ექნებოდა და გადავწყვიტე, გადმომებირებინა. საქმე ის იყო, რომ თავს გასამართლებელი მიზეზიც მოვუძებნე. რადგან ის ჩემს შვილზე გაცილებით უფროსი იყო, ამის გამო გადავწყვიტე მათი დაშორება. ჩემს თავსაც კი არ ვუმჟღავნებდი, რომ სინამდვილეში, მისი სიყვარული მკლავდა. გადაწყვეტილება რომ მივიღე, როგორც იქნა, შვებით ამოვისუნთქე და ჩემი შვილის შევიწროება დავიწყე.

ზურა: ნატალი, სულ ნახევარი საათით გავალ და დავბრუნდები, მაპატიე. რომ მოვალ, გეტყვი, სადაც ვიყავი.

პანდორა: კარგი, წადი, ხვალამდე გემშვიდობები. ახლა, მაინც უკვე გვიანია. ნეტავ, სად მიდიხარ ამ შუაღამისას?

02:05

ზურა: ახლა დავბრუნდი, ჩემო სიცოცხლევ, მაგრამ როგორც ჩანს, შენ უკვე ტკბილად გძინავს... კარგი, ხვალამდე.

27 აგვისტო, კვირა.

08:12

ზურა: ჩემო კარგო, ახლა ქალაქიდან გასვლა მიწევს, მაგრამ საღამოს აუცილებლად დავბრუნდები და ვისაუბროთ. დროებით. ))))

11:25

პანდორა: კეთილი მგზავრობა... საღამომდე.

22:30

ზურა: ვა, უკვე აქ ხარ?! როგორ ხარ? ასე ადრე რატომ ხარ საიტზე?

პანდორა: შენ გელოდი! :)))

ზურა: მე მელოდი თუ სხვას ელაპარაკებოდი?.. ნუ მაეჭვიანებ, იცოდე!.. არავინ შეგიყვარდეს... ისე, არასდროს არავინ გყვარებია? ბოლოს როდის იყავი შეყვარებული?

პანდორა: რომ მოგიყვე, შესაძლოა, არ მოგეწონოს... გინდა, იცოდე?

ზურა: მე შენ შესახებ ყველაფერი უნდა ვიცოდე, მომიყევი!

პანდორა: კარგი, მოგიყვები. ყველაზე სერიოზული სიყვარული ამ 4 წლის წინ მეწვია, სრულიად მოულოდნელად. ერთ დღეს ციხის ადმინისტრაციიდან დამირეკეს, მითხრეს, რომ პატიმარს ფსიქოლოგთან შეხვედრა უნდოდა და მთხოვეს, მივსულიყავი. პატიმარი, მკვლელი და რეციდივისტი იყო. იცოდნენ, რომ დანაშაული ჩადენილი ჰქონდა, მაგრამ ვერ უმტკიცებდნენ. თვითონ მოუთხოვია, ფსიქოლოგის დახმარება მჭირდებაო, მათაც იფიქრეს, რომ შეიძლებოდა, ამ სიტუაციის მათთვის ხელსაყრელად გამოყენება. ვიდრე პატიმართან შემიყვანდნენ, კარგა ხანს მესაუბრნენ და მითხრეს, რომ ჩემი ძირითადი ამოცანა მისგან ჩვენების მიღება იყო.

ზურა: მერე, დათანხმდი?

პანდორა: დავთანხმდი, სხვა გზა არ მქონდა. მაგრამ შევასრულებდი თუ არა მიცემულ პირობას, - ეგ სხვა საკითხი იყო. როგორც მოძღვარს არა აქვს უფლება, საიდუმლოს გათქმისა, ისე - ფსიქოლოგს. არასოდეს მიმუშავია პატიმართან. ჩემთვის პროფესიული თვალსაზრისით, ძალზე საინტერესო შემოთავაზება იყო და არავითარ შემთხვევაში უარს არ ვიტყოდი. არ ვიცი, რატომ, მაგრამ ვიდრე პატიმართან საკანში შემიყვანდნენ, სარკეში თმა შევისწორე და ისე გავყევი ციხის თანამშრომელს. გავიარეთ ბნელი დერეფანი. იქ ისეთი პირქუში გარემოა, ადამიანი ძალაუნებურად ითრგუნები. საკნებიდან მამაკაცების ხმები ისმოდა. შიშის გრძნობა დამეუფლა და ციხის თანამშრომელს ვთხოვე - იქნებ, სადმე, მაგალითად, უფროსის კაბინეტში მოეცათ პატიმართან საუბრის საშუალება, მაგრამ გადავიფიქრე, რადგან მის სამფლობელოში გაცილებით გულახდილი საუბარი გამოგვივიდოდა. შიში დავთრგუნე, იმ იმედით, რომ საკნის კართან დაცვა იქნებოდა და საშიშროება არ მელოდა. დიდი, მძიმე კარის საკეტი ჩხაკუნით გაიღო და საკანში შევაბიჯე...

ზურა: გული მიმდის. მერე?

პანდორა: ხომ იცი, ბრაზილიურ ტელესერიალებში როგორ ხდება ხოლმე? სერია ყოველთვის ყველაზე საინტერესო ადგილზე წყდება. ასე იქნება ახლაც... დროებით დაგემშვიდობები და ხვალ მოგიყვები დანარჩენს. ახლა კი - )))

ზურა: ოჰ, ნატალი, როგორ გიყვარს ჩემი წამება!.. მეტი რა გზა მაქვს?!. კარგად! მეც გკოცნი...

28 აგვისტო, ორშაბათი.

10:35

ზურა: დილა მშვიდობისა, ჩემო ნატალი, მარიამობას გილოცავ, ჩემო კარგო. აქ რომ იყო, ერთად აღვნიშნავდით, მაგრამ მომიწევს შენი სადღეგრძელოს უშენოდ შესმა... იმედია, შემოხვალ დღისით მაინც და ცოტას გავისაუბრებთ. აბა, დროებით...

10:42

პანდორა: მე მინდოდა, მომელოცა პირველს, მაგრამ დავაგვიანე. უკვე ყოფილხარ საიტზე და წასულხარ. თანაც, სულ 4 წუთით გამასწარი. გილოცავ, მარიამობას. საღამოს შევხვდებით...

13:22

ზურა: გული დამწყდა, რომ ვერ დაგელაპარაკე. ნატალი, საღამოს მეგობრებთან ერთად აღვნიშნავ დღესასწაულს და ცოცხალი თუ მკვდარი, 12 საათზე შინ ვიქნები. გთხოვ, მაგ დროისთვის შენც მოდი, რააააა...

23:46

პანდორა: მე უკვე აქ ვარ, მაგრამ არ ჩანხარ. მგონი, არც გახსოვს, რომ მთხოვე, მოდიო... დაგელოდები...

00:02

პანდორა: ზურა, ნამდვილად დაგავიწყდი, თორემ მოხვიდოდი. მე კი, თან თამადა ვარ და თან შენ გწერ მესიჯებს. როცა მოხვალ, მომწერე და ხმას გავიგებ. გელი.

განაგრძე კითხვა

მარი ჯაფარიძე

რომანი განახლდება ყოველღამ, 12:00 საათზე