sheabi.ge პარალელურ სამყაროში (V-VI ნაწილი) - გზაპრესი

sheabi.ge პარალელურ სამყაროში (V-VI ნაწილი)

00:14

ზურა: მოვედი! სად ხარ, ჩემო ბარტყო?

პანდორა: აქ ვარ. რატომ დააგვიანე?

ზურა: სულ 14 წუთი დამაგვიანდა. არ მეჩხუბო. :)))

პანდორა: უჰ, როგორ გეშინია ჩემი ჩხუბის!

ზურა: ჰო, არ მეშინია, მაგრამ მაინც რატომ უნდა ვიჩხუბოთ? მითხარი, როგორ იყავი დღეს? წეღან ყური მოვკარი, რაო? თამადა ვარო?

პანდორა: კი, თამადა ვარ! სტუმრები გვყავს და ჩვენც დღესასწაულს აღვნიშნავთ...

ზურა: აკი გითხარი, ლოთი ხარ-მეთქი? :))) იცოდე, არ შემარცხვინო. ვინ არიან სტუმრები?

პანდორა: ვეცდები, კარგად მოვიქცე. შეგიძლია, იეჭვიანო, რადგან სტუმრებს შორის მამაკაცებიც არიან...

ზურა: აუფ, ახლა გინდა, რომ გადავირიო? ნატალი, ხომ იქცევი ჭკუით? ჩემი ხარ, იცოდე და არ გაპატიებ ღალატს.

პანდორა: 7 ჭიქა ჯერ არ მეტყობა, ხომ? :)))

ზურა: :))) ჯერ არა.

პანდორა: წინასწარ გაფრთხილებ, გამაჩერე, თუ ზედმეტი გაკადრე რამე...

ზურა: რას ამბობ, გოგო, რა უნდა მაკადრო? ცუდი სიმთვრალე გაქვს?

პანდორა: ცუდი სიმთვრალე მქონდა, მაგრამ დღეიდან გამოვიცვლები, გეფიცები!

ზურა: თუ "ჭედავ" ხოლმე, მიდი, "გაჭედე". მაინტერესებს, რას გააკეთებ.

პანდორა: შეიძლება ძალადობის მსხვერპლი გახდე! :)))

ზურა: :))) ნუ გეშინია, ავიტან... უცხოები ხომ არ ვართ? შეგიძლია მითხრა ის, რასაც ფიქრობ...

პანდორა: ბიჭო, უცხოები ვართ, აბა, რა ჯანდაბა ვართ? ყველაფერს ვერ გეტყვი...

ზურა: მიდი, შაუბერე!

პანდორა: მუ მაქეზებ...

ზურა: მიდი-მეთქი! :))) ლოთო, სად წახვედი, ვნერვიულობ...

პანდორა: არაფერსაც არ გეტყვი... ან რა უნდა მეთქვა? დამავიწყდა... :(((

ზურა: ოჰ, შე ცუღლუტო! ახლა მანდ ვიყო ან შენ იყო აქ!

პანდორა: რას იზამდი?

ზურა: ისე ჩაგეხუტებოდი, რომ ვერავინ "ამადღლიზავდა"...

პანდორა: ზურიკო, ნუ აღვიძებ ვულკანს და ცეცხლს ნუ ეთამაშები...

ზურა: მოდი, ჩემო ვულკანო, ჩემთან...

პანდორა: რა იყო, მიჩალიჩებ? :)))

ზურა: კი, მინდა "აგაგდო", მომწონს, როცა გულახდილი ხარ. შემოგევლე, მართლა მინდა, რომ ერთად ვიყოთ. იცი, რამდენს მოგეფერებოდი? ძალიან ბევრს!

პანდორა: ძუუ-რიიი-კოოო!

ზურა: ძურიკო კი არა, ზურიკო!

პანდორა: არა, მე ასე მინდა და ამის მერე ძურიკოს დაგიძახებ, მოფერებით.

ზურა: მიყვარხარ, ნატალი!

პანდორა: აბა, დედა დაიფიცე...

ზურა: ჩემი პატარა, სულელი ბაიკო ხარ! სიტყვები არ მყოფნის, არ ვიცი, როგორ მოგეფერო... მე უფრო ვნებიანი კოცნა მოვიგონე: *) აი, ეს და ძალიან ბევრს გკოცნი... ნატალი, ხმას რატომ არ იღებ? შენ მაგარი "ბუხოი" ხარ, მგონი... სად ხარ, გოგო, გადავირიე...

პანდორა: შენ ამათი გადარევა უნდა ნახო, კომპიუტერს დავამტვრევთ, თუ სუფრასთან არ დაჯდებიო, მეუბნებიან.

ზურა: არ წახვიდე, ნატალი, თორემ მოგიკვდები...

პანდორა: არ მივდივარ, რამდენიც უნდათ, იჩხუბონ, მე შენთან მინდა...

ზურა: მე კი შენთან... აქ რომ იყო, იმდენს გაკოცებდი, ვერ დაითვლიდი...

პანდორა: არ დავითვლიდი, მაგრამ მაინც არ მეყოფოდა... დილიდან საღამომდე მაკოცებდი?

ზურა: დილიდან მეორე დილამდე...

პანდორა: და კიდევ, მეორე საღამომდე, ჰოოო?

ზურა: ჰო, ჰო და კიდევ ბევრ "საღამომდე"...

პანდორა: ეჰ, რა ბავშვივით, უაზროდ ვიქცევი!

ზურა: რატომ უაზროდ?

პანდორა: აბა, თვალით უნახავ კაცს ასე რომ ველაპარაკები, მთელი დღე მასზე რომ ვფიქრობ და მასთან ყოფნა მინდა, ამას შეიძლება, აზრიანი საქციელი ვუწოდოთ? მხოლოდ ერთი რამ ვიცი, რომ ეს სურვილია და არა სიყვარული...

ზურა: ეს არც შეიძლება, სიყვარული იყოს, სანამ ერთმანეთს თვალებში არ ჩავხედავთ, სანამ ერთად არ ვიქნებით, სანამ უერთმანეთოდ ყოფნა აღარ შეგვეძლება... მე ნამდვილ სიყვარულზე გეუბნები, თორემ ისე ახლაც მიყვარხარ. ის გრძნობა კი, რაც ზემოთ ჩამოთვლილის შემდეგ მოდის, სულ სხვაა...

პანდორა: შენ მაგის სურვილი გაქვს?

ზურა: ძალიან დიდი სურვილი... შენ?

პანდორა: ალბათ ჩემი სურვილი გაცილებით დიდია, რადგან შენ უკან მაინც დგანან ის ადამიანები, ვისაც შენი ოჯახი ჰქვია. ჩემ უკან კი სრული სიცარიელეა...

ზურა: შენც იქნები ჩემს ზურგს უკან, ვიზრუნებ შენზე, გაგიფრთხილდები... შენ მარტო "ჰო" თქვი და შენი ცხოვრება ისე წავა, როგორც შენ გაგიხარდება...

პანდორა: მერე, რა პასუხს აძლევ "ოფიციოზს"?

ზურა: საიდან მოიტანე ეს სიტყვა? მაგარი ტიპი ხარ! "ოფიციოზში" ალბათ ცოლს გულისხმობ, არა? მას თავისი ადგილი აქვს და არავითარი პასუხის გაცემა არ სჭირდება... მე მას არაფერს ვკითხავ...

პანდორა: ახლა შენ გვერდით უბედნიერეს ადამიანად ვიგრძნობდი თავს... შენი ფრთის ქვეშ შევიყუჟებოდი, მოგეხუტებოდი... არ დამცინო, თორემ აღარაფერს გეტყვი...

ზურა: ჩემი ბარტყი ხარ! ეგ დროც მოვა, სიხარულო, შენ არ გინდა, თორემ ახლაც წამოვალ, თუ ნებას დამრთავ...

პანდორა: იცი, რომელი საათია? დილის 5-ია... მთელი ღამე გავათენეთ. დავიძინოთ...

ზურა: კარგი, როგორც გინდა. ძილი ნებისა. დილით შეგეხმიანები...

პანდორა: უკვე დილაა, გამარჯობა!

ზურა: :))) ბევრს გკოცნი...

29 აგვისტო, სამშაბათი.

10:05

ზურა: ახლა გავიღვიძე... და მაინც მიყვარხარ...

13:56

ზურა. ისევ გძინავს, გოგო? გაიღვიძე, მენატრები:

14:45

პანდორა: აქ ხარ? რას აკეთებ საიტზე უჩემოდ? ვის ელაპარაკები?

ზურა: არავის, შენ გელოდები...

პანდორა: სახლში ხარ?

ზურა: არა, სამსახურში. გამოიძინე?

პანდორა: კი, გამოვიძინე, მაგრამ თავი მტკივა. წავალ ახლა და საღამოს შეგეხმიანები*)*)*)*)

ზურა: მეც გკოცნი და გელოდები.

22:09

ზურა: აქ ხარ? გამიხარდა!

22:17

ზურა:. მაჩვენებდა, რომ აქ იყავი :(((( არა უშავს, მოხვალ და მერე გამიხარდება. ისე მინდა შენთან საუბარი, რომ სიგიჟემდე ვარ მისული. ძალიან შეგეჩვიე და ძალიან მიყვარხარ. სკოლის მერე ასე არ ვყოფილვარ. ღრუბლებში დავფრინავ, როცა შენზე ვფიქრობ. არადა, სულ შენზე ვფიქრობ! ძალიან მჭირდება შენი სუნთქვა ჩემ გვერდით, შენი შეხება, შენი შეგრძნება, შენი სიყვარული და საერთოდ, შენ მჭირდები, ჩემო სიცოცხლევ... არ ვიცი, თვალით უნახავი ქალი რამ შემაყვარა ასე თავდავიწყებით, მაგრამ გრძნობებს ვერ ვერევი. შენ ის ხარ, ვინც მე ასე ძალიან მჭირდება... მოკლედ, მიყვარხარ! თანაც, ძალიან... ვზივარ და კომპიუტერის მონიტორს მივჩერებივარ. საქმეები მოიცდის...

23:01

პანდორა: ძალიან დავაგვიანე?

ზურა: კი, ძალიან მენატრებოდი... კარგი სიმთვრალე გქონია, როგორი გულახდილი იყავი წუხელ...

პანდორა: ასეთ სიტყვებს ნუ მეუბნები. მე მეშინია შენი... მოდი, რამდენიმე დღე ნუ დავეკონტაქტებით ერთმანეთს, ცოტა ტვინები გავაგრილოთ...

ზურა: გაგიჟდი? ვერ ავიტან, არ არსებობს, მაგაზე არც იფიქრო!

პანდორა: იქნებ გადაგვიაროს?

ზურა: არ არსებობს! ეს ჩვენ აღარ გადაგვივლის... მე გავაფრენ, რომ ვერ დაგელაპარაკო... მაგაზე არც იფიქრო, არაფერი გამოვა... შენთან მინდა...

პანდორა: ასე, ყოველდღიური კონტაქტით უფრო გავაგიჟებთ ერთმანეთს. ვერ წარმოვიდგენდი, რომ ამ საიტზე გაცნობილი ადამიანით ასე სერიოზულად დავინტერესდებოდი. ვკაიფობდი "პოლნი ხოდით" და მგონი, გავები... ისე, რა საოცარია, ცხოვრება, არა?

ზურა: მართლაც... ახლა შენს ერთ კოცნაში 10 წლის სიცოცხლეს მივცემდი...

პანდორა: სხვა თემაზე ვილაპარაკოთ...

23:22

პანდორა: სად წახვედი? მიმატოვე? იცოდე, ვიტირებ... ახლა მოვაღებ პირს და: ააააა... უუუუუუ... უჰუ, უჰუ, უჰუ... აღარ მიყვარხარ! ყველა კოცნა დამიბრუნე, ახლავე!

ზურა: არ იტირო, პატარავ, აქ ვარ! მითხარი, ვინ გაგაბრაზა! ხომ იცი, მე რა მაგარი ვარ! ყველას გავლახავ! მე ვერავინ მომერევა!

პანდორა: არსად არ გითქვამს, აქამდინ,

არსად არ დაგიკვეხნია,

ვაჟკაცს, ქალებში მკვეხარსა,

თავზე დაეცეს მეხია...

ზურა: გოგო, ნუ მწყევლი... არ ამიხდეს და მართლა არ დამეცეს მეხი. :))) მაინდ არ მომიყვანო, თორეეეემ...

პანდორა: მოდი, თუ მომავალი ხარ,

მომწყინდა შენი ლოდინი,

თუ ამაღამაც არ მოხვალ,

მიწამც დაგიგოს ლოგინი...

ზურა: რა დაგიშავე? რად მწყევლი? კი ვიცი, ლექსის წერას რა აწყებინებს ადამიანს... მესმის შენი, მესმის...

პანდორა: არაფერიც არ გესმის... რომ გესმოდეს, ახლა აქ იქნებოდი, ჩემ გვერდით... ეს ლექსები კი ხალხურია...

ზურა: ნუ გადამრიე, გოგო, ავდგები და მართლა წამოვალ, აი, ნახავ, თუ არა!

პანდორა: ერთი რამე მინდა გითხრა. მხოლოდ ახლა და ამას მეორედ არ გავიმეორებ...

ზურა: გისმენ...

პანდორა: საკმაოდ მწარე გამოცდილება მივიღე ცხოვრებისგან. დიდი ტკივილი ჯერ კიდევ ვერ ჩავაბარე წარსულს... ცუდად რომ მომექცე, იცოდე, ჩემს მკვლელობაზე აწერ ხელს... კარგად დაფიქრდი, ვიდრე რაიმე გადაწყვეტილებას მიიღებდე...

ზურა: ნუ გეშინია, ჩემო პატარავ, მე შენ გულწრფელად მიყვარხარ და გულს არასოდეს გატკენ... მომიყევი შენი ტკივილის შესახებ, ვგრძნობ, იმ ამბავთან არის დაკავშირებული, 2 დღის წინ რომ დაიწყე მოყოლა. გისმენ. იქ გაჩერდი, პატიმართან, საკანში რომ შეგიყვანეს...

პანდორა: საკანში 1 მაგიდა, 1 სკამი და 2 "ნარი" იყო. ნესტიანი და კედლებჩამონგრეული ოთახი იყო, მაგრამ მიუხედავად ამისა, შიგ სანიმუშო სისუფთავე სუფევდა. მაგიდის კიდეზე იყო ჩამომჯდარი ჩემი პაციენტი და ინტერესით მაკვირდებოდა. თვალი თვალში გავუყარე. ერთმანეთს მზერა გავუშტერეთ, თითქოს ვეჯიბრებოდით, რომელი უფრო ჯიუტი ვიყავით. ჩემ უკან კარი რომ დაიხურა და ჩაიკეტა, მხოლოდ მაშინ მოვაცილეთ ერთმანეთს მზერა და ის უცებ წამოდგა. - აგერ დაბრძანდითო, მითხრა და ერთ "ნარზე" მიმითითა. ჩამოვჯექი. თვითონ ჩემ მოპირდაპირე მხარეს დაჯდა. ოთახი ისეთი ვიწრო იყო და ისე ახლოს ვისხედით ერთმანეთთან, რომ უხერხულობას ვგრძნობდი. მისი სუნთქვაც კი მესმოდა...

ზურა: შეიძლება, გული გამიჩერდეს, ისე ვეჭვიანობ...

პანდორა: წელში გავსწორდი. ის კი "ნარზე" ავიდა, ლოტოსის პოზაში დაჯდა და ზურგით კედელს მიეყრდნო... როგორც იქნა, შევხვდითო - მითხრა, თვალები მოჭუტა და თან ისე კარგად და კეთილად გაიღიმა, რომ მაშინვე დადებითად განვეწყვე მის მიმართ.

ზურა: იცნობდით ერთმანეთს?

პანდორა: მეც ეგ ვკითხე, რადგან ვერ ვიცანი. მითხრა, შენი პროფესიის ადამიანს გაცილებით უკეთესი მეხსიერება უნდა გქონდესო... მე კი ეჭვიც არ მეპარებოდა, რომ პირველად ვხედავდი.

ზურა: გარეგნობით აღმიწერე, მაინტერესებს, როგორი იყო...

პანდორა: შენ მგონი, სერიოზულად ეჭვიანობ. :))) გარეგნობით ძალზე სიმპათიური იყო, ისეთი, ნებისმიერ ქალს რომ მოხიბლავდა: მაღალი, შავგვრემანი, ლამაზი ნაკვთებით, განიერი მხრებით, მეტყველი თვალებით, საფეთქლებთან შეჭაღარავებული თმით. ასაკით 38 წლის იყო, ჩემზე 10 წლით უფროსი. მის ყველა მოძრაობაში სიამაყე და თავდაჯერებულობა იგრძნობოდა. სუფთად ჩაცმული, მოწესრიგებული იყო და საკანში ძვირად ღირებული ოდეკოლონის სუნიც იდგა. ჩემი გონება დაძაბულად მუშაობდა. ვცდილობდი, გამეხსენებინა, სად შეიძლებოდა, მენახა ეს ადამიანი, მაგრამ ვერაფერი გავიხსენე: მიხვდა ჩემს გასაჭირს: იმედი არ მაქვს, რომ გამიხსენებთ, ტყუილად წვალობთ, დრო მოვა და მე თვითონ გაგახსენებთ, ჩვენი შეხვედრის ყველა დეტალსო, - მითხრა. უსიტყვოდ დავუქნიე თავი. ეტყობა, დაბნეულობა სახეზე მეწერა, რადგან თავად გამამხნევა: მე თქვენთან საუბარი მინდა, უბრალოდ - საუბარი; ჩუმად მომისმინეთ და თუ კითხვა გაგიჩნდებათ, მხოლოდ მაშინ გამაჩერეთო. - ჩვენ სულ 2 საათი გვაქვს დრო-მეთქი, - ვუთხარი. - ნუ დაგავიწყდებათ, რომ ყოველდღე, 2 საათი... ეს "ყოველდღე" კი შესაძლოა, მთელი ცხოვრება გაგრძელდეს, ვიდრე ამათ ფულს გადავუხდიო, - თავი კარისკენ გადააქნია. როგორ, ფულს იხდით-მეთქი? ხმამაღლა გაიცინა: - ჩემო ნატალი, აქ რომ ვსუნთქავ, იმაშიც ფულს ვიხდი, აბა, უფასოდ ვინ რას გამიკეთებს? ისიც ვიცი, რომ შენ ჩემს დასამუშავებლად გამოგიყენებენ, თან ფულს გადავიხდი, თან - ჩვენებას მიიღებენ. ასე ჰგონიათ ამ საცოდავებს. ჩვენს ლაპარაკს რომ უსმენენ, ეგეც ვიცი. ჰოდა, ცოტა ხანში მიხვდებიან, რომ ისეთს არაფერს გეტყვი, რაც მათ აინტერესებთ და მეტყვიან, რომ ფსიქოლოგს ჩემთან აღარ შემოუშვებენ. მერე მე "სტავკას" ავწევ, რომ ისევ შემოგიშვან და ასე იქნება, ვიდრე ფული არ შემომელევა... იმ დღეს 2 საათი ისე გავიდა, ვერც გავიგე.

ზურა: რას გელაპარაკებოდა? დაწვრილებით მომიყევი, ყველაფერი მაინტერესებს...

პანდორა: მაგას ხვალ მოგიყვები, ძვირფასო... ახლა მეძინება. ხომ არ დაგავიწყდა, რომ წუხელ თითქმის გავათენეთ და ვერ გამოვიძინე? თუ მოთმინება გეყოფა, მის თავგადასავალს მოგიყვები და ძალიან საინტერესო ამბავს მოისმენ.

ზურა: მე შენი ამბავი უფრო მაინტერესებს, მაგრამ თუ ერთი მეორის გარეშე არ გამოვა, მეტი რა გზა მაქვს?!

პანდორა: კარგი, წავედი, კარგად! *)*)*)*)

ზურა: მეც გკოცნი და უკვე მენატრები. როდის მოვა "ხვალ"?

ზურა: უკვე წასულხარ... ტკბილ ძილს გისურვებ... უზომოდ ვეჭვიანობ მაგ კაცზე. ვხვდები, რომ მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა შენზე... ნატალი, მიყვარხარ!

30 აგვისტო, ოთხშაბათი.

11:03

ზურა: დილა მშვიდობისა, ჩემო სიხარულო... უკვე 8 დღეა, წასული ხარ. ასე მგონია, მთელი საუკუნე გავიდა. უკვე სამსახურში ვარ და გელი... ნეტავ, როდის გამოჩნდები?

13:40

პანდორა: აააა, გამოგიჭირე? რას აკეთებ აქ, უჩემოდ?

ზურა: შენ რას აკეთებ? არ მელოდი, არა? როგორ გეძინა, სიხარულო?

პანდორა: მშვენივრად...

ზურა: შუადღის პაემანი გვაქვს... რა კარგია... გარეთ ვაპირებდი გასვლას და კიდევ კარგი, ცოტა დავიცადე...

პანდორა: ალბათ შესვენებაზე გადიოდი. გშია? თუ გინდა, წადი და საღამოს შევხვდეთ...

ზურა: არა, არა, ვისაუბროთ...

პანდორა: რაღაც, შუადღის საუბარიარ გამოგვდის, თითქოს...

ზურა: ნატა, მომიყევი ის ამბავი, გთხოვ...

პანდორა: რომელი? დედა-შვილის პრობლემებზე რომ გიყვებოდი?

ზურა: მე შენს თავგადასავალს ვგულისხმობდი, მაგრამ ეგ მოყევი, თუ გინდა... მთავარია, ჩემთან იყო და მესაუბრო.

პანდორა: მოყოლა იქ შევწყვიტე, როცა დედამ თქვა, რომ თავისი ქალიშვილის შევიწროება დაიწყო: ნათიას კატეგორიულად ავუკრძალე მამუკასთან შეხვედრა. უჩემოდ არსად ვუშვებდი, ვცდილობდი, მაქსიმალურად გამეკონტროლებინა... თუმცა, როგორც მერე შევიტყვე, მაინც ახერხებდნენ შეხვედრას. მე მამუკას თითქმის ყოველდღე ვურეკავდი, საამისოდ კი სხვადასხვა მიზეზს ვიგონებდი. ერთ დღეს კი თვითონ დამირეკა და შეხვედრა მთხოვა. რა თქმა უნდა, სიხარულით დავთანხმდი. ამჯერად შეხვედრა ნეიტრალურ ტერიტორიაზე მოხდა. მამუკამ კაფეში დამპატიჟა. ძალიან ბევრი ვისაუბრეთ. უკვე გვიანი იყო, როცა მამუკამ სახლამდე მომაცილა. მანქანიდან გადმოსვლამდე კი მაკოცა... იმ ღამით არ მძინებია. ვერ ვივიწყებდი მის თვალებს, კოცნას, საუბარს... ბედნიერი ვიყავი და გულწრფელად მეგონა, რომ ჩემი შვილი შეუფერებელ კაცთან ურთიერთობას გადავარჩინე. ჩემი და მამუკას შეხვედრები გაგრძელდა და სავსებით ლოგიკურ გაგრძელებამდე მივიდა - ჩვენ საყვარლები გავხდით. მე საერთოდ აღარ ვეჭვიანობდი ნათიაზე, რადგან ვგრძნობდი, რომ მამუკას ნამდვილად ვუყვარდი; თან მეუბნებოდა, რომ ჩემს შვილს უმტკივნეულოდ დაშორდა. თითქმის მთელ დღეებს ერთად ვატარებდით. ჩემი ქმარი საზღვარგარეთ იყო. იმის გახსენებაც კი არ მინდოდა, რომ ის ოდესმე უკან დაბრუნდებოდა. ვერ წარმომედგინა, როგორ უნდა მეცხოვრა მერე. მამუკას გარეშე ვერ გავძლებდი... ვერც საბაბს ვპოულობდი საიმისოდ, რომ ქმარს გავშორებოდი... მიზეზს კი ხმამაღლა ვერ ვიტყოდი. არავინ მაპატიებდა ამას. ერთ დღეს მამუკას დედამ გვნახა ერთად. ძალზე ცუდად შემხვდა. ვგრძნობდი, როგორი ზიზღით მიყურებდა და ალბათ, რომ არა მამუკას ხათრი და სიყვარული, კარგადაც გამომლანძღავდა. თვალებით მჭამდა და უსიტყვოდ მეუბნებოდა, როგორი ზნედაცემული და უსინდისო ქალიც ვიყავი. მაშინ ვიგრძენი პირველად სინდისის ქენჯნა. მაშინ დავფიქრდი ჩემს საქციელზე და სიკვდილი მომინდა. შინ რომ დავბრუნდი, ბევრი ვიტირე. ნათია მიზეზს არ მეკითხებოდა, მხოლოდ მამშვიდებდა, მაგრამ მისი შეხება, თბილი სიტყვები და ყურადღება უარესად მაგიჟებდა. უხეშად მოვიშორე და ვთხოვე, რომ ჩემს ოთახში არ შემოსულიყო, ვიდრე თავად არ დავუძახებდი... სიტუაციიდან გამოსავალს ვერ ვხედავდი და ეს უფრო მაცოფებდა. ისე ვიყავი ჩაძირული, რომ უკვე ძნელი იყო თავის დაღწევა, მაგრამ ყველაზე საშინელი ის იყო, რომ ამის სურვილიც არ მქონდა...

ზურა: მდააა, მართლაც რთულ სიტუაციაში იქნებოდა, საწყალი ქალი...

პანდორა: ზურა, ხომ შეიძლება, რომ საღამოს გავაგრძელოთ საუბარი? ახლა მე და ჩემი მეგობარი ცოტა ხნით გასეირნებას ვაპირებთ...

ზურა: კარგი, ჩემო პატარავ, წადი და დროზე დაბრუნდი შინ... 11 საათზე ისევ აქ გელი...

23:05

ზურა: აი, შენც მოხვედიიიი... ისეირნე?

პანდორა: კი, ბევრი ვიარე ფეხით და დავიღალე კიდეც. მოდი, დავიძინოთ, რააააა... გთხოვ...

ზურა: არავითარ შემთხვევაში! მენატრები და ასე უცებ ვერ გაგიშვებ. სადმე გაძრომას ხომ არ აპირებ?

პანდორა: რას ამბობ! სად უნდა წავიდე?! ხომ იცი, როგორი ჭკვიანი და დამჯერი გოგო ვარ?!

ზურა: ჰოდა, იყავი ჩემთან ცოტა ხანს...

პანდორა: არა, მეძინება... წავედი, დროებით...

ზურა: არ წახვიდე!

ზურა: მე შენ ისე მოგარჯულებ, რომ ჩემი სიტყვა შენთვის კანონი იქნება... მიფრთხილდი, პატარავ!

31 აგვისტო, ხუთშაბათი.

10:00

ზურა: ხომ წახვედი წუხელ და დამტოვე... ხომ გამოიძინე, ახლა მაინც გამოჩნდი დროულად...

12:58

ზურა: კიდევ არ ჩანხარ... ალბათ, საღამომდე არც მოხვალ... სულ არ გედარდება, რომ გელოდები... კარგი, არ გიბრაზდები... კარგად გაირუჯე, მიყვარს "დაზაგრული" კანი. რომ ჩამოხვალ, განსხვავებას ხომ მაჩვენებ? მოდი, მენატრები...

16:21

ზურა: საერთოდ ვეღარ ვფიქრობ საქმეზე. ნეტავ, შვებულება ხომ არ ავიღო? მაინც ვერაფერს ვაკეთებ და... ჩემი ცხოვრება სულ თავდაყირა დააყენე... სად ხარ? რა უბედურებაა, რაც კარგია, რა ცოტაა! შენ არ მოგენატრე? მე უკვე ვეღარ ვძლებ უშენოდ. ახლა გავდივარ და გვიან ვიქნები, ოღონდ... დამელოდე, 12 საათამდე აუცილებლად შემოვალ... გადაუდებელი საქმე მაქვს და თუნდაც 5 წუთით რომ არ დამელაპარაკო, ისე არ დაიძინო... გკოცნი *)*)*)*)*)*)*)

22:05

პანდორა: აბა, სად ხარ? მესიჯები დაგიტოვებია, მაგრამ შენ არ ჩანხარ... საიტზე დავრჩები და ტელევიზორს ვუყურებ. როცა მოხვალ, დაამესიჯე და ხმას გავიგებ...

23:45

ზურა: მოვედი... ხომ არ დაიძინე?

პანდორა: როგორც იქნა, მობრძანდი... სად იყავი?

ზურა: გზაში...

პანდორა: ამდენი ხანი?

ზურა: შენ რა, ეჭვიანობ? სწორედ ამდენი ხანი ვიყავი გზაში. თბილისიდან ბათუმამდე დიდი გზაა და ნახევარ საათში ვერ ჩამოვიდოდი...

პანდორა: რააააა???? ბათუმში ხარ? გაგიჟდი?

ზურა: ბათუმში ვარ და ახლა რომ არ გამოხვიდე და არ მნახო, შეიძლება ჭკუიდან გადავიდე...

პანდორა: ვინ დაგპატიჟა? როდის გითხარი, ჩამოდი-მეთქი? არავითარ შემთხვევაში არ გამოვალ გარეთ. უკვე გვიანია...

ზურა: ნატალი, ახლა მართლა გავგიჟდები, იცოდე. მინდოდა, სიურპრიზი მომეწყო შენთვის. ისეთი გახარებული მოვდიოდი... შენ კი...

პანდორა: ჩვენ შევთანხმდით, რომ თბილისში შევხვდებოდით... რატომ დაარღვიე პირობა?

ზურა: ნუთუ ჩემი ნახვა არ გინდა? ნუთუ არ გაინტერესებს, ვინ გელაპარაკება და ვინ გიბურღავს ტვინს ყოველდღე?

პანდორა: კი, მაინტერესებს...

ზურა: ჰოდა, აქვე ვარ, 2 ნაბიჯში... გამოდი, გამახარე...

პანდორა: სად ხარ?

ზურა: აჭარაში ჩემი სამსახურის ფილიალია. იქ ვარ, ოფისში. სადაც მეტყვი, იქ მოვალ... ხმა ამოიღე, გოგო, გადავირიე ნერვიულობით... დილით 11 საათზე მინისტრთან მაქვს შეხვედრა, მაგ დროს უკვე თბილისში უნდა ვიყო. დროს ნუ მაკარგვინებ ტყუილად, თითოეული წუთი ძვირფასია...

პანდორა: ვფიქრობ, როგორ მოვიქცე...

ზურა: რად უნდა მაგას ფიქრი? მითხარი მისამართი, მოვალ და სადმე გავისეირნოთ... მშია და იქნებ, ვჭამოთ კიდეც...

პანდორა: კარგი, ზუსტ მისამართს ვკითხავ მასპინძელს და გეტყვი...

ზურა: შემოგევლე შენ! ერთი სული მაქვს, როდის გნახავ...

პანდორა: ............... ეს ჩემი მისამართია:

ზურა: 10 წუთში მანდ ვარ...

1-ლი სექტემბერი, პარასკევი

10:10

პანდორა: დილა მშვიდობისა, ჩემო კარგო. აი, ჩვენი შეხვედრაც შედგა... როგორ იმგზავრე? ალბათ, გიჟივით მიდიოდი. ხომ მშვდობიანად ჩახვედი? ჯერ ისევ გზაში იქნები. სულ 5 საათი გქონდა თბილისამდე ჩასასვლელად. იცი, რომ დამირეკე და მითხარი: ბათუმში ვარო, სუნთქვა შემეკრა. ძალიან ვინერვიულე, სანამ გნახავდი. რომ დაგინახე, უკვე გამიარა. აი, თურმე როგორი ყოფილხარ... მე კი სულ სხვაგვარად მყავდი წარმოდგენილი... ახლა წავედი. მინისტრს რომ შეხვდები, მერე იმედია, შემეხმიანები. გკოცნი.

15:28

ზურა: ჩემო სიხარულო, როგორ ხარ? ბედნიერი ვარ, რომ გნახე. ახლა მოვიცალე კომპიუტერისთვის. ისე მიგეჩვიე, რომ გუშინ დილიდან სულ შენს მოლოდინში ვიყავი. ძალიან მომინდა შენი ნახვა. ვიფიქრე, რატომ უნდა გადამედო სხვა დროისთვის? მთელი გზა თბილისიდან ბათუმამდე ისე გამოვიარე, რომ სულ თვალწინ მედექი. თან, რომ ვიცი შენი ჯიუტი ხასიათის ამბავი, ვფიქრობდი - ვაითუ, ტყუილად ჩავედი ამხელა გზაზე და ჩემთან შეხვედრაზე უარი თქვას-მეთქი. მე გარჯა კი არ მანერვიულებდა, შენი ნახვა მინდოდა და იმიტომ განვიცდიდი. შენ გგონია, მე მშვიდად ვიყავი და არ ვნერვიულობდი, ვიდრე შეგხვდებოდი? ადგილზე რომ მოვედი და გელოდი, 20 წუთში ლამის ნახევარი კოლოფი სიგარეტი მოვწიე. ახლა ისვ საქმეს მივხედავ, ახალი დავალებები მივიღე. თანაც, აქ მაინც არ ხარ. საღამოს კი იმედია, შევხვდებით. გკოცნი ძალიან ბევრს. *)*)*)*)*)*)

19:46

ზურა: დღეს მთელი დღე არ გამოჩენილხარ, სად ხარ? ახლა სახლში წავალ. ძალიან ცხელა. იქნებ, ცოტა ადრე მოხვიდე, საყვარელო?! გელი...

22:37

პანდორა: აქ ყოფილხარ. როგორ ხარ? რაო, მინისტრმა?

ზურა: საღამო მშვიდობისა, ჩემო სიხარულო, მინისტრმა რაო და, ნატალის უთხარი: წესიერად მოიქცეს და ყველაფერი დაგიჯეროს, თორემოოოო...

პანდორა: თორემ რაოოო?

ზურა: თორემ ისეთ გადაწყვეტილებას გამოვიტან რომაო, ნატალის თბილისიდან გასვლა საერთოდ აეკრძალებაოოოო... მერე სულ ჩემ გვერდით იქნები და ასე აღარ მომენატრები... ჰო, ერთი ის მითხარი, გუშინ შენს სახლთან რომ მოვედი და მთელი 20 წუთი მალოდინე, სად იყავი მაგდენი ხანი? ჩემთვის იპრანჭებოდი?

პანდორა: ჰო, ცოტა გაგეპრანჭე...

ზურა: შენ ისეთი ლამაზი ხარ, რომ პირდაუბანელიც მშვენიერი იქნები...

პანდორა: ასე ნუ მეუბნები, თორემ დავიჯერებ, რომ მართლა ლამაზი ვარ და მერე ძალიან გავყოყოჩდები...

ზურა: გაყოყოჩდები და მაგის წამალიც ვიცი... მითხარი, მოგეწონე?

პანდორა: რა მოსაწონი შენ ხარ?

ზურა: გასაგებია... ე.ი. ძალიან მოგეწონე. ძალიან კარგი იყო, რომ გნახე, მაგრამ "ცოტა" იყო. სადარბაზოდან რომ გამოდიოდი, თვალს გარიდებდი, რომ შენ არ მოგრიდებოდა. მერე, მანქანიდან რომ გადმოვედი და ხელი ჩამოგართვი, ისე შემომხედე, ლამის წამაქციე...

პანდორა: ჩვეულებრივად შემოგხედე...

ზურა: ეს არ იყო ჩვეულებრივი მზერა. ეს იყო ერთად აღებული სიმორცხვე, ინტერესი, ალერსი, სითბო და კიდევ რაღაც გაურკვეველი გრძნობა.

პანდორა: მე კი შენს თვალებში მხოლოდ დაჟინებული მზერა დავინახე და თვალი ვერ გაგისწორე...

ზურა: სხვა დროს ღამით გიბანავია ზღვაში?

პანდორა: არა, არასდროს...

ზურა: მოგეწონა?

პანდორა: ცოტა შიშის შეგრძნება მქონდა. ისე, რამ მოგაფიქრა ბანაობა?

ზურა: აბა, ზღვაზე ვიყავით და... თანაც შიშველი, კაბის გარეშე ხომ უნდა მენახე? გიხდებოდა სალათისფერი სარაფანი, მაგრამ "კუპალნიკში" გაცილებით კარგად გამოიყურებოდი.

პანდორა: თავხედობას თავი დაანებე...

ზურა: არ გრცხვენია? ჩემი თავხედობა ვის გაუგონია? არა, ჩემო კარგო, ეს თავხედობა კი არა, სიმართლეა... მანქანაში რომ ჩაჯექი, შენი მოკლე სარაფანი მუხლს ისე ასცდა, რომ ვინატრე, კაბა ცოტა კიდევ მოკლე ყოფილიყო... რა თქმა უნდა, ხელით ვერ შეგეხებოდი. ვიცოდი, თავში რაიმე მძიმე საგანი მომხვდებოდა... ერთადერთი საშუალება იმისა, რომ ჩემი სურვილი ასრულებულიყო, იყო ის, რომ გვებანავა... შენ რა, გიკვირს, რომ ამის სურვილი მქონდა? მე ხომ ჩემი თავისთვის არაფრის უფლება არ მიმიცია?

პანდორა: სხვათა შორის, მეგონა, ბანაობის დროს ხელის მოხვევას მაინც მოინდომებდი. შენ კი არც შემხებიხარ, ახლოსაც არ მოსულხარ...

ზურა: სად მეჩქარება? მაინც ჩემი ხარ და როცა მინდა, მაშინ შეგეხები. მთელი ცხოვრება წინ გვაქვს. :)))

პანდორა: ადამიანი იმედით ცოცხლობს... :)))

ზურა: მაგით რისი თქმა გინდა? შენ გგონია, რომ შენ წყვეტ ურთიერთობებს? არა, საყვარელო... მე ვიცი, რომ შენ ძალიან გაინტერესებდა ჩემი ნახვა, მაგრამ რატომღაც თავს იკავებდი. ახლა კი ისე შეგიყვარდები, როგორც მე მიყვარხარ და კიდევ უფრო მეტადაც... შენ უჩემოდ სუნთქვასაც ვერ შეძლებ... მე მინდა, რომ ეს ასე იყოს და ასეც იქნება...

პანდორა: შენ გგონია, რომ ყოვლისშემძლე ხარ? ჯიბრში ნუ ჩამიდგები, თორემ სულ სხვაგვარად წავა საქმე...

ზურა: არაფერში გეჯიბრები, უბრალოდ ვიცი, რომ ეს ასე იქნება. ნატალი, მითხარი, გიყვარვარ?

პანდორა: შენ გგონია, ასე იოლად შეიძლება ადამიანის შეყვარება? მომწონხარ, მენატრები, მომწონს შენთან ურთიერთობა... თუ შენ ამას სიყვარულს დაარქმევ...

ზურა: არა, ეს ის სიტყვები არ არის, რომლის მოსმენაც შენგან მინდა... მინდა, რომ უჩემოდ კვდებოდე...

პანდორა: შენ? შენ კვდები უჩემოდ?

ზურა: უშენოდ მაშინ ვკვდებოდი, ჩემ გვერდით რომ იყავი და ვერ გეხებოდი. პლაჟზე რომ ვისხედით და გითხარი: ჩემთან ერთად დაბრუნდი თბილისში-მეთქი, ისე საყვარლად მოპრუწე ტუჩები, რომ ლამის გაკოცე... ახლაც მიკვირს, როგორ შევიკავე თავი. მითხარი, მომცემდი კოცნის უფლებას?

პანდორა: კი...

ზურა: რააააა???? ახლავე წამოვალ... ეგ რა მითხარი? ასეთი იაღლიში ჯერ არ მომსვლია... მე კი ვიფიქრე, არ დავაფრთხო-მეთქი... ისე შემეშინდა, რომ მიმატოვებდი და გამექცეოდი, მთელი ჩემი ვნება და სურვილები მოვთოკე... იცი, ეს რად მიჯდებოდა? წარმოიდგინე, შუაღამისას, სიწყნარეში, როცა თავზე მთვარე დაგნათის, ზღვის ნაპირზე ზიხარ, გვერდით საოცნებო ქალი ზის ისე ახლოს, რომ ლამის მხრით ეხები, მისი სუნამოს სუნს გრძნობ, ხედავ, როგორ ადის-ჩადის მისი მკერდი... და ამ დროს, თავს აიძულებ, რომ შენს ხელებს გასაქანი არ მისცე და დაგემორჩილონ... ეს იგივეა, რომ ჯოჯოხეთის ცეცხლზე ნელა იწვოდე...

პანდორა: ჰო, ალბათ ასეა.

ზურა: მითხარი, შენ რას გრძნობდი იმ დროს?

პანდორა: მე ვგრძნობდი, როგორი დაძაბული იყავი. ხანდახან ხმაც კი გიწყდებოდა და ჩურჩულზე გადადიოდი. მინდოდა, რომ დრო გაჩერებულიყო და არ გათენებულიყო...

ზურა: ჩემზე არ ბრაზობდი?

პანდორა: რატომ უნდა გავბრაზებულიყავი?

ზურა: იმიტომ, რომ ბრიყვივით ვიჯექი და შორიდან გიყურებდი...

პანდორა: არა, არ გავბრაზებულვარ. პირიქით... ასე ჯობდა, რადგან გაცილებით დიდი სურვილი და ვნება დატოვე... შესაძლოა, იმ კოცნას ყველაფერი გაეფუჭებინა... ისე, თუ დააფიქსირე, რომ თითქოს რაღაცით ერთმანეთს ვგავართ?

ზურა: ისე ვართ, როგორც ყველი და პური. :)))

პანდორა: :))) შენ ყველი ხარ თუ პური?

ზურა: მე ყველი ვარ, შენ კი - პური... იცი, რა ერთგული ყველი ვიქნები? არასდროს გაგცვლი მჭადზე... შენ კი ახლა ისეთი "ზაგარი" გაქვს, რომ გახუხულ პურს ჰგავხარ... :)))

პანდორა: იცი, რომელი საათია?

ზურა: კი, დილის 5-ის ნახევარია. მერე?

პანდორა: წუხელ მთელი ღამე პლაჟზე გავათენეთ, დღეს, აქ... არ დავიძინოთ?

ზურა: ჰო, შენ მართალიხარ, უნდა დავიძინოთ... თანაც, ალბათ ფიქრობ, რომ დიდი სხვაობა არ არის - მანდ ვიქნები თუ აქ, არა? იცოდე, რომ საერთოდ ასეთი მორიდებული ტიპი არა ვარ. უბრალოდ, შენთან მოვიქეცი ასე, რადგან ასე იყო საჭირო... არ მინდა იფიქრო, რომ შენ მხოლოდ ერთი დღისთვის მჭირდები და მხოლოდ სექსი მინდა... რა თქმა უნდლა, უმაგისოდ ჩვენი ურთიერთობა არ გამოვა, მაგრამ მთავარი ეგ არ არის... კარგი, ამაზე სხვა დროს ვილაპარაკოთ. ახლა კი დაიძინე, ჩემო პატარავ... ის დროც მალე მოვა, როცა ჩემს მხარზე დადებ თავს და ისე დაიძინებ... გკოცნი ძალიან ბევრს და შენთან მინდა...

პანდორა: ძილი ნებისა...

ზურა: კოცნა? კოცნა სად არის?

პანდორა: სად იყო შენი კოცნა გუშინ?

ზურა: ვაჰ, შენს ყბაში როგორ ჩავვარდი? აწი არ დაგინდობ, იცოდე...

პანდორა: ისე, ამხელა გზა გამოიარე და ისე როგორ წახვედი, რომ ერთხელ არ მაკოცე?

ზურა: ნატალი, ცეცხლს ნუ ეთამაშები...

პანდორა: კარგი, ვხუმრობ... ნუ მიბრაზდები...

ზურა: პატარავ, ისე მოგარჯულებ, რომ მღრინავი ვეფხვიდან მოკრუტუნე ფისოდ გადაიქცევი და თვალებში მიყურებ, რომ ჩემი ყველა სურვილი შეასრულო... ამას გპირდები...

პანდორა: ჩემი გამოსწორება არც ისე ადვილია...

ზურა: ვნახოთ... ვნახოთ...

პანდორა: წავედი, კარგად...

ზურა: კარგად, ნატალი... მიყვარხარ!

განაგრძე კითხვა

მარი ჯაფარიძე

რომანი განახლდება ყოველღამ, 12:00 საათზე