sheabi.ge პარალელურ სამყაროში (VII-VIII ნაწილი) - გზაპრესი

sheabi.ge პარალელურ სამყაროში (VII-VIII ნაწილი)

2 სექტემბერი, შაბათი

14:25

ზურა: ნატუშკები, აქ ხარ? ვააააა... როგორ ხარ, სიხარულო? როგორც იქნა გამოვიძინე... შენ?

პანდორა: მეც... სად ხარ?

ზურა: სახლში ვარ. 12 საათზე გამეღვიძა. ძალიან მშიოდა. მაღაზიიდან რაღაცები ამოვიტანე, სადილი მოვიმზადე და გემრიელად მივირთვი. ახლა კი შენი ვარ, საღამომდე...

პანდორა: საინტერესოა, რა მოიმზადე?..

ზურა: ხახვი და კვერცხი შევწვი... შენ იცი, კვერცხის შეწვა?

პანდორა: რა სასაცილო ხარ... საღამოს სად მიდიხარ?

ზურა: საღამოს მეგობრებთან ერთად სადმე წავალ. დღეს შაბათია, ვისვენებ, თანაც ცხელა და რამეს მოვიფიქრებთ...

პანდორა: მოკლედ, გასართობად მიდიხარ, ხომ?

ზურა: კი, გასართობად მივდივარ... ისე, ამ შუადღისას რა გინდოდა საიტზე? უჩემოდ იპარები ხოლმე, არა? ვის ელაპარაკებოდი? ოღონდ არ მითხრა, რომ მე მელოდი.

პანდორა: არა, შენ არ გელოდი. ჩემს მეგობარს ველაპარაკებოდი, რომელიც ნიუ-იორკში ცხოვრობს.

ზურა: რა ჰქვია შენს მეგობარს? ან აქამდე სად იყო? არ შემინიშნავს, რომ სხვა დროსაც ელაპარაკებოდი...

პანდორა: დაწყნარდი, ნუ ეჭვიანობ, ის ჩემი ბავშვობის მეგობარია, მასაც ნატო ჰქვია, მაგრამ სონას ვეძახით. უკვე 2 წელია, ამერიკაში ცხოვრობს და ერთმანეთს მუდმივად ვეკონტაქტებით. ისიც დასასვენებლად იყო მთელი თვე. ამიტომ ვერ ვუკავშირდებოდი ინტერნეტით და მხოლოდ ტელეფონით ვსაუბრობდით. ახლა შინ დაბრუნდა. მათთან ახლა შუაღამეა და ცოტა ვიჭორავეთ. ახალი ამბები მომიყვა, მეც მოვუყევი...

ზურა: ჩემზე მოუყევი?

პანდორა: შენ რა სახსენებელი ხარ? სიმართლე რომ გითხრა, არ გამხსენებია, რომ შენზე რამე მეთქვა...

ზურა: რააა? ისეთი უმნიშვნელო ვარ შენს ცხოვრებაში, რომ ყველაზე ახლო მეგობარს ჩემზე არაფერი უთხარი? ნატალი, რას ამბობ?

პანდორა: კარგი, ნუ მსაყვედურობ, ხვალ აუცილებლად მოვუყვები... ახლა კი უნდა წავიდე. საღამომდე... ნუ მიბღვერ, გკოცნი ძალიან ბევრს...

პანდორა: სად ხარ? არ მემშვიდობები? გამიბრაზდი? კარგი, იმედია, ცივი წყალი გაქვს...

2 სექტემბერი, შაბათი

23:25

სონა: ნატალი, როგორ ხარ? ისე მომენატრე, ისე მომენატრეეეეე...

პანდორა: სონი, ჩემო კარგო, მეც მომენატრე... ძალიან მაკლდი... როგორ დაისვენე?

სონა: მშვენივრად. ისეთ კარგ ადგილზე ვიყავი, რომ... მთა, ტყე, პატარა სახლები... ძალიან ლამაზი ადგილები... სურათებს გამოგიგზავნი... შენკენ რა ხდება ახალი?

პანდორა: უკვე 10 დღეა, ბათუმში ვარ. კარგი ამინდია. წელს ჩვენთან ძალიან ცხელა. ტემპერატურამ 50 გრადუსს მიაღწია. შვებულება 15 სექტემბრამდე მაქვს.

სიახლე არაფერია?

სონა: ჩემკენ არაფერი. ძველებურად ვცხოვრობ. ჩემი რობერტი მშობლებთან, იტალიაში წავიდა და რამდენიმე დღეში ჩამოვა...

პანდორა: რამ შეგაყვარა ეგ იტალიელი? სავსეა ნიუ-იორკი ქართველებით...

სონა: ნამდვილი ნაციონალისტი ხარ, ქართველმა შენ რა ხეირი დაგაყარა? თუ ყველაფერი დაგავიწყდა უკვე?

პანდორა: ჰო, თითქმის დამავიწყდა...

სონა: ოჰო! შენგან ასეთი რამ პირველად გავიგე... რამე ხომ არ ხდება ისეთი, მე რომ არ ვიცი ჯერ?

პანდორა: კი, ხდება...

სონა: შეგიყვარდა ვინმე?

პანდორა: ვერ გეტყვი, მიყვარს თუ არა, მაგრამ ფაქტია, რომ ჩემი გონება უკვე დაიპყრო...

სონა: ნატალი, შენა?.. ვინ არის?

პანდორა: შენ არ იცნობ... ის კი არა და, მეც არ ვიცნობ... გუშინ ვნახე პირველად...

სონა: კი, მაგრამ ერთ დღეში შეგიყვარდა?

პანდორა: არა, ერთი თვეა ვიცნობ, ოღონდ ინტერნეტით...

სონა: გოგო, ვერ გცნობ, შენ და ასეთი სისულელეები?

პანდორა: ჰო, ასე მოხდა... დაწვრილებით სხვა დროს მოგიყვები.

სონა: გამაგიჟებ შენ მე, უცნაური ვინმე ხარ. ასეთ თავგადასავლებს საიდან გამოჩიჩქნი ხოლმე? იმედი მაქვს, ღირსელუი ადამიანია...

პანდორა: ცოლიანია...

სონა: ნუ მაცინებ, ეგ იმას ნიშნავს, რომ უღირსია?

პანდორა: არა, ეგ იმას ნიშნავს, რომ ცოლიანია და მხოლოდ "ნახევარი" შემხვდება.

სონა: როგორც ჩანს, უკვე გადაწყვეტილი გაქვს მასთან ურთიერთობა...

პანდორა: არა, გადაწყვეტილი არაფერი არ არის. უბრალოდ, კარგი ადამიანია და მორჩა. ჯერ გადაწყვეტილების მიღებამდე ბევრი დროა.

სონა: კარგი, ჩემო ტკბილო, ახლა მე დავიძინებ, დილით ადრე უნდა ავდგე. ძალიან ბევრს გკოცნი და მენატრები. ნატ, მიაფურთხე ყველაფერს და ჩემთან ჩამოდი... იმ დღესვე გავაგდებ რობას და ერთად ვიცხოვრებთ მე და შენ - ყველაზე ახლობელი ადამიანები. საკუთარი და რომ მყავდეს, შენზე მეტად არ მეყვარებოდა.

პანდორა: რობა რატომ უნდა გააგდო? მე ხომ მის მაგივრობას ვერ გაგიწევ?

სონა: კარგი, არ გავაგდებ. იყოს ეგეც, ლურსმანს მაინც მიაჭედებს სახლში. შენ კი ჩემს წინადადებაზე იფიქრე. გკოცნი. ხვალამდე. სურათები უკვე გამოვგზავნე. პირველი ის სახლია, სადაც ვცხოვრობდი... ეს კი მე ვარ...

23:44

პანდორა: სად ხარ, ზურიკო? რატომ არ მოხვედი?

00:15

პანდორა: უკვე აღარ დაგელოდები, მივდივარ, კარგად... ისე, ნეტავ სად ხარ?

01:35

პანდორა: როგორც ჩანს, ამაღამ აღარ მოხვალ. ღმერთმა იცის, სად წახვედი... ამას ასე არ დავტოვებ, მოღალატევ!

3 სექტემბერი, კვირა.

11:32

პანდორა: ისევ არ ჩანხარ. ხომ მშვიდობაა შენკენ? ცოცხალი ხარ? თუ გადარჩი, დამიმესიჯე. საღამომდე აღარ მოვალ.

17:56

ზურა: ნატალი, სად ხარ? საღამოს ვიჭორაოთ? მიბრაზდები? არა, პატარავ, ნუ გამიბრაზდები... მოგიყვები, სადაც ვიყავი.

22:40

ზურა: ნატალი, მოოო-დიიიი!

23:43

ზურა: ნატალი, სად ხარ? ნუ მანერვიულებ!

00:10

ზურა: გოგო, ნუ გადამრიე! ტელეფონიც გამორთული გაქვს, ვერ გავიგე შენი ასავალ-დასავალი: ნატა, ცუდად იქცევი, არ მომწონს ეს ამბავი.

02:14

ზურა: მდაა, პასუხს მოგთხოვ დღევანდელი დღისთვის... უკვე სამი დაიწყო და ჯერ არ ჩანხარ...

03.45

ზურა: ოთხი ხდება და ისევ არ ხარ...

05:01

ზურა: ექვსი დაიწყო. დაიმახსოვრე ეს დღე, კალენდარზე წითელი ფანქრით მონიშნე...

4 სექტემბერი, ორშაბათი.

09:15

ზურა: ახლა სამსახურში მივდივარ - თათბირი მაქვს და ასე, 12 საათისთვის უკვე საიტზე შემოვალ და ა. შენ, ან შენი წერილი რომ არ დამხვდეს, ძალიან გავბრაზდები... არ გკოცნი, იმიტომ, რომ არ იმსახურებ...

13:05

ზურა: ოოო, რა ჯიუტი ხარ!

20:43

ზურა: ნატალი, არ გაგივა ჩემთან ეგ ოინები... ღამე სახლში რომ არ გავათიე, იმიტომ იბუტები? ამ ამბავთან შეგუება მოგიწევს, ძვირფასო, ვიდრე ჩვენი ურთიერთობა კალაპოტში არ ჩადგება. მე მამაკაცი ვარ და მაგის უფლება მაქვს, შენ კი ჩემი ხარ და ვალდებული ბრძანდები, ჩემი ერთგული იყო... ფისუნიავ, ბრჭყალებს აჩენ?

23:32

ზურა: ეს უკვე მეტისმეტია... თუ დღესაც არ გამოჩნდები, იცოდე, დილით ბათუმში წამოვალ.

პანდორა: აქ ვარ, რატომ ბრაზობ?

ზურა: სად იყავი? რატომ არ შემოდიოდი საიტზე? ტელეფონი რატომ გქონდა გამორთული?

პანდორა: შენი ბოლოს წინა მესიჯი მომეწონა, ნამეტნავად! კარგად მსჯელობ, ღმერთმანი... მახსოვს, ადრე მითხარი, მეგობარი გოგონა მყავსო, ალბათ, მასთან იყავი, ხომ? მე რას მერჩი? თუ ცოლიც გყავს და მეგობარიც, ჩემგან რა გინდა?

ზურა: ის ჩემი მეგობარი გოგონა გათხოვდა და ქმართან ბედნიერად ცხოვრობს. დიდი ხანია, რაც მასთან კავშირი გავწყვიტე.

პანდორა: ჰოდა, ავდგები და მეც გავთხოვდები. მით უმეტეს, რომ მთხოვნელთა ნაკლებობას არ ვუჩივი.

ზურა: შენ თუ გათხოვდები, მხოლოდ ჩემზე! ასე იოლი არ გეგონოს ჩემგან თავის დაღწევა. ვიღაც-ვიღაცებში არ შეგეშალო!

პანდორა: მემუქრები კიდეც? ახალი ამბავი! შენ ჩემზე არავითარი უფლებები არ გაქვს!

ზურა: ისე ნუ გააკეთებ, რომ მანდ ჩამოვიდე და ჩემი უფლებები დავაკანონო.

პანდორა: საინტერესოა, მაგას როგორ მოახერხებ?

ზურა: როცა შენ ამბობ: უფლება არა გაქვსო, იმას გულისხმობ, რომ ჩვენ ფიზიკური ურთიერთობა არა გვაქვს, არა? შენ ფიქრობ, რომ სანამ თავს ერთ ბალიშზე არ დავდებთ, მე შენთვის უცხო მამაკაცი ვარ. ჰოდა, ისე გავაკეთებ, რომ ჩემს მკლავზე გაგათენებინებ ღამეს და ყველა გზას მოგიჭრი, რომ ეგ სიტყვები აღარ მითხრა.

პანდორა: ძალით დამიმორჩილებ?

ზურა: მაგას არ ვიკადრებ, ნებით დამნებდები... ნატალი, ნუ ვიჩხუბებთ, ჩვენ ვართ 2 ადამიანი, რომელსაც ერთმანეთი უყვარს. ნუ დავაწყვეტთ ერთმანეთს ნერვებს. ჯობია, ერთმანეთს დავუჯეროთ და მხოლოდ თბილი სიტყვები ვუთხრათ. შენ იეჭვიანე. ეს ეჭვი უსაფუძვლო არ ყოფილა. გეთანხმები, არ არის ლამაზი ჩემი საქციელი, მაგრამ მამაკაცი ვარ და ჩემი ცხოვრება მქონდა, შენამდე. ახლა შენ ხარ ჩემი ცხოვრების აზრი. რაც შეეხება გუშინდელ ღამეს, ამის გამო ნერვების შლა არ ღირს. სერიოზული არაფერი ყოფილა. გპირდები, რომ როგორც კი ჩვენს ურთიერთობებს დავაკანონებთ (როგორც შენ ფიქრობ), მსგავსი რამ არ განმეორდება.

პანდორა: შენც ხომ იეჭვიანე? როგორ გრძნობდი თავს?

ზურა: გამოგიტყდები, რომ ძალიან ცუდად. მე შენ არავისთვის მემეტები. ის კი არა, იმ კაცზეც ძალიან ვეჭვიანობ, ვისზეც მიყვებოდი...

პანდორა: პატიმარს გულისხმობ? მასზე ეჭვიანობა აღარ ღირს, წარსულს ჩაბარდა. ის სხვა ადამიანი იყო, სხვა სამყაროდან. ეს ჩემი სიზმარი იყო...

ზურა: ჰო, განაგრძე შენიპ ამბის მოყოლა და იქნებ, გამისკდეს გული...

პანდორა: მისი სახელი არ მითქვამს. მას ბაჩუკი ერქვა, შემოკლებით - ბაჩო.

ზურა: კანონიერი ქურდი იყო?

პანდორა: არა, მაგრამ მთელი კრიმინალური სამყარო იცნობდა და პატივს სცემდა, როგორც ნამდვილ ვაჟკაცს. ჯარში იყო ნამყოფი და ამიტომ, კანონიერი ქურდი ვერ გახდებოდა. თურმე მამამისი თანამდებობის პირი და პარტიული მუშაკი ყოფილა. ბავშვობიდან ფუფუნებაში იზრდებოდა. ერთხელ მომიყვა: "სკოლაში ყველაზე გამორჩეული ვიყავი - ჩაცმულობით და გარეგნობით. მასწავლებლების მხრიდანაც გარკვეულ რიდს ვგრძნობდი. თუ რამეს დავაშავებდი, შენიშვნას მორიდებით მაძლევდნენ. ბავშვებსაც ძალიან ვუყვარდი, რადგან მუდამ მათი დამცველი ვიყავი - თუ ვინმეს ჩემი დახმარება სჭირდებოდა, მზად გახლდი, რომ ნებისმიერ რისკზე წავსულიყავი. მეცხრე კლასში ვიყავი, როდესაც სკოლიდან შინ მიმავალი ჩემზე უფროსმა ბიჭებმა გამაჩერეს და მითხრეს: "ზარის" თამაშს ვაპირებთ და ერთი კაცი გვჭირდება, ვინც პირველ კამათელს აგვიყრის, იქნებ დაგვეხმაროო. მათ დავთანხმდი. სკოლასთან ახლოს საერთო საცხოვრებლის შენობა იყო, სადაც სტუდენტები ცხოვრობდნენ. იმ შენობის სარდაფში ჩავედით. პირველი კამათელი რომ ავყარე, დუშაში დავსვი. მითხრეს: ვაა, შენ რა იღბლიანი ყოფილხარ, შენთან რომც შემოგვთავაზო, არ ვითამაშებთო. დავიჟინე: მეთამაშეთ-მეთქი. ბოლოს დამთანხმდნენ: კარგი, რადგან შენსას არ იშლი, ვითამაშოთო და იმ დღეს 1000 მანეთი წავაგე. ეს ძალზე დიდი ფული იყო. თავანის ჩასაბარებლად 10 დღე მომცეს და დამემშვიდობნენ. მივხვდი, რომ მახეში გავები. საგონებელში ჩავვარდი - საიდან უნდა მომეტანა ამდენი ფული? მთელი 9 დღე ვიტანჯებოდი, მინდოდა, მამაჩემისთვის მეთქვა, რაც დამემართა და ფული მეთხოვა, მაგრამ შემეშინდა. მეათე დღეს თავი მოვიავადმყოფე და სკოლაში არ წავედი. ჩემი მშობლები შინიდან რომ გავიდნენ, მამაჩემის ოთახში შევედი და საწერი მაგიდის ის უჯრა გავაღე, სადაც ფულს ინახავდა (ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა მამის საწერ მაგიდასთან მივედი). კინაღამ გავგიჟდი, იმდენი ფული არასდროს მინახავს. მთელი უჯრა ასმანეთიანებით იყო სავსე. ფულის ქვეშ კი გაპრიალებული "ვალტერი" იდო".

5 სექტემბერი, სამშაბათი

02:15

სონა: ნატალიიიი... აქ ხარ?

პანდორა: კი, ჩემო ძვირფასო, აქ ვარ.

სონა: რას აკეთებ ამ შუაღამისას? არ მითხრა, რომ შენი გულის ვარდს ელაპარაკები.

პანდორა: კი, მას ველაპარაკები. შენ როგორ ხარ? რობა ხომ არ ჩამოვიდა?

სონა: 3 დღეში ჩამოვა. დღეში 10-ჯერ მაინც მირეკავს და მეუბნება, რომ ვუყვარვარ. უცხოელი ქმრები სხვანაირები არიან, ქართველებს არ ჰგვანან.

პანდორა: მის სამშობლოში ერთად რატომ არ წახვედით?

სონა: მისი მშობლები ახლახან იყვნენ ჩვენთან სტუმრად და დამპატიჟეს, მაგრამ იქ წასვლას დარჩენა ვამჯობინე. ვიფიქრე, აქ უფრო კარგად დავისვენებ-მეთქი.

პანდორა: მოეწონათ ქართველი რძალი?

სონა: იმათ რა იციან, საქართველო და ქართველი რას ნიშნავს? ერთადერთი, რაც გაუხარდათ, ის იყო, რომ თურმე გარეგნულად იტალიელს ვგავარ - მეც მათსავით შავგვრემანი და ცხელსისხლიანი ვარ...

პანდორა: ეგ საიდანღა გაიგეს, რომ ცხელსისხლიანი ხარ?

სონა: მათი სტუმრობის დროს მე და რობამ ვიკამათეთ. რობა ამბობდა, რომ მისი მშობლები სასტუმროში დაბინავდებოდნენ. მე ვეუბნებოდი - ჩვენთან დარჩნენ, სამსართულიანი სახლი მაქვს და რა ჯანდაბად მინდა, თუ დედამთილ-მამამთილი სასტუმროში გავუშვი-მეთქი? მერე დედამისმა მითხრა: ჩხუბის დროს სწორედ ისე იქნევდი ხელებს და ისე ცხარობდი, როგორც იტალიელიო... უცნაური ხალხია.

პანდორა: ბოლო-ბოლო სასტუმროში დაბინავდნენ?

სონა: არა, ჩემი გავიტანე და მესამე სართული მთლიანად მათ დავუთმე. ჩემი სახელოსნო რომ ნახეს, გადაირივნენ. თურმე მამამთილი ხელოვნების მოყვარული ყოფილა. ჩემი ნახატები რომ ნახა, აღფრთოვანდა. ერთი ნახატი ვაჩუქე და მისი გული სამუდამოდ მოვინადირე. კარგი, დავანებოთ რობას და მის მშობლებს თავი. ინტერესით ვკვდები, როდის გავიგებ შენს ამბავს.

პანდორა: აბა, რა გითხრა, ჩემო კარგო. ჯერ მე თვითონაც ვერ გავრკვეულვარ, რა ხდება ჩემს თავს.

სონა: ვერ წარმოვიდგენდი, თუ ცოლიანი კაცი შეგიყვარდებოდა. თავიდან არ იცოდი?

პანდორა: ვიცოდი, არაფერი დაუმალავს, მაგრამ თავიდან ყველაფერი არასერიოზულად დაიწყო. ორივე ვერთობოდით და ჩვენ შორის უხილავი ძაფები ისე გაიბა, რომ ვერც კი მივხვდით. კაცი უნახავად შემიყვარდა. იცი, 2 თუ 3 დღის წინ ვნახე.

სონა: მერე?

პანდორა: მერე? ოოო, მერე ის, რომ ძალიან მომეწონა.

სონა: "იმას" ჯობია?

პანდორა: სხვადასხვანაირი ტიპები არიან, მაგრამ ვერ გეტყვი, რომელი სჯობია.

სონა: ლამაზ კაცებში ყოველთვის გიმართლებდა...

პანდორა: შეიძლება ითქვას, რომ ასეა...

სონა: იმიტომ, რომ შენც კარგი ხარ. თუ მოუყევი ბაჩოს შესახებ?

პანდორა: ვუყვები.

სონა: მერე?

პანდორა: მერე ამბობს, რომ ეჭვიანობს... ჯერ მხოლოდ შესავალი მოვუყევი, მთავარი ამბავი წინ მაქვს.

სონა: ნუ გააგიჟებ, მსუბუქად მოუყევი.

პანდორა: მხოლოდ ერთი რამ ვიცი: მინდა, ყველაფერი იცოდეს. მერე თვითონ გადაწყვიტოს, როგორ მოიქცეს.

სონა: მე კი მგონია, რომ ჯობს ჩემთან წამოხვიდე... აქ გაგათხოვებ... :)))

პანდორა: ნუ ხარ ცუღლუტი...

სონა: ისე, კარგად დაფიქრდი - რაში გაწყობს ცოლიანი კაცი? ახლა უკვე ისეთ ასაკში ხარ, რომ ოჯახი უნდა შექმნა, შვილები გააჩინო...

პანდორა: ვიდრე ზურას გავიცნობდი, მეც მასე ვფიქრობდი, მაგრამ ახლა გადავიფიქრე. ვინაიდან მას ოჯახი აქვს, მე თანახმა ვარ, მეგობრის სტატუსს დავჯერდე.

სონა: ოჰო, რა შეღავათია?! ხომ არ ფიქრობ, რომ მურმანის ეკალი ბრძანდები? შენ ის ქალი არ ხარ, რომ ამბობდა: ჩემს ცხოვრებაში კაცს არ გავაჭაჭანებო?

პანდორა: როგორც ჩანს, ერთხელ დაშვებულმა შეცდომამ ჭკუა ვერ მასწავლა. მეორედ თუ შემეშლება, მერე მართლა ჩავიქნევ ხელს.

სონა: შენ გადარეულხარ, მგონი... ჯადო ხომ არ გაგიკეთა ვინმემ? როგორც ჩან,ს სიყვარულს მართლა ვერაფერს გაუგებ... ასე მგონია, რომ იმ ადამიანმა მოგცა ის, რაც გაკლდა და ასე გენატრებოდა. ალბათ ძალიან თბილი და ყურადღებიანია, რადგან შენი გული ასე მალე მოიგო. რომ არ გიცნობდე, ამას ჩვეულებრივ ამბად ჩავთვლიდი, მაგრამ შენგან მართლა მიკვირს. ხომ იცი, რომ მინდა, ბედნიერი გიხილო... მე რომ წამოვდეი, შენ მანდ არ უნდა დამეტოვებინე - უჩემოდ ხელიდან სულ წახვედი. :))) ახლა წავალ, თორემ შენც გაგათენებინე ღამე და მეც მთელი დღე მოვცდი.

პანდორა: კარგად, ჩემო საყვარელო, ბევრს გკოცნი...

სონა: მეც გკოცნი, ჩემო კარგო. აბა, დროებით!

06:17

პანდორა: სულში მოლოდინის ალი ანთია და

გარეთ ატმებია, მთვრალი...

შენზე ოცნებებმა ღამე ათიეს და

არც მე მომიხუჭავს თვალი...

განთიადიდანვე შენზე ფიქრს ვუნდები,

შენ თუ გახსენდები, ნეტავ...

არ მოხვალ?

წავალ და არც მე დავბრუნდები,

აღარც ლექსებს გეტყვი მეტად...

11:23

ზურა: ნატალია, დილის 6 საათზე რატომ არ გეძინა? ჩემმა სიყვარულმა ხომ არ დაგიფრთხო ძილი? არ ველოდი ნამდვილად, რომ დილით შენგან თუნდაც ერთი სიტყვა დამხვდებოდა. შენ კი ულამაზესი ლექსი მოგიძღვნია ჩემთვის. მიყვარხარ, ჩემო პატარავ, შენ რომ იცოდე, როგორ მიყვარხარ... გელი, როდის მოხვალ?

16:36

ზურა: მთელი დღე არ გამოჩენილხარ. ალბათ გძინავს. აბა, მთელი ღამე გაგითენებია და ხომ უნდა გამოიძინო?რა საინტერესოა, რას აკეთებდი მთელი ღამე კომპიუტერთან? მე გამისტუმრე, დამაძინე და როგორც გინდოდა, ისე "გულაობდი", არა? რომ მოხვალ, დეტალურად ამიხსნი ყველაფერს. ახლა კი წავედი, დროებით...

22:10

ზურა: როგორც იქნა, გამოჩნდი. როგორ ხარ?

პანდორა: კარგად ვარ. რას აკეთებდი მთელი დღე?

ზურა: ვმუშაობდი. სახლში 8 საათზე დავბრუნდი. თან მოვიყოლე გამზადებული ვახშამი, გეახეი და ახლა შენ გელოდი.

პანდორა: კერძის მომზადებას შენით ვერ ახერხებ?

ზურა: მეზარება, თორემ ისე მაგარი კულინარი ვარ. ყოველ საღამოს რესტორანში ხომ არ ვივლი? - მარტო ვერ წავალ, მეგობართან ერთად რომ წავიდე, უნდა დავლიო, მე კი არ მიყვარს გადაბმული შეიფები. ამიტომ მაღაზიაში გამზადებულს ვყიდულობ. როცა ცოლ-შვილი აქ მყავს, საჭმელს ნინო დეიდა გვიმზადებს. ის ჩემს ცოლს ოჯახის საქმეებში ეხმარება. ახლა ისიც მათთან ერთად არის დასასვენებლად წასულიდა სულ მარტო ვარ.

პანდორა: როდის ჩამოდის შენი ოჯახი?

ზურა: ისინი 20 სექტემბრამდე არ ჩამოვლენ. შენ როდის ჩამოდიხარ?

პანდორა: 10-ში ჩამოვალ. 5 დღე მეყოფა მოსამზადებლად, რომ სამსახურში მოწესრიგებული წავიდე.

ზურა: მე რომ გთხოვო, ჩამოდი-მეთქი? ძალიან რომ გთხოვო?

პანდორა: რაღა დარჩა? დღეს უკვე 5 სექტემბერია. 5 დღეში ჩამოვალ.

ზურა: ეს მთელი საუკუნეა. არ გენატრები?

პანდორა: კი, ცოტა...

ზურა: მე კი ძალიან მენატრები. შენთან მინდა...

პანდორა: მეც, მაგრამ როგორც ჩანს, მე გაცილებით დიდი ნებისყოფა მაქვს, ვიდრე შენ.

ზურა: ნებისყოფა? შეყვარებულ ადამიანს ნებისყოფა ყოველთვის ღალატობს. შეყვარებული ადამიანი გონებით ვერ მოქმედებს. შენ არ გიყვარვარ, ნატალი...

პანდორა: არც არასდროს მითქვამს: მიყვარხარ-მეთქი. ამას შენ მიმეორებ ყოველ წუთს. ასე არ შეიძლება. არ უნდა გააუფერულო ასეთი ლამაზი სიტყვები. თანაც, ჩვენი ურთიერთობა მხოლოდ 2 კვირას ითვლის და ასე მალე ადამიანის შეყვარება არ შეიძლება.

განაგრძე კითხვა

მარი ჯაფარიძე

რომანი განახლდება ყოველღამ, 12:00 საათზე