sheabi.ge პარალელურ სამყაროში (IX-X ნაწილი) - გზაპრესი

sheabi.ge პარალელურ სამყაროში (IX-X ნაწილი)

ზურა: ნატალი, მე იმას ვამბობ, რასაც ვგრძნობ და ვფიქრობ. რაც შეეხება დროს, როგორც ჩანს, შენ არაფერი გსმენია ერთი ნახვით შეყვარების შესახებ. ჩემო ნატო, მე და შენ მოკლე როში, ძალიან დიდი ცხოვრება გავიარეთ. ის, რაც ჩვენ შორის 2 კვირის განმავლობაში მიმდინარეობს, ერთი ცხოვრებისთვის სრულიად საკმარისია. ინტერნეტმა დააჩქარა მოვლენები. ისე, ჩვეულებრივი ურთიერთობისას ასეთი დამოკიდებულების ჩამოყალიბებას ალბათ თვეები დასჭიდებოდა. ახლა კი ყველაფერი თავბრუდამხვევი სიჩქარით განვითარდა. უშენოდ ცხოვრება ვეღარ წარმომიდგენია...

პანდორა: მეც ხშირად ვფიქრობ შენზე, ჩვენს ურთიერთობაზე... ვირტუალურ სამყაროში გაცილებით უკეთ ჩანს ადამიანის სული, ხასიათიდა პიროვნული თვისებები. თუ ორმა ადამიანმა ერთმანეთის დადებითი თვისებები დაინახა და ერთმანეთი მოეწონათ, მერე იწყება გარეგნული შეფასება. თუმცა, ისიც უნდა ითქვას, რომ თუ შეხვედრის ან სურათების გაცვლის შემდეგ აღმოაჩენენ, რომ ერთმანეთის გემოვნებას ვერ აკმაყოფილებენ, ყველა პიროვნული ღირსება უკანა პლანზე გადადის და ისინი ერთმანეთს შორდებიან.

ზურა: მაგრამ ჩვენ ხომ ერთმანეთი გარეგნულადაც მოგვეწონა?

პანდორა: დიახ და ახლა იწყება მეორე ეტაპი, როცა უკვე შესაძლებელია, სერიოზული გრძნობა ჩამოყალიბდეს. თუმცა, სტატისტიკის მიხედვით, ასეთი ურთიერთობების 95% კრახს განიცდის, მხოლოდ 5% ამართლებს.

ზურა: კარგი, დავანებოთ თავი ფილოსოფიას ად ახლა ის მითხარი, დილის 6 საათზე ინტერნეტში რას აკეთებდი?

პანდორა: დავიკარგე და ძლივს მოვახერხე გზის გამოგნება. :)))

ზურა: არ ვხუმრობ, სერიოზულად გეკითხები.

პანდორა: შენმა სიყვარულმა დამიფრთხო ძილი და მოსვენებაც დამაკარგვინა...

ზურა: ნატალია, მე კითხვა დავსვი და პასუხს ველი.

პანდორა: სონას ველაპარაკებოდი...

ზურა: ხომ გამაცნობ სონას?

პანდორა: კი, გაგაცნობ, მაგრამ ის ხომ ამერიკაშია და ეს როგორ მოვახერხო?

ზურა: მე და შენ ჩავალთ მასთან და გავიცნობ. ძალიან მაინტერესებს - რაზე ლაპარაკობდით?

პანდორა: ყველაფერზე.

ზურა: ჩემზეც?

პანდორა: არა, შენზე - არა. შენ შესახებ ჯერ არაფერი მითქვამს.

ზურა: გასაგებია... სონა ნამდვილი სახელია?

პანდორა: არა, სონა მე შევარქვი. ძალიან მხიარული და ალალი გოგოა, ცოტათ დაბნეულიც. ამის გამო, თავიდან "ბატი ტასიკო" შევარქვი, შემოკლებით - ტასო, რადგან ხშირად ხვდებოდა ისეთ სიტუაციაში, როგორშიც იმ "მულტიკის" პერსონაჟი. ერთ დღეს რამდენიმე მეგობარი ერთად შევიკრიბეთ და მაშინ თქვა: ნატალი სონას მეძახისო (ტასო ვერ გაიხსენა) და მას შემდეგ ნამდვილ სახელს აღარავინ ეძახის... სეხნიები განუყრელად ერთად ვიყავით და თუ ვინმე საუბრისას გვახსენებდა, აუცილებლად უნდა ეთქვა - რომელ ნატოზე ლაპარაკობდა. ახლა კი ის - სონაა, მე - ნატო.

ზურა: მშვენივრად გადაგიჭრიათ პრობლემა. ასე მგონია, რომ სონა ძალიან კარგი გოგო უნდა იყოს...

პანდორა: ძალიან საყვარელი ადამიანია. 2 წელია, რაც წასულია და მის გარეშე ძალიან მიჭირს. ასე მგონია,რომ მე აქ ვარ, ხოლო ჩემი სული ნიუ-იორკში დაბორიალებს...

ზურა: შენი გულიც, სულიც და შენც მე მეკუთვნი და ძალიან გთხოვ, ჩამობრძანდი ნიუ-იორკიდან... :)))

პანდორა: 5 დღეში ჩამოვბრძანდები.

ზურა: 5 დღე ბევრია... მინდა, რომ მოგეფერო, ჩაგიხუტო და ჩემი მოფერებით ისე დაგატკბო, რომ ვეღარ მომშორდე...

პანდორა: თრიალეთო, თრიალეთო,

მანდ რომ ერთი ტრიალებსო...

თუ ის კაცი არ დაკოდეთ,

ქალებს გაგიტიალებთო...

ზურა: ამას ჩემზე ამბობ? მიმეტებ? არ გეცოდები?

პანდორა: არა, არ მეცოდები...

ზურა: ნუ მაბრაზებ, სიცოცხლევ,

რაღას მეკამათები?

იცი, ბოლოს ჩაგიხვევს

ჩემი მძლავრი მკლავები...

რომ არ ავყვე ამ ფიქრებს,

მოდი, ერთი დავთვრები,

ჩემს მკვლელსა და მწვალებელს,

აგირიო დავთრები...

როგორ გგონია, შენზე ნაკლები პოეტი ვარ? ახლა კი წადი და დაიძინე, რომ გამიმართე აქ პოეზიის საღამო. "ვოტ"!

პანდორა: როგორ მოხდა, რომ მეუბნები: დაიძინეო? აღარ გინდა ჩემთან ლაპარაკი?

ზურა: მინდა თუ არა, ეს შენი საქმე არ არის. გეუბნები: დაიძინე-მეთქი და უნდა დაიძინო! ასე მინდა მე!

პანდორა: და კვლავ პირველი სურვილით სავსე,

ვით ციხე - მტრებით გარემოცული,

თუმცა თვალები დაბერდნენ გზაზე

და ვერ გიხილეს ჩემთან მოსული...

რა დამაძინებს, რა დამაძინებს,

უკვე მეძინა მე ჩემი წილი,

მაგრამ ამ მიწას ვიდრე ვამძიმებ,

არ გეღირსება შენც მშვიდი ძილი...

ზურა: ეგ ვიცი, რომ მშვიდი ძილი აღარ მეღირსება. შენ ახალი მითხარი რამე. მიყვარხარ...

პანდორა: აი, კიდო, ა... აბა, დაიფიცე!

ზურა: დედას გეფიცები, მართლა ძალიან მიყვარხარ. რატომ არ გჯერა?

პანდორა: ფიცი მას შემდეგ გაჩნდა, რაც ადამიანმა ტყუილი ისწავლა...

ზურა: შენ ახლა შარზე ხარ... წავედი, მეძინება, კარგად. გკოცნი ძალიან ბევრს. *)*)*)*)*)*)*)

პანდორა: ეგ შენი კოცნა "ოჩენ ნუჟნო" რა...

პანდორა: წახვედი? დამტოვე? დღეს რაღაც უცნაურად იქცევი... ეს პირველი შემთხვევაა, როცა ჩემზე ადრე წახვედი და დამტოვე. კარგი, ვნახოთ, ვინ - ვის!..

პანდორა: ვერ ვიძინებ. ვიდრე შენ ტკბილად გძინავს, მე ბაჩოს ამბავს მოგიყვები. როგორც მახსოვს, იქ გავჩერდი, როცა თავანის ჩასაბარებლად მამის საწერი მაგიდის უჯრიდან ფულის მოპარვა გადაწყვიტა და იქვე პისტოლეტი აღმოაჩინა. მისთვის ეს შოკის მომგვრელი აღმოჩნდა: მართალია, მე ფულის აღებას ვაპირებდი, მაგრამ როგორც კი იარაღს მოვკარი თვალი, მაშინვე სხვა აზრმა გამიელვა. ხელში ავიღე პისტოლეტი და რაღაც სასიამოვნო ჟრუანტელმა დამიარა. ძალის მოზღვავება ვიგრძენი და მივხვდი, რომ კაცს თუ იარაღი გაქვს, ვერავინ მოგერევა. პისტოლეტი ქამარში გავირჭვე, უჯრიდან საჭირო თანხა ამოვიღე და დათქმულ დროს იმავე სარდაფისკენ გავემართე, სადაც ფული წავაგე. განგებ დავაგვიანე, რომ დამინახეს, ახმაურდნენ. ერთმა, რომელსაც "ხარაშოს" ეძახდნენ და რომელიც, როგორც ეტყობოდა, ამ "შაიკის" შეფი იყო, მკითხა: რატომ დააგვიანე? ფული მოიტანე, ბიჭო?.. ვდუმდი და თვალებში ჯიქურ ვუყურებდი. "ხარაშო" მომიახლოვდა და კბილებში გამოცრა: მოიტანე ფული? იარაღი ამოვიღე და შუბლზე მივადე. მეორე ხელით ჯიბიდან ფულის დასტა ამოვიღე და ფეხებთან დავუგდე. ფულის ასაღებად რომ დაიხარა, სახეში წიხლი ამოვარტყი და ძირს გაიშხლართა. ძმაკაცებმა წამოაყენეს. ისევ იარაღი მივუშვირე და ვუთხარი: მეორედ აღარ გაბედოთ ჩემთან მოახლოება, თორემ თქვენს სისხლს დავლევ და პასუხსაც არავინ მომთხოვს, ხომ იცით, მამაჩემი სადაც მუშაობს-მეთქი... ყველა ბანდაშია ერთი ჩამშვები და მოღალატე. ჰოდა, ეს ამბავიც ვიღაცამ გარეთ გამოიტანა და ელვის სისწრაფით მოედო უბანს. ყველა მოწიწებით მექცეოდა. მე კი ისე ვიქცეოდი, ვითომ ვერაფერს ვხვდებოდიო, - ეს ამბავი ბაჩომ ჩვენი შეხვედრის მეორე დღეს მიამბო. ამ ადამიანზე მთელი ღამე ვფიქრობდი. ის ისეთი დახვეწილი და ელეგანტური იყო, რომ მისი სახე, მანერები და ხმა ჩემი გონებიდან არ ამოდიოდა. მესამე დღეს შეხვედრაზე რომ მივედი, სიურპრიზი დამხვდა. რა იყო ეს სიურპრიზი, ამას სხვა დროს გეტყვი. ახლა კი მეც დავიძინებ. კარგად!

6 სექტემბერი, ოთხშაბათი

12:31

ზურა: ეტყობა, გამიბრაზდი და გაგულისებულმა წერე და წერე წუხელ, არა? გინდა, რომ ვიეჭვიანო, ხომ? არაფერსაც არ ვიეჭვიანებ. შენი წარსული სულ არ მაინტერესებს. მთავარია, ვიცი, რომ ახლა ჩემზე გიჟდები. 32 წ ლის ქალს წარსულში ვიღაც რომ გეყვარებოდა, ეგ ისედაც "იასნია". ასე რომ, "ზრია სტარაეშსა, მილაია"... დროებით, დღეს ბევრი საქმე მაქვს და საღამოს შევხვდებით.

14:22

პანდორა: რა დიდი წარმოდგენა გაქვს შენს თავზე! გგონია, რომ შენი სიყვარულით ვკვდები? არც იფიქრო... წავედი...

23:10

ზურა: მოვედი. რატომ არ ხარ საიტზე? სად წახვედი? გო-გო-ნიიი...

00:03

პანდორა: მოვედი! საღამო მშვიდობისა...

ზურა: სად ბრძანდებოდი?

პანდორა: სასეირნოდ ვიყავი. შენ რას აკეთებდი?

ზურა: ასე გვიან რატომ მოხვედი? ხომ იცი, რომ გელოდი?

პანდორა: აღარ მახსოვდა, რომ მელოდი...

ზურა: როგორც ვატყობ, დღეს საუბარს ვერ ავაწყობთ. ამიტომ ჯობია, ისევ ის ამბავი მომიყვე.

პანდორა: რომელი? ჩემი და ჩემი პაციენტის შესახებ?

ზურა: არა, შენი პაციენტი დედა-შვილის შესახებ. შენი თავგადასავალი უკვე აღარ მაინტერესებს.

პანდორა: კარგი... ჰოდა, იმას ვყვებოდი, რომ მაიამ ძალიან განიცადა, როდესაც თავისი საყვარლის დედისგან ზიზღით სავსე მზერა მიიღო. მხოლოდ მაშინ განიცადა სინდისის ქენჯნა. ნათია ვერ მიხვდა დედის ნერვიულობის მიზეზს. კარგა ხანს იჯდა ოთახში მარტო და მერე მამუკას დაურეკა. დაწვრილებით მოუყვა დედის მდგომარეობა და რჩევაც სთხოვა. მამუკამ უგულოდ მოუსმინა, საქმე მოიმიზეზა და დაემშვიდობა. მეორე დილით, როდესაც ნათია ინსტიტუტში წავიდა, მაიამ გადაწყვიტა, სახლი ძირფესვიანად დაელაგებინა. დალაგება კი ნათიას ოთახიდან დაიწყო, თან თავის ცხოვრებაზე ფიქრობდა. ხელში სურათების ალბომი მოჰყვა და მის თვალიერებას შეუდგა. ერთ სურათს დააკვირდა და უცებ, ელდანაკრავივით მოისროლა ალბომი. კარგა ხანს შორიდან ისე უყურებდა, თითქოს მის წინ შხამიანი გველი იწვა. შემდეგ დაიხარა და გაფანტული სურათები მოაგროვა. გულდასმით დაათვალიერა თითოეული მათგანი და თანდათან სახე აუჭარხლდა. ერთ სურათში ნათია და მამუკა ერთად, ხელიხელგადახვეული იდგნენ, მეორეში მეგობრებთან ერთად ნაყინს მიირთმევდნენ, მესამე სურათზე კი ერთმანეთისკენ ტუჩებმიშვერილი იყვნენ გადაღებული. ყველა მათგანს კუთხეში თარიღი ჰქონდა დასმული, საიდანაც ჩანდა, რომ სურათები ერთსა და იმავე დღეს და სულ რაღაც ერთი კვირის წინ იყო გადაღებული. მაიას კარგა ხანი დასჭირდა საიმისოდ, რომ გონზე მოსულიყო. ის დარწმუნებული იყო იმაში, რომ მამუკა და ნათია ერთმანეთს აღარ ხვდებოდნენ, მაგრამ ფოტოები სრულიად საპირისპიროზე მეტყველებდა. მაშინვე მობილურს დასწვდა და მამუკას ნომერი აკრიბა, თუმცა მალევე გადაიფიქრა და ტელეფონი საწოლზე მოისროლა. იფიქრა: ნათიას დაველოდებიო... შვილის მოსვლამდე ადგილს ვერ პოულობდა. სააბაზანოში შევიდა, ონკანი მოუშვა და თავი ცივ წყალს შეუშვირა. ერთ საათში ნათიაც დაბრუნდა. მაიამ დააცადა, რომ ესადილა და შემდეგ გვერდით მიუჯდა. - ნათი, სალაპარაკო მაქვს. - გისმენ, დედა, - გულახდილად მითხარი, რამდენი ხანია, რაც მამუკა არ გინახავს? ნათია აიწურა, ერთიანად გაფითრდა და ქვედა ტუჩი აუკანკალდა... ზურა, შეიძლება, ხვალ გავაგრძელოთ?

ზურა: რა თქმა უნდა, თუმცა ვგრძნობ რომ საოცარი ამბავია და განაბული ვკითხულობდი. გეძინება?

პანდორა: კი, მეძინება.

ზურა: ნატა, შაბათს მე თვითონ ჩამოვალ შენს წამოსაყვანად, კარგი?

პანდორა: როგორც გინდა, მაგრამ შაბათი 9 რიცხვია, მე კი წამოსვლას 10-ში ვაპირებ.

ზურა: ღმერთო, რა ჯიუტი ხარ. რა გიშველო? ერთი დღე რას წყვეტს? შაბათს, 9 სექტემბერს ჩამოვალ, ხოლო უკან კვირას, 10-ში დავბრუნდეთ.

პანდორა: კარგი, მანამდე რამდენიმე დღეა და მოვიფიქრებ.

ზურა: ნატალი, იცი, რაღაც მინდა გკითხრა.

პანდორა: შენ კარგს არაფერს მეტყვი, ამიტომ არ მინდა, არ მითხრა.

ზურა: არა, მაინც უნდა გითხრა...

პანდორა: ახლა მე დავიძინებ და შენ მომწერე - ხვალ დილით წავიკითხავ.

ზურა: მაინც არ იშლი შენსას, არა? კარგი, მოგწერ. შენ კი მშვიდად დაიძინე. გკოცნი, ჩემო პატარავ. ერთი სული მაქვს, როდის ჩაგიხუტებ.

7 სექტემბერი, ხუთშაბათი

03.12

ზურა: ჩემო ნატალი, სულ ტყვილად გგონია, რომ რაღაც საშინელი უნდა მეთქვა. მე მხოლოდ იმის გამეორება მინდოდა, რომ ძალიან მიყვარხარ და არ დავიღლები ამის თქმით. აი, ასე, ჩემო კარგო... შაბათს აუცილებლად ჩამოვალ ბათუმში და წამოგიყვან. დაიმახსოვრე, რომ უჩემოდ ერთ ნაბიჯსაც ვერ გადადგამ. ახლა კი მეც დავიძინებ. ხვალ ბევრი საქმე მაქვს. კარგად. ))))))

12:07

პანდორა: წავიკითხე შენი მესიჯი და გამეცინა. მე მეგონა, რაღაც მნიშვნელოვანი უნდა გეთქვა... რომ გიყვარვარ, ეგ უკვე ვიცი... საღამომდე...

17:34

ზურა: ვერ მოვიცალე საიტზე შემოსასვლელად. ახლაც ორიოდე წუთით შემოვირბინე, რომ შენი მესიჯი მენახა. მაშ, შენ ამბობ, რომ თუ მიყვარხარ და ამას კიდევ ერთხელ გეტყვი, ეს შენთვის მნიშვნელოვანი იფნორმაცია არ არის? ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნებოდა, რომ შენც იგივე გეთქვა... გკოცნი, საღამომდე...

22:32

პანდორა: გამარჯობა. ჩემო კარგო, აქ ხარ?

ზურა: კი, აქ ვარ. როგორ მოხდა, რომ ასე ადრე მოხვედი?

პანდორა: დღეს რაღაც "უპონტოდ" ვიყავი. თანაც, დილით ვერ გამოვიძინე და მთელი დღე უხასიათოდ გავატარე, "ზაგარი" უკვე აღარ მინდა, ისედაც კარგად გავშავდი. პლაჟზე გასასვლელადაც არ მიმიწევს გული. თითქმის მთელი დღე სახლში ვზივარ.

ზურა: უკვე მოიწყინე, ხომ? ვერც მე ვძლებ ზღვაზე დიდხანს - ერთი კვირა და მერე უკვე აღარ მინდა იქ გაჩერება. მით უმეტეს, თუ ოჯახთან ერთად ვარ. თუ მარტო ვარ, მაშინ კიდევ შეიძლება...

პანდორა: მაშინ კარგად ერთობი ალბათ და იმიტომ. ქალები და რამე, არა?

ზურა: რა თქმა უნდა. აბა, ზღვაზე მეგობრებთან ერთად თუ წახვალ, ბერივით ხომ არ იცხოვრებ. ამ ზაფხულს კი სერთოდ ვერ დავისვენე. არა უშავს, ზამთარში წავიდეთ სადმე... ხომ მოიცლი?

პანდორა: მოცლით კი მოვიცლი, მაგრამ წამოსვლის რა მოგახსენო...

ზურა: რატომ?

პანდორა: იმიტომ, რომ ზამთრამდე ალბათ არც მემახსოვრები...

ზურა: რას ამბობ, გოგო? ეგ რატომ მითხარი? რას ნიშნავს შენი ნათქვამი?

პანდორა: იცი, მე ძალიან ბევრს ვფიქრობ შენზე, ჩვენს ურთიერთობაზე და უფრო და უფრო ვრწმუნდები, რომ ჩვენ ილუზიით ვცხოვრობთ. ჩვენი ურთიერთობა ერთი პატარა, ლამაზი სიზმარია, რომელიც სულ მალე გაქრება...

ზურა: არ ველოდი ასეთ სიტყვებს... ნატალი, ძალიან სასტიკი ხარ...

პანდორა: სასტიკი მე კი არა, ცხოვრებაა... გახსოვს, სულ პირველად რომ მომწერე: - ჩემო სიცოცხლეო? ეს სიტყვები მრავალჯერ მაქვს გაგონილი, მაგრამ რატომ იმოქმედა ასე შენგან მოწერილმა, არ ვიცი. მაშინ წარმოდგენა არ მქონდა, ვინ იყავი, მაგრამ ამ სიტყვებმა თავისი საქმე გააკეთა. ისინი გასაღებივით მოერგო ჩემს სულს და გახსნა რაღაც, დიდი ხნის წინ გადამალული და მივიწყებული. ამ სიტყვებმა განაპირობა ჩვენი ურთიერთობაც... სიტყვას სიტყვა მოჰყვა... ჩემი და შენი სიტყვები... ეკრანზე მოფრინავდნენ ნაზი, ტკბილი და თბილი სიტყვები, რომლებიც საპნის ბუშტებს ჰგავდნენ. ჩვენ შორის დიდი მანძილი და ღამის მარადიულობა იდგა... ჩვენ კი ერთმანეთს ვწერდით სიტყვებს, რომლებიც გვაღელვებდა, გვაშფოთებდა და ლამაზ სურათებს ხატავდა. როცა შენ გესაუბრები, დრო ისე მიქრის, როგორც არასდროს. საიტზე რომ შემოვდივარ და შენ გხედავ, ვიძაბები, გული სიხარულით მიხტის... ვსაუბრობთ ყველაფერზე და არაფერზე... მთავარია, რომ ერთმანეთს ველაპარაკოთ. თემას მნიშვნელობას არ ვანიჭებთ... ერთმანეთთან ურთიერთობით ვტკბებით და ამ დროს ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს ხელით გეხები... შენს სითბოს ვგრძნობ... ეს ჩვენი სამყაროა, მხოლოდ ჩემი და შენი, სადაც თავს კარგად ვგრძნობთ. თბილად, მყუდროდ, მშვიდად... რეალურ ცხოვრებაში ასე მშვიდად ვერ ვიქნებით... ყველაფერი დაინგრევა... სხვები ჩაერევიან... დღისით, როდესაც ვერ გესაუბრები, ჩემი გონება შენით არის დაკავებული. ფრაზები, რომლებსაც შენ მწერ, თავისით მოფრინავენ და გონებაში თანმიმდევრობით ლაგდებიან. მაშინ თვალები მიბრწყინავს... განწყობილება ისეთი მაქვს, თითქოს უნდა გავფრინდე. ყვველაფერი მიხარია... ჩემმა სულმა გაიღვიძა. საღამოობით - ისევ საუბრები. ვცდილობთ, ერთმანეთი ამოვხსნათ... შეკითხვები... პასუხები... სინაზე... ჩვენ ვოცნებობთ და გვეშინია სწრაფად მიმავალი დროის. ვფიქრობთ ხვალინდელ დღეზე, მაგრამ ვერ ვხვდებით, რომ ჩვენი "ხვალე" არ მოვა... დადგება მხოლოდ შენი "ხვალე" და ჩემი "ხვალე"...

ზურა: არა, ნატალი, აუცილებლად დადგება ჩვენი "ხვალე" და ძალიან კარგად ვიქნებით. თუ ხვდები, რომ შენ ახლა სიყვარულში გამომიტყდი? ბედნიერი ვარ, ჩემო სიცოცხლევ... ამ სიტყვებს ყურშიც ჩაგჩურჩულებ ძალიან ტკბილად... ნატალი, ამოიგდე თავიდან სისულელეები და მომენდე. მერწმუნე, ჩემთან კარგად იქნები.

პანდორა: მე კი ვფიქრობ, რომ ჩვენ ერთმანეთს უნდა დავშორდეთ, თუ გინდა, რომ ყველაფერი არ გავაფუჭოთ.

ზურა: მე კი მგონია, მაგაზე ლაპარაკი უკვე გვიანია. ჩვენი ურთიერთობის დანგრევა არც ისე ადვილია. უკურნებელი სენივით შემეყარე და ამას ვერაღერი განკურნავს. ჩემო პატარავ, ძალიან დიდი ხანია, თავი ისე კარგად არ მიგრძნია და უფლებას არ მოგცემ, რომ უბედური გამხადო. რატომ მკრავ ხელს? მხოლოდ იმიტომ, რომ მიყვარხარ და გიყვარვარ?!

პანდორა: იმიტომ, რომ ჩვენს ურთიერთობას მომავალი არა აქვს.

ზურა: აქვს, დამიჯერე, აქვს... მე შენ მიყვარხარ, შენ კი - მე და ამას ვერაფერს მოვუხერხებთ. ნუ ეწინააღმდეგები შენს თავს. მიუშვი გრძნობა და ვნება თავის ნებაზე. შენ მხოლოდ მომენდე. ყველა შენს პრობლემას ჩემს თავზე ავიღებ. ვიცი, შენი უკან დახევის მიზეზი ჩემი ოჯახია. მე მხოლოდ მსუბუქად მოგიყევი მასზე. კაცი ვარ და არ შემფერის წუწუნი და ოჯახური ამბების სხვასთან, მით უმეტეს, საყვარელ ქალთან გარჩევა, მაგრამ მერწმუნე, რომ ჩემი ოჯახი დიდი ხნის წინ დაინგრა. ის ფაქტობრივად არ არსებობს. არსებობს მხოლოდ შვილი. ჩემი და ჩემი ცოლის სარეცელი დიდი ხანია გაიყო. მე ჩემი ცხოვრება მაქვს, მას - თავისი. მდგმურებივით ვცხოვრობთ და მხოლოდ ჭერი გვაქვს საერთო. არ გამოვრიცხავ, რომ მას მეგობარი მამაკაციც ჰყავდეს, მაგრამ ეს არ მაღელვებს, რადგან ის ჩემთვის საინტერესო ქალი არ არის. ჩვენ არა გვაქვს სექსი და ბუნებრივია, წლების განმავლობაშიშ ის მარტო არ გაჩერდება. ამას არ უნდა ვამბობდე, მაგრამ მაიძულებ. მთელი ამ წლების მანძილზე პირველად ვარ ბედნიერი და ამას არ დავკარგავ. გესმის?

პანდორა: კი, მესმის...

ზურა: ჰოდა, დაფიქრდი. რა თქმა უნდა, ყველაფერი ისე იდეალურად ვერ იქნება, როგორც ოცნებაში ხდება, მაგრამ მე და შენ ყველაფერს გავაკეთებთ საიმისოდ, რომ ერთად ვიყოთ...

პანდორა: დავიღალე...

ზურა: შემოგევლე... ახლა ჩემთან რომ იყო, გულში ჩაგიკრავდი და თვალებს დაგიკოცნიდი. ისე მინდა, ის ღამე იყოს, როცა მე და შენ ბათუმში, პლაჟზე ვისხედით... ახლა სულ სხვანაირად მოვიქცეოდი...

პანდორა: :)))) როგორ?

ზურა: როგორ და აუცილებლად მოგეხვეოდი და გაკოცებდი. შენს გლუვ კანს შევიგრძნობდი... იცი, როგორ მინდოდა, რომ შენს ტანზე შერჩენილი წყლის წვეთები, რომლებიც მთვარის შუქზე ბრწყინავდნენ, სათითაოდ შემესრუტა ტუჩებით? ნელა, ძალიან ნელა დავყოლოდი და თითოეული წყლის წვეთი გადამეყლაპა. შენი მკერდი კი მოსვენებას არ მაძლევს მას შემდეგ, რაც კაბის გარეშე, "კუპალნიკში" გიხილე... შენ რომ ჩემი არ გახდე, მოვკვდები...

პანდორა: ზურა, საკმარისია... ამ თემაზე ნუღარ ვილაპარაკებთ.

ზურა: მაპატიე... ამას ლაპარაკი კი არა, მოქმედება უნდა და რაც შეიძლება სწრაფად. შაბათს როგორც შევთანხმდით, ბათუმში მოვდივარ... ხომ, პატარავ?

ზურა: სად ხარ, გოგო? ახლა თუ შენ წასული ხარ, შეიძლება გავგიჟდე.

პანდორა: მაპატიე, სონას ველაპარაკებოდი...

ზურა: მოვიდა? ვააა, მომიკითხე... და როგორია შენი პასუხი შაბათთან დაკავშირებით?

პანდორა: მოვიფიქრებ.

ზურა: მოკლედ, ახლა სონათი ხარ გართული და მოკლე პასუხებს მცემ... წავალ, დავიძინებ და მეგობრებს ჭორაობის საშუალებას მოგცემთ. მართალია, მეუბნები, რომ სონასთვის ჩემ შესახებ არაფერი გითქვამს, მაგრამ 100%-ით ვარ დარწმუნებული, რომ მან დაწვრილებით იცის ყველაფერი... რაც შეეხება შაბათს, ამას მე გადავწყვეტ. უფრო სწორად, გადაწყვეტილია... შაბათს ცხელი ამინდი იქნება ბათუმში და შესაბამისად, ცხელი ღამე... გკოცნი ჩემო სიხარულო, დროებით.

პანდორა: ოცნებას კაცი არ მოუკლავს...

განაგრძე კითხვა

მარი ჯაფარიძე

რომანი განახლდება ყოველღამ 12:00 საათზე